"აფექტურ მდგომარეობაში ვეცადე, რაც შემეძლო გამეკეთებინა" - რას ჰყვებიან პატრიარქის სტიქაროსნის გარდაცვალებაზე მეგობრები - კვირის პალიტრა

"აფექტურ მდგომარეობაში ვეცადე, რაც შემეძლო გამეკეთებინა" - რას ჰყვებიან პატრიარქის სტიქაროსნის გარდაცვალებაზე მეგობრები

პატრიარქის სტიქაროსანი, 30 წლის გიორგი ბულია, გუშინ დილით, მეგობარმა გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთ ოფისში პროგრამისტად მუშაობდა და საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. მეგობარი, რომელიც ამ უმძიმესი ფაქტის თვითმხილველი გახდა, მომხდარით შოკირებულია და უჭირს მასზე საუბარი:

"გიორგი სიყვარულის და სიკეთის ბიჭი იყო, არც არავისთან ჰქონია კონფლიქტი და არც რამე აწუხებდა, მივედი და გარდაცვლილი დამხვდა, აფექტურ მდგომარეობაში ვეცადე, რაც შემეძლო გამეკეთებინა, სასწრაფო დახმარებაც რომ მოვიდა, ისიც ყველაფერს შეეცადა, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაცვლილს ვერ გააცოცხლებ. არ ვიცი, რა გითხრათ, ამ ამბის შემხედვარე, ძალიან ცუდათ ვარ. ძალიან გთხოვთ, სწორად გაიგოთ, მიჭირს ახლა საუბარი",- გვითხრა უახლოესმა მეგობარმა, რომელმაც იპოვა გარდაცვლილი ბულია.

gardacvlilistiqarosani-1649864058.jpg

მისი თქმით, ცხედარი სახლშია ნაპოვნი.

"სახლიც და ოფისიც ერთი იყო, დიდი სახლია და ოფისადაც ვიყენებდით. იქ ცხოვრობდა გიორგი. არ ვიცი, რა გითხრათ, სავარაუდოდ, ადამიანს ინფარქტი მოუვიდა, ან მსგავსი რაღაც მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა. ახლა ვგლოვობთ ყველა, ძალიან ცუდად ვარ, შოკში ვარ", - მითხრა მან.

გიორგის დადებითად ახასიათებს ყველა. ის თურმე წლებია ტაძარში პატრიარქის სტიქაროსნად მსახურობს. "გიორგის სამებიდან ვიცნობდი, წლებია, ერთად ვიყავით პატრიარქის სტიქაროსნები. ძალიან კარგი ადამიანი იყო, უკეთილშობილესი, უერთგულესი, სამაგალითო. სამწუხაროდ, არაფერი ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ეს ფაქტი დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის და დიდი გულისტკივილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გიორგის იცნობს.

2019 წელს, ასევე დიდი ტკივილი გამოვიარეთ, მაშინ გარდაიცვალა ლევან ბორტიშვილი, ჩვენი მეგობარი, ისიც პატრიარქის სტიქაროსანი იყო, ახლა კი - გიორგი... არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, რატომ უნდა მიდიოდნენ იმქვეყნად ასეთი ახალგაზრდები. მაგრამ უფლის განგება ასეთია, განსაცდელები მოდის, უფლის გზაზე უნდა ვიყოთ ყველა. ყველა უყვარს უფალს.

გიორგი დაოჯახებული არ იყო, ის კარგი პროგრამისტი გახლდათ. დიდი ხანია არ მინახავს, ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ვერ დავდიოდი ტაძარში, მაგრამ ბევრი პრობლემის მიუხედავად, გიორგისთან მქონდა კონტაქტი. სულ მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს, დღესასწაულებს ვულოცავდით.

კიდევ ერთი სულიერი ძმა გაიყვანა უფალმა და იმას განვიცდიდით, ახლა კი გიორგი გარდაიცვალა, უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მას",- გვითხრა გიორგის კიდევ ერთმა მეგობარმა, ზაალმა.

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმიანება მის გარდაცვალებას და ყველა შეძრულია მომხდარით.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს.

(სპეციალურად საიტისთვის)