"ჩემი საქმე შეტანილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავში. "ქართულმა ოცნებამ" ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა" - კვირის პალიტრა

"ჩემი საქმე შეტანილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავში. "ქართულმა ოცნებამ" ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა"

პრაქტიკულად მიწასთანაა გასწორებული სასამართლო ხელისუფლება და მას პირდაპირ უწოდებენ კლანს, რომელიც დგას კორუფციასა და მთავრობის მორჩილებაზე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი „ფეიბუქზე“ წერს, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი წერს, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა.

"სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება, რომელიც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარადგინა, უმძიმესი და საგანგაშოა. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით კატასტროფა გვაქვს.

ჩემი საქმე შეტანილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავში, რაც უკვე ცალკე შემდგარი უმძიმესი შეფასებაა. ამ თავში ჩემს მიმართ მოპყრობის კონტექსტში არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ხსენებაც კი უმძიმესი დარტყმაა ხელისუფლებისთვის.

ამას გარდა, სახდეპი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პირდაპირ და ცალსახად უკავშირებს ჩემს მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.

დასკვნაში ცალკეა ჩამოთვლილი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, მათ შორის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, კეზერაშვილის საქმეები.

პრაქტიკულად მიწასთანაა გასწორებული სასამართლო ხელისუფლება და მას პირდაპირ უწოდებენ კლანს, რომელიც დგას კორუფციასა და მთავრობის მორჩილებაზე.

დასკვნა ბევრი სხვა მიმართულებითაც უკიდურესად კრიტიკული და მწვავეა და ნათლად იკითხება, რომ "ქართულმა ოცნებამ" (და არა, ქართველმა ხალხმა) უკვე ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა“, - წერს სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"