"გამოდის, რომ მებრძოლები არ ვართ..." - კვირის პალიტრა

"გამოდის, რომ მებრძოლები არ ვართ..."

როგორ აღიქვამენ არსებულ რეალობას და როგორ საქართველოსა და მსოფლიოზე ოცნებობენ ჩვენი თანამოქალაქეები? - ამის შესახებ რამდენიმე ცნობილ ადამიანს საკუთარი მოსაზრების გაზიარება ვთხოვეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ბახვა წერედიანის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"დღეს სამყაროში აქტუალურია პროპაგანდა, თითქოს დემოკრატიას ცუდიც მოაქვს - გარყვნილებაზე აპელირებენ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმ ქვეყნებიდან მოდის, რომლებმაც ვერ მიაღწიეს აზრს, რომ დედამიწაზე ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი გაჩნდა და ის საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ცხოვრების აღქმაში თავისუფალი უნდა იყოს. დემოკრატიაში უფრო მეტი თავისუფლება, სიყვარულია და არა იმაში, რომ ერთი ადამიანი ქვეყანას თავისი ჭკუით მართავს, მის აზრს ყველა ემორჩილება. ეს შუასაუკუნეობრივი სიმახინჯეა..."

bakhva-2-1649917202.jpg

"ცოტა ხანს ბილბაოში ვიცხოვრე და გაოცებული დავრჩი: ადამიანები დღის 2-დან 5 საათამდე ისვენებენ. დავინტერესდი და თურმე, ოდითგან ასე ყოფილა: ადამიანმა შუადღისას უნდა იძინოს - ჯანმრთელობისთვის, ყოფისთვის... ქვეყანამ მოახერხა, რომ ხალხს ამის შესაძლებლობას აძლევს. შეიძლება ნაკლები მშპ ჰქონდეს, ვიდრე ბელგიას, დანიას, მაგრამ მათ ბედნიერებას ხარისხი არ მოჰკლებია და ჩვენთვის დამახასიათებელი პრობლემები (ნორმალური ჯანდაცვის უქონლობა, გაუთავებელი ვალები) არა აქვთ..."

"ჩემს ქვეყანას ვუსურვებდი, რომ მტრის ცნობა ისწავლოს. "მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი", როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს ჩვენი ერის შესახებ... შეუძლებელია, დღეს საქართველოში ვკამათობდეთ, რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია თუ არა. საქართველოში უამრავი ადამიანია, ვისაც რუსეთი მტრად არ მიაჩნია; ზოგი ამბობს, - კი ბატონო, მტერია, მაგრამ რა ვქნათო?.. აღიარებული მტერი იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საომრად გავარდე, მაგრამ რაღაც უნდა დაუპირისპირო: ან აზრი, ან - განათლება, ან - შენს ხელთ არსებული რაიმე სხვა იარაღი..."

"ახლახან სოციალურ ქსელში გაგრის და ბუჩას ფოტოები გამოვაქვეყნე, რომლებიც თითქმის იდენტურია. თუკი ამ ტკივილის საკუთარი შვილების, ძმების, ნათესავების დაღუპვის ასე დავიწყება შეუძლია ერს, ე.ი. პრობლემა აქვს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი