"გასაბერი დარბაზია და ყინული დნება. ბავშვები წყალში სრიალებენ - ჩვენ მოციგურავეები ვართ და არა მოცურავეები" - კვირის პალიტრა

"გასაბერი დარბაზია და ყინული დნება. ბავშვები წყალში სრიალებენ - ჩვენ მოციგურავეები ვართ და არა მოცურავეები"

"ეგებ ჩვენც გვეღირსოს ყინული" - ანუ რატომ დაცურავენ მოციგურავეები...

რუსი ათლეტები ომის დაწყების პირველსავე დღეებიდან ყველა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთეს. ამ პროტესტს ქართველი სპორტსმენებიც შეუერთდნენ და ისინი აღარ ჩერდებიან რუსულ კლუბებში. თუმცა ჩვენივე უნიათობით, უფრო სწორად, ჯერ კიდევ საბჭოეთის პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობისა და ქართული სპორტის ჩინოსნების უხეირო ხელმძღვანელობით, სპორტის ყველა სახეობაში რუსულ ბაზარს დღემდე ვერ ველევით.

dlbeatsnoop-1649916369.com-1643954447.jpg

ამჯერად ლაპარაკია ფიგურულ სრიალზე, ზამთრის ოლიმპიადების ერთ-ერთ პრესტიჟულ სახეობაზე, სადაც სტანდარტული ზომების შესაფერისი ყინულის მოედნის მოწყობას საშველი არ დაადგა და დღემდე არ გვაქვს. ამის გამო სპორტსმენები, წლებია უკვე, რუსეთიდან ჩამოგვყავს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

მარიამ გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი:

"სტანდარტული მოედანი დღეს მხოლოდ ბათუმში გვაქვს, მაგრამ იქ გასაბერი დარბაზია და ყინული დნება. ბავშვები წყალში სრიალებენ... ჩვენ მოციგურავეები ვართ და არა მოცურავეები... ყინული შენობა-ნაგებობაში უნდა იყოს, რომ მაცივარ-დანადგარებმა ნორმალურად იმუშაოს და ყინული შევინარჩუნოთ..."

mariam-giorgobiani-4-1649916948.jpg

"ზამთრის ოლიმპიადების პროგრამაში სპორტის შვიდი სახეობაა, ყინულის ერთ მოედანს კი ოთხი სახეობის მომსახურება შეუძლია: ჰოკეის, კიორლინგის, შორტ-ტრეკის და ფიგურული სრიალის. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი, ბავშვების ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ექიმების დანიშნულებით ჩვენთან ხშირად მოჰყავთ ფილტვებისა და ბრონქების პრობლემების მქონე პაციენტები. რაც მთავარია, ნიჭიერი მოზარდები გვყავს და თუ მოვინდომებთ, სოლიდურ შედეგებსაც მივაღწევთ..."

274268373-132126002661709-5859327678863113085-n-1320x894-1649916401.jpg

"პეკინის წლევანდელ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სულ ცხრა სპორტსმენი მონაწილეობდა, ექვსი - ფიგურული მოციგურავე იყო. გუნდურ ასპარეზობებში მსოფლიოს მხოლოდ ათი ნაკრები დაუშვეს და მათ შორის ჩვენც ვიყავით. ვთვლი, რომ რუსეთის, აშშ-ის, იაპონიისა და კანადის საუკეთესო მოციგურავეებთან პაექრობაში ღირსეულად გამოვედით. თბილისში რომ დავბრუნდით, გულშემატკივრები ქუჩაში მაჩერებდნენ და მილოცავდნენ... იმედია, ახლა მაინც დავიმსახურებთ მათ ყურადღებას..."

mariam-giorgobiani-1649916979.jpg

"საერთაშორისო არენაზე ადრე ჩვენგან თითო-ოროლა მოციგურავე გამოდიოდა, დღეს კი გუნდურ შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობთ. ქვეყნის გარეთ 16 სპორტსმენს ვამზადებთ. თავადაც ხვდებით, რა თანხები იხარჯება მათ ეკიპირებაზე, მგზავრობაზე, მწვრთნელების ხელფასებსა თუ ყინულის არენდაზე. იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ საომარი მოქმედებების დროს საქართველოში ჩამოვიყვანოთ და აქ ვავარჯიშოთ. ფიგურული სრიალის მსოფლიოს წამყვან ოსტატებთან პაექრობისთვის არათანაბარ პირობებში ვართ და მაინც ვახერხებთ მოწინავეთა შორის ყოფნას..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

გოგი ფრანგიშვილი