რა კავშირი აქვს მშობლიური ენის დაბინძურებას საზოგადოებრივი ნორმების უგულებელყოფასთან? - კვირის პალიტრა

რა კავშირი აქვს მშობლიური ენის დაბინძურებას საზოგადოებრივი ნორმების უგულებელყოფასთან?

როდესაც ჩემი გულისწუხილი ვთქვი ერთგან, რას ჰგავს ჩვენი ყოველდღიურობა, მართალ სიტყვას ვერ მოისმენ, გამართულ წინადადებას ვერ წაიკითხავ, დაუმახინჯებლად აზრის გადმოცემას ვერ გაიგებ-მეთქი... იცით, რა თქვა ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა? - დროა, პედაგოგებზე ადრე განათლება ჩინოვნიკებს მივაღებინოთ, უნდა დამთავრდეს გაუნათლებელ ჩინოვნიკთა პარპაში საქართველოში. არაკომპეტენტურობის დონე და გონებრივი განვითარების კოეფიციენტი უნდა დაზუსტდესო. კინაღამ გამეცინა, მაგრამ ნათქვამის სიმართლე მძაფრად ვიგრძენი.

დედა ენის დღეა დღეს და წარმომიდგენია, დილიდანვე როგორ ჩამწკრივდებიან „ისინი“ და იტყვიან „რამეს“ მშობლიურ ენაზე. მეც მინდოდა, ასე დამეწყო წერა: „დედა ენა არის ძვირფასი სალარო, სადაც დაცულია მთელი სიმდიდრე ხალხის გონებისა, ფანტაზიისა და გულისა“ და მერე განმეხილა - რატომ არის ქართული ენა კოსმიური და საიდუმლო. რას ვიზამთ, გვინდა თუ არა, პრობლემებზე ვფიქრობთ, მით უფრო, როცა ყოველდღიურად გარშემორტყმული ხარ გაუკუღმართებული სალაპარაკო ენით.

მაგალითისთვის გადავხედოთ მედიას და პოლიტიკურ სივრცეს. რა ხდება და, განუვითარებელი გონების ნაყოფია: თვითკმაყოფილი ნიჰილიზმი, იაფფასიანი გონებამახვილობა, მდაბიოობაში გადასული ბილწი სიტყვები... ეს არაფერს გვაძლევს მოქალაქეებს და თქვენი ნათქვამი ისევე წყლად მიდის, თითქოს, არც მოგვისმენია, გვრჩება მხოლოდ გაღიზიანება.

ხშირად დამიცავს ჩემი კოლეგები და მითქვამს: პირდაპირ ეთერში, თან ექსტრემალურ სიტუაციაში, ძალიან რთულია, იშვიათად მაინც არ წაიბორძიკო და შესატყვისი სიტყვა ზუსტად მოძებნო.

მაგრამ ერთსა და იმავე ადამიანის მიერ, ერთსა და იმავე სიტყვის არასწორად გამოთქმა მიანიშნებს იმაზე, რომ მას ასე აქვს ეს სიტყვა ნასწავლი და სულაც არ მიაჩნია მექანიკურ შეცდომად.

ქართულ ენაში 3 მილიონ სიტყვას ითვლიან, მაგრამ რა სამწუხაროა, რომ ის დღეს საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ქართული ენის მთავარი ღირებულებები, სიმარტივე და სასიამოვნო ჟღერადობა იკარგება რუსულ და ინგლისურ ბარბარიზმებს შორის.

სპეციალისტები, ალბათ, გეტყოდნენ, რომ გაუკუღმართებული სალაპარაკო სიტყვის ველი აკარგვინებს ადამიანს სულის სიმშვიდეს, აჩვევს მას საზოგადოებრივი ნორმების უგულებელყოფას, იწვევს შინაგანი სამყაროს დაცლას... აი, მიზეზი, თუ რატომ ვართ სულ გაღიზიანებულები და აფორიაქებულები. მშობლიური ენის დაბინძურება დღეს არის დიდი პრობლემა.

თუკი მეცნიერებს ჰკითხავთ, გეტყვიან, - ადამიანი ადრეულ ასაკში თავის მშობლიურ ენას უნდა ჩაუღრმავდეს, გაიმდიდროს მშობლიური სიტყვის ველი, სიტყვა კვებავს აზრს, აზრი გადმოიცემა მეტყველებით და გამოუთქმელი სიტყვა არ გროვდება უარყოფითი ემოციის სახით. მხოლოდ მშობლიური ენა არის ადამიანის აზროვნების, გონის ძალის გამაძლიერებელი ენა.

გამართული, სწორი მეტყველება, სხარტად, ლაკონურად აზრის გადმოცემა, ურთიერთობა, მოსმენა და დიალოგის კულტურა, თუ სპეციალისტებს ჰკითხავთ, ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა აითვისოს. დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე, რა ესმის ბავშვს სხვა გარემოდან, ტელევიზიით, კომპიუტერით... ერთხელ მსახიობმა აკაკი ვასაძემ თქვა - ფაქტია, გამოვშიგნეთ, სახე დავუმახინჯეთ ბევრ მნიშვნელოვან ცნებას; მიდის ცნებათა დაკნინება, დაუძლურება.

სიტყვას, როგორც მართალ და ბასრ იარაღს, ფლობს მხოლოდ ის, ვისაც პატივისცემა აქვს ენისა.

თუ მედიცინას მივმართავთ, ის ამბობს, რომ სიტყვა უშუალოდ არის კავშირში ადამიანის ნერვულ და ენდოკრინულ სისტემასთან: ესე იგი, სიტყვა უშუალო კავშირშია და მოქმედებს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.

თუკი თეოლოგებს ჰკითხავთ, გეტყვიან, - რაც უნდა მოხდეს, როგორ შეიძლება ქრისტიანებმა დავივიწყოთ, რომ ჩვენი უფალი სამყაროში მოვიდა, როგორც სიტყვა (ლოგოსი)... მაცხოვრის, ეს სიტყვა მარტო რად ღირს სახარებიდან: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ - ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ...“

შეუძლებელია, აქვე გელა ჩარკვიანი არ გავიხსენო, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ დედა ენის დღეზე საუბრობდა. მან თქვა, თუ ენა ყველა ასპექტს არ ფარავს, სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს. 70-იან წლებში „ქართული ენა“ აქციეს ყოფით ენად.

სწორედ, ამან გამოიწვია ის პროცესები რაც განვითარდა შემდგომ და რატომაც დადგა 1978 წლის 14 აპრილი. დღეს ისე ნუ ვიზამთ, საკუთარი ხელით ჩავკლათ და გავაღარიბოთ ჩვენი მშობლიური, ასე მდიდარი და ასე იდუმალი ქართული ენა.