უკრაინულმა რაკეტებმა „მოსკოვამდეც“ მიაღწიეს! - კვირის პალიტრა

უკრაინულმა რაკეტებმა „მოსკოვამდეც“ მიაღწიეს!

სამ ასოზე სიტყვიერად გაგზავნილი რუსული ხომალდი (რაც მსოფლიო მემად იქცა), საქმითაც დანიშნულების ადგილზე აღმოჩნდა...

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ დაზიანებულია და შეიძლება ჩაიძიროს - 13 აპრილის მიწურულს უკრაინის მხარის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ბოლომდე არ ვენდე და მოწინააღმდეგის ბანაკში გადამოწმება დავიწყე და...

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს-„სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის შედეგად საბრძოლო მასალამ დეტონაცია განიცადა. ხომალდმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ეკიპაჟი მთლიანად ევაკუირებულია. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა“.

როდესაც თვით რუსეთის თავდაცვის სამინისტროც კი (რომელსაც მთელი მსოფლიო ინფორმაციების მთავარ გამყალბებელად იცნობს) ადასტურებს, რომ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მრისხანე სამხედრო ხომალდზე ყველაფერი რიგზე არ არის, ე.ი. სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ მართლაც იწვის შუა ზღვაში და რადგან მისი 510-კაციანი ეკიპაჟი მთლიანად ევაკუირებულია, სრული ჩაძირვაც ემუქრება...

მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მაინც ნახევარსიმართლეს ამბობს და არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა უზარმაზარი,186 მ სიგრძისა და 11 ათასი ტონა წყალწყვის „მოსკვაზე“ ისეთი სერიოზული ხანძრის მიზეზი, რომ მისი ბორტიდან, უბრალო მატროსით დაწყებული და ხომალდის მეთაურით დამთავრებული, ყველა თავქუდმოგლეჯით გამოიქცა.

2-1649919280.jpg
უკრაინულმა ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნებმა“ დიდი ლოდინის შემდეგ მაინც „გამონახეს“ უმაღლესი დონის საკბილო...

მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე, რომელთა ესკადრას სწორედ სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ედგა სათავეში, უკრაინის ქალაქების 50-დღიანი დაუნდობელი სარაკეტო დაბომბვების სამაგიეროდ, უკრაინამ შური იძია და საპასუხო სარაკეტო დარტყმებით კრეისერ „მოსკვას“ ფატალური დაზიანებები მიაყენა!

არსებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელებმა 13 აპრილის 22 საათისთვის ოდესის მიდამოებიდან ორი, „ნეპტუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს შავ ზღვაში, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მოდრეიფე კრეისერ „მოსკვას“ მიმართულებით და ამ მნიშვნელოვან სამიზნეს (გინდ სამხედრო და გინდაც - პოლიტიკური თვალსაზრისით) ზუსტად მოარტყეს...

„მოსკვა“ შეიარაღებული იყო „ვულკანის“ ტიპის 8-ტონიანი 16 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით, საზენიტო „ს-300ფ“-ის 64 რაკეტით, ასევე, საზენიტო „ოსას“ რაკეტებით, 320 ერთეული 130 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვითა და 12 ათასი 30 მმ კალიბრის ჭურვით-წარმოიდგინეთ უკრაინული რაკეტების მოხვედრის შემდეგ გაჩენილი ხანძრისა და ამხელა საბრძოლო მარაგის დეტონაციის შემდეგ რაღა დარჩებოდა „მოსკვასგან“?!

3-1649919315.jpg
დიდი სადესანტო ხომალდის, „სარატოვის“ ჩაძირვის შემდეგ ფლაგმანი სარაკეტო კრეისერის „მოსკვას“დაკარგვაც, შავი ზღვის ფლოტის ადმირალებს პუტინის რისხვისგან ვერ გადაარჩენს...

მაგრამ ამის ოფიციალურად აღიარებაზე შეიძლება კიევმაც თავი შეიკავაოს, ისევე, როგორც დღემდე ოფიციალურად არ დაუადასტურებია რუსეთის მილეროვოსა და ტაგანროგის სამხედრო აეროდრომებზე სარაკეტო დარტყმები და ბელგოროდის ნავთობბაზის აგიზგიზება, ორი უკრაინული „მფრინავი ნიანგის“ წარმატებული საჰაერო რეიდის შედეგად.

საქმე ის არის, რომ კიევს არ უნდა, კრემლს მისცეს ოფიციალური დადასტურება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმების თაობაზე, რათა თავის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ გაჭედილმა პუტინმა ეს არ გამოიყენოს პროპაგანდისტულ საშუალებად რუსეთში ღია ფართომასშტაბიანი მობილიზაციის დაწყებისა ლოზუნგით - რუსეთს თავს დასხნენ, რუსებო, სამშობლო განსაცდელშია, ეს ჩვენი სამამულო ომია დიდი რუსეთის გადასარჩენადო...

voennyy-korabl-marka-mc-today-1-1300x820-1649921001.jpg
კუნძულ ზმეინიდან სამ ასოზე გაშვებული რუსული „მოსკვა“ მემად იქცა და საფოსტო მარკად გამოიცა

ეს უკრაინელების საქმეა, აღიარებენ თუ არა რუსეთის ფლოტის სიამაყის-სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით დაზიანებას (და იმედია, ჩაძირვის) ფაქტს, მაგრამ მათ ქართველების მაგივრად ჯავრი უკვე იყარეს - სწორედ ეს „მოსკვა“ მიუღვოდა წინ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო დესანტის გადმოსხმას ოჩამჩირესთან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სამხედრო ოკუპაციის თვალსაჩინო სიმბოლო გახლდათ...