"ხშირად ეუბნებიან, რომ ვიღაც სოფლელი გოგო შეცდა და რა ექნა, სახლში ვერ მივიდოდა ჩვილით ხელში" - კვირის პალიტრა

"ხშირად ეუბნებიან, რომ ვიღაც სოფლელი გოგო შეცდა და რა ექნა, სახლში ვერ მივიდოდა ჩვილით ხელში"

"მეც მინდა ვიპოვო... ბევრი ვიფიქრე, მესაუბრა თუ არა ამ თემაზე და ბოლოს, ასე გადავწყვიტე. ვეძებ დას, რომელიც დაიბადა 1983 წლის 25-26 ივნისს ან ივლისს ე.წ. კამოს (N2) სამშობიაროში. როგორც დედა ამბობს, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ მეორე დღეს მშობლებს უთხრეს, რომ ექთანს ჩვილი ხელიდან გაუვარდა და გარდაიცვალა... ახლა რომ ვუსმენ და ვკითხულობ სხვების ამბებს, თუ როგორ წაართვეს მშობლებს შვილები, ასე მგონია და მჯერა, რომ ჩემი დაც იმ დროის მსხვერპლი აღმოჩნდა და მერე ვიღაცამ იშვილა. კონკრეტულ თარიღს დედა ვერ ასახელებს: იმდენად მძიმე იყო მისთვის ის პერიოდი, იმდენი ხანი ჰყავდათ დამამშვიდებლებზე, რომ ის დრო კარგად არ ახსოვს. თუ ვინმე გამოჩნდება, ვინც რამეს შეგვატყობინებს, უბედნიერესი ვიქნები", - ეს ეკა წულუკიძის წერილია.

დედისერთა ქალბატონი მთელი ცხოვრება ოცნებობდა დის ან ძმის ყოლაზე და მიუხედავად იმისა, რომ დედამისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილი ვეღარ ეყოლებოდა, ეკას, როგორც ამბობს, გულის სიღრმეში ყოველთვის ჰქონდა რაღაც უცნაურის იმედი, რომლის ახსნაც რთულია...

- ახლა ტესტს მოუთმენლად ველოდები, უნდა ჩამომიტანონ და მერე იქნებ რამე ხელჩასაჭიდი გამოჩნდეს. ზოგადად, არ იქნება ურიგო, თუ ყველა დავიტესტებით. შეიძლება, თავად არავინ დაგიკარგავს, მაგრამ საქართველოში, თურმე, ისეთები ხდებოდა, დაზღვეული არავინ არაფრისგან ვართ და შესაძლოა, ვიღაცას რაღაცაში დავეხმაროთ, კეთილი საქმე გავაკეთოთ... ერთია, რომ მშობელს შვილს მოტყუებით ართმევდნენ და მეორეა, რომ ვინც აიყვანა, იმასაც ზოგჯერ ათასი სისულელით უჭედავდნენ თავს. აყვანილ ბავშვებსაც ხშირად ერთსა და იმავე ტექსტს ეუბნებიან, რომ ვიღაც სოფლელი გოგო შეცდა და რა ექნა, სახლში ვერ მივიდოდა ჩვილით ხელში, ამიტომ გაგაშვილაო. და რეალურად, შეიძლება მოპარულიც კი იყოს არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიერ. შეიძლება ჩემმა დამაც არ იცის, რომ მას სხვა ბიოლოგიური მშობლები ჰყავს ან შეიძლება ეს იცის, მაგრამ დამახინჯებული, გამოგონილი ამბავი უთხრეს და აღარ უნდა ისეთი დედის მოძებნა, რომელმაც თითქოს გააშვილა.

- თქვენ უმცროს დას ეძებთ, არა?

- არა, მე ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ გავჩნდი. დედისთვის ჩემი და პირველი შვილი იყო. ახსოვს, როგორ ახარეს: დაიბადა ძალიან ლამაზი, თეთრი, ფითქინა, ქერა და ცისფერთვალება გოგოო. ჩემს მშობლებს ძალიან გაუხარდათ გოგოს დაბადება, მამას ძალიან სდომებია ქალიშვილის ყოლა. ჰოდა, ასე ბედნიერებს მეორე დღეს მიუსამძიმრეს, - ექთანს ჩვილი ხელიდან გაუვარდა და დაიღუპაო. მსგავს მიზეზს, თურმე, ხშირად ეუბნებოდნენ შვილწართმეულ მშობლებს და ეს რომ ვიცი, ამიტომაც გამიჩნდა დის პოვნის იმედი.

- ამ ამბავს თქვენი მშობლების მხრიდან რა რეაგირება მოჰყოლია?

- ამტყდარა წივილ-კივილი, დედას დამამშვიდებლები დასჭირდა, თურმე, და აბებმა რომ ვერ უშველა, ნემსებსაც უკეთებდნენ... ბებიას, დედის დედას გაატანეს მიცვალებული ყუთით, რომელშიც არავინ იცის, იყო კი ცხედარი? ყუთი არავის გაუხსნია... დედა ძალიან დიდი ხანი იყო ცუდად, დეპრესია ჰქონდა...

278168799-1176493486435025-8735414688579154887-n-1649965320.png

- მამამ, ოჯახის სხვა წევრებმა, ალბათ, იციან, რომ დის ძებნა დაიწყეთ. რას ამბობენ ამ თემაზე?

- მამა გარდაცვლილია, მაგრამ სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მანამდე ვესაუბრე. დედას ამ თემაზე საერთოდ ვერ ველაპარაკები. იცით, მე თვითონ გარდამეცვალა მუცლადმყოფი შვილი, 8 თვის იყო ნაყოფი, როცა გული გაუჩერდა, ჩემთვის ეს ტკივილი მოულოდნელი იყო და ახლა უფრო ვუგებ დედას, რადგან ვხვდები, ეს როგორი ტკივილია. მით უმეტეს, მან უკვე დაბადებული ბავშვი დაკარგა. მეც ზუსტად ორი წელი დამჭირდა, რომ ცოტა გონს მოვსულიყავი. დედას იმ პერიოდიდან ბევრი რამ აღარ ახსოვს. როგორც ჩანს, მისმა ტვინმა ეს ცუდი ამბავი რაღაცნაირად დაბლოკა...

მამას, დაახლოებით, ერთი წლის წინ ველაპარაკე ამ თემაზე, მინდოდა, მისგან გამეგო ჩემი დის დაბადების ზუსტი თარიღი. იცით, ამ ამბის მერე წლებია გასული და ყველა შეეგუა, რომ ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავთ, მაგრამ როცა ჯგუფში "ვეძებ" დადებული პოსტები მამას წავუკითხე და როცა მიზეზი ავუხსენი, თუ რატომ გადავწყვიტე დის მოძებნა, თითქოს გაუხარდა, მაგრამ არავინ რომ არ გამოჩნდა, ვინც ჩემს პოსტს გამოეხმაურებოდა, ეს მცირედი იმედიც გაუქრა, ალბათ... სექტემბერში კი ცუდად გახდა და ოქტომბერში გარდაიცვალა.

- ქერა, ცისფერთვალება ახსენეთ. თქვენი ოჯახის წევრებს გარეგნობაში ხომ არ აქვთ რამე ისეთი დამახასიათებელი ნიშანი, რაც შეიძლება პოვნაში დაგეხმაროთ?

- სხვათა შორის, ქერები დედის მხრიდან იყვნენ ნათესავები, ცისფერი თვალები კი მამის ახლობლებს ჰქონდათ (ბიძას, მაგალითად). მე უფრო ყავისფერ ფერებში ვარ, მუქი წაბლისფერი თმით. თან ვერ დავიჩემებ, რომ მაინცდამაინც ქერა უნდა იყოს და ცისფერთვალება, რადგან ვიცით, რომ რაღაც დროის მერე ბავშვის თმა მუქდება, თვალების ფერიც იცვლება... ერთადერთი, შესაძლოა ფოტოების ნახვის შემდეგ აღმოაჩინოს მსგავსება ჩვენს ოჯახთან...

- რამდენი კილო დაიბადა?..

- სიგრძე, დაახლოებით, 50-51 სმ და წონაში, მგონი, 3.200 კგ.

- სახელის დარქმევა მოასწრეს?

- თუ არ ვცდები, თამარი დაარქვეს. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, დედა მოსახსენიებელში ყოველთვის ამბობდა ამ სახელს და რომ ვიკითხე, ვინ არის-მეთქი? - ჩემი შვილის სახელიაო. არ გაგიკვირდეთ, ასე რომ ვამბობ, დედას ამ თემაზე არ ველაპარაკები; რეესტრშიც ვერ მიმყავს, სადაც შესაძლოა, რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ, რადგან მის ემოციებს ვუფრთხილდები. არ მინდა, რამე იმედი მიეცეს და მერე ისევ გაუცრუვდეს.

- ის ექთანი, რომელსაც თქვენი და ვითომ ხელიდან გაუვარდა, დაისაჯა?

- როგორც ვიცი, საკადრისად არ დასჯილა. სხვათა შორის, ეს კითხვა, დაახლოებით, 14 წლის ასაკში გამიჩნდა: როგორ, თუ გაუვარდათ და მერე ამისთვის პასუხი არ მოსთხოვეთ-მეთქი? მახსოვს, დედამ მიპასუხა: გვითხრეს, რომ სამსახურიდან გაუშვეს, თუმცა ამის გამო არავინ დაუჭერიათო.

- თქვენ გარდა, მშობლებს შვილი კიდევ ეყოლათ?

- ალალი დედმამიშვილი არა, მამის მხრიდან მყავს და...

- დაბოლოს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- დიდი იმედით ველოდები ტესტს. დას თუ ვერ ვიპოვი, იქნებ ვინმეს მაინც რაღაცით დავეხმარო... აღარ ვიცი, სხვა რა გითხრათ, დაბნეული ვარ. გული მიგრძნობს, რომ უნდა ვეძებო და მეც ველოდები.

ისე, სკოლის პერიოდში ძალიან ხშირად მამსგავსებდნენ ვიღაც სოფოს. დიახ, კონკრეტულად სოფოს და ასე მომმართავდნენ. მაგალითად, მასწავლებელი მეძახდა სოფოს და რომ ვეუბნებოდი, მე ეკა ვარ-მეთქი, მხრებს უცნაურად იჩეჩავდა. დასასვენებლად ვიყავი ფასანაურში, სადაც ანალოგიური რამ მოხდა, ბევრი მეძახდა სოფოს. ვიღაც აშკარად ძალიან მგავს. შეიძლება ის ვიღაც სულაც არ იყოს ჩემი და და უბრალოდ მგავდეს, მაგრამ მე იმედს მაინც არ ვკარგავ. იქნებ არსებობს, იქნებ ცოცხალია და ვიპოვო, ეს მართლა ძალიან გამიხარდება. დედისერთა ვარ, ჩემი გაჩენის შემდეგ დედას ჯანმრთელობის სხვა პრობლემა გაუჩნდა, შვილი აღარ ეყოლებოდა და მეც მთელი ბავშვობა იმას ვნატრობდი, და ან ძმა მყოლოდა. ერთი და მყავს, მამის მხრიდან, ჩემზე უფროსია, მაგრამ ამერიკაში სწავლობდა და ახლოს რომ არ იყო ჩემთან, ძალიან განვიცდიდი, მინდოდა, სხვა და ან ძმა მყოლოდა. იმედია, გამოჩნდება და მეყოლება!..

P.S. თუ რამით შეგიძლიათ ეკას დახმარება, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე: 5(58) 25.60.81.

ანონიმურობის დაცვა გარანტირებულია.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)