„რატომ დაკარგა რუსეთმა უკრაინასთან ომში ასე ბევრი ტანკი?“ - BBC - კვირის პალიტრა

„რატომ დაკარგა რუსეთმა უკრაინასთან ომში ასე ბევრი ტანკი?“ - BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სის“ რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით - „რატომ დაკარგა რუსეთმა უკრაინასთან ომში ასე ბევრი ტანკი?“, რომელშიც განმარტებული და ახსნილია რუსული არმიის ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგების მიზეზები და გარემოებები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხედრო ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ რუსეთმა, უკრაინაში შეჭრის დღიდან, უკვე ასობით ტანკი დაკარგა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მოხდა როგორც თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენებით, რომლებსაც დასავლეთი უკრაინის არმიას უხვად ამარაგებს, ასევე, რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჯავშანტექნიკის არაპროფესიული მართვისა და გამოყენების შედეგადაც.

რამდენად დიდია რუსეთის დანაკარგები ტანკებში?

უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსეთმა უკვე 600 ტანკზე მეტი დაკარგა. სამხედრო-ანალიტიკური ბლოგი „ორიქსი“ (Oryx) რუსეთის დანაკარგების აღრიცხვას მოვლენების ადგილზე გადაღებული ფოტოსურათების საფუძველზე აწარმოებს. ბლოგის მონაცემების თანახმად, დარწმუნებით შეიძლება იმის მტკიცება, რომ რუსეთმა დაკარგა 460-ზე მეტი ტანკი და 2000-ზე მეტი ქვეითთა ჯავშანმაქანა.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის - Rand Corporation-ისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მონაცემებით, უკრაინასთან ომის დასაწყისში რუსეთს საერთო რაოდენობით მხოლოდ 2700 ტანკი ჰქონდა.

რამდენად ეფექტიანები არიან ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები?

რუსეთის არმიის შეჭრის წინ ამერიკას უკრაინის არმიისათვის უკვე მიწოდებული ჰქონდა 2 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი“ (Javelin), ომის დაწყების შემდეგ კი - დამატებით, კიდევ ორი ათასი მიაწოდა.

14042022-1221-1649924566.21_REC.png
"ჯაველინების" დახმარებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა ათობით რუსული ტანკი გაანადგურეს

„ჯაველინიდან“ გაშვებული რაკეტის (რეაქტიული ჭურვის) ტრაექტორია, როგორც მისი მწარმოებელი კომპანია „ლოქჰიდ მარტინი“ ამტკიცებს, ისე შეიძლება გამოითვალოს, რომ რაკეტის ასაფეთქებელი ქობინა ტანკის ზემოთ ანუ მის ყველაზე ნაკლებად დაცულ, ნაკლებად დაჯავშნულ ადგილზე მოექცეს.

რა თქმა უნდა, ბევრი რუსული ტანკი აღჭურვილია ანტირეაქტიული დინამიკური დაცვის ბლოკებით, რომლებიც რაკეტის აფეთქების დროს დატყმით ძალას შთანთქავს და ასუსტებს, მაგრამ „ჯაველინებს“ ორი ასაფეთქებელი ქობინა აქვს: ერთი დინამიკური დაცვის ბლოკს ანადგურებს, მეორე კი - ჯავშანს ხვრეტს და ტანკის შიგნით ფეთქდება.

14042022-1225-1649924735.12_REC.png
როგორ მუშაობს NLAW და "ჯაველინი" - BBC-ის რუსული სამსახური

დიდმა ბრიტანეთმაც გაუგზავნა უკრაინას ახალი თაობის - NLAW-ების ტიპის 366 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, რომელთაც ისეთი კონსტრუქცია აქვთ, რომ ტანკის სუსტად დაჯავშნული კოშკურის ზემოთ ფეთქდებიან.

„Javelin-ები და NLAW-ები ძალიან ძლიერ, თანამედროვე იარაღებს წარმოადგენენ“, - ამბობს ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტი ნიკ რეინოლდსი, - "ამ ძლიერი სისტემების გარეშე უკრაინაში სულ სხვა სამხედრო სიტუაცია იქნებოდა“.

გარდა ამისა, აშშ-მა უკრაინას 100 ისეთი ტანკსაწინააღმდეგო უპილოტო საფრენი აპარატიც მიაწოდა, რომლებსაც „დრონ-კამიკაძეებს“ უწოდებენ. ისინი ტანკს ზემოდან ეცემიან და მათში ჩამონტაჟებული საბრძოლო ქობინის აფეთქებით ფოლადის მანქანას ანადგურებენ.

რაში გამოიხატება რუსეთის სამხედრო ტაქტიკის ნაკლი?

დღეს რუსეთის არმია უპირატესობას აძლევს ტაქტიკას, რომლის მიხედვით, ჯარში მთავარ როლს ასრულებენ ე.წ. საბატალიონე ტაქტიკური ჯგუფები, რომლებთაც ყველა იარაღი და საშუალება აქვთ, დამოუკიდებლად შეასრულონ მიცემული საბრძოლო დავალება. მათ შემადგენლობაში შედიან ტანკები, არტილერია და ქვეითი ქვედანაყოფები.

რასაკვირველია, „საბატალიონე ტაქტიკური ჯგუფების“ ზუსტი შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს, მათი ვარირება შესაძლებელია, მაგრამ ერთი რამ უნდა აღინიშნოს - „ჯგუფებს“ ტანკები და ჯავშანტექნიკა ბევრი აქვთ, მათი მსროლელები კი - გამოუცდელები არიან. გარდა ამისა, ომმა აჩვენა, რომ მსროლელთა რაოდენობა არასაკმარისია.

საქმე ისაა, რომ „საბატალიონე ტაქტიკური ჯგუფები“, ერთი მხრივ, ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფს წარმოადგენს, მათ შეტევის ძლიერი უნარი აქვთ, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთის არმია ამჟამად ჯარისკაცების უკმარისობას განიცდის“, - ამბობს შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების ცენტრის პროფესორი ფილიპ ო’ბრაიანი, - „ტაქტიკური ჯგუფები“ გამიზნულია სწრაფი შეტევისათვის, დიდი საცეცხლე მონაცემების გამოყენებით, მაგრამ ისინი ცოცხალი ძალით (ანუ ქვეითებით) სუსტად არიან დაცულნი. ამიტომაც მათ არ შეუძლიათ ჯავშანტექნიკის კოლონაზე თავდასხმის თავიდან აცილება. ასე რომ, რუსეთის არმია, ამ თვალსაზრისით, იმ მოკრივეს გვაგონებს, რომელსაც მუშტით კარგი დარტყმების განხორციელება შეუძლია, მაგრამ თვითონ „მინის ყბა“ აქვს“.

ფილიპ ო’ბრაიენის თქმით, რუსეთის არმიას არც საჰაერო დაზვერვა ჰქონდა საჭირო დონეზე, უკრაინის არმია კი უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი საშუალებებით. ამიტომაც უკრაინელები იოლად ახერხებდნენ რუსული სატანკო და სატრანსპორტო კოლონებისთვის ჩასაფრებები მოეწყოთ და გაენადგურებინათ.

„ომის დასაწყისში რუსეთმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჰაერში სრულ გაბატონებას ვერ მიაღწია, ამიტომაც ვერ შეძლო ჰაერიდან დაზვერვის წარმოება, ვერ ახერხებდა უკრაინის არმიის გადადგილების დაფიქსირებას", - ამბობს ექსპერტი, - "რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მოხერხებულად უსაფრდებოდნენ, იკავებდნენ მომგებიან საცეცხლე პოზიციებს და რუსეთის არმიას დიდ ზიანს აყენებდნენ“.

კარგად არიან თუ არა მომზადებულები რუსი ტანკისტები?

სამხედრო-ანალიტიკური ბლოგის - „ორიქსის“ მონაცემებით, რუსეთის არმიის მიერ ტანკების დაკარგვა არა მხოლოდ უკრაინელებისაგან მათი პირდაპირი აფეთქებით ან დაზიანებით მოხდა, არამედ იმითაც, რომ რუსულმა ეკიპაჟებმა ტანკები ან მიატოვეს და გაიქცნენ, ან ეკიპაჟი ტყვედ ჩავარდა.

14042022-1230-1649925035.04_REC.png
რუსეთ-უკრაინის ომის ჩვეული სურათი: ტრაქტორისტებს ბუქსირზე ჰყავთ ჩაბმული მიტოვებული რუსული ტანკები

„ჩვენ ვხედავდით რუსული ტანკების ფოტოსურათებს, რომლებიც ჩვეულებრივი ფერმერების ტრაქტორებს ბუქსირზე ჰყავთ ჩაბმულნი", - აღნიშნავს პროფესორი ფილიპ ო’ბრაიენი, - "ამ ტანკებიდან ზოგიერთები ეკიპაჟმა მიატოვა - უბრალოდ, მათ საწვავი გაუთავდათ. ეს მნიშვნელოვან შეცდომას ნიშნავს ზურგის უზრუნველყოფაში. ზოგიერთი ტანკი საგაზაფხულო ტალახში ჩაეფლო - იმიტომ, რომ არმიის სარდლობამ შეტევის ვადებში შეცდომა დაუშვა: ზამთარში გაყინულმა მიწამ გალღობა დაიწყო და ატალახდა“.

„რუსეთის არმიის სახმელეთო ქვედანაყოფები უმეტესად გაწვევის სისტემის მიხედვით კომპლექტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საბრძოლო ძალა დაბალია ან საშუალო დონისაა“, - განმარტავს ნიკ რეინოლდსი.

„ბევრი ტანკი მიტოვებულია იმის გამო, რომ მათი მექანიკოს-მძღოლები კარგად არ იყვნენ მომზადებულნი ტექნიკის მართვაში, საბრძოლო-საველე პირობებში. ზოგიერთი ტანკი ხიდებიდან გადავარდა, ზოგიერთი - თხრილში ჩავარდა, ზოგიერთს გაუფრთხილებლობით მუხლუხები გაუწყდა... ტანკისტებს ტექნიკისადმი მოპყრობის უნარი არ აქვთ. ისიც ხშირად ხდება, რომ რუსული ეკიპაჟი, როგორც კი უბრალო პრობლემას დაინახავს, ტანკს ტოვებს და გარბის. გარდა ამისა, მათ ბრძოლის სურვილიც არ აქვთ“.

უკრაინის ხელისუფლება იძულებული გახდა ინსტრუქცია გამოეცა იმისათვის, თუ როგორ და სად უნდა ჩაებარებინა სამოქალაქო მოსახლეობას ნაპოვნი და მიტოვებული რუსული ჯავშანტექნიკა: „ვინც სამხედრო ტროფეის იპოვის, არ არის აუცილებელი ეს საგადასახადო დეკლარაციაში დააფიქსიროს“, - ნათქვამია ინსტრუქციაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ