"ძალიან მალე მოხდა "ვარდების რევოლუცია" და ეს კანონი საერთოდ დაიკარგა. როცა მოვიკითხეთ, გასულ ქაღალდებშიც კი არ აღმოჩნდა..."
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება, რომელიც 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებით 1990 წლიდან დაწესდა. შეგახსენებთ, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთვა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა... საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
გვესაუბრება ცნობილი ენათმეცნიერი, აკედემიკოსი, პროფესორი ავთანდილ არაბული, რომელიც ქართული სახელმწიფო ენის სადარაჯოზე დგას.
- ჩვენში ხშიდა იხსენებენ ხოლმე იოანე-ზოსიმეს ფრაზას - ქართული ენა ღმერთის ენააო. თქვენ როგორ აგვიხსნიდით ამას?
- ეს იოანე-ზოსიმეს ცნობილი ჰიმნის პოპულარული, მაგრამ არამეცნიერული ინტერპრეტაციაა. სულ ახლახან გამოიცა მნიშვნელოვანი კრებული "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომლის იდეა ცხონებულ რევაზ სირაძეს ეკუთვნის და რომელშიც თავმოყრილია ყველა ადრინდელი ანგარიშგასაწევი გამოკვლევა ამ ნაწარმოების შესახებ, მარი ბროსედან დაწყებული და თანამედროვე მკვლევარებით დამთავრებული (რამაზ პატარიძე, აკაკი ბაქრაძე და სხვანი). ამ უმნიშვნელოვანეს ძიებებში ლაპარაკია ქართული ენისა და დამწერლობის განსაკუთრებულ ღირსებებზე, ამ ნაწარმოებში გამოხატულ მესიანისტურ იდეაზე და ა.შ. მაგრამ არა "ღმერთების ენაზე“ - და არა იმაზე, რომ ღმერთის ენა იყო რომელიღაც კონკრეტული ენა. ეს, რა თქმა უნდა, არამეცნიერულია, მეტი რომ არ ვთქვათ.
საგულისხმოა: იოანე-ზოსიმემ ეს ჰიმნი (პატარა, მაგრამ ყოვლისმთქმელი) დაურთო 864 წლის "სინური მრავალთავის“ ხელნაწერს. ბუნებრივია კითხვა: რატომ დაწერა ის სწორედ ამ წიგნის ბოლოში? ჩემი მოსაზრებით, "სინურ მრავალთავში“ შედის იოანე ოქროპირის არაერთი ქადაგება, რომელთაგან ერთ-ერთი ბაბილონის გოდოლის ბიბლიურ ამბავს და ენათა განყოფას განმარტავს. იქ ნათქვამია, რომ ეს ენები ღმერთმა მიანიჭა ხალხებს და ღვთის ნებაა, რომ "ენანი შემოიყვანნენ სახლსა ცხოვრებისასა“. ლაპარაკია ენების ზიარებაზე ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან. და ენების ამგვარ მისიას უკავშირდება მწიგნობრულ კულტურებში გამოვლენილი ცალკეული მესიანისტური იდეებიც. ქართულ "ქებაიში“ უპირველესად ეს განსაკუთრებული ამბიცია ვლინდება და ამ იდეის მატარებელია იოანე-ზოსიმე თუ უფრო ადრინდელი ქართველი ჰიმნოგრაფი, რომელიც ამბობს - ქართული ენა რჩეულთა რჩეულიაო...
- დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ენათმეცნიერების თვალსაზრისით...
- სისტემა ვიდრე დაინგრეოდა, აკადემიის სისტემაში იყო 70-ზე მეტი ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტებში მეცნიერის სტატუსით მუშაობდა 40 ათასამდე თანამშრომელი. სისტემის დაშლის შედეგად ზოგი ინსტიტუტი საერთოდ აღარ არსებობს, მაგალითად, მოიშალა ისეთი ინსტიტუტი, როგორიც, მაგალითად, იყო უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტების თანამშრომელთა რაოდენობა, ამჟამად 3 ათასზე ნაკლებია. ჩვენნაირი ისტორიის ქვეყნისათვის ეს ნიშნავს კატასტროფას. 40 ათასი მეცნიერი თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ აყვავებული მეცნიერება გვქონდა, მაგრამ სერიოზული სამეცნიერო სკოლები არსებოდა, რომლებსაც საერთაშორისო აღიარება ჰქონდა. რაც მთავარია, ეროვნული მეცნიერებები, ქართველოლოგიის დარგები, არ შეიძლება დათმო, რადგან ეს ნიშნავს, რომ შენ უარს ამბობ შენს ვინაობაზე, შენს მეობაზე, შენი სახის შენარჩუნებაზე... შენი სახეა შენი ისტორია, შენი ხელოვნება, შენი ენა და ამ ენაზე შექმნილი ხელოვნების დარგები და მათი გადარჩენა არის უპირველესი ამოცანა. თანამედროვე სამყაროში თუ გინდა, რომ გადარჩე, როგორც ცივილიზაციის ნაწილი, ამისათვის უნდა მოუარო შენს ვინაობას, შენს იდენტობას, შენს ენას...
ახალ ხელისუფლებას 2013-2014 წლებში შევთავაზეთ გარკვეული კონცეფცია საიმისოდ, რომ პოტენციალის მქონე კვლევითი ინსტიტუტების ნგრევა შეგვეჩერებინა. თითქოს ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, კანონში შევიდა გარკვეული ცვლილებებიც, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ინსტიტუტების დამოუკიდებელი სტატუსი, მაგრამ შემდეგ ეს რეალობაში არ განხორციელდა. ინსიტუტები გადაეცა უნივერსიტეტებს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ეს რაციონალური არ არის და მხოლოდ სამეცნიერო პოტენციალის შემდგომ "ინფილტრაციას“ უწყობს ხელს. დღეს ჩვენი კვალიფიციური რესურსები არ ჰყოფნის თითქმის არცერთ იმ ამოცანას, რასაც დარგების განვითარების თანამედროვე პირობები გვიყენებს. სპეციალისტების დეფიციტი გვაქვს ძალიან სერიოზული, მათ შორის ქართველოლოგიის დარგებში. მაგალითად, "იუნესკომ" 2016 წელს ქართული ანბანის სამ სახეობას მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკაცობრიო ძეგლის სტატუსი. ეს იყო ჩვენი კულტურის უდიდესი აღიარება. პროგრამა, რომლითაც მას ეს სტატუსი მიენიჭა, არის ქართული ენის დაცვის სერიოზული პროგრამა. ქართული ანბანის უკვდავებაზე ვლაპარაკობთ და ამ დროს პალეოგრაფიის სპეციალისტი აღარ გვყავს. ერთ დღესაც საკმაოდ ახალგაზრდა მეცნიერი ვალერი სილოგავა რომ გარდაიცვალა, მივიხედ-მოვიხედეთ და არავინ არის ამ სფეროში, ვინც გაზრდის ახალ სპეციალისტებს.
- ენის კანონის მიღებაზე რას იტყვით?