"ირლანდია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია, მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვართ ნეიტრალური ამ ომის, თქვენი ქვეყნის მომავლის მიმართ" - კვირის პალიტრა

"ირლანდია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია, მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვართ ნეიტრალური ამ ომის, თქვენი ქვეყნის მომავლის მიმართ"

ირლანდია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია, მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ არ ვართ ნეიტრალური ამ ომისა და კონფლიქტის, თქვენი ქვეყნის მომავლის მიმართ , - ამის შესახებ ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საიმონ კოვენიმ დღეს კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ის გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც უკრაინას მას შემდეგ ეწვია, რაც 24 თებერვალს რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.

„რუსული ძალების მიერ, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, სავარაუდოდ, ომის დანაშაულია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენი მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის ამ აგრესიას, თუმცა ვიცით, რომ ეს რიცხვი მაღალია. სისასტიკე და ძალადობა, არა მხოლოდ ჯარისკაცების, არამედ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არის ის, რაც სავარაუდოდ ომის დანაშაულებად განისაზღვრება მომავალში“ - დასძინა ირლანდიის პირველმა დიპლომატმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, კოვენიმ აღნიშნა, რომ კულებასთან ყოფნა პრივილეგია იყო და განაცხადა, რომ მან ირლანდიის მთავრობისა და ხალხისგან უკრაინაში სოლიდარობის ძლიერი გზავნილი ჩაიტანა.

„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები ოცნებობენ სხვა ტიპის მომავალზე, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, სტაბილურობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და ჩვენ გვჯერა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის გზით. ირლანდია მხარს დაუჭერს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

IPN