"ქართულ ოცნებასთან" ჩვენი მრავალი უთანხმოების მიუხედავად..." - რა წერილით მიმართა ოპოზიციამ ევროკომისარს - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებასთან" ჩვენი მრავალი უთანხმოების მიუხედავად..." - რა წერილით მიმართა ოპოზიციამ ევროკომისარს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ევროპის კომისიაში სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართავს.

წერილის ძირითადი შინაარსი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და გამოგზავნილი კითხვარის შევსების საკითხებს ეხება.

კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა ევროკავშირის კითხვარი საზოაგდოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა მთავრობა „თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროვებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება” და შესაბამისად, ოპოზიციონერი დეპუტატები სთხოვენ ევროკომისარს, რომ თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, მათი ინფორმირება მოახდინოს.

“უპირველეს ყოვლისა, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი წვლილისთვის ევროკავშირის მიერ გასულ თვეში ჩვენი ქვეყნის სახელით შეტანილი ევროკავშირში გაწევრინებაზე განაცხადის პასუხად, შესაბამისი კითხვარის სწრაფ მიწოდებაში. უაღრესად დამაიმედებელია, რომ ევროკავშირმა აჩვენა პოლიტიკური ნება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შესაბამისი განხილვის პროცედურის დაჩქარების საკითხში. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი მრავალი უთანხმოების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ჩვენ არ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება.

ამის გათვალისწინებით და ასევე, შესაბამისი აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, ჩვენ მოვთხოვეთ მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროვებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება.

ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ”, - ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ; არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი; თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებელი“; ანა ბუჩუკური, დეპუტატი „საქართველოსთვის“; ხატია დეკოანოიძე -დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“’ , სალომე სამადაშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; ხათუნა სამნიძე, დეპუტატი, რესპუბლიკური პარტია“.

IPN