"ზარი ახლობლისგან ეფექტურად მუშაობს - პაპუაშვილისა და კობახიძის დონეზე არ წყდება საკითხი, ალბათ, ზემოდან იყო ზარი და გადაწყვიტა" - კვირის პალიტრა

"ზარი ახლობლისგან ეფექტურად მუშაობს - პაპუაშვილისა და კობახიძის დონეზე არ წყდება საკითხი, ალბათ, ზემოდან იყო ზარი და გადაწყვიტა"

ზარი ახლობლისგან ეფექტურად მუშაობს - პაპუაშვილისა და კობახიძის დონეზე არ წყდება საკითხი, ალბათ, ზემოდან იყო ზარი და გადაწყვიტა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი მიხვდა, რომ უკრაინა არ აპირებს დამარცხებას და საჭიროა პრიორიტეტები სხვანაირად დაალაგოს.

ამასთან, ზაქარეიშვილის განცხადებით, ვიზიტი უკრაინა-საქართველოს შორის დაძაბულ ვითარებას ვერ შეცვლის, რადგან „რაც არ უნდა სახარება ვუკითხოთ „ქართულ ოცნებას“, თავისას მიაწვება“.

„ქართულ ოცნებას“ ისევე სჯეროდა რუსეთის გამარჯვების, როგორც პუტინს და ლუკაშენკოს. ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. როგორც პუტინს დაუდგა გამოფხიზლების მეორე სერია, ისე დაუდგა ბელარუსს და საქართველოს. „ქართული ოცნება“ ახლა ეძებს გამოსავალს. შეიძლება მანიპულაცია განახორციელოს, ხან ერთი პოზიცია, ხან მეორე დააფიქსიროს, გამოძვრეს სიტუაციიდან, თუ ქართველი ხალხი ამ სილაჩრეს აპატიებს მათ. ზარი ახლობლისგან ალბათ ეფექტურად მუშაობს. ივანიშვილი მიხვდა, რომ მსოფლიოში პროცესები სხვანაირად მიდის, უკრაინა არ აპირებს დამარცხებას. ამიტომ, საჭიროა პრიორიტეტები სხვანაირად დაალაგოს. მგონია, რომ პაპუაშვილის დონეზე საკითხი არ წყდება და არც კობახიძის დონეზე, ალბათ, ზემოდან იყო ზარი და ამ ზარმა გადაწყვიტა.

ეს არ არის გადამწყვეტი ნაბიჯი. არწასვლა იყო თვალში საცემი და საქართველო ამოვარდნილი იყო რეალობიდან, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ჩასვლა იქნება ნორმალური, ჩასვლას ვერავინ შეამჩნევს. ამ ჩასვლით არაფერი გამოსწორდება, რაც არ უნდა სახარება ვუკითხოთ „ქართულ ოცნებას“, ის მაინც თავისას მიაწვება, რადგან მისი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობაა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში ისაუბრა რუსეთის ომზე უკრაინაში და განაცხადა, რომ ახლა რუსეთი გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება.

“ალბათ 1-2 კვირის ფარგლებში უნდა დაიწყოს. დაწყებიდან შესაძლოა კიდევ ორი კვირა გაგრძელდეს და შემდეგ, საბოლოოდ, გამოიკვეთება სურათი, სადაც მხარეებს მოუწევთ რაღაც დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ვფიქრობ, მაქსიმუმ ორი თვის ამბავია ეს ყველაფერი. აშკარად ჩანს, რომ პუტინის პირველი, ჰალუცინაციების სერია დასრულდა, მიხვდა სადაც მოახვედრა მისმა ხალხმა მისივე მეცადინეობით, რადგან ისეთი გარემოცვა შექმნა მის გარშემო, რომ მხოლოდ ტყუილით და ფარისევლობით შეიძლებოდა შეენარჩუნებინა ადამიანს გარემოცვაში ადგილი. ის გამოფხიზლდა და ახლა მეორე სერია იწყება, რეალისტური სცენა გამოფხიზლებისა. რუსეთს აღარ აქვს რესურსები. მან ნოემბრიდან თებერვლამდე 140 ათასი კაცი მოაგროვა და ეს 140 ათასი ჯარისკაცი შეიწოვა რუსეთმა, როგორც ღრუბელი. აქედან სულ მცირე 70 ათასი კაცი გამოვიდა მწყობრიდან. მან გამოაცხადა ახალი მობილიზაცია. მაქსიმუმი, რაც რუსეთს შეუძლია გააკეთოს, 50-60 ათასი კაცით შეავსოს ეს ჯარი”, - განაცხადა მან.

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი ვერ გაბედავს უკრაინის საზღვარზე გადავიდეს, რადგან მის გარშემო ნატოს ქვეყნებია, ხოლო უკრაინელები უკან არ დაიხევენ.

„უკრაინის გარშემო ნატო-ს ქვეყნებია. მგონია, რომ რუსეთი ვერ გაბედავს გადავიდეს უკრაინის საზღვარს, რადგან მთელი მსოფლიო მზადაა რუსეთის აგრესიისათვის. არსებობს ერი, რომელსაც აქვს მოტივაცია, რათა რუსეთი დაამარცხოს. უკრაინელები უკან არ დაიხევენ, ისინი გამარჯვებაზე არიან მოტივირებული, რუსები პირიქით, - ისინი არიან დემორალიზებულები. მთელი მსოფლიო მიხვდა, დადგა დრო რუსეთი გახდეს ნორმალური სახელმწიფო და უკრაინას უწყობს ხელს. თუ რუსეთმა გადალახა „წითელი ხაზები,“ ყველა რაკეტა, რომელიც შეიძლება გაფრინდეს რუსეთის ტერიტორიიდან ევროკავშირისკენ, მიზანში იქნება ამოღებული. რუსეთმა იცის, რომ ის მარცხდება ყველა შემთხვევაში, ან მარცხდება მხოლოდ უკრაინასთან, ან მთელ მსოფლიოსთან.

დასავლეთის პოზიცია იქნება ძალიან მკაფიო, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს რუსეთში და მოვიდეს ახალი ძალები. როდესაც პუტინი წავა ხელისუფლებიდან, არ მგონია გაასამართლონ ჰააგაში. იმედია ჰააგაში სასამართლო შედგება, მაგრამ პუტინი რომ არ აღმოჩნდება სასამართლოს დარბაზში, დარწმუნებული ვარ. ალბათ, პუტინს ბედს რუსეთში განუსაზღვრავენ, პენსიაზე გაუშვებენ და დამალავენ. ვინმე ახალი ლიდერი მოვა, ასევე იმპერიალისტური აზროვნების, მაგრამ იტყვის, რომ „ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და გამოგვყავს ჯარები უკრაინიდან”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამის ფონზე, ზაქარეიშვილის თქმით, „საქართველო ხმას არ იღებს“, არადა “უნდა ვილაპარაკოთ, რომ საქართველოდანაც არის ჯარები გასაყვანი“.

„იმ დროს, როდესაც პუტინი წავა და ახალი ძალაუფლება მოვა, რომელიც შეასრულებს ყველა პირობას უკრაინასთან მიმართებაში, მაშინ დაიწყება გადატვირთვის პოლიტიკა, რადგან მსოფლიოს არ სჭირდება დაშლილი რუსეთი, არც ჩვენ არ გვჭირდება, რადგან ეს გამანადგურებელი იქნება. დაშლილი რუსეთი ათას პრობლემას შეუქმნის მსოფლიოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

IPN