"ფადიშაჰი" პესკოვს დაუპირისპირდა ?! რა მოელის კრემლის პრესმდივანს და რატომ დუმს პუტინი - კვირის პალიტრა

"ფადიშაჰი" პესკოვს დაუპირისპირდა ?! რა მოელის კრემლის პრესმდივანს და რატომ დუმს პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის მისამართით ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა "მედუზა" წერს.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ პესკოვის არასაკმარისად პატრიოტული გამონათქვამებია, რამაც, შესაბამისად, ომის მომხრეთა გაღიზიანება გამოიწვია.

გამოცემის თანახმად, პუტინის პრესმდივნის მიმართ მუქარის შემცველი ზარები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ის მკაცრად გააკრიტიკეს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა და მმართველი პარტია "ედინნაია როსიას" გენერალურმა მდივანმა ანატოლი ტურჩაკმა, რომლებიც, თავის მხირვ, უკრაინასთან ომის გაგრძელებას აქტიურად უჭერენ მხარს.

კადიროვმა პესკოვი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ არ მიაჩნია მოღალატეებად ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დატოვეს.

მაგალითად, პესკოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში პოპულარულ რუს ტელეწამყვან ივან ურგანტზე განაცხადა, რომ მას კარგად იცნობს და რომ ის თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია. საგულისხმოა, რომ პოპულარულმა რუსმა ტელეწამყვანმა ივან ურგანტმა, რომელსაც რუსეთის სამთავრობო არხზე ღამის გასართობი შოუ მიჰყავდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირველივე დღეებში გააპროტესტა და ქვეყანა დატოვა. შესაბამისად, პესკოვის განცხადება არ მოეწონა ომის მხარდამჭერ კადიროვს და პრესმდივანი გააკრიტიკა.

მმართველი პარტიის გენერალური მდივნის, ტურჩაკის კრიტიკის სამიზნე პესკოვი მას შემდეგ გახდა, რაც აღიარა რუსეთის "მნიშვნელოვანი დანაკარგები" უკრაინასთან ომში და ილაპარაკა მოსკოვის მზადყოფნის შესახებ კიევთან მოლაპარაკების გასამართავად.

კადიროვისა და ტურჩაკის გარდა პესკოვი გააკრიტიკეს მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილმა "ლაიფ ნიუსის" დამფუძნებელმა არამ გაბრელიანოვმა და რადიოწამყვანმა ანა შაფრანმა.

გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ კრემლის პრესმდივნის წინააღმდეგ კრიტიკა არ არის კოორდინირებული, თუმცა პუტინი მას არც კრძალავს. მათივე მტკიცებით, პუტინი თავის პრესმდივანს საჯაროდ "ვერ დაიცავს", რადგანაც უკრაინასთან მოლაპარაკებების საკითხმა შესაძლოა, ძლიერი დარტყმა მიაყენოს მის რეიტინგს.

ანონიმური წყაროს თქმით, კადიროვს, ტურჩაკს და პესკოვის სხვა ოპონენტებს კარგად ესმით, რომ იმ ადამიანების კრიტიკა, რომლებიც უკრაინის საკითხთან მიმართებით საჯაროდ გამოხატავენ უფრო ფრთხილ პოზიციას - უსაფრთხოა.

უფრო მეტიც, "მედუზის" კიდევ ერთი წყაროს მტკიცებით, ბევრი რუსი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ შედარებით "პაციფისტური" განცხადებების კრიტიკა მათ რეიტიგნზე დადებითად აისახება.

ამასთან, წყარო გამოცემასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მიუხედავად კრიტიკისა, კრემლის პრესმდივნის კარიერას საფრთხე არ ემუქრება. "პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირები ირწმუნებიან, რომ პუტინი პესკოვს მეგობრად მიიჩნევს, საჯაროდ დიმასაც კი უწოდებს, ეს კი სიახლოვისა და ნდობის ნიშანია", - ამბობს ანონიმური წყარო.

თავად კრემლის პრესმდივანი კრიტიკას ასე გამოეხმაურა: "შეჯიბრი იმაში, თუ ვინ უფრო მეტად პატრიოტია, ალბათ, არ არის საჭირო".

მასალის გამოქვეყნებისთვის პესკოვს, კადიროვსა და ტურჩაკს ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.