"ვნანობ, რომ ბევრი რამ არ გავაკეთე, როდესაც ამის დრო იყო" - კვირის პალიტრა

"ვნანობ, რომ ბევრი რამ არ გავაკეთე, როდესაც ამის დრო იყო"

რაზე ოცნებობს და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე ია ვახანიამ

"საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, რომ არასდროს ავჩქარდე, კარგად დავფიქრდე და გზა ისე გავაგრძელო", - ამბობს მსახიობი ია ვახანია. რას მიიჩნევს თავის პირველ წარმატებად, ვის თვლის საუკეთესო პარტნიორად, რისი ეშინია, რა დროს იბნევა, რას მალავს და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი.

- ...1986 წლის 12 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ვეტერინარი. ცხოველები ბავშვობიდანვე მიყვარდა, მაგრამ მაღალ კლასებში რომ გადავედი, მივხვდი, აუცილებლად თეატრალურში ჩავაბარებდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მეგრელი ექსტრემისტიაო.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ცხოველებზე ზრუნვა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ამბობენ, სჯობს გააკეთო და ინანო, ვიდრე ინანო, რომ არ გააკეთე. ვნანობ, რომ ბევრი რამ არ გავაკეთე, როდესაც ამის დრო იყო.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...რა თქმა უნდა, პროფესიას უკავშირდება. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც კასტინგ-მენეჯერი ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა. ჩემი კანდიდატურა "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილში" განიხილებოდა. ამ როლზე დამამტკიცეს. დამეთანხმებით, მეორე კურსის სტუდენტისთვის ეს დიდი წარმატება იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ამ პირველ წარმატებაზე თუ არის საუბარი, მაშინ იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტზე მუშაობდნენ.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მახსოვს (მიყვარს)...

- ...სადიპლომო სპექტაკლი ვასილ სიგარევის პიესაში "ფანტომური ტკივილები", რომელშიც ოლღას როლი შევასრულე.

- ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი...

- ...ძალიან რთული სათქმელია. ვთვლი, რომ იყო კარგი პარტნიორი, მსახიობის პროფესიაში ცალკე ნიჭია. ჩემი ყველა პარტნიორი, რომელიც სცენაზე და გადასაღებ მოედანზე მყოლია, ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა ჩემს პირველ კინოპარტნიორს, ჩემს ზუზუ ბეჟაშვილს გავიხსენებ. ის იყო თბილი, განსაკუთრებული, კომფორტული, "გიჟი", როგორც თავად საკუთარ თავს ეძახდა.

zuzu-1650006194.jpg

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დღეს გვერდით მშობლები მყავს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ახალ პროექტებზე ვიმუშაო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პუნქტუალური ვარ.…

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ეს სიზარმაცეა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ არასდროს ავჩქარდე, კარგად დავფიქრდე და გზა ისე გავაგრძელო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი დამნაშავეა და საკუთარ შეცდომას აღიარებს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...2022 წელს მომავალზე ფიქრი სასაცილოა. კაცმა არ იცის, ხვალ მეხი საიდან დაგვეცემა, თუმცა იმედი მაინც ცოცხლობს, - ყველაფერი კარგად იქნება!

- ვიბნევი...

- ...როდესაც დასმულ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ომი დამთავრდეს.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანს, რომელსაც საკუთარი აზრი ჰგონია ერთადერთი სწორი მოსაზრება და არც კი გისმენს.

- მეზარება...

- ...უამრავი რამ, სიზარმაცე ჩემი ყველაზე დიდი მინუსია.

- სიყვარული ეს...

- ...გრძნობაა, რომელიც დედამიწას ატრიალებს და გადაარჩენს.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...საბავშვო ბაღში დავდიოდი, იმ ბიჭს შოთიკო ერქვა. შავგვრემანი, ლამაზი ბიჭი იყო, ხუჭუჭა თმით.

- მაკვირვებს...

- ...სიმართლე გითხრა, უკვე აღარაფერი მაკვირვებს.

- ვრისკავ...

- ...თუ ოდნავ მაინც მაქვს იმედი, რომ საქმე გამომივა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...უსუსური, დაუცველი ცხოველებია.

- ვამაყობ...

- ...რომ დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი და მსახიობი გავხდი.

- ბოლოს ვიტირე...…

- ...2022 წლის 24 თებერვლიდან ყოველდღე ვტირი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თავს უხერხულად ვგრძნობ.

- შიში მაქვს...

- ...რომ ამ პლანეტას ვერ შევინარჩუნებთ.

- ვმალავ...

- ...სიგამხდრეს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ფეთქებადი ვარ.

- ვუფრთხილდები...

- ...მშობლებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ვისწავლე კი არა და ვერაფრით დავიწყე ვარჯიში.

- ვიტყუები, როცა...

- ...ეს სიტუაციას სჭირდება.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა ტყუილის თქმა მიწევს.

- თავისუფლება არის...

- ...ის, რაც არავის გაგვაჩნია.

- ინტუიცია...

- ...საკმაოდ კარგად მაქვს განვითარებული; ჩემს ინტუიციას ვენდობი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...აუცილებლად ავაშენებდი უზარმაზარ თავშესაფარს მიუსაფარი ცხოველებისთვის.

- მენატრება...

- ...ბებია.

- ვაგროვებ...

- ...თეატრის ბილეთებს.

- ბედისწერა...

- ...ვფიქრობ დაბადების და გარდაცვალების თარიღები დაწერილია, მაგრამ ცხოვრების მანძილზე ყოველთვის გვაქვს არჩევანი; რომელ გზას აირჩევს ადამიანი, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვიძაბები უფრო მეტად, ვიდრე საჭიროა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- "...არ იჩქარო!"

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ამ მძიმე დროს, როდესაც სამყარო თითქოს იშლება, მიუხედავად ყველაფრისა, დავრჩეთ ადამიანებად!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"