ვის სჭირდება საზღვრისპირა რუსული სოფლების დაბომბვა და რაში შეიძლება გამოიყენოს ეს პუტინმა... - კვირის პალიტრა

ვის სჭირდება საზღვრისპირა რუსული სოფლების დაბომბვა და რაში შეიძლება გამოიყენოს ეს პუტინმა...

ის რუსეთი, რომელიც უკრაინული რაკეტების მოხვედრას თავის ფლაგმანზე, სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ კვლავ მალავს და ერთი დღე-ღამის მალვის შემდეგ ძლივს აღიარა „მოსკვას“ საბოლოო ჩაძირვა, რატომღაც დღეში რამდენჯერმე მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჰყვირის, რომ საზღვრისპირა რუსულ სოფლებს თითქოს ხან უკრაინული შვეულმფრენები ბომბავენ, ხანაც უკრაინელი არტილერისტები ესვრიან ჭურვებს...

მაგრამ რაში უნდა დასჭირვებოდა უკრაინას ისედაც ერთი-ორი დარჩენილი „მფრინავი ნიანგის“ ეკიპაჟების დიდი საფრთხის ქვეშ დაყენება და მათი გაგზავნა რუსეთის ბრიანსკის ოლქის დაბა კლიმოვოში, რუსი სოფლელების სახლების დასაბომბად. ესეც ბელგოროდის ნავთობბაზის აგიზგიზება ხომ არ იყო, სადაც ასეთი გარისკვა მართლაც ღირდა?

ან რატომ ფეთქდება ნაღმსატყორცნის ნაღმები უკრაინა-რუსეთის სასაზღვრო პუნქტის რუსულ მხარეს, იგივე ბრიანსკის ოლქში, თუკი მის სიახლოვეს არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს და არც დაბომბვის ადგილის მახლობლადაა დისლოცირებული რომელიმე რუსული საბრძოლო დანაყოფი?

ვის შეიძლება დასჭირვებოდა იმავე ბელგოროდის ოლქში იმ სარკინიგზო ხიდის აფეთქება, რომელზეც კვირაში ერთი-ორჯერ თუ გაივლის დრეზინა ორიოდე ვაგონით, რომლითაც სოფლელები ქალაქის ბაზარში სავაჭროდ მიჰყავს?

15042022-1107-1650006927.47_REC.png
რუსეთის ბელგოროდის ოლქში ამ მეორეხარისხოვანი სარკინიგზო ხიდის აფეთქება არავის სჭირდებოდა, სამაგიეროდ, კრემლს კიევის დაბომბვის ახალი „მოტივი“ გაუჩნდა...

ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება ერთი იყოს - კრემლი ცდილობს, დააგროვოს რუსეთის საზღვრისპირა დასახლებული პუნქტების ვითომდა უკრაინის მიერ „დაბომბვის“ ფაქტები, რომ შემდგომ ის გამოიყენოს, როგორც წმინდა პროპაგანდისტული, ისე - სამხედრო-პოლიტიკური მიზნებით...

პროპაგანდისტული მიზანი - რუსეთის მოქალაქეებო, ხედავთ უკრაინელი "ნაცისტები" უკვე ჩვენს რუსულ მიწას ბომბავენ და განადგურებას გვიპირებენ, აღსდექით, დაირაზმეთ, ჩაეწერეთ რუსეთის არმიის რიგებში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოვუღოთ ამ „ფაშისტებსო“ (რუსეთის არმიის წარუმატებლობისა და დიდი მსხვერპლის გამო კონტრაქტით მოსამსახურე სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილი უარს აცხადებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე და მზად არის ამ კონტრაქტის გასაწყვეტად, თუნდაც მათ დიდი ფულადი ჯარიმა ან სულაც - ციხე ელოდებოდეთ... სამაგიეროდ, ცოცხლები დაბრუნდებიან სახლებში და, ბევრი თანამებრძოლის მსგავსად, უკრაინის შავნიადაგიან მიწას დამატებით არ „გაანაყოფიერებენ“. სხვა მოქალაქეები კი არ ჩქარობენ რუსეთის არმიაში კონტრაქტით სამხედრო სამსახურის დაწყებას, წვევამდელები კი კომისარიატებს თვეობით ემალებიან)...

სამხედრო-პოლიტიკური მიზანი - კრემლი ყველას მკაცრად აფრთხილებს - რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის გამო რუსეთის ხელისუფლება უფლებას იტოვებს, საპასუხო გამანადგურებელი დარტყმები მიაყენოს უკრაინის იმ სტრატეგიულ პუნქტებს, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ, მათ შორის - დედაქალაქ კიევსო...

და მართლაც, 15 აპრილის გამთენიისას კიევი უკვე ექვს ადგილას იბომბება...

მაგრამ თუკი უკრაინელებს არ სცხელათ რუსული საზღვრისპირა სოფლებისთვის და თავად უკრაინის მიწაზე უწევთ მრავალრიცხოვანი მომხვდურის მოგერიება, მაშინ რეალურად ვინ დაბომბა ის ორი რუსული დასახლებული პუნქტი და ააფეთქა სარკინიგზო ხიდი?

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - თავად რუსეთმა დაბომბა რუსული სოფლები ზემოხსენებული მიზეზების მოსაპოვებლად, რათა უკრაინის ქალაქების კიდევ უფრო დიდი სისასტიკით განადგურება რამენაირად გაამართლოს...

ვინმე იკითხავს - თავისივე მოქალაქეებს შვეულმფრენებიდან როგორ ესროდაო?

ვუპასუხებთ - ისევე, როგორც რუსეთის სპეცსამსახურებმა 1999 წლის ზაფხულში ერთმანეთის მიყოლებით საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქეს რუსეთის რამდენიმე ქალაქში, რათა კრემლს გასჩენოდა ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყების დიდი „საფუძველი“...

იცით, რა არის ყველაზე საინტერესო? - როდესაც კრემლის პროპაგანდისტული მანქანა უკრაინას საზღვრისპირა რუსული სოფლების დაბომბვას აბრალებს, სიტყვას არ ძრავს კრასნოდარის მხარის დასახლებულ პუნქტ შაბელსკოეზე, რომელიც აზოვის ზღვის სამხრეთ სანაპიროზეა განთავსებული და ამავე ზღვის ჩრდილოეთ ნაპირიდან, სადაც რუსეთ-უკრაინის საზღვარი გადის, 33 კილომეტრითაა დაშორებული (თუმცა ამ საზღვარს პრორუსული ძალები მერვე წელია, აკონტროლებენ).

4 აპრილს შაბელსკოეს მაცხოვრებლებმა სოფლის განაპირა სახლებიდან ასიოდე მეტრში აღმოაჩინეს 5 მეტრის სიღრმის ღრმული, რომელიც გასაგებია, თავად არ წარმოიქმნა - ასეთ „კვალს“ არანაკლებ 500 კგ კალიბრის ფუგასური მოქმედების საავიაციო ბომბის აფეთქება ტოვებს...

აქაც უკრაინელებმა „ჩამოაგდეს“ ბომბი თუ თავად რუს პილოტებს „გაუვარდათ“?

ან რატომ მალავს რუსეთის პროპაგანდა ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებს, რომელიც მანქანის ვიდეორეგისტრატორმა გზაზე მოძრაობისას დააფიქსირა? - რუსეთის ბელგოროდის ოლქში, ტრასაზე მიმავალი მანქანის წინ, რამდენიმე ასეულ მეტრში, ციდან მოულოდნელად ვერტიკალურად ვარდება მოგრძო სხეული და აფეთქების ტალღა მიწის გოროხებს მაღლა ჰყრის, ხოლო აფეთქების ადგილზე რამდენიმემეტრიანი ღრმული რჩება...

ტრასის მიმართულებისა და რაკეტის მიწაზე დაცემის ტრაექტორიის შედარებისას ადვილი მისახვედრი ხდება, რომ რაკეტა ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან იყო გაშვებული, უკრაინა კი რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან სამხრეთით მდებარეობს...

სამაგიეროდ, ამ ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე რუსეთის ტერიტორიიდან ოთხი „ისკანდერ-მ“-ტიპის რაკეტის ერთდროული ზალპი განხორცილდა, რომლის ვიდეოკადრები რუსეთის პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა დიდი ზარზეიმით გაავრცელეს - ნახეთ, უკრაინელებს როგორ სარაკეტო დარტყმებს ვაყენებთო, თუმცა, ის, რომ ამ „ისკანდერებიდან“ ერთ-ერთმა უკრაინაში „სტუმრობას“ ისევ რუსულ მიწაზე, ბელგოროდის ტრასასთან „დაშვება“ არჩია, მიიჩქმალა.

უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, უარს არ ამბობს აგრესორი ქვეყნის - რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაზე, მაგრამ ამისთვის ის კონკრეტულ სამხედრო ობიექტებს არჩევს - სამხედრო აეროდრომებსა თუ ნავთობბაზების სახით და არ აქვს არც იმის რესურსი და იმედია, არც სურვილი, რომ ძვირად ღირებული საბრძოლო მასალები უბრალო რუსული სოფლების მოსახლეობის შესაშინებლად და მათ ბოსტნებში კომბოსტოს მოსავლის გასანადგურებლად გამოიყენოს...