ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - კვირის პალიტრა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლემ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჯგუფურობა ნამდვილად იყო და ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. მგელიაშვილის განცხადებით, ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან. ბრალდებულები სასამართლო განხილვების დროს მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ. კერძოდ, აკო ჭელიძე აღიარებდა, რომ ნიკა კვარაცხელია მან მოკლა, თუმცა, მისივე თქმით, მას თანამზრახველი არც მკვლელობის ნაწილში ჰყოლია და არც იარაღი შეუძენია გიორგი კავილაძესთან ერთად. რაც შეეხება გიორგი კავილაძეს, ის ორივე მუხლში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მან მკვლელობის შესახებ წინასწარ არ იცოდა და მისი დანაშაული მხოლოდ მკვლელობის პოლიციელებისთვის შეუტყობინებლობაა.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

IPN