"სამიტის დასრულების შემდეგ, მან მოსკოვის არიდებით თბილისში დაბრუნება შემომთავაზა. გავიკვირვე, - ნუთუ ეს შესაძლებელია-მეთქი?" - კვირის პალიტრა

"სამიტის დასრულების შემდეგ, მან მოსკოვის არიდებით თბილისში დაბრუნება შემომთავაზა. გავიკვირვე, - ნუთუ ეს შესაძლებელია-მეთქი?"

"ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა მრავალი საინტერესო ამბის გაშუქება"

ანსამბლ "სუხიშვილების" მოცეკვავის, მოდელისა და დამსახურებული ჟურნალისტის - ნანა ღონღაძის სახელი და გვარი ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი... იგი დღეს თავის ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს...

- როგორ მოხვდით თეთრ სახლში, ამერიკის კონგრესში, გაეროში სამუშაოდ?

- ვფიქრობ, ცოდნა და გამოცდილება გამომადგა, თან ამბიციურიც ვიყავი... 90-იან წლებში, როდესაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელი გახდნენ, მომიწია თურქეთში, შავი ზღვის ქვეყნებისა და მთავრობების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე მუშაობამ: ჩირაგანის სასახლეში 11 ქვეყნის წარმომადგენელმა სტამბოლის დეკლარაციას მოაწერა ხელი და შავი ზღვის ეკონომიკური კავშირი დააფუძნა... შემდეგ ჰელსინკში, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის თათბირს დავესწარი. ასევე ევროკავშირმა ოთხ საბჭოთა ჟურნალისტთან ერთად პორტუგალიაში, ლისაბონის სამიტზე მიმავლინა, სადაც ახალი დამოუკიდებელი ქვეყნებისათვის ეკონომიკური დახმარების საკითხები განიხილებოდა. მართალია, ოპერატორი მოგვამაგრეს, მაგრამ ზოგ სხდომას ან ინტერვიუს ჩემი მინიკამერით ვიღებდი. ასე იყო ლისაბონის პროტოკოლის ხელის მოწერის დროსაც: უკრაინამ, ყაზახეთმა და ბელორუსიამ მათ ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთვულ სტრატეგიულ იარაღზე უარი თქვეს. ამ ისტორიულ მოვლენას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდა, რომელიც არ ელოდა ჩემს იქ ყოფნას. სამიტის დასრულების შემდეგ მან მოსკოვის არიდებით თბილისში დაბრუნება შემომთავაზა. გავიკვირვე, - ნუთუ ეს შესაძლებელია-მეთქი? ღიმილით მითხრა: დილით ირაკლი მენაღარიშვილი (იმ დროს ჯანმრთელობის მინისტრი) შემოგივლის და მზად დახვდიო. სანამ თბილისში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმზ ბეიკერის თვითმფრინავით ჩამიყვანდა, ბატონმა ალექსანდრემ სამი ინტერვიუ გადამაღებინა: პირველი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილთან – ქართული წარმოშობის ამერიკელ გენერალთან, მეორე - სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან და მისი პრესსამსახურის უფროს მარგარეტ ტატუაილერთან. თვითმფრინავის მეორე სალონში ამერიკის პრესის საუკეთესო წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც გაირკვა, მათ ბეიკერის ოფიციალური ვიზიტი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმი უნდა გაეშუქებინათ...

nana-gongadze-4-1650010634.jpg

რაც შეეხება გაეროს, ამერიკაში დასახლებამდე, გენერალური ასამბლეის 47-ე სესიაზე ვიყავი, როდესაც ჩვენი ქვეყანა მისი 178-ე სრულუფლებიანი წევრი გახდა. ეს ქართველი ჟურნალისტების პირველი გამგზავრება იყო გაეროში, თან არა მოსკოვიდან, არამედ თბილისიდან, საქართველოს ავიაციის თვითმფრინავით! საქართველოს ავიაციის ისტორიაში ასე შორს ფრენა პირველად სრულდებოდა. თვითმფრინავს ორი ეკიპაჟი და ორი მეთაური ჰყავდა, პირველი კლასის მფრინავები: ზურაბ პერიშვილი, ელგუჯა დვალი და ანდრეი ბლაგონრავოვი. ჩვენ ჯერ კალინინგრადში, მერე ისლანდიაში, რეიკიავიკში გავჩერდით. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ თვითმფრინავის გაჩერება 25.000 დოლარი დაჯდა! მარტო ოკეანის თავზე 4 საათი და 20 წუთი ვიფრინეთ. საქართველოს მერე ღამის ნიუ-იორკი იმდენად გაჩირაღდნებული გვეჩვენა, რომ ჩვენები ხუმრობდნენ: ამერიკამ შუქი მოგვპარაო.

უდიდესი სიხარული განვიცადეთ, როდესაც გაეროს წინ ქართული დროშა აფრიალდა, სწორედ იმ დღეს ამ ორგანიზაციის პრესისა და ინფორმაციის პასუხისმგებელი თანამშრომელი, თამარ ჩხენკელი გავიცანით. იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი გახლდათ. მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე.

ასე რომ, თუ თქვენს კითხვას დავუბრუნდებით, უნდა ვაღიარო, თვითონაც მიკვირს, როგორ შევძელი 1993 წელში ჩამოსულმა, აფხაზეთისა და ოსეთის ომებგავლილმა, დასტრესილმა და ღონეგამოცლილმა 1995-ში გაეროს ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს გაშუქება. ხუმრობაა? - უკან 20 წლის შრომა მოვიტოვე, თან უკვე არც ისეთი ახალგაზრდა ვიყავი, 47 წელი შემისრულდა, უცხო ქვეყანაში ჩამოვედი, რომლის არც კულტურა, არც ყოფა, არც ენა არ ვიცოდი და სასურველს მივაღწიე, პროფესიით მუშაობა გავაგრძელე. ეს ჩაფიქრებული არ მქონდა. უკვე შვილიშვილი მყავდა და ბებიის როლი მქონდა მორგებული. ასე რომ, ყველაფერი, რაც ამერიკაში გადამხდა, მართლაც სასწაულია! ადამიანი თუ მოინდომებს, თურმე ყველაფერი შეუძლია.

nana-gongadze-2-1650010786.jpg

ის კი არა, აქ ჩამოსულმა ინგლისურ კოლეჯში სწავლაც დავიწყე... დილის ცხრიდან დღის ორ საათამდე იქ ვმეცადინეობდი, მერე ჩემს ქალიშვილ ლიკას თინას მოვლაში ვეხმარებოდი. ღამის 10 საათის მერე ვაკეთებდი საშინაო დავალებებს და სიმწრის ცრემლები მდიოდა, მაგრამ მაინც გავედი ბოლოში, ერთ წელიწადში ენა ავითვისე.

- საქართველოში მუდამ წარმატებული იყავით, მაგრამ ბევრი სირთულის ფასად...

- ბავშვობაში ცირკის მსახიობი მინდოდა გამოვსულიყავი. ტანვარჯიშზე დავდიოდი, სპორტს მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ქართული ცეკვის სწავლა დავიწყე და ქორეოგრაფ ბუხუტი დარახველიძის ანსამბლში მოვხვდი - მაშინ ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოწაფე ვიყავი... ჩემს შრომის წიგნაკში პირველი თანამდებობა ტროლეიბუსების პარკის დისპეტჩერი წერია. უფროს კლასებში კინოხელოვნებამ გამიტაცა. ბევრს ვკითხულობდი, ჩემს სახლთან შესანიშნავი ბიბლიოთეკა იყო, საიდანაც ჩემთვის საინტერესო წიგნებს ვიღებდი. მერე სასახლეში, პიონერფილმში მივედი, გულბაათ აბელიშვილთან, იმ დროს ეს წრე არ იყო სათანადოდ აღჭურვილი და მარტო სცენარებზე ვმუშაობდით. ასევე ბალეტით დავინტერესდი, რადგან ჩვენთან მდგმურად რუსი ბალერინა - სტელა იანსონი დასახლდა: მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედას და ჩემს ორ სტუდენტ დას ფინანსურად ძალიან გვიჭირდა. ოთახის გაქირავებამ მდგომარეობა ბევრად გაგვიუმჯობესა. მინდოდა ქორეოგრაფიულზე ჩამებარებინა, მაგრამ გვიან არისო, - მითხრეს. მერე ფილოლოგიურზე ჩავირიცხე, მეორე კურსიდან კი ჟურნალისტიკის განყოფილებაზე გადავედი...

შემდეგ ჩემს კურსელზე გავთხოვდი, შვილი შეგვეძინა და სწავლისათვის უკვე იმდენად არ მეცალა. დიპლომი კი ავიღე, მაგრამ სამსახურს ვერ ვშოულობდი. შემდეგ გამახსენდა, რომ ცეკვა შემეძლო და სუხიშვილებში მივედი, იქ სამი წელი დავყავი, მათთან ერთად ბევრი ვიმოგზაურე, მაგრამ მივხვდი, ეს ჩემი მუდმივი პროფესია ვერ იქნებოდა.

- ტელევიზია არჩიეთ, არა?

- დიახ, ტელევიზიაში რეჟისორ მერაბ ჯალიაშვილის რჩევით, 1973 წელს მივედი. თბილისის მოდელების სახლიდან მიცნობდა, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს "მანეკენშიცად" ვმუშაობდი. როდესაც ქართველების ტანსაცმლის კოლექციები საზღვარგარეთ მიჰქონდათ, მერაბი და ოპერის ქორეოგრაფი იური ზარეცკი ჩვენებას დგამდნენ... მოგვიანებით ტელევიზიაში დიქტორების კონკურსში გავიმარჯვე, მაგრამ რადგან დედა გარდამეცვალა და დროზე არ გამოვცხადდი, ჩემს ადგილზე სხვა ჩარიცხეს. მერე 3 წელი დიქტორად უფასოდ ვიმუშავე, მოგვიანებით ნელა-ნელა გადაცემების წაყვანა დავიწყე.

nana-gongadze-1650010818.jpg

- სამთავრობო კონცერტებიც მიგყავდათ...

- ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის გახსნის დღიდან სამთავრობო კონცერტები იქ იმართებოდა. მისი დირექტორის - დორიან კიტიას და რეჟისორ არჩილ ჩხარტიშვილის მიწვევა წამყვანის ამპლუაში ჩემთვის სასიხარულო იყო. ეკრანსა და სცენაზე ყოველთვის გემოვნებიანი, ელეგანტური სამოსით გამოვდიოდი. ბევრმა არ იცოდა, რომ ეს მოდის სახლის კაბები ან სუხიშვილების ანსამბლის გოგონების გამოსასვლელი ტანსაცმელი იყო. ერთხელ კინომსახიობმა ლეილა აბაშიძემაც კი დამირეკა, - ამდენი ლამაზი რამეები გაქვს და ეგებ მათხოვოო... სამწუხაროდ, უარის თქმა მომიხდა, რადგან ჩემი არ იყო...

- ერთხანს ტელევიზიაში რედაქტორადაც მუშაობდით...

- ტელევიზიის თავმჯდომარედ გურამ ენუქიძე რომ დაინიშნა, მან გახსნა რუსულ გადაცემათა რედაქციაში სპეციალური განყოფილება, რომელსაც მთელი კავშირის მაყურებლისათვის საქართველო უკეთ უნდა გაეცნო - ამ რედაქციაში რედაქტორად დავინიშნე... როგორც იქნა, მყარი ხელფასი მქონდა, მანამდე ხომ მცირე ჰონორარებით ვირჩენდი თავს. ჩვენ ჯერ პროგრამებს შავ-თეთრ ფირზე ვიღებდით, კინოკამერა ხელით იქოქებოდა და ხმაურობდა. ფირს ლიმიტირებულად გვაძლევდნენ. მახსოვს, როგორი სირცხვილი ვჭამეთ ოპერის თეატრში, როდესაც მოსკოვის დიდი თეატრის მომღერალ ელენე ობრაზცოვას გასტროლებს ვაშუქებდით. შუა სპექტაკლის დროს ფირი დამთავრდა და მე და ოპერატორმა ვოვა ერმაკოვმა დარბაზი სასწრაფოდ დავტოვეთ...

nana-gongadze-5-1650010894.jpg

ერთხელ ვოვასთან ერთად ქალბატონ ქეთევან იაშვილს ვერაზე, მის პატარა, კოხტა ბინაში ვესტუმრე, რომელიც სურათებით იყო სავსე. თურმე ქალბატონ ქეთევანს უკრაინაში ექიმ-კოსმეტოლოგად უმუშავია და უამრავი ძვირფასი ხელოვნების შედევრი შეუძენია. მან მოგვითხრო თავისი ცხოვრების ნატვრაზე: აპირებდა, სურათების მთელი კოლექცია თელავის მუზეუმისთვის გადაეცა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ეს სურვილი აიხდინა და მუზეუმს 400 მილიონის ღირებულების კოლექცია გადასცა...

გავიხსენებ კიდევ ერთ კარგ ამბავს: 1979 წელს ახალ ტრადიციას, "თბილისობას" ჩაეყარა საფუძველი. მის განხორციელებაში დიდი წვლილი ქალაქის მთავარ არქიტექტორ შოთა ყავლაშვილს და მხატვარ ოთარ ლითანიშვილს მიუძღვით. მათ ქალაქის ძველი უბნების განახლება-აღდგენა დაიწყეს. ჯერ კოლმეურნეობის მოედნის მიდამოებში, ციხესიმაგრის კედლები განაახლეს, აივნები ცისფრად შეღებეს და ბატონ შოთას ხალხმა ხუმრობით "შოთა ბალკონსკი" დაარქვა. გამოჩენილი მოქალაქეებისათვის ახალი ჯილდო "საპატიო თბილისელი" დააწესეს. წლების მანძილზე უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი ამ ზეიმის გაშუქების გამო...

ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა მრავალი საინტერესო ამბის გაშუქება და უამრავი საინტერესო მოვლენის ეპიცენტრში ყოფნა.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"