პუტინი ცდილობს სტალინს მიბაძოს: თუმცა რუსეთის იმპერიის მტაცებლური პოლიტიკა ყოველთვის კრახით სრულდება - კვირის პალიტრა

პუტინი ცდილობს სტალინს მიბაძოს: თუმცა რუსეთის იმპერიის მტაცებლური პოლიტიკა ყოველთვის კრახით სრულდება

რუსი ერის მესიანურ როლზე სლავურ სამყაროში რუსი ეროვნების ავტორებს “ბილინები” აქვთ შექმნილი, მაგრამ საინტერესო და დამაფიქრებელია, რომ თვით სხვა სლავური სახელმწიფოები პირველი შესაფერისი სიტუაციისთანავე თავქუდმოგლეჯილი “გარბიან” რუსეთისაგან. დასავლეთ და სამხრეთ სლავებზე, რომ არაფერი ვთქვათ, უკრაინისა და ბელარუსის მაგალითიც სახეზეა: უკრაინა გმირულად იბრძვის, რომ რუსეთის „სიყვარულის მარწუხებს“ თავი დააღწიოს, რომ არა “ბატკა-დიქტატორი” ლუკაშენკო, ბელარუსებიც გაექცეოდნენ რუსეთის “საუკუნოვან ძმობას”.

1867–1883 წლებში რუსეთის იმპერიის კანცლერი ა.მ. გორჩაკოვი წერდა: „რუსეთისთვის ტერიტორიის გაფართოება სისუსტის გაფართოებააო"

და „ინდუსტრიულ ეპოქაში ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური განვითარება რუსეთს ბევრად მეტი სარგებელს მოუტანს, ვიდრე სივრცის ზრდაო“ - მიაჩნდა გორჩაკოვს. თუმცა თავად ათწლეულების მანძილზე იბრძოდა რუსეთის იმპერიის ტერიტორიების გასაფართოებლად.

რუსეთის ხელისუფლება მუდმივად იმ საგარეო პოლიტიკურ კონფლიქტებსა და ომებში იყო ჩართული, რაც ახალი ტერიტორიების დაპყრობებისკენ სწრაფვას მოჰყვებოდა. ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი ჰენრი კისინჯერი მიიჩნევს, რომ რუსეთის სწრაფვა თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად გადაიქცა ტერიტორიების გაფართოების თვითმიზნად და სივრცით ექსპანსიონიზმად. ეს კი, კისინჯერის აზრით, არა მხოლოდ არ ზრდის რუსეთის სიძლიერეს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს მის დასუსტებასა და დაცემას, რადგან რუსეთის ფინანსური და პოლიტიკური ზარალი ბევრად აღემატება მოსალოდნელ სარგებელს.

ადრე, საბჭოთა კავშირის, ამჟამად კი რუსეთის მეზობელი ქვეყნები, ყოველთვის თავბედს იწყევლიდნენ: ”ეჰ, რატომაა ღმერთი ასე შორს, რუსეთი კი ასე ახლოსო”. იმპერიული ამბიციების გამო ამ უზარმაზარი სახელმწიფოს მეზობლები ყოველთვის ანექსიის საფრთხის ქვეშ იყვნენ და არიან. საქართველოსი არ იყოს, ერთ-ერთი ასეთი “მუდმივად განწირული” ქვეყანა ფინეთი იყო.

1938 წლის აპრილიდან მოყოლებული სტალინის მთავარი მოთხოვნა საბჭოთა კავშირ-ფინეთის საზღვრის, ფინეთის ტერიტორიის სიღრმეში გადაწევა იყო. საბჭოთა დიქტატორს ეკუთვნის ერთი მარტივი და ამავე დროს მრავალი ათასი ადამიანისთვის საბედისწერო ფრაზა: “ჩვენ გეოგრაფიის წინაშე უძლურნი ვართ, რადგანაც ლენინგრადის გადაადგილება შეუძლებელია, მაშინ მოგვიწევს ჩვენი საზღვარი გადავწიოთ ფინეთის ტერიტორიაზე”... ეს საბაბი იყო, რეალურად კი სტალინს რუსეთის იმპერიის ძველი საზღვრების აღდგენა და ყოფილი კოლონიების დაბრუნება სურდა. ფინეთის ხელისუფლება, სადაც მაშინ საბჭოთა აგენტურას ჯერ ისეთი გადამწყვეტი პოზიციები არ ქონდა, რომ ზემოქმედება მოეხდინა ამ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, უარზე იყო დაეთმო ან თუნდაც გაეცვალა ტერიტორია. თავდაპირველად სტალინმა ფინეთის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და ამ ქვეყნის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა ფარული მოლაპარაკებებითა და სპეცსამსახურების ძალებით ფინეთში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებით სცადა.

1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ფინეთი დამოუკიდებელი და იმავდროულად საბჭოთა სპეცსამსახურების სამიზნე გახდა. ძერჟინსკის დროიდან მოყოლებული მრავალრიცხოვანი საბჭოთა აგენტურა ფინეთის ფარული გაკონტროლებისთვის იბრძოდა. სტალინის გეგმა თავიდან თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ ფინეთის ხელისუფლების, უპირველესად კი არმიის მთავარსარდლის და შემდგომში პრეზიდენტის, მარშალ კარლ გუსტავ მანერჰეიმის (1867-1951) აშკარად გამოკვეთილი პატრიოტული და ანტისაბჭოთა პოლიტიკის შეცვლა ვერ მოახერხეს..

11-1650020999.jpg
კარლ გუსტავ მანერჰეიმი

1938 წლის 7 აპრილს სტალინმა კრემლში საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელები დაიბარა, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, ფულიც არ დაიშურა: მისი დავალებით 10 მილიონი ფინური მარკა (დაახლოებით ორასი ათასი დოლარი, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა იყო), სულ ტკიცინა კუპიურები გადასცეს საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტს ფინეთში ბორის რიბკინს. სტალინი რიბკინს პირადად შეხვდა და დაწვრილებით აუხსნა(!) ძველი აგენტურიდან ფული ვისთვის და რამდენი უნდა გადაეცა. თან ახალი გეგმებიც დაუსახა. სტალინის ჩანაფიქრით ამ ფულით ფინეთში ახალი, ყველაზე “დემოკრატიული” (ანუ რეალურად ყველაზე პროსაბჭოთა), “წვრილ მესაკუთრეთა პარტია” უნდა შეექმნათ, რომელსაც პარლამენტში გამარჯვების შემდეგ პროსაბჭოური პოლიტიკა უნდა გაეტარებინა. ამ ოპერაციაში მნიშვნელოვანი როლი ძველ აგენტურას ეკისრებოდა. რიბკინი ფინეთში 1938 წლის აპრილის ბოლოს დაბრუნდა და ყველაფერი იღონა, რათა სტალინის სრულიად საიდუმლო დავალება შეესრულებინა. ის საბჭოთა მთავრობის სახელით აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც იმდენად საიდუმლოდ ტარდებოდა, რომ ფინეთში საბჭოთა ელჩიც კი არ იყო ინფორმირებული.

თუმცა ვერც ფულმა და ვერც მანერჰეიმზე ფარული ოპერატიულ-აგენტურული კომბინაციებით ზემოქმედების მცდელობამ გამოიღო შედეგი. ფაქტობრივად, იმ ეტაპზე სპეცსამსახურების „მისია“ კრახით დასრულდა. 1939 წლის 23 აგვისტოს „მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის“ ხელმოწერის შემდეგ სტალინს ხელ-ფეხი გაეხსნა რუსეთის იმპერიის გაფართოების მიზნების შესრულებაში: ჯერ პოლონეთი გაინაწილა ადოლფ ჰიტლერთან ერთად, შემდეგ ბესარაბია და დასავლეთ უკრაინა შემოიერთა. სულ მალე კი ფინეთის დაპყრობა უკვე სამხედრო ძალით გადაწყვიტა.

22-1650021081.jpg
1939 წლის 23 აგვისტო, ჰიტლერთან საიდუმლო შეთანხმების შემდეგ

1939 წლის ოქტომბრის ბოლოს რიბკინი მოსკოვში დააბრუნეს და მის მაგივრად რეზიდენტად ელისეი სინიცინი (ფსევდონიმი “ელისეევი”) დანიშნეს. ნოემბრის დასაწყისში სინიცინი უკვე ჰელსინკში იყო და სასწრაფოდ განაახლა კავშირები ფინეთის პოლიტელიტაში შემავალ საბჭოთა აგენტებთან, თუმცა იმ ჯერზე მას დიდხანს არ მოუწია ფინეთში ყოფნა. იმავე წლის 25 ნოემბერს ის მოსკოვში გამოიძახეს. ჯერ მოლოტოვმა და ბერიამ გამოკითხეს ფინეთში შექმნილი მდგომარეობა, საღამოს კი “ელისეევი” კრემლში, სტალინთან წაიყვანეს. მოისმინა რა დაზვერვის რეზიდენტის ინფორმაცია, საბჭოთა ბელადი დარწმუნდა, რომ ფინეთში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების შანსი ძალზე მცირე იყო და მან სამხედრო მოქმედებების გზა აირჩია.

ფინელების დასაშინებლად სწორედ მაშინ წარმოთქვა სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა მოლოტოვმა “დაუვიწყარი” ფრაზა: “სამოქალაქო პირებმა ვერაფერს მივაღწიეთ, ახლა კი სამხედროების ჯერია, მათ სცადონ”. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა არმია ფინეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. სტალინი 21 დეკემბერს 60 წლის (ეს ოფიციალურად, რეალურად კი 61 წლის) ხდებოდა და საბჭოთა მხედართმთავრები საჩუქრად ფინეთის „მირთმევას“ ფიქრობდნენ. თუმცა „წითელი არმია“ ფინელების მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა და „მანერჰეიმის ხაზის“ გარღვევა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საბჭოთა საჯარისო შენაერთების რაოდენობა 800 ათას კაცამდე (ანუ ფინეთის ჯარზე თითქმის ოთხჯერ მეტი) გაიზარდა.

33-1650021135.jpg
ფინეთში აფეთქებული საბჭოთა ტანკი

ამის მიუხედავად ფინეთის დედაქალაქის, ჰელსინკის აღებას საბჭოთა ჯარები მხოლოდ უდიდესი მსხვერპლის ფასად თუ შეძლებდნენ. ამიტომ სტალინმა ტაქტიკა შეცვალა და გადაწყვიტა ფინეთი ორად გაეხლიჩა, რისთვისაც “წითელი არმიის” მიერ აღებულ პირველივე ფინურ ქალაქ ტერიოკში კუუსინენის ხელმძღვანელობით მარიონეტული “ფინეთის დემოკრატიული რესპუბლიკა” შექმნა. მოსკოვიდან ჩასულმა “ფინეთის” ახალმა “მთავრობამ” დიდი გულუხვობა გამოიჩინა და 2 დეკემბერს გაფორმებული სეპარატული ხელშეკრულებით საბჭოთა კავშირს ფინეთის სტრატეგიული ტერიტორიები გადასცა (?!). სამაგიეროდ სტალინმა “ახალ დემოკრატიულ რესპუბლიკას” მძიმე შეიარაღება და ორი დივიზია “უფეშქაშა”. ამ დაუფარავი აგრესიის ფაქტმა სხვა ქვეყნების იდენად მკვეთრი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რომ საბჭოთა კავშირი ერთა ლიგიდან გარიცხეს.

აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ კი სტალინის დამპყრობლურ პოლიტიკას ზუსტი შეფასება მისცა: «ჰიტლერიზმი ესაა ყავისფერი კომუნიზმი, ხოლო კომუნიზმი ესაა წითელი ფაშიზმი». მოსკოვი კი მაინც თავს იმართლებდა: “რა ჩვენი ბრალია, ფინეთში სამოქალაქო ომი დაიწყოო”.

აი, საიდან სესხულობენ დღეს უკრაინელი, აფხაზი და ოსი სეპარატისტების მხარდაჭერის “ჭკვიანურ” იდეებს და გეგმებს რუსეთის სპეცსამსახურები! “წითელი არმია” მოუმზადებელი იყო ხანგრძლივი ომისთვის. თანაც მკაცრი “ფინური ზამთრის” პირობებში ორასი ათასი ფინელი მეომარი იმდენად მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ოთხჯერ მეტ მომხდურს, რომ სანამ უშუალოდ ჰელსინკის არ დაემუქრა საფრთხე, არ ნებდებოდნენ.

სტალინის დავალებით საბჭოთა დაზვერვამ ზავის ხელსაყრელი პირობების მისაღწევად ფარული მოლაპარაკებები დაიწყო. 1940 წლის 12 მარტის ხელშეკრულებით ფინეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, სანაცვლოდ სტალინი, რომელსაც ინგლის-საფრანგეთთან კონფლიქტი იმ ეტაპზე ხელს არ აძლევდა, დათმობაზე წავიდა და კუუსინენის სეპარატისტული მთავრობა უკან, მოსკოვში გაიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ „ზამთრის ომი“ საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა, ადამიანებისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგი ძალზე დიდი იყო. დაღუპულების სახით საბჭოთა რეჟიმმა 150 000-მდე მებრძოლი დაკარგა. ასევე გამოჩნდა საბჭოთა სპეცსამსახურების, განსაკუთრებით სამხედრო დაზვერვის, ნაკლოვანებები. ამიტომაც სტალინმა დაუყოვნებლივ დანიშნა თათბირი და ცენტრალურ კომიტეტში დაიბარა გენერალიტეტი და სპეცსამსახურების ხელმძღვანელები. თათბირი ოთხ დღეს გაგრძელდა. განხილულ იქნა მრავალი საკითხი, საიდანაც განსაკუთრებით საინტერესო 1940 წლის 17 აპრილს სამხედრო დაზვერვის უფროსის, ივან პროსკუროვის გამოსვლაა, რადგანაც იმ დღეს გაიმართა ხანგრძლივი და საკმაოდ ცხარე კამათი მასსა და “დიდ ბელადს” შორის. ახალგაზრდა პროსკუროვის არგუმენტები ფინეთის ომში სამხედრო დაზვერვის ჩავარდნის მიზეზების გამო სტალინის გაღიზიანებასა და ირონიას იწვევდა. სტალინის ამგვარი შეფასებები სამხედრო დაზვერვის უფროსისთვის განაჩენის ტოლფასი იყო. მართლაც 1940 წლის 27 ივლისს პროსკუროვი გაათავისუფლეს თანამდებობიდან და სამხედრო-საჰაერო ძალებში დააბრუნეს. 1941 წლის 27 ივნისს ის დააპატიმრეს და სტალინის ბრძანებით იმავე წლის 28 ოქტომბერს დახვრიტეს.

პუტინი სტალინს რომ ბაძავს ახალი ამბავი არ არის. ჩანს, რომ მან „დიდი დიქტატორის“ მოღვაწეობა კარგად შეისწავლა, განსაკუთრებით ქვეყნის მართვის სტილი, რომელიც მკაცრად კონტროლირებად ვერტიკალზეა დაფუძნებული. ამ ვერტიკალს კი „იმპერიის ცერბერი“ დარაჯობს. სტალინის დროს ეს ნკვდ–მგბ (უშიშროების კომისარიატი/სამინისტრო) იყო. პუტინის ეპოქაში კი „ცერბერი“ ეფ–ეს–ბეა (უშიშროების ფედერალური სამსახური). როგორც სტალინს, პუტინსაც სპეცსამსახურების ყოვლისშემძლეობისა სჯერა. რუსეთის ეროვნული ინტერესების შეფასების დროსაც ემთხვევა ორი დიქტატორის ხედვაც: დაიპყრონ, მიიტაცონ სხვა ქვეყნები (ან ტერიტორიები), რაც მათი აზრით „ცუდად დევს“ და „პატრონი არ ჰყავს“.

პუტინიც სტალინის „ტრაექტორიით“ მოძრაობს: რუსეთის დღევანდელი დიქტატორმა უკრაინის ტერიტორიების მიტაცება ჯერ სპეცსამსახურების ძალებით სცადა, ყირიმში ამას მიაღწია. დონბასში და ლუგანსკში კი, უკვე რვა წელია პუტინი მიზანს ვერა და ვერ აღწევდა, ამიტომაც 2022 წლის 24 თებერვალს ყველაზე რადიკალურ გზას – სამხედრო ექსპანსიას მიმართა. კიევის აღება მისთვის „საჩუქარი“ უნდა გამხდარიყო: პუტინი ხომ 2022 წლის 7 ოქტომბერს 70 წლისა ხდება. იმედია „საჩუქრის“ გარეშე დარჩება.

4-1650021236.jpg
უკრაინაში აფეთქებული რუსული ტანკი

არავინ იცის რამდენი დახარჯა რუსეთმა უკრაინაში პრორუსული ოპოზიციის დასაფინანსებლად და აგენტურული ქსელის შესაქმნელად, თუმცა უშედეგოდ: აქ პუტინმა სრული ფიასკო განიცადა და მტრის წინააღმდეგ უკრაინის მოქალაქეები უფრო გაერთიანდნენ. ამიტომ პუტინმა გადაწყვიტა, სტალინის მსავსად, დამნაშავეები რუსეთის სპეცსამსახურებში ეძებნა და სამაგალითოდ დაესაჯა. იპოვა კიდეც.

(პირველი ნაწილის დასასრული)