"ასეთ თემებზე საუბარი სიმშვიდეს და წონასწორობას მაკარგვინებს... ამიტომაც, არც ერთი ტელევიზიის არხზე, პრესაში არ ვჩანვარ" - კვირის პალიტრა

"ასეთ თემებზე საუბარი სიმშვიდეს და წონასწორობას მაკარგვინებს... ამიტომაც, არც ერთი ტელევიზიის არხზე, პრესაში არ ვჩანვარ"

არქივი, ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2022 წლის 15 აპრილს

რას ჰყვებოდა ნინელი ჭანკოტაძე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ თემებზე და რატომ ამბობს უარს ტელევიზიით გამოჩენაზე

"არ ვიცი, მსახიობმა ქალმა რა უნდა გესაუბროთ, ყველამ ჩემზე უკეთ იცის ყველაფერი და კატეგორიულად არ მსურს, სადმე გამოვჩნდე, მეც ჩემი აზრები გამოვთქვა... საშინელება ხდება, მაგრამ რა გიშველოთ ნინელი ჭანკვეტაძემ? როგორც თქვენ ხართ დაზაფრული, ისე ვარ მეც! არ ვიცი, რა არის გამოსავალი, ერთადერთი, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ვილოცოთ, ღმერთი თუ გვიშველის. მე სხვა ალტერნატივა არ მაქვს, სხვანაირად არ ვფიქრობ...", - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" საუბარში მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ, რომელიც მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ასე ეხმაურება:

- მთელ საქართველოში უამრავი უკრაინული დროშაა გამოფენილი, ჩვენი, ქართველი ბიჭები უკრაინაში არიან საომრად წასულები და სამწუხაროდ, მსხვერპლი იყო... მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებაც გავწიეთ.

ძალიან მეშინია, ომი საქართველოშიც არ იყოს... ნამდვილად მეშინია, რადგან ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ეგ საშინელება... ამ თემებზე არსად ვაკეთებ კომენტარს, რადგან ცოტა არ იყოს, მატრაკვეცობად მეჩვენება ახლა საუბარი. ვინმეს საქმის გაკეთება თუ შეუძლია, გააკეთოს! მე, როგორც მოგახსენეთ, ვლოცულობ, უფლის იმედით ვარ! ერთადერთი, რაც მაიმედებს ომზეც, შფოთზეც, გაჭირვებაზეც, ჩვენი შვილების მომავალზეც, ტკივილზეც და ასე შემდეგ, თუ ყველა გულით ვილოცებთ და ღმერთს ხმას მივაწვდენთ, რაღაც გვეშველება.

კოვიდი გადავიტანე, 40 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი და თუ ასეთი რამ ადამიანს არაფერს აჩვენებს, დასკვნა არ გამოაქვს და კიდევ ბაქიბუქი, ამ ქვეყნის არევა, ომი უნდა ჩემს საქართველოში და - ერთ წრეზე ტრიალი, იტრიალოს! მე ერთადერთი, რაც შემიძლია, სანთელს დავანთებ, რომ საქართველოში სიყვარულმა და ღვთის იმედმა დაისადგუროს.

არანაირი სოციალური ქსელით არ ვსარგებლობ, ზედმეტ საუბრებს რომ არ ვუსმინო... მაქვს ჩემი საქმე, ოჯახი, ჩემი ქვეყანა მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შესაძლებელია ერთი ჩვეულებრივი ადამიანისგან. მეტი არც ამბიცია მაქვს და არც არაფრის სურვილი! ძალიან დამაზარალა ავადმყოფობამ და ჩემი ენერგიის ყოველ გრამს ვუფრთხილდები, რათა კარგ საქმეში და სიკეთეში გამოვიყენო...

მარხვაა, ვნების კვირა იწყება და არავის განკითხვა არ მსურს! ასეთ თემებზე საუბარი ჩემს სიმშვიდეს და წონასწორობას მაკარგვინებს... ამიტომაც, არც ერთი ტელევიზიის არხზე, პრესაში არ ვჩანვარ. მშვიდად ვიყოთ და პატრიარქს დავუჯეროთ, ბოლოსდაბოლოს! რამდენჯერაც არ დავუჯერეთ, იმდენჯერ რაც მოხდა, კი ვნახეთ!

ეს არის ჩემი ორიენტირი - თეატრი, რასაც არავინ მიკრძალავს, ვფიქრობ, რომ კეთილ საქმეს ვაკეთებ და თუ ვინმემ გაიხარა, სიამოვნება მიიღო, რამეზე დაფიქრდა, ძალიან კარგი! ასევე, ეკლესია და მაქსიმალურად ისეთი ცხოვრება, რაც საერო ადამიანს შეუძლია. ჭკუას ვერავის ვასწავლი.

თუ ვერ ვხვდებით, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ, მხოლოდ ლაპარაკი არ მინდა!

წინასწარ გილოცავთ ბზობის დღესასწაულს, ყველას ვულოცავ, მათ შორის, იმ ბიჭებს, რომლებიც დღეს უკრაინაში საომრად არიან წასულები... იმ ადამიანებსაც გონება დამშვიდებოდეთ, რომლებიც კივიან, ყველა ომში წავიდესო და თვითონ ტელევიზორებთან სხედან...

- პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობთ?

- არა, ხალხს ვგულისხმობ... პარტიის წარმომადგენლებს თავიანთი ინტერესები აქვთ და ისეც იქცევიან... ხალხისგან გამკვირვებია, ამდენი სიმწარე ვნახეთ და გინდათ თუ არა, დღეს ჩვენც ომში ჩავებათო. არაფრით მესმის!

დღეს ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ამ ყველაფერს ამუხრუჭებს, თორემ ძველი ხელისუფლება რომ იყოს, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... ამიტომ დავფიქრდეთ და ნუ დაგვავიწყდება ის, რაც უკვე იყო!

სხვისი სისხლით ნურავინ შეეცდება გმირობის მოპოვებას. რომელიმე თავის შვილს გაუშვებს? სხვისი საცოდავი პატარა ბიჭები მიდიან, რომლებიც გულანთებული არიან და ორიენტირიც დაკარგული აქვთ... მათ ასაკში რომ ვიყო და მიკიჟინებდნენ, კაცი ხარ, ომში წადიო, შეიძლება მეც ამეღო იარაღი და წავსულიყავი.

მე უფროს თაობას მივმართავ, ვინც ეს ყველაფერი გაიარა და იცის, რაც არის! ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ხვალ იგივე აქ არ იყოს, ან - უარესი... მე თუ მახსოვს, რა კოშმარიც გავიარეთ, მაპატიეთ და სხვებს რატომ არ ახსოვთ?!

(სპეციალურად საიტისთვის)