ეროვნული ბანკი ინტერნეტთაღლითობის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

ეროვნული ბანკი ინტერნეტთაღლითობის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერნეტთაღლითობის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს, სხვადასხვა მობილური აპლიკაციის (მაგალითად, WhatsApp) საშუალებით უცნობი პირები მომხმარებლების მიერ სხვადასხვა ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული ნივთის ფოსტით გაგზავნის, ან აღნიშნული ნივთის საფასურის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის/გადახდის შეთავაზების მიზნით უკავშირდებოდნენ. აღნიშნული პირები მომხმარებლებს ვებგვერდების ბმულებსაც უგზავნიდნენ და მათზე ბარათის და/ან სხვა პირადი მონაცემების შევსებას სთხოვდნენ. მომხმარებლის მიერ საკუთარი პირადი და/ან საბარათე მონაცემების აღნიშნულ ბმულებზე შეყვანის შემდეგ, უცნობ პირებს მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომის საშუალება ეძლეოდათ, რის შედეგადაც მომხარებლები ფინანსურად ზარალდებოდნენ. აღნიშნული სქემა ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს, ე.წ. ფიშინგს წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკუთარი პერსონალური და ფინანსური, მათ შორის საბარათე მონაცემების, გაზიარებისას განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, აღნიშნული ინფორმაცია უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ვებგვერდებზე არ შეიყვანონ და საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება არ სცადონ.

„დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 2 406 406.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, მომხმარებლებს ფინანსური თაღლითობის გავრცელებულ სქემებთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას პერიოდულად აწვდის. მსგავსი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებგვერდებზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.