"918 სხვადასხვა დასახლება დეოკუპირებულია - ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ვითარება ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა" - კვირის პალიტრა

"918 სხვადასხვა დასახლება დეოკუპირებულია - ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ვითარება ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა"

რუსეთის მიერ, უკრაინაში შეჭრის 51-ე დღის შემაჯამებელ ვიდეო მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში, აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ საუბრობს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე, 918 სხვადასხვა მასშტაბის დასახლება რუსი ჯარებისგან თავისუფალია.

,,იმ ადგილებსა და რაიონებში, სადაც ოკუპანტები განდევნეს, ნორმალური ცხოვრების აღდგენა გრძელდება. სამუშაოს მოცულობა მართლაც დიდია. 918 სხვადასხვა მასშტაბის, მაგრამ ჩვენთვის, უკრაინისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი დასახლება დეოკუპირებულია. ჩვენ ვახორციელებთ განაღმვით სამუშაოებს, აღვადგენთ ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდებას. ჩვენ, პოლიციის, ფოსტის, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას აღვადგენთ. 338 გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, ჰუმანიტარულმა შტაბმა მუშაობა დაიწყო. ჩვენ ვაგრძელებთ რეგულარული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობას იქ, სადაც ეს მართლაც შესაძლებელია. გზებისა და რკინიგზის აღდგენა დაიწყო", - განაცხადა ზელენსკიმ

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ დროისთვის, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

,,ჩვენი ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ვითარება ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა, შორს არის აღდგენაზე საუბარი. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რაიონებში, რუსი სამხედროები, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.