"მდინარაძემ სიცილით მკითხა, მართლა გინდა თუ ხუმრობო? "ოცნების" ლიდერებს სახეზე ვერაფერს შეატყობ" - რას წერს ხვიჩია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე?
"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. საქმე ეხება საპროკურორო საბჭოს წევრად მისი არჩევის საკითხს, რასაც პარლამენტის დარბაზში უმრავლესობის წევრები სიცილით შეხვდნენ.
"პოსტ ბლოგი N21 სიურპრიზი. დაახლოებით ორი კვირის წინ, თეკლა (ჩემი თანაშემწე) მოვიდა და მითხრა, რომ რაღაც წერილი იყო მოსული, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატიდან, სადაც გვეკითხებოდნენ, ხო არ გვინდოდა საპროკურორო საბჭოში ოპოზიციის კვოტით კანდიდატის წარდგენა. ამ მომენტში ამ საბჭოზე, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იუსტიციის საბჭოს მსგავსი რაღაც იყო პროკურატურისთვის, სადაც უმრავლესობას ყველაფერი დალაგებული აქვს და ადრე მისი წევრები პარლამენტიდან იყვნენ ეკა ბესელია და ოთო კახიძე.
ლელოს და ნაცებსაც ჰქონიათ შეტანილიო, დასძინა თეკლამ. მივხვდი, რომ მაინტერესებდა რა არგუმენტით მეტყოდნენ კოლეგები უარს და თან ვიფიქრე, პროკურატურის მოწყობის ჩვენეულ ხედვაზე საუბრის საშუალება შეიძლება მქონდეს კენჭისყრების დროსთქო.. ოფისში ყველანი თავიდანვე შევთანხმდით, რომ ქოცები არ დაგვიჭერდნენ მხარს. კენჭისყრამდე ამ აზრზე ვიყავით. სანამ ვახო ფიქრობდა გვინდოდა თუ არა ახალი და რაღაც უცნობი ამბავი წამოგვეწყო, დედა რუსკამ განცხადება დაწერა და გადააგზავნა. მეორე დღეს ბიუროზე ოთხი კანდიდატი ვიყავით რეგისტრირებული.
ბიუროს მერე მამუკა (მდინარაძე) მოვიდა და სიცილით მკითხა, მართლა გინდა თუ ხუმრობო? მეც გამეცინა, არ ვხუმრობ, მაგრამ არ ამირჩევთ მე თქვენთქო, ვუთხარი და მხიარულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ამ სამშაბათს გვიან, ლევანმა (იოსელიანი) დამირეკა, ვერ გავიგე ხვალ ვის ირჩევენ ქოცები, მაგრამ როგორც შემიძლია ყველანაირად დაგიჭერ მხარსო.
მაგას არ იზამენ, მარა მე კარგად გამოვიყენებ ამ უარს მერეთქო, გავეხუმრე ლევანს. დილით პარლამენტის დარბაზში შევედი, ლევანი შემომხვდა, მამუკას და ირაკლის ელაპარაკებოდა, იმაზე, რომ მე უნდა დამიჭირონ მხარი, რადგან თან ვიმსახურებ და თან ორი წელი აქ იქნება და ამოგადენთ ამას ყელშიო.
ოცნების ლიდერებს, როცა არ უნდათ რამე გითხრან, სახეზე ვერაფერს შეატყობ. ერთადერთი ეჭვი, ალეკო ტაბატაძის ხუმრობამ გამიჩინა, კარგი სიზმარი მქონდაო და გარეთ არ გახვიდე, პირველი საკითხი თქვენი კენჭისყრებიაო. ბატონმა ვოლსკიმ სხდომა, მართლაც ჩვენი საკითხის განხილვით დაიწყო. ოთხი კანდიდატიდან, მეოთხე ვიყავი კენჭისყრაზე. პირველმა სამმა მხარდაჭერა ვერ მიიღო, უკვე ცხადი იყო, რომ მხარს მიჭერდნენ.
100 - მომხრე 0 - წინააღმდეგი - ამ მომენტს ასახავს ეს ვიდეო, რომლის კომენტარებში, სადაც შემომხვდა. ხალხი სიცილის გამო მლანძღავს და ვხვდები, რომ არც კი ვიცი რა ვუპასუხო. მადლობა ყველას ვინც მხარი დამიჭირა. თუ რას ვაპირებ, ამაზე სხვა დროს დავწერ, ჯერ მაინც არც ერთ ჟურნალისტს არ უკითხავს" - წერს იაგო ხვიჩია.