უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი უკრაინელებს, რომლებიც ძალდატანებით გადაიყვანეს რუსეთში, ურჩევს, მეზობელ ქვეყნებში და საქართველოში გადავიდნენ - კვირის პალიტრა

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი უკრაინელებს, რომლებიც ძალდატანებით გადაიყვანეს რუსეთში, ურჩევს, მეზობელ ქვეყნებში და საქართველოში გადავიდნენ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ მარიუპოლიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან რუსეთში იძულებით გადაყვანილ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნებისთვის რამდენიმე რჩევა მისცა.

გერაშენკოს განცხადებით, ეს ბევრად მარტივია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთის პასპორტი აქვთ. მისი თქმით, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ რუსეთიდან საქართველოში, ფინეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ნებისმიერ ქვეყანაში ჩავიდნენ.

„პირველ რიგში უკრაინელების 99,9% რუსეთში გადაჰყავთ ძალით. რუსები ქმნიდნენ აუტანელ პირობებს, მოსახლეობას მარიუპოლიდან სპეციალურად არ აძლევდნენ გასვლის საშუალებას ჰუმანიტარულ გზით. ჰუმანიტარულ დერეფნებში გამავალ მანქანებს ცეცხლს უხსნიდნენ. ეს ქმნიდა საფრთხილსშემცველ ვითარებას უკრაინელებისთვის და ამგვარად, ადამიანები იძულებით გაჰყავდათ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ის უკრაინელები, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთის პასპორტი, იმისთვის, რომ მათ შეძლონ უკრაინაში დაბრუნება, საჭიროა ჩავიდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც ისინი რუსეთიდან ჩასვლას შეძლებენ, ეს არის მაგალითად, საქართველო, ფინეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ნებისმიერი ქვეყანა.

უკრაინელებს აქვს უვიზო მიმოსვლის საშუალება ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან, ასევე, საქართველოსთან. ამის შემდეგ შესაძლებელია თვითმფრინავით ჩაფრენა ან სხვა სახის ტრანსპორტით ჩასვლა სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, პოლონეთში ანუ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც უკრაინას აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ და ამგვარად, დაბრუნება უკრაინაში. ასეთი შემთხვევები უკვე არის. იმ შემთხვევაში თუ ადამიანებს არ აქვთ საზღვარგარეთის პასპორტი და იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, ციფრული ტრანსფორმირების მინისტრთან ერთად, რათა ნებისმიერ უკრაინელს ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ მას აქვს სმარტფონი, გაიაროს სპეციალური რეგისტრაცია და მიიღოს ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც მათ მისცემს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას. ამ დოკუმენტის მოქმედება, ჩვენი მოთხოვნით, გაუტოლდება საზღვარგარეთის პასპორტის მოქმედებას იმ საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენთან რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ არის შექმნილი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს სმარტფონიც არ აქვთ, ვითარება კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით საშუალებების გამონახვას და ეს ჰუმანიატარული მისიების გავლით მოხდება“, - განაცხადა გერაშენკომ.