"რუსეთს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში თანაუგრძნობენ - იქ, სადაც ვლადიმერ პუტინის კარიერა დაიწყო“ - კვირის პალიტრა

"რუსეთს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში თანაუგრძნობენ - იქ, სადაც ვლადიმერ პუტინის კარიერა დაიწყო“

"1989 წლის დეკემბრის ცივი საღამო იდგა. გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ დრეზდენში მდებარე ვილის წინ მოსახლეობა შეკრებილიყო და ბერლინის კედლის დაცემას ზეიმობდა. ამ დროს ვილის პირმაღზე საბჭოთა დაზვერვის აგენტი გამოვიდა პისტოლეტით ხელში და მომიტინგეებს დაემუქრა... ეს ვილა საბჭოთა უშიშროების სამსახურის - „კაგებეს“ ადგილობრივი შტაბ-ბინა იყო, ხოლო ის აგენტი, რომელმაც დემონსტრატების დაშლა მოახერხა, დაზვერვის რეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახლდათ“, - ასე იწყება ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post”) გამოქვეყნებული სტატია სათაურით "რუსეთს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში თანაუგრძნობენ - იქ, სადაც ვლადიმერ პუტინის კარიერა დაიწყო“ (ავტორები - აიზეკ სტენლი-ბეკერი და ვანესა გვინან-ბენკი).

„დეკემბრის იმ საღამოდან 30 წელზე მეტი გავიდა. დღევანდელი დრეზდენის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინცდამაინც დიდ სიმპათიას არ განიცდის ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, თუმცა არც იმას ჩქარობენ, რომ დასავლეთის მხარე ერთმნიშვნელოვნად დაიკავონ.

„ორივე მხარემ შეცდომები დაუშვა“, - ამბობს 46 წლის დანიელ დრეშერი, რომელიც „კაგებეს“ ყოფილ შტაბ-ბინასთან ახლოს ცხოვრობს (ის ვილა ახლა რომელიღაც ოკულტისტურ ჯგუფს აქვს დაკავებული), - ჭეშმარიტება სადღაც შუაშია“.

saxli-1650117544.jpg

დანიელ დრეშერის აზრს საქსონიის - აღმოსავლეთ გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახელებული მხარის - ბევრი მცხოვრები ეთანხმება: ამას წინათ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, 68% თვლის, რომ ომის მიუხედავად, რუსეთის მიმართ მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა. გარდა ამისა, ათი გამოკითხულიდან ოთხმა თქვა, რომ მათი დამოკიდებულება ვლადიმერ პუტინის მიმართაც იგივე დარჩა. საერთოდ კი, გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილის - ყოფილი გდრ-ის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის) - მოსახლეობაში, დასავლეთი ნაწილისგან განსხვავებით, 13%-ით ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ვლადიმერ პუტინს მათი ქვეყნისათვის საფრთხედ მიიჩნევს.

ეს განსხვავება იმ ფაქტის ასახვას წარმოადგენს, რომლის მიხედვით, გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი 40 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სატელიტი სახელმწიფო იყო და სადაც რუსული ენის ცოდნა სავალდებულო იყო. გარდა ამისა, ეს არის შედეგი იმ კულტურული და ეკონომიკური კავშირებისა, რომლებიც ჯერ საბჭოთა კავშირმა, მოგვიანებით კი ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ (1990 წლიდან), მოსკოვმა განავითარა ბერლინთან ურთიერთობებში. ამის საწინააღმდეგოდ, თანდათან სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ულტრამემარჯვენე ძალების გავლენაც, რომელიც ამჟამად საქსონიაში ძლიერდება.

ჯერჯერობით გერმანიის ხელისუფლება მოთმინებით უყურებს რადიკალური პოლიტიკოსების პოზიციებს და რბილად ცდილობს წინ აღუდგეს რაიმე მკვეთრი რეაქციის გამოვლენას მათი მხრიდან, მაგრამ საქსონიაში შექმნილი ვითარება თვალსაჩინოდ გამოხატავს, თუ რა არაერთმნიშვნელოვან ზეწოლას განიცდის გერმანიის მთავრობა. საქსონიის მხარის ბევრ მცხოვრებს, სადაც 1980-იანი წლების დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა დაზვერვის ოფიცრის სტატუსით პირველი ნაბიჯები გადადგა და სადაც იგი 2009 წელს დაბრუნდა „საქსონიის მადლობის ორდენის“ მისაღებად, არ სურთ რომელიმე მხარის პოზიცია დაიკავონ ცივი ომის ახალი ვერსიის პირობებში.

საქსონიის პრემიერ-მინისტრი მიხაელ კრეჩმერი თავისი რეგიონის წინააღმდეგობრივი განწყობების განმსახირებელი პიროვნებაა - ერთგვარი პოლიტიკური პრაგმატიკოსი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ ჩადენილი დანაშაულის განცდა, რაც ყოფილ გდრ-ში ცხოვრების შედეგად უნდა ჩაითვალოს. „რუსეთის არსებობა ფაქტია და ჩვენ ამ ფაქტის რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“, - ამბობს იგი.

ასეთმა პოზიციამ მიხაელ კრემჩერი „მეხამრიდად“ აქცია არა მარტო თავისი პარტიის - მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შიგნით, არამედ საერთოდ ქვეყანაშიც. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ (ე.წ. „სპეცოპერაციამ“) გერმანიის საგარეო პოლიტიკა შეცვალა და ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, კანცლერ ოლაფ შოლცის ჩათვლით, იძულებული გახადა ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბებეულ პრინციპებს განშორებოდა. მიხაელ კრემჩერი კი მათგან იმით გამოირჩევა, რომ ის აცნობიერებს ახალ სიტუაციას, მაგრამ იმავდროულად მტკიცედ არის ძველის ერთგული.

„პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მრავალი წლის განმავლობაში ყველას ატყუებდა და ევროპელებს უცხადებდა, რომ ის საიმედო, დასავლეთზე ორიენტირებულ პარტნიორს წარმოადგენს, მაგრამ ახლა მივხვდით, რომ ეს ასე არ იყო, - თქვა საქსონიის პრემიერ-მინისტრმა „ვაშინგტონ პოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, - დღეს ბევრი იმედგაცრუებულია და განრისხებული პუტინის მიმართ, მაგრამ აუცილებელია შევეგუოთ იმ აზრს, რომ ცუდი რუსეთი არსებობს და სადღაც შორს კი არაა, არამედ ჩვენთან ახლოს“.

მიხაელ კრემჩერის თქმით, სწორედ რუსეთთან ახლო დამოკიდებულებით განსხვავდება გერმანიის პოლიტიკა აშშ-ის პოლიტიკისგან. სწორედ ამის გამო გერმანიის პოზიცია შედარებით რბილია. საქსონიის პრემიერმა მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის პოზიციას, რომელმაც უარი თქვა სანქციები დაეწესებინა რუსულ ნავთობსა და გაზზე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქსონიის მოსახლეობაც იმავე აზრზეა. გასულ წელს მხარემ რუსეთიდან გერმანიის მიერ იმპორტირებული ნავთობისა და გაზის 84% მიიღო (საერთოდ კი გერმანია საჭირო ნავთობისა და გაზის მესამედს რუსეთიდან იღებს)

„მე ვთვლი, რომ არასწორი იქნება პარტნიორულ ურთიერთობებზე უარის თქმა და ეკონომიკური კავშირების შეწყვეტა. ასეთი ნაბიჯები სიტუაციას გაურკვეველს და უპროგნოზოს ხდის. რუსეთი, რომელიც ევროპაზე მცირედ მაინც თუ იქნება დამოკიდებული, უფრო პროგნოზირებადი სახელმწიფო იქნება“, - ამბობს საქსონიის ლიდერი.

მიხაელ კრემჩერი თავისი პოზიციის გამო ბევრისთვის ქირდვისა და აბუჩად აგდების სამიზნედ იქცა. გასულ კვირას უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა ტვიტერში დაწერა, რომ სქსონიის პრემიერ-მინისტრს, თავისი [პრორუსუსლი პოზიციის გამო], უფლება არ აქვს მხარის კანცელიარიის შენობაზე უკრაინის დროსა გამოფინოსო. კიდევ ერთ პოსტში ანდრეი მელნიკმა მიხაელ კრემჩერის ფოტოსურათს, რომელიც რუსული კულტურის ექსპონატების გამოფენის დათვალიერების დროს არის გადაღებული, ზემოდან კრამატორსკში დაღუპულების ფოტოები დაადო და წააწერა: „გიწვევთ კრამატორსკში, რომ რუსეთის ჭეშმარიტი სახისა და დიდი რუსული კულტურის გამოვლენა ნახოთ

მიხაელ კრემჩერი 2017 წლიდან არის საქსონიის პრემიერ-მინისტრი. იგი ძალიან ამაყობდა იმით, რომ შეძლო და ნაციონალისტური ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ დაამარცხა. მაგრამ დღეს იგი პოზიციებს კარგავს - ულტრამემარჯვენეები კვლავ მძლავრობენ: გასულ შემოდგომაზე ბუნტესტაგის არჩევნების დროს ნაციონალისტურმა პარტიამ საქსონიაში ყველაზე მეტი ხმები მიიღო. სწორედ მაშინ განაცხადა მიხაელ კრემჩერმა, რომ „ალეტრნატივა გერმანიისთვის“ დემაგოგებთან ბრძოლა ჩემი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცაო“.

საქსონიის პრემიერ-მინისტრს რუსეთის ავტორიტარ პრეზიდენტთან, შეიძლება იტქვას, ახლო ურთიერთობები აქვს, ისინი ერთმანეთს 2019 წელს შეხვდნენ სანტქ-პერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე. გასულ წელს მიხაელ კრემჩერი ვლადიმერ პუტინს უკვე მოსკოვში ესაუბრა „რუსეთში გერმანიის დღეების“ დროს. იგი რუსეთის ლიდერს ტელეფონითაც ურეკავს ხოლმე, თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაფრთხილა, რომ „რუსეთის ლიდერს შეუძლია გამოგიყენოსო“.

„მიხაელ კრემჩერის პოზიცია მისი ამომრჩევლის განწყობების არეკვლას წარმოადგენს“, - ამბობს თომას არნოლდი, დრეზდენის კათოლიკური აკადემიის დირექტორი. მისი თქმით, საქსონიის მოსახლეობის უმრავლესობა „რუსეთის მიმართ დიდ სიმპათიებს არ განიცდის, მაგრამ არც ანტიპათიებს არ ამჟღავნებს“. როგორც თომას არნოლდი თვლის, საქსონელებს კრემლის მიმართ ისეთი შიში არ აქვთ, როგორც, ვთქვათ, პოლონელებს და ბალტიისპირელებს. გარდა ამისა, არიან ისინიც, რომლებსაც რუსეთის მიმართ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებით - უპირველესად იმით, რომ კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში ცხოვრების პერიოდში ისინი რუსეთში ხშირად დადიოდნენ.

და ბოლოს, საქსონიაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსული მასმედიით გავრცელებულ „შეთქმულების თეორიებს“ და ექსტრემისტულ იდეოლოგიას. „თომას არნოლდის თქმით, ექსტრემისტები რუსეთ-უკრაინის ომს საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ „კომბლის“ სახით იყენებენ, მაგალითად, ულტრამემარჯვენე ჯგუფი „თავისუფალი საქსონია“, რომელიც ბერლინისგან დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. ამას წინათ ულტრამემარჯვენეებმა Telegram-ში ხელმომწერებს გაუგზავნეს განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთს ევროკავშირი პროვოცირებს, გერმანიის მთავრობა კი ამით სარგებლობს და „ჩვენი ჯიბიდან დაუკითხავად ფულს იღებსო“.

თომას არნოლდის აზრით, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მიხაელ კრემჩერმა დისტანცია უნდა დაიცვას არა იმდენად რუსეთიდან, არამედ თვითონ ვლადიმერ პუტინისგან. მაგრამ საქსონიაში ამ ბალანსის მიღწევა ძნელია: ერთ-ერთი გერმანულ-რუსული კულტურული დაწესებულების დირექტორმა, რომელმაც საკუთარი გვარის დასახელებაზე უარი თქვა, განაცხადა, რომ „ისეთი დრო მოდის, რომ მალე, ალბათ, დოსტოევსკის წიგნებს მდინარეში გადავყრით“.

ისტორიკოს კარლ შლეგელის აზრით, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტია, რუსეთთან ურთიერთობაზე შეუძლია გავლენა მოახდინოს პროზაულმა მოგონებებმა - საბჭოთა ჯარების მიმართ არსებულმა სიმპათიამ, რომლებიც სწორედ აღმოსავლეთ გერმანიაში იმყოფებოდნენ და ძლიერი ნოსტალგიით, სენტიმენტალურად იხსენებენ. სწორედ ასე მოხდა 46 წლის დრეზდენელი დანიელ დრეშერის შემთხვევაში - იგი ბავშვობაში საბჭოთა ჯარისკაცებს ფეხბურთს ეთამაშებოდა ხოლმე. როცა წამოიზარდა, ის სინანულით უყურებდა, თუ როგორ დაუახლოვდა მისი ყოფილი და ახალი სამშობლო - გაერთიანებული გერმანიის სახით - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს კი შორდებოდა. დანიელ დრეშერის აზრით, უკრაინელებისთვის იარაღის მიწოდება შეცდომას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს კონფლიქტის გაგრძელებას და მეტ სისხლისღვრას“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ