ვინ მუშაობს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების ძირის გამოთხრისთვის?!
"ასევე დააპატიმრეს რამდენიმე გენერალი, მათ შორის ეფ-ეს-ბეს მაღალჩინოსანი, რომელიც ერთხანს საქართველოს მიმართულებას კურირებდა და ძალიან ბევრი ცუდი რამ, რაც ჩვენთან მოხდა, ამ კაცის „დამსახურებაა“. ეს არის გენერალი ბესედა“
15 აპრილს უკრაინაში, ბოლოს და ბოლოს, გაემგზავრა საქართველოს ოფიციალური საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრებიც შედიოდნენ, თუმცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დელეგაციაში ყოფნაზე უარი თქვა და ამ პარტიის ლიდერები უკრაინაში დამოუკიდებლად წავიდნენ. გამგზავრებამდე ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთში კიდევ ერთი "გარჩევა" გამართეს, ტრადიციული ბრალდებებითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამწუხაროდ, მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკური კრიზისი საქართველოში კვლავ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დაპირისპირების დონეზე განიხილება. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:
- დასანანია ის ვითარება, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ელიტაშია. რასაკვირველია, უკრაინაში ვიზიტი დაგვიანებულია, საქართველოდან მხარდასაჭერად ოფიციალური დელეგაცია გაცილებით ადრე უნდა ჩასულიყო. საპარლამენტო დელეგაციის გამგზავრებას წინ უძღოდა კინკლაობა, ურთიერთბრალდებები, რაც ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში ძალაუფლებისთვის გააფთრებული ბრძოლა მიდის ორ პოლიტიკურ ჯგუფს - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, თან ამ ბრძოლის ბევრი ნიუანსი საზოგადოებამ არ იცის. ამის აღქმა ძალიან რთულია განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებსაც გულწრფელად სურთ, რომ საქართველო შედგეს როგორც სახელმწიფო. ეს არანაკლებ მძიმედ გასააზრებელია ქართველი საზოგადოებისთვისაც, მაგრამ ის, როგორც იქცევა პოლიტიკური ელიტა, ძალზე მძიმედ აისახება ჩვენს ახალგაზრდობაზე, მომავალ თაობაში ინერგება პოლიტიკური ტყუილი, როგორც წესი, ჩნდება ნიჰილიზმი ქვეყნის მშენებლობაზე, პატრიოტიზმსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. ახალგაზრდობას ქვეყნიდან გაქცევისკენ უჭირავს თვალი, რადგან ამ პოლიტიკურ რაკურსში საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ.
- დელეგაციაში არ იყო წარმოდგენილი "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც თავიდან თითქოს თანახმა იყო, თუმცა საბოლოოდ მისი ლიდერები მაინც ცალკე ჯგუფად გაემგზავრნენ უკრაინაში, მათ შორის აღმოჩნდა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. საინტერესოა, რომ მანამდე ხელისუფლებამ ბაკურიანში "ნაციონალური მოძრაობის" შეკრება ლამის რევოლუციის სამზადისად გამოაცხადა, სუს-მა კი 15 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს იგეგმებოდა უკრაინაში ქართული დელეგაციის წინააღმდეგ "გარკვეული პროვოკაცია". "გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმას გულისხმობს", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. მანამდე კი როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ უკრაინაში ვიზიტის დროს "გარკვეულ პროვოკაციას" გეგმავდნენო. ობიექტურად რომ ითქვას, ჩვენ არაერთი ამგვარი გამოძიება გვინახავს, რასაც პოლიტიკური მიზნით წამოიწყებს ხოლმე "ქართული ოცნების" ხელისუფლება, შემდგომ კი საქმეს თაროზე შემოდებენ...
- გამიჭირდება სუს-ის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ამ საკითხზე არაფერი ვიცი. რა საფუძველს ემყარება, ტყუილია თუ მართალი, რთული სათქმელია. ისე, ვერაფერს გამოვრიცხავთ ისეთი ვითარებაა.
რაც შეეხება იმას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ასეთი საქმეები მართლაც მრავლად აქვს თაროზე შემოდებული, აბსოლუტურად მართალი ხართ. მერამდენე წელიწადია ვსაყვედურობთ ხელისუფლებას ამის გამო. ჩემი აზრით, ჯერ კოჰაბიტაციის ის ფორმა იყო დიდი შეცდომა, რა ფორმითაც წარიმართა ეს პროცესი. ამასაც რომ დავანებოთ თავი, მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლების ზოგიერთი წევრის დანაშაულების საქმე არ იქნა ბოლომდე მიყვანილი. ბუნებრივია, ხალხში ჩნდება განწყობა, რომ ეს ორი ძალა გარიგებულია. ყველაფერი ისეა აზელილი ერთმანეთში, რომ რიგით მოქალაქეს, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, პოლიტიკური სპექტრის მიმართ უნდობლობა და უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდება.
- უკრაინასთან საქართველოს ხელისუფლების ამ ორმაგ მიდგომაზე რას ფიქრობთ, როდესაც თან მხარს უჭერენ და თან უცნაურ განცხადებებს აკეთებენ?
- ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებების ფორმა ნამდვილად არასწორი იყო. ვერ ვხვდები, რატომ, რას ემსახურება ყოველივე ეს. საქართველო შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს, გარდა ორმხრივი სანქციებისა, რისი მიზეზების ახსნაც კარგად შეიძლებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად მოვისმინეთ ისეთი განცხადებები, რომ უკრაინაში ლამის ჰგონიათ ჩვენ საერთოდ უარი ვთქვით რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რაც არასწორია. არ ვიცი, ეს შეიძლება პოლიტიკური გამოუცდელობის, დიპლომატიის ნაკლებობის ბრალია. იმის თქმა, რომ ამის უკან რაიმე მიზანმიმართული პოლიტიკა დგას, გამიჭირდება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამაც ზედმეტის უფლება მისცა თავს. გასაგებია, შეიძლება განაწყენდნენ, მაგრამ დანილოვის ან თუნდაც კულებას განცხადებები, ვფიქრობ, ძალიან არასწორი იყო. მოკლედ, ვნახეთ ურთიერთობის ძალიან არასწორი ფორმა. ამის მოგვარება გაცილებით ადრე შეეძლო ჩვენს ხელისუფლებას, განსაკუთრებით კონტრაბანდულ არხად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე განცხადების შემდეგ. ვიცით, რომ უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობებზე არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და გარკვეული გავლენაც აქვთ, მაგრამ დაზვერვის სამსახურის განცხადება, ვფიქრობ, მათ გავლენას ბევრად გაცდენილი იყო. არ გამოვრიცხავ, სულ სხვა ჯგუფები მუშაობდნენ იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ეჭვქვეშ დადგეს.
- უკრაინაში კვლავ უმძიმესი ვითარებაა, ომი გრძელდება. ლაპარაკია, რომ რუსეთი თავისი ძალების გადაჯგუფებას ახდენს და ახალი შეტევისთვის ემზადება. ომის ამ ეტაპს როგორ შეაფასებთ?
- სამწუხაროდ, ომი გრძელდება, ხალხი იღუპება და ამას ბოლო არ უჩანს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთში, ბოლოს და ბოლოს, გაერკვნენ, რისი რესურსი და შანსი აქვთ. ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, კრემლს აქვს მხოლოდ ერთი სერიოზული შეტევის რესურსი. ამის მეტად მას აღარც ხალხის და აღარც სამხედრო აღჭურვილობის რესურსი აღარ ეყოფა. ფსიქოლოგიური რესურსიც განახევრებულია, რაც ეტყობა იმ პერიპეტიებს, რომელიც მოსკოვში ხდება. ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა თანამდებობიდან, მათ შორის სამხედრო პირთა გათავისუფლებისა და ზოგჯერ დაკავების თაობაზეც. იქ კლანების სასტიკი ომი დაიწყო, სწორედ იმიტომ, რომ სამხედრო მოქმედებების ხელმძღვანელობაში ერთმა ჯგუფმა ვერ გაამართლა და ახლა პირველის მოცილების ხარჯზე პროცესში მეორე ჯგუფი ჩაერთო. სულ გაქრა რადარებიდან გენშტაბის უფროსი გერასიმოვი, შინაპატიმრობაშია პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი...
- ეს დაზუსტებით იცით?
- დიახ, ეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას. ასევე დააპატიმრეს რამდენიმე გენერალი, მათ შორის ეფ-ეს-ბეს მაღალჩინოსანი, რომელიც ერთხანს საქართველოს მიმართულებას კურირებდა და ძალიან ბევრი ცუდი რამ, რაც ჩვენთან მოხდა, ამ კაცის "დამსახურებაა". ეს არის გენერალი ბესედა.
- როგორც ცნობილია, ის ომამდე რუსული კონტრდაზვერვის უკრაინულ მიმართულებას კურირებდა...
- დიახ... ერთი სიტყვით, რუსეთის ხელისუფლებაში მეტად რეზონანსული და საინტერესო ამბები ხდება... მაგალითად, დაზვერვაში არასწორად დახარჯული თანხების გამო დაიწყო გამოძიება. სხვათა შორის, კითხვები გაჩნდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან. ის ცენტრალური ფიგურა არ იყო, მაგრამ სანამ აფხაზეთში ამ თანამდებობას დაიკავებდა, სურკოვის მოადგილე გახლდათ და დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულების სწორედ იმ საკითხებს კურირებდა, რასაც ე.წ. "რუსკი მირის" ფასეულობების დამკვიდრება ჰქვია ამ რეგიონებში. ამისთვის დიდძალი ფული დაიხარჯა, მათ შორის ქალაქ მარიუპოლშიც. მათი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პუტინი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინაში ყვავილებითა და დროშებით დახვდებოდნენ რუსულ არმიას. ასევე დააკავეს სხვადასხვა სამხედრო პირი და ეფ-ეს-ბეს ოფიცრები. შოიგუზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ინფარქტი აქვს და საქმეს ჩამოშორდაო, მაგრამ ასე არ არის. როგორც ვიცი, მან თავისი პოზიცია უფრო გაიმყარა. მოკლედ, რუსეთის ხელისუფლებაში დიდი ბრძოლა მიდის.
რაც შეეხება უკრაინას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი სამხედრო რესურსები ბოლო დროს ძალიან გაიზარდა. დასავლური ქვეყნებიდან არაერთი სახეობის იარაღი შევიდა, მათ შორის ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო სისტემები. უნდა ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციაც ვეღარ არის იმ მდგომარეობაში, როგორიც ომის დაწყებამდე იყო. რუსეთმა სამხედრო ტექნიკის გაუგონარი ზარალი ნახა. მგონი, საბჭოთა არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს უკან დახევისას რომ დაკარგა შეიარაღება, ალბათ, პროცენტულად იმას შეიძლება გავუტოლოთ ახლანდელი დანაკარგი, თან ლაპარაკია ძვირად ღირებულ შეიარაღებაზე. კრემლისთვის უდიდესი დანაკარგია სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" აფეთქება და ჩაძირვა.
- გარდა იმისა, რომ რუსეთმა მართლაც ფლაგმანი და მრავალმილიონიანი ხომალდი დაკარგა, მომხდარს აქვს დიდი სიმბოლური დატვირთვაც.
- გეთანხმებით. ნამდვილად სიმბოლური გამოდგა როგორც მისი სახელის გათვალისწინებით, ასევე კუნძულ ზმეინისთან მომხდარის გამოც, როდესაც სწორედ ეს გემი უკრაინელმა მესაზღვრემ სამ ასოზე გაუშვა.
შეგახსენებთ, ეს გემი 2008 წელს მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომშიც და ამჟამადაც იგივე კაპიტანი ჰყავდა. როგორც ცნობილია, ის დაიღუპა. "მოსკვას" ჩაძირვა არ არის ჩვეულებრივი ამბავი და როგორც ამბობენ, 2 რაკეტა ამხელა კრეისერს, წესით, ვერ ჩაძირავდა. იქ კიდევ რაღაც მოხდა. ამიტომაც არის, ალბათ, რომ შავი ზღვის ფლოტის სარდალი უცებ გაქრა... სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, მათ შორის ისიც, რომ დააპატიმრეს, თუმცა დანამდვილებით თქმა ძნელია. ფაქტია, გემის დაღუპვამ კრემლში დიდი ბაკქანალია გამოიწვია. ამბობენ, როდესაც მისი დაზიანების ამბავი შეიტყვეს, მოსკოვიდან გაიგზავნა ბრძანება, რაც გინდათ, ის ქენით, ოღონდ ხომალდი გადაარჩინეთო. ამით აიხსნება ეკიპაჟის ამხელა დანაკარგი, გემი ამდენი ხნის განმავლობაში წყლის ზედაპირზე იყო, მაგრამ მაინც ამდენი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური მოსკოვისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ დაზიანებული გემი პორტამდე როგორმე მიეყვანათ, რაც ვერ მოახერხეს. ეს არის დიდი დარტყმა რუსეთის პრესტიჟსა და საზოგადოდ, მის სამხედრო-საზღვაო ძალებზე. გარდა ამისა, უკრაინელებმა თვითმფრინავები ჩამოუყარეს ისეთი, წესით, რომ ვერ უნდა ჩამოეყარათ.
- ბრძანეთ, რუსეთს ერთი დიდი შეტევის რესურსი აქვსო. ეს შეტევა რა მასშტაბის შეიძლება იყოს? უნდა ველოდოთ მწვავე საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით თუ ეს გასცდება მის ფარგლებს?
- ვფიქრობ, ჯერ შეტევას მიიტანენ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებებზე. უდავოა, უკრაინელებიც ემზადებიან კონტრშეტევებისთვის. ასე რომ, წინ მძიმე დღეები გველის - ეს ომი, სამწუხაროდ, მალე არ დასრულდება. რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გარკვეული წარმატების დემონსტრირება მოახდინოს. ეს მას შიდა მოხმარებისთვის სჭირდება. ვფიქრობ, რუსეთის მცირე წარმატების შემთხვევაშიც კი დაიწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი. პუტინს წარმატება მოლაპარაკებაში მყარი პოზიციისთვისაც სჭირდება.
- ბოლო დროს ისევ გააქტიურდა ლაპარაკი ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საფრთხეზე...
- გააჩნია, როგორ წარიმართება ომი. პუტინი მარცხის შემთხვევაში განწირულია როგორც პოლიტიკურად, ისე პიროვნულად, რაც კარგად იცის. ამიტომაც ჩიხში მოქცეული რას იზამს, ძნელი სათქმელია, თან, როგორც ირკვევა, კრემლში კოლექტიური გადაწყვეტილებები აღარ მიიღება. ეს ქვეყანა კლასიკურ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ იქცა, ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს. მან მოშალა არაერთი ცენტრი, მაგალითად, გენშტაბი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. როგორც ამბობენ, მის ბრძანებებს აღარ ასრულებს მარიუპოლის ფრონტის მიმართულების ხელმძღვანელი. დვორნიკოვიც, რომელიც ახლა პუტინმა სამხედრო ოპერაციად წოდებული ომის სარდლად დანიშნა, არაფრად აგდებს არც გენშტაბს და არც არავის. მას მხოლოდ ორი ხელმძღვანელი ჰყავს: პუტინი და შოიგუ. მოკლედ, უკიდურესად დაძაბული ვითარებაა როგორც კრემლში, ისე არმიასა და ფრონტის ხაზზე. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ ექსპერტები, რომ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილმა პუტინმა შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იფიქროს, თუმცა, ჩემი აზრით, ამის შესაძლებლობა ძალიან მცირეა.