"კვირის პალიტრა“ 27 წლისაა! - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა“ 27 წლისაა!

თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით... სწორედ ჩვენი მკითხველის ერთგულება და ნდობა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც „კვირის პალიტრას“ არასოდეს გადაახვევინებს 27 წლის წინ არჩეული გზისგან - სიმართლის თქმისგან, ობიექტურობისა და მრავალფეროვნებისგან

"კვირის პალიტრის" პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დროის სისწრაფე­ მოვლენების სათანადოდ შეფა­სების საშუალებასაც კი არ გვაძლევს, ჩვენი გაზეთი სწორედ დრომ შეაფასა უცვლელი­ ლიდერის რანგით. დღეს კი, როდესაც "კვირის პალიტრას" 27 წლის შემდეგ ვახსენებთ, ამ სახელის მიღმა წარმატების ისტორია, პროფესიონალიზმი და მრავალფეროვნება დგას. იმავდროულად, ბრენდი ხომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნიშანი არ არის - ის იმ ადამიანების გუნდია, რომლებიც, ამ შემთხვევაში, "კვირის პალიტრაში" შრომობენ.

როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი? - იწყებოდა გასული საუკუნის 90-იანების ურთულესი წლებიდან, როდესაც განსხვავებული გაზეთის შექმნის სურვილი გაჩნდა,­ გაზეთისა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის მიმზიდველი იქნებოდა.­ იდეა "კვირის პალიტრის" დამფუძნებელს, ირაკლი თევდორაშვილს დაებადა და მოგვიანებით დედას, ლალი გუნთაიშვილს ("კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორი)­ გაანდო, შემდეგ კი შესთავაზა:­ იქნებ შენს მეგობრებთან ერთად დაგვეწყო გაზეთის გამოცემაო. ქალბატონმა ლალიმ აზრი პირველად ხუმრობაში გაუტარა, ბოლოს კი მაინც დათანხმდა, რაზეც მოგვიანებით დაწერა: "პირველად იყო ფიქრი, ფიქრი წამივით ჩაწვეთებული. მყისიერად მოვლენილი და მერე მიჩუმათებული... ფიქრი ჯერ მცირე დროსა და დიდ პაუზას ითხოვდა. თანდათან იმძლავრა... მარტოობაში აღარ მოუნდა და სხვებთან გაზიარება ითხოვა. ფიქრების ავტორს თანამოაზრეები გაუჩნდა... ფიქრი იგი იყო გაზეთის გამოშვება. უბინაობა, უმისამართობა, უკომპიუტერობა და უხელფასობა - ეს ყველაფერი იყო, და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება. დიდი მოლოდინი და შიში თქვენთან მოახლოებისა, ბატონო მკითხველო". მერე სწორედ ლალი გუნთაიშვილის სამეგობროდან ჩამოყალიბდა პირველი რედაქცია: მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით. ესენი იყვნენ: ნუცა დუმბაძე, მანანა ჯანელიძე, თინა მარგველაშვილი, სალომე ნიკოლეიშვილი, ნანა ანტონოვა, ხათუნა ჩიმაკაძე - ადამიანები, რომელთათვისაც "კვირის პალიტრა" მეორე ოჯახი გახდა, ოჯახი, რომელიც გაზეთზე მუშაობის შემდეგ ხშირად მხოლოდ გამთენიისას იშლებოდა ხოლმე, რათა რედაქციაში­ სულ რამდენიმე საათში დაბრუნებულიყო. ამ ოჯახში უმცირეს წაფორხილებასა და უმცირეს გაპარულ შეცდომასაც კი ისე განიცდიდნენ, როგორც საკუთარ ტკივილს; პატარა წარმატებაც კი ფრთებს ასხამდათ.

palitra-1-nomeri-1650196536.jpg
"კვირის პალიტრის" პირველი ნომერი

ამ მომენტებს "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის პირველი­ მოადგილე ნუცა დუმბაძე ასე იხსენებს­: "ეს ის პერიოდი იყო, როდესაც უამრავი გაზეთი იბეჭდებოდა და მალევე იხურებოდა დიდი კონკურენციისა და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ჩვენ კი მაინც გადავწყვიტეთ დაგვეწყო, რადგან ჩვენს ინტერესს განაპირობებდა არა ფული, არამედ საქმე. ამბობენ, ახლობელი და ნათესავი სამსახურში­ არ უნდა მიიყვანო, სიმკაცრეს ვერ გამოიჩენ და პრობლემებს შეგიქმნისო, მაგრამ ჩვენთან ეს მითი გაცამტვერდა, რადგან თავიდანვე მეგობრები და ნათესავები შევიკრიბეთ და შემდეგაც, კარგა ხანს, ახალ თანამშრომლებს ისევ მეგობრების რეკომენდაციებით ვიღებდით. არც ამის გვეშინოდა, რადგან ჩვენთან არავის ეფერებოდნენ ახლობლობის გამო, პირიქით, ერთმანეთის მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით"...

შემდეგ იყო უწყვეტი წარმატება და მკითხველის ნამდვილი სიყვარული, რაც "კვირის პალიტრას" დღესაც შეუცვლელად­ აქვს. "სწორედ ჩვენი მკითხველის ერთგულება და ნდობა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც "კვირის პალიტრას" არასოდეს გადაახვევინებს 27 წლის წინ არჩეული გზისგან - სიმართლის თქმისგან, ობიექ­ტურობისა და მრავალფეროვნებისგან. კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ: თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით", - ამბობს ნუცა დუმბაძე.

იყო ძალიან მძიმე დღეებიც, მათ შორის პირველი მთავარი რედაქტორის, ლალი გუნთაიშვილის ნაადრევი გარდაცვ­ალება,­ რამაც გული მთელ საქართველოს დასწყვიტა. შემდეგ კი მოვიდა გაზეთის ახალი მთავარი რედაქტორი, გიორგი თევდ­ო­რაშვილი - ლალი გუნთაიშვილის მემკვიდრე და ადამიანი, რომლის სიმკაცრეზე­ ჟურნალისტები­ არაერთხელ მოგიყვებიან. მაგრამ ბევრად მეტს მოგიყვებიან მის სამართლიანობაზე, პროფესიონალიზმსა­ და ჟურნალისტურ­ ინტუიციაზე, რაც გულისხმობდა მხოლოდ და მხოლოდ ობიექ­ტურ ინფორმაციას და არა ჭორებს, დახვეწილი წერის სტილს, საზოგადოების მაჯისცემის მუდმივ კონტროლს და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების წინა პლანზე წამოწევას.

"კვირის პალიტრას" კოლექტიური ინტელექტი ქმნის და ამიტომაც არის წარმატებული", - ხშირად აღნიშნავდა ისეთი კრიტიკულად მოაზროვნე მწერალი, როგორიც ოტია იოსელიანი იყო. და არა მარტო ის: არაერთ ცნობილ ადამიანს უთქვამს, რომ ბევრი რამ, რაც არ იცოდნენ, სწორედ გაზეთის ფურცლებიდან ისწავლეს, რომ სიამოვნებაა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტებთან ურთიერთობა, რადგან ჟურნალისტს მხოლოდ უმაღლესი განათლება არ ჰყოფნის და შინაგანი კულტურაც სჭირდება.

ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალისტი: "1996 წელს მოვედი "კვირის პალიტრის" რედაქციაში. შეიძლება ითქვას, ჟურნალისტების "ვეტერანიც" ვარ. ამ დროს უკვე მქონდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის გამოცდილება. კარგად მახსოვს, იმ დღეს ამის შესახებაც ვისაუბრეთ... მძიმე და დაძაბული დრო იყო, ვმსჯელობდით, როგორ შეიძლებოდა სამხედრო რეალობის შესახებ მკითხველისთვის ისე მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ საინტერესო ყოფილიყო. სწორედ მაშინ შემომთავაზეს სამხედრო გვერდის გაკეთება. მაშინ მსგავსი რუბრიკა არც ერთ მედიასაშუალებას არ ჰქონია და იმდენად საინტერესო გამოდგა, შედეგებს დღესაც კი ვხედავ. ამის დასტურადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალგაზრდა ოფიცრებს მოვიყვან, მეუბნებიან, რომ მათ სამხედრო საქმის სწავლა "კვირის პალიტრის" სამხედრო რუბრიკამ გადააწყვეტინა. გაზეთიდან გვერდს ვჭრიდით და კედელზე ვაკრავდით, რომ ხშირად წაგვეკითხაო... გამოგიტყდებით და ეს ძალიან მსიამოვნებს. შემდეგ სწორედ "კვირის პალიტრის" სამხედრო გვერდის ბაზაზე დაარსდა ჟურნალი "არსენალი".

ნინო ბურჭულაძე, ჟურნალისტი: "უკვე 20 წელია "კვირის პალიტრის" ერთგული ჟურნალ­ი­სტი­ ვარ. ალბათ, ვიღაც ფიქრობს, ცვლილებები აუცილებელია, პროფესიონალისთვის არ არის სასურველი ამდენი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე­ ადგილას ყოფნაო. მაგრამ ჩემთვის "კვირის პალიტრა" რჩება იმ კომფორტულ ზონად, სადაც მუდმივად ვსწავლობ და ვიზ­რდები, რომელიც მუდამ სიახლის აღმოჩე­ნისკენ მიბიძგებს. სწორედ "კვირის პალიტრამ" მომცა­ საშუალება, დაყრდნობოდნენ­ და ეხელმ­ძღვანელათ ჩემი მასალებით უცნობ ადამიანებს, რაც ძალიან მეამაყება. რაც მთავარია, "კვირის პალიტრის" გუნდის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი ჟურნალისტად ჩამოყალიბება".

ამ გაზეთიდან იღებს სათავეს არაერთი­ ნიჭიერი ადამიანის წარმატებაც. აქ ხომ ნიჭიერებას ყოველთვის ამჩნევდნენ და გზას უხსნიდნენ. მწერალი გიორგი კეკელიძე დღესაც სიამოვნებით იხსენებს, როგორ გაახარა გაზეთის რედაქტორის ზარმა რედაქციაში პირველი ლექსების დატოვების შემდეგ: "პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც "კვირის პალიტრის" ლიტერატურული რუბრიკისთვის რედაქციაში ლექსები დავტოვე. რამდენიმე ხანში ამ გაზეთის­ პირველმა მთავარმა­ რედაქტორმა, ქალბატონმა ლალი გუნთაიშვილმა, დამირეკა,­ ძალიან მომეწონა და ეგებ რედაქციაში მოხვიდეო. იმ დღის შემდეგ ამ რედაქციის კარი ჩემთვის მშობლიური გახდა!"

რა თქმა უნდა, ესეც არ არის ყველაფერი,­ რაც შეიძლება "კვირის პალიტრაზე" მოჰყვე. მთავარია, რომ დრომ ყველაფერი აჩვენა - 27 წლის განმავლობაში ყოველ ორშაბათს მკითხველი­ მოუთმენლად ელოდა თავის საყვარელ გაზეთს. დღესაც ასე გრძელდება და მომავალშიც დაელოდება.

ჩვენთვის, ამ გაზეთის თანამშრომლებისთვის, საამაყოა იმის განცდა, რომ სწორედ "კვირის პალიტრის" საფუძველზე ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგი "პალიტრამედია", რომელიც დღეს ტელევიზიას, რადიოს, გავლენიან საინფორმაციო სააგენტოს, ყველაზე რეიტინგულ ონლაინგამოცემებსა და ათეულობით კომპანიას აერთიანებს.

გადამწყვეტი მაინც ადამიანური ფაქტორია. მის გარეშე ვერაფერს უარსებია და ვერც იარსებებს, მათ შორის, ვერც "კვირის­ პალიტრა", რომელიც დღეს მართლაც ერთი დიდი ოჯახია. ეს ოჯახი ძველი და ახლანდელი თანამშრომლებისაგან შედგება.­ ამ ოჯახში, ბუნებრივია, არის სირთულეები და განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ არის სიყვარული და ფიქრი ერთმანეთზე, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება.

და კიდევ ერთი მთავარი ამბავი, რომელიც 2100 წელს მოხდება და რა დროსაც აუცილებლად "კვირის პალიტრა" გაახსენდებათ - გაზეთის პირველმა მთავარმა რედაქტორმა ლალი გუნთაიშვილმა მოიფიქრა პროექტი და მას "გზავნილი მომავალში" დაარქვა. მაშინ, 2000 წელს, ადამიანებმა დაწერეს შვილებისა და შვილიშვილებისთვის მომავალში გასაგზავნი წერილები, რომლებიც ყუთებში შეინახეს და დალუქეს. ყუთები პერიოდულად იხსნებოდა და მომავალშიც გაიხსნება. ბოლო ყუთი 2100 წელს გაიხსნება. როდესაც ახალი თაობა დაიბადება და მათთვის შენახულ წერილებს გახსნის, წინაპართა სიყვარულს შეიცნობს, რაც მარად მათთან იქნება. იმედი გვაქვს, რომ ამ დროს ისევ იარსებებს გაზეთი "კვირის პალიტრა", რომელიც თავის ენერგიას მართლაც უშურველად უნაწილებდა და გაუნაწილებს ხალხსა და ქვეყანას.