როგორი იქნება მსოფლიო ომის შემდეგ?! - კვირის პალიტრა

როგორი იქნება მსოფლიო ომის შემდეგ?!

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ რუსეთი დღეს უკვე მიჩნეულია საერთაშორისო დამნაშავედ, რამაც დღის წესრიგში დააყენა საერთაშორისო საზოგადოებრიობის ახალი კონფიგურაციით ჩამოყალიბება. როგორი იქნება ახალი მსოფლიო, რა ადგილი ექნებათ მასში პატარა ქვეყნებს, ამ საკითხებზე­ თენგიზ ფხალაძეს ვესაუბრეთ.

- პირველი, რაც შეიცვალა, კონსოლიდაციაა. დღეს არის სრული კონსოლიდაცია და სრული აღქმა იმისა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი. აქედან გამომდინარე, ნაბიჯებიც შესაბამისია საერთო საფრთხის წინააღმდეგ. დღეს უკვე არის იმის აღქმა, რომ უკრაინაში ომია თავისუფლებასა და ბოროტებას შორის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახლა მიმდინარეობს დაშვებული­ შეცდომების გააზრება, მათ შორის საქართველოს საკითხშიც და იმსხვრევა ილუზიები­ რუსეთზე. მსოფლიო აცნობიერებს, რომ რუსეთი ვერ იქნება სანდო პარტნიორი, ეს კი ლოგიკურად აყენებს საკითხს, რომ საჭიროა უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია­ მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ გამოწვევისთვის, ის ორგანიზაციები კი, სადაც რუსეთი დიდ როლს თამაშობს, სრულიად უმოქმედოა, იქნება ეს ეუთო თუ გაერო. იმავდროულად, იკვეთება კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია - ნეიტრალური ქვეყნები აღარ ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს, უერთდებიან სანქციებს და ხდებიან მხარეები. ზოგიერთი უფრო შორს მიდის - ფინეთი და შვედეთი უკვე ნატოში გაწევრების საკითხს განიხილავენ. ეს არის სერიოზული ცვლილება მსოფლიო წესრიგში. მსოფლიო მიდის ახალი წესრიგის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც განსხვავებული იქნება.

- გაეროს­ ქმედუნარიანობაზე აქამდეც იყო კითხვები, ახლა პრობლემები უფრო გამოიკვეთა­. შეიძლება მისი რეორგანიზაცია დაიწყოს?

- ეს იდეა უკვე არსებობს. ახლახან, 14 აპრილს იმსჯელეს კიდეც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა­ ვეტოს გამოყენების მექანიზმზე. გაეროს რეფორმირებაზე დიდი ხანია ლაპარაკია, მაგრამ ეს უფრო დააჩქარებს პროცესს.­ უახლოეს პერიოდში ეს დღის წესრიგში­ დადგება და უკრაინაში ბევრ რამეს შეცვლის.

- რეალურად რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში ნატოს წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, ნატო, ისე, რომ პირდაპირ არ ჩართულა ამ ომში, უფრო გაძლიერდა?

- რა თქმა უნდა, ნატო გაძლიერდა. რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის. რუსეთმა თავის საწინააღმდეგოდ ის ქვეყნებიც კი განაწყო, რომლებიც რუსეთის მიმართ ლოიალური იყვნენ. აშკარაა საფრანგეთის, გერმანიის, ასევე შვეიცარიის პოზიციების ტრანსფორმაცია. ასე რომ, ამან მხოლოდ გააძლიერა საერთაშორისო საზოგადოება და რუსეთმა უკუეფექტი მიიღო და არა ის, რასაც კრემლი ელოდა.

- ახალი ალიანსების შექმნა თუ არის მოსალოდნელი და რა როლი და ფუნქცია ექნებათ საერთაშორისო დღის წესრიგის შექმნაში?

- ეს ისეთი თემაა, რომელსაც დრო გვიჩვენებს. ვიმეორებ - შეიცვლება საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა და აქედან გამომდინარე, შეიცვლება ბევრი რამ, ამოქმედდება ახალი ალიანსებიც.

- ამ ვითარებაში რომელი ქვეყნები გამოჩნდნენ იმაზე ძლიერად, ვიდრე ომამდე ჩანდა და რა როლი შეიძლება ითამაშონ ახალი საერთაშორისო დღის წესრიგის შექმნაში?

- აშკარაა ბრიტანეთის ლიდერობა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთის პოზიციაც, რომელიც დღეს თითქოს არ აქტიურობს, მაგრამ თავის როლს აუცილებლად ითამაშებს. არ დაგვავიწყდეს თურქეთის ფაქტორიც, რომელიც ძალიან გაძლიერდა.

- შეიძლება იმის თქმა, რომ ახალ ორპოლუსიან სამყაროს მივიღებთ, სადაც რუსეთს მოკავშირეები, ფაქტობრივად, არ ეყოლება?

- არა, ორპოლუსიანი სამყარო არ იქნება. ახლა სწორედ მრავალპოლუსიანი­ სამყარო ყალიბდება, მაგრამ პოლუსები იქნება განსხვავებული - უფრო დიდ როლს ითამაშებენ ევროკავშირი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და რაც მთავარია, რუსეთის როლი იმასთან მიახლოებულიც არ იქნება, რაც პუტინს სურდა. ყველაფერი პუტინის აგრესიულმა პოლიტიკამ განაპირობა. როდესაც საერთაშორისო დანაშაულს სჩადიხარ, უნდა იცოდე, რომ პასუხი იქნება ასეთი და ამაზე მკაცრიც.

- ამ ახალ წესრიგში პატარა ქვეყნების ადგილი როგორი იქნება?

- გადანაწილების მთავარი პრინციპი იქნება არა ისეთი, როგორიც იყო "ცივი ომის" პერიოდში, როდესაც დიდმა ქვეყნებმა გადაინაწილეს გავლენის სფეროები. პრინციპში, ახლა ბრძოლაა იმისთვის, რომ დამკვიდრდეს ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები - ყველა ერის თავისუფალი არჩევნისა და სუვერენიტეტის პატივისცემა. პატარა სახელმწიფოებს ეძლევათ შანსი, მოახერხონ სუვერენიტეტის სრული რეალიზაცია და ცივილიზებულ სამყაროსთან სრულად შეერთება. საქართველოსა და იმ ქვეყნებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე იმყოფებიან რუსეთის სამეზობლოში­, სჭირდებათ დიდი ძალისხმევა, რათა შესაძლებლობების ეს ფანჯარა სწორად გამოიყენონ. ამისთვის აუცილებელია იმ ღირებულებების ერთგულება, რაზეც დგას დასავლური სამყარო, და ალიანსები, რომლებისკენაც მივისწრაფვით. საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში ვგულისხმობ არა მარტო საგარეო, უპირველესად, საშინაო პოლიტიკას, ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას უსაფრთხოების გარანტი­ებისთვის.

მთავარია, სიტუაცია მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა მივიღოთ საერთაშორისო დაცულობისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება მყარი გარანტია. ეს არის ყოველდღიური სამუშაო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და სწორი და აქტიური მუშაობის შემთხვევაში­ ეს სავსებით შესაძლებელია. ევროკავშირის­ კითხვარი ძალიან მნიშვნელოვანია. შანსი არსებობს, თუ ვისწავლით ორ რაღაცას: პირველი­ - გავიაზროთ და ვაღიაროთ შეცდომები და აღარ დავუშვათ;­ მეორე - გავიაზროთ, რომ არსებობს ეროვნული ინტერესები, რომელთა დასაცავად ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ. ეს ეხება მთელ საზოგადოებას. თუ ამ ორ ამოცანას თავს ვერ გავართმევთ, მძიმე ფასის გადახდა მოგვიწევს. ასე რომ, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, რომელიც დღეს არსებობს, არის წარმატებულ საქართველოსა და იმ სცენარს შორის, რომელიც ემუქრება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ნებისმიერი ფორმით დარჩენა რუსეთის გავლენის სფეროებში, ნიშნავს ეგზისტენციალურ საფრთხეს - რუსეთი ამბობს, რომ საქართველოსთანა ქვეყნებს სუვერენიტეტის უფლება არა აქვთ. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, საქართველო როგორი სახელმწიფო იქნება­, არამედ იმაზე, იქნება თუ არა. თუ იქნება, საქართველო იქნება თავისუფალი და დემოკრატიული!..

რუსა მაჩაიძე