"ყოველთვის ვმადლობდეთ უფალს და გვეგალობოს "ოსანა“ მისთვის; და ვმადლობდეთ მას იმისთვის, რომ იგი შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის ვმადლობდეთ უფალს და გვეგალობოს "ოსანა“ მისთვის; და ვმადლობდეთ მას იმისთვის, რომ იგი შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან"

ყოველთვის ვმადლობდეთ უფალს და გვეგალობოს „ოსანა“ მისთვის. ვმადლობდეთ მას იმისთვის, რომ იგი შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან; დიდება და მადლობა მას მისი წმინდა სისხლის დაღვრისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს მიულოცა დღევანდელი დღესასწაული და მნიშნველობაზე ისაუბრა.

"დღეს გახლავთ დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იერუსალიმში, როდესაც, როგორც სახარებაში აღნიშნულია, მთელი ქალაქი შეიძრა ამ მოვლენისგან, მთელი ქალაქი მიისწრაფოდა უფალ იესო ქრისტეს შესახვედრად და მიმართავდნენ მას სახოტბო შეძახილით: "ოსანა, ძეო დავითისო! ოსანა მაღალთა შინა! ოსანა მეფესა ისრაილისასა!“ როგორც ხელმწიფეს, ისე ხვდებოდნენ მას.

რაღაც საოცარი გამონათება იყო მთელ იერუსალიმში. თითქოს ყველამ ცნო იგი, როგორც მეუფე, როგორც მესია, როგორც სასწაულთმოქმედი. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენც გვაქვს ხოლმე ასეთი გამონათებები; გამონათებები, როდესაც ადამიანისთვის ცხადი ხდება ღმერთის არსებობა, ცხადი ხდება, რომ იესო ქრისტეს - ეს არის მესია, რომ მისი სახარება - ეს არის ჭეშმარიტება და ა.შ. მაგრამ თქვენ იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში იგივე ხალხი მოითხოვს უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმას და სიკვდილით დასჯას.

სამწუხაროდ, ჩვენ გვაფიქრებს ეს მოვლენა ადამიანის ცვალებადობაზე, ჩვენს ცვალებადობაზე, ჩვენს თავშიც შეგვიმჩნევია ეს, რომ ის "ოსანა“, რომელიც ჩვენს სულში არის, ხშირად შეცვლილა საპირისპირო განწყობილებით და მიუხედავად იმისა, რომ "ოსანა“ უგალობიათ, ადამიანები თავიანთი ცოდვებით, თავიანთი ვნებებით კვლავ ითხოვენ ქრისტეს ჯვარცმასა და დასჯას.

რა თქმა უნდა, უფალმა იესო ქრისტემ ეს იცოდა. ამიტომ არის, რომ როდესაც იგი უახლოვდება იერუსალიმს, ტირის. ხომ გახსოვთ, სახარებაში წერია ეს. მტირალი შედის მეფე ისრაელისა იერუსალიმში. ის გლოვობს, ის მწუხარეა, ვინაიდან მან, რა თქმა უნდა, წინასწარ უწყის, რა ელოდება იერუსალიმს მისი უარყოფისთვის, რა სასჯელი, რა მოოხრება და რა უბედურება ელოდება და ცრემლმორეული ასეთ სიტყვებს წარმოთქვამს, რომ „დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას, მაგრამ ამჟამად შენი თვალთათვის დაფარულია ეს, ვინაიდან ვერ სცან მოხილვა შენი“. „მოხილვა“, ე.ი. ვერ შეიცანი, რომ ღმერთმა მოგხედაო, უფალი ეუბნება იერუსალიმს.

აი, ასეთი საოცარი სიტყვებია.

მართლაც, ერთ-ერთ სხვა ქადაგებაში იგი მიმართავს მათ, ვინც უარყოფს შემდგომ იესო ქრისტეს და ეტყვის, რომ „ამიერიდან, აჰა, რჩება სახლი თქვენი ოხრად“. "ოხრად“ ნიშნავს უპატრონოდ, ცარიელი. ამას ჰპირდება, რომ ეს იქნება შედეგი მათი უარყოფისა. თქვენ იცით, რომ ეს მართლაც ასე მოხდა - როგორ დაიპყრეს რომაელებმა იერუსალიმი, როგორ მოახრეს და გაანადგურეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, უფალი იესო ქრისტე ვერ დატოვებდა თავის რჩეულ ერს, რომლის ნაწილიც გადარჩა, რომლის მცირე ნაწილმა იმჟამად მიიღო იესო ქრისტე და რომელიც გახდა შემდგომ ქრისტიანთა მოდგმის ფუძემდებელი და სათავე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ აი, ეს სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოველთვის გვახსოვდეს, რომ „დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას“, იმიტომ, რომ უფალი ჩვენც მოგვიხილავს, მოგვხედავს ხოლმე სხვადასხვა გზით. ეს შეიძლება იყოს დიდი სიხარული ან, პირიქით, მწუხარება, დიდი წარმატება ან წარუმატებლობა და ა.შ. აი, ამ ფორმით მოგვიხილავს ხოლმე უფალი და თუ ჩვენ მას უარს ვეტყვით, თუ უგულებელვყოფთ მის მოხილვას, როგორც იერუსალიმმა უგულებელყო იმჟამად, მაშინ იტირებს ჩვენი მფარველი ანგელოზი, ისევე, როგორც ტიროდა უფალი, ისევე, როგორც იგლოვდა და ტიროდა უფალი იესო ქრისტე, რომელიც შედიოდა იერუსალიმში.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ყოველთვის ვმადლობდეთ უფალს და გვეგალობოს "ოსანა“ მისთვის; და ვმადლობდეთ მას იმისთვის, რომ იგი შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან; დიდება და მადლობა მას მისი წმინდა სისხლის დაღვრისთვის და მისი ცრემლის დაღვრისთვის, რომელიც არის ჩვენთვის მაცხონებელი და გადამრჩენელი”, - აღნიშნა მეუფე შიომ.

"ინტერპრესნიუსი"