"დიახ, ვიცოდი, რომ მელია, ხერხეულიძე და ნაყოფია მარგველაშვილთან ერთად აპირებდნენ უკრაინაში გამგზავრებას“ - კვირის პალიტრა

"დიახ, ვიცოდი, რომ მელია, ხერხეულიძე და ნაყოფია მარგველაშვილთან ერთად აპირებდნენ უკრაინაში გამგზავრებას“

"მაშინ მარგველაშვილი მათ უჭერდა მხარს და ისე იქცეოდა, როგორც „ოცნებას“ აწყობდა, დღეს კი ამ პოლიტიკური გუნდის დაუძინებელი მტერია“

"რა ტერორისტულ აქტზეა საუბარი, თვითმფრინავში ჩავსხდებით და ჭიქით ტომატს შევასხამთ პაპუაშვილს, რათა გაწითლებული მაისურით ჩავიდეს? გუშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯობდა უკრაინაში წავსულიყავით, მაგრამ ვცვლი ჩემს პოზიციას, თურმე მართლაც არ ყოფილა წასვლა საჭირო", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე„"ნაცმოძრაობის" მიერ უკრაინაში პროვოკაციის შესაძლო მოწყობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას. მისი განცხადებით, როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის "ნაციონალური მოძრაობის" უკრაინაში ჩასვლა ძალიან დამამცირებელი იქნებოდა. "განაცხადეს, რომ ჩვენ მაღალი თანამდებობის პირს რაღაცას ვუწყობთ. ვერ გავიგე, რას ვუწყობთ? ვკლავთ? ბომბს ვუფეთქებთ აეროპორტში? ჩემი პოზიცია იყო ასეთი: ხატია დეკანოიძის მონაწილეობა დელეგაციაში­ ნიშნავდა, რომ მან ჩაავლო ყურში ხელი პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩაიყვანა­ და დასვა იქ, აიძულა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გამოეხატათ. ამ განცხადების შემდეგ უკვე ვცვლი ჩემს გუშინდელ პოზიციას. ახლა ვხედავ, რომ თავად ესენი აპირებდნენ პროვოკაციის მოწყობას. მათთვის ჩვენი იქ ყოფნა, როგორც ჩანს, ძალიან დამამცირებელი იქნებოდა­ და ყველაფერი გააკეთეს, რომ არ წავსულიყავით". რა იციან "ნაციონალებმა" უკრაინაში ნიკა მელიას, კობა ნაყოფიას, ეკა ხერხეულიძისა და მათთან ერთად გიორგი მარგველაშვილის გამგზავრებაზე, ამ და სხვა საკითხებზე რომან გოცირიძე უფრო ვრცლად გვესაუბრა:

- მათი ვიზიტი გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე ბატონი პაპუაშვილი გადაწყვეტდა უკრაინაში გამგზავრებას. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე იქ თავისი ნებით არც წასულა, ყურით ჩაიყვანეს. დიახ, ვიცოდი, რომ ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია გიორგი მარგველაშვილთან ერთად აპირებდნენ უკრაინაში გამგზავრებას.

- თქვენმა ოპონენტმა, ასევე მხარდამჭერების ნაწილმაც შეგახსენათ, რომ მარგველაშვილი ის ექსპრეზიდენტია, რომელმაც­ თავის დროზე სააკაშვილი არ შეიწყალა. ახლა რა გახდა თქვენი თანამშრომლობის საფუძველი?

- ვიღას ახსოვს, ვის როდის რა პოზიცია ჰქონდა?! როგორც ჩამოხრჩობილის­ ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ისე არ უნდა ილაპარაკოს "ოცნებამ" ვინ ვის მხარეს­ ან წინააღმდეგი იყო ადრე. იმ ადამ­იან­ების 98%, ვინც 2012 წელს "ქართულ ოცნებასთან" ერთად მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს სხვა პოზიციაზეა. ეს იყო კოალიციისმაგვარი გაერთიანება, რომელსაც­ ივანიშვილის საახლობლო ედგა სათავეში.­ თუმცა მათ შორის იყვნენ სერიოზული პოლიტიკური პარტიებიც. საინტერესოა, სად არის დღეს ზვიად ძიძიგური თავისი­ პარტიით, ირაკლი ალასანია თავისი პარტიით, "მწვანეები", რესპუბლიკელები, გუბაზ სანიკიძე?! ყველა მოიშორა და როგორც ინკუბატორი ჩეკს წიწილებს, ისე მოაგროვა­ ნებელობის უქონელი ადამიანები, დაურიგა­ ცოტა ფული და მათგან შეაკოწიწა ის პარტია, რომელიც დღეს გვაქვს სახეზე. მაშინ მარგველაშვილი მათ უჭერდა მხარს და ისე იქცეოდა, როგორც "ოცნებას" აწყობდა, დღეს კი ამ პოლიტიკური გუნდის დაუძინებელი მტერია.

- თქვენი წარმოდგენით, "ქართული ოცნების"­ ყოფილი წევრები და მხარდამჭერები­ ახლა ამ პოლიტიკურ გუნდს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დაუპირისპირდნენ თუ პირადი მოტივით?

- შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას პარტია სწორედ ევროპული ორიენტაციის გამო დაშალეს და გააცამტვერეს, მედროვეები კი დაიტოვეს გუნდში და მინისტრების პორტფელები დაურიგეს. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" უმთავრესად ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების გამო დაუპირისპირდა, პირადი ინტერესებით მოქმედმა პირებმა კი ხელისუფლებაში დარჩენა არჩიეს. დღევანდელი "ქართული ოცნება" 2012-1014 წლების "ქართული ოცნება"­ არ გეგონოთ, რომელიც ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. დღეს ჩვენ წინაშე სახეცვლილი პოლიტიკური გუნდია, ძველთან აღარანაირი კავშირი აღარ აქვს.

- ბატონო რომან, დღეს თქვენი პოლიტიკური გუნდი ისევ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაშია დადანაშაულებული. როგორ გგონიათ, ამჯერად როგორ განვითარდება­ თქვენს წინააღმდეგ დაწყებული პროცესი?

- ამას მე სერიოზულადაც კი არ აღვიქვამ. ერთადერთი რეაქცია, რაც შეიძლება მქონდეს, გულიანი სიცილია. თქვენც ხომ არაერთხელ მოგისმენიათ ასეთი სისულელე - კომიკური საბურავების საქმით დაწყებული?! სახელმწიფო გადატრიალების­ მუხლით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. თუმცა ვერც საბურავები იპოვეს და ვერც სხვა მტკიცებულება.ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს­ ჩვენ კი არა, ისინი მიმართავდნენ­, ვინც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის დემონიზაციას ცდილობენ და ამისთვის ხან სისხლიან პლაკატებს აფრიალებენ, ხან საბურავების რევოლუციას აანონსებდნენ და ხან სააკაშვილისა და გახარიას შეთქმულებაზე ლაპარაკობენ. ალბათ, ერთი ათჯერ არის აღძრული საქმე, ოღონდ ეს ყოველთვის კეთდებოდა წინასაარჩევნოდ. წინასაარჩევნოდ აბრიყვებენ ამომრჩევლებს, ჰგონიათ, ხალხი უტვინოა და ყველაფერს ჭამს...

- "ნაციონალების" დელეგაციის უკრაინაში­ გამგზავრების მიზანი რა არის?

- მუდმივი მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენი პოლიტიკური საბჭოს ოთხი წევრი უკრაინელების მხარდამხარ იარაღით ხელში იბრძვის, ხოლო სხვები სხვადასხვა მეთოდით უდგანან მხარში უკრაინელებს. ცოტა ხნის წინ ხატია დეკანოიძე და პეტრე ცისკარიშვილი იყვნენ უკრაინაში, ისინი ჩამოვიდნენ. ახლა მელია, ხერხეულიძე და ნაყოფია გაემგზავრნენ.

მე თუ მკითხავთ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც უნდა ჩავიდეს უკრაინაში, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი. როგორც იუშჩენკო იდგა თბილისში თავის დროზე, ასე უნდა დადგეს სალომე ზურაბიშვილი კიევში. სწორედ ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველოს პრესტიჟი აღდგეს, თორემ "ქართული ოცნების" პრესტიჟი აღარასდროს აღდგება. ეს არის წარმავალი, საშიში პარტია, მავნებლური განცხადებებითა და ქმედებებით. ამიტომ აუცილებლად დამთავრდება.

ხათუნა ბახტურიძე