"მხოლოდ სამძიმრისა და სოლიდარობის გამოსახატავი შეხვედრა იქნება“ - კვირის პალიტრა

"მხოლოდ სამძიმრისა და სოლიდარობის გამოსახატავი შეხვედრა იქნება“

"ოცნებას“ შიდა დაპირისპირების უკრაინის საკითხზე გადატანა სურდა და „ნაცმოძრაობამ“ საჩუქრად მიართვა“

რამდენიმეკვირიანი კამათის შემდეგ საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში გაემგზავრა. სამძიმრის გარდა, რას ემსახურება ქართული დელეგაციის ვიზიტი და როგორ აფასებენ "ნაციონალური მოძრაობის" უარს კოლეგები, ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" "გირჩის"­ ლიდერს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს­ იაგო ხვიჩიას ესაუბრა:

- დელეგაციაში ვახტანგ მეგრელიშვილიც არის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვემხრობით "ოცნების" ამ გადაწყვეტილებას. ამ ვიზიტით ჩვენ სამძიმარსა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.

- როგორ აფასებთ თქვენი კოლეგების,­ "ნაცმოძრაობის" ლიდერების უარს?

- კრიტიკულად. ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური შიდა დაპირისპირების უკრაინის საკითხზე გადატანა სურდა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" საჩუქრად მიართვა.

- ჯერ კიდევ ომის დაწყების წინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები­ სოლიდარობის გამოსახატავად უკრაინაში ჩავიდნენ, მაშინ თქვენ ეს ერთგვარ პიარად აღიქვით, ახლა რა შეიცვალა?

- უკრაინაში ჩასვლა ვისთვის რა მიზანს ემსახურება, არ ვიცი. მე არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ჩვენ პირადად სამძიმრის გამოსახატავად ჩავდივართ.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, როგორ ფიქრობთ, იქ ჩასული დელეგაცია არ მიიღებს "დიპლომატიურ საყვედურს"?

- რაიმე მსგავსს არ ველოდები. მგონი, სამძიმრისა და სოლიდარობის გამოსახატავი შეხვედრა იქნება. დიდი ხანია მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ ღარიბაშვილი წასულიყო უკრაინაში, მაგრამ რაც არის, ეს არის. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ნებისმიერი უფრო მაღალი დონის ვიზიტები თუ დაიგეგმება, კარგი ექნება.

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უკრაინამ საქართველოში ელჩი დააბრუნოს და ჩვენ ღირსეულად გამოვჩნდეთ მსოფლიოს თვალში.

- ამ კონკრეტული ვიზიტისგან რაიმე შედეგს თუ ელოდებით?

- დიდი მოლოდინი არა მაქვს, თუ, რა თქმა უნდა, მშვიდად ჩაივლის და აგრესორის გაუთვალისწინებელი ქმედებები არ იქნება. ვგულისხმობ რუსეთის საფრთხეს, თორემ სხვა საფრთხე ქართულ დელეგაციას არ ემუქრება.

- ეს საფრთხე რამდენად რეალურია?

- ომია ქვეყანაში, ამიტომ რა იქნება, ძნელი სათქმელია.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა აღდგეს და უკრაინამ ელჩი დააბრუნოს?

- "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც მისი შესაძლებლობების არსენალშია.