"რუსეთმა პასუხი უნდა აგოს არა მარტო უკრაინისა და 2008 წლის საქართველოს მოვლენების, არამედ აფხაზეთში ჩადენილი გენოციდის გამოც“ - კვირის პალიტრა

"რუსეთმა პასუხი უნდა აგოს არა მარტო უკრაინისა და 2008 წლის საქართველოს მოვლენების, არამედ აფხაზეთში ჩადენილი გენოციდის გამოც“

14-წლის შემდეგ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2008 წლისO აგვისტოს ომის საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები­ გასცა. გაჩნდა იმედი, რომ ჰააგის სამხედრო ტრიბუნალი ამჯერად მაინც გამოიძიებს ამ საქმეებს და დასჯის ომის დამნაშავეებს. ისიც ცნობილია, რომ ჰააგა უკრაინის ომის საქმეშიც აქტიურად არის ჩართული და ცხელ წერტილში გამომძიებელიც­ გაგზავნეს. შეფასებებისა და სანქციების ფონზე მოსალოდნელია, ჰააგის ტრიბუნალის წინაშე ბრალდებულის სტატუსით ვლადიმერ პუტინი და მისი ჩინოვნიკებიც წარსდგნენ. ბუჩის უმძიმესმა კადრებმა შეძრა მსოფლიო, საქართველოს კი მოუშუშებელი იარა გაუხსნა, რადგან აგრესორის ასეთი ქმედება გამოვლილი გვაქვს, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არავის უგია. რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ახლა მაინც აგოს რუსეთმა პასუხი საშინელი დანაშაულებისთვის? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პოლიტიკური პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე გვესაუბრება.

- ჰააგის სასამართლოს ბოლო გადა­წყვეტილება, რომლითაც მან დაიწყო დევნა­ და ბრალი წაუყენა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რამდენიმე ჩინოვნიკს, ჩემი აზრით, იმით იყო გამოწვეული, რომ დასავლეთმა გაიაზრა, რა შედეგი მოიტანა ამდენი ხნის დუმილმა­. ხვდებიან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო რუსეთის დაუსჯელობა აისახა ყირიმის ანექსიასა და შემდგომ ქმედებებში.­

ახლა უკრაინის და საქართველოს საკითხი ერთმანეთს გადაება და არ გამოვა, უკრაინის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო კი, სადაც ამდენი ხნით ადრე მოხდა ისეთივე დანაშაული, უყურადღებოდ დატოვო. რუსეთი წითელ ხაზთან მივიდა და პასუხი უნდა აგოს არა მარტო უკრაინისა და 2008 წლის საქართველოს მოვლენების, არამედ აფხაზეთში ჩადენილი გენოციდის გამოც. მაშინ საერთაშორისო საზოგადოება ელოლიავებოდა რუსეთს და მათ არც ჩეჩნეთში ჩადენილისთვის უგიათ პასუხი. რასაც ბუჩაში, მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში ვხედავთ, ჩვენს ხალხს აფხაზეთში­ აქვს გამოვლილი - 3000-ზე მეტი მშვიდ­ობიანი მოქალაქე აწამეს, არაერთი ომის დანაშაული აქვთ ჩადენილი: სამოქალაქო პირების დახვრეტა, წამება, ეთნიკური წმენდა­. ამ დანაშაულებს სამართლებრივი შეფასება არ მისცემია და დამნაშავეები ტრიბუნალს არ გაუსამართლებია. მაშინ ჩვენ არ გვყავდა ხალხი, ვინც დასავლეთს ამას მოსთხოვდა, რადგან სულ ახალი სახელმწიფო გვქონდა. არც დიპლომატიურად ვითხოვდით პასუხს და არც - სამართლებრივად... ებრაელებმა­ დამნაშავეები 50 წლის შემდეგ გაასამართლეს. ადოლფ აიხმანი ისრაელის აგენტებმა წლების შემდეგ დაიჭირეს არგენტინაში, ჩაიყვანეს ისრაელში და იქ გაასამართლეს, უკვე 80 წელს მიღწეული.­ ის მილიონობით ებრაელის სიკვდილში ცნეს­ დამნაშავედ. სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ ბრძანებებს ასრულებდა, მაგრამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და თელ-ავივთან ახლოს ჩამოახრჩვეს. აფხაზეთისა და აგვისტოს ომის დანაშაულების სამართლებრივი­ შეფასება უნდა მოვითხოვოთ, ეს თემები ერთმანეთს უნდა მიებას და სამართლიანობის აღდგენა უკრაინის ომის პარალელურად დაიწყოს.

- აფხაზეთის მოსახლეობის გენოციდის უმძიმესი ფაქტები ცნობილია. სულის შემძვრელია ქართველი დედის ტრაგედია, რომელსაც შვილი მოუკლეს, შვილის თვალი გადააყლაპეს და მკერდი მოაჭრეს. თავის დროზე ამ ფაქტებზე საქართველოში გამოძიება დაიწყო... ახლა შეუძლია ხელისუფლებას, ეს მასალებიც გადასცეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს?

- დიახ, შეუძლია! თუ ტრიბუნალი შედგება, არ შეიძლება ძველი დანაშაულების­ გამოტოვება. პროცესი უნდა დაიწყოს ჩვენმა ხელისუფლებამ, მაგრამ ის მას არ გააკეთებს, იმიტომ, რომ საკუთარი ჩრდილის ეშინია. ვნახეთ, რაც გააკეთეს უკრაინაში სამძიმარზე ჩასვლასთან დაკავშირებით.­ ეს არის ხალხი, რომელსაც ქუჩის ჩხუბშიც კი არ მიუღია მონაწილეობა... ჩვენ შეგვიძლია არც დაველოდოთ საერთაშორისო ტრიბუნალს და წითელი ცირკულარით ჩვენ თვითონ გამოვაცხადოთ ძებნა დამნაშავეებზე.­ ჯერ კიტოვანიც არ გაგვისამართლებია. რომ დასეირნობს თბილისსა და მოსკოვში, არ არის დამნაშავე?! ყველამ უნდა აგოს პასუხი. დამნაშავე გენერლები, ალბათ, ასაკში არიან, მაგრამ შეიძლება ევროპაშიც დადიან დასასვენებლად. ჩვენს ხალხს ეს ტრავმები დავიწყებული არა აქვს. ახლახან ვესაუბრე ჩემს ნათესავს, რომელიც აფხაზეთის­ ომში მონაწილეობდა. ძალიან განიცდის­ უკრაინის ომს, რადგან იცის, ეს რას ნიშნავს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დამნაშავეების გადმოცემა და გავასამართლოთ. ვფიქრობ, ამას გააკეთებს უკრაინაც. ამიტომ ახდენენ ისინი რუსი ჯარისკაცების იდენტიფიცირებას...

ხელწერა ერთია - გაუგონარი სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ! რუსეთი ყოველთვის ასეთი სასტიკია სუსტის - ბავშვის, ქალის, ორსულის, მოხუცის მიმართ. დღეს აფხაზეთის ტრაგედიების წამოწევა აუცილებელია. ჯერ ერთი, ეს იმ ხალხს სჭირდება, ვინც საკუთარი სახლებიდან გამოყარეს...­ როგორ შეიძლება რუსეთის სიტყვას ენდო?! დაგვავიწყდა, სოხუმი სწორედ შეთანხმების შემდეგ რომ აიღეს?­ შევარდნაძემ მშვიდობიანი­ მოსახლეობა სახლებში დააბრუნა და ამის შემდეგ გაჟლ­იტეს ხალხი, ამის შემდეგ მოკლეს ჟიული შარტავა! მათთან შეთანხმება შეიძლება?! მაგრამ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თან მშიშარაა, თან არაკომპეტენტური!..

- გაიცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი ჩინოსნის­ დაპატიმრების სანქცია. ჯერ ჩვენს საქმეებს გამოიძიებს ჰააგის ტრიბუნალი,­ თუ უკრაინის ომის დამნაშავეების გასამართლებას დაიწყებს?

- ჯერ საქართველოს საქმეების გამოძიება უნდა დაიწყოს, ეს გარდაუვალია. მასალები არსებობს. შესაძლოა, იგივე მოქმედი პირები გამოვლინდნენ უკრაინის ომშიც. გასაკრიტიკებელია საერთაშორისო სასამართლო იმის გამო, რომ 15 წელი ამ საკითხს წერტილი არ დაუსვა. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ცდილობდნენ, რუსეთი არ გაეღიზიანებინათ. ვიცი, ჰააგა­ მასალებს­ რომ ითხოვდა, საქართველოს ხელისუფლება გზავნიდა, მაგრამ ამ თემის­ სასწრაფოდ გამოძიება საერთაშორისო დონეზე არც ერთხელ არ მოუთხოვია ჩვენს ხელისუფლებას. თეა წულუკიანი ხომ იყო იუსტიციის მინისტრი, დაეყენებინა ეს საკითხი! მაგრამ ეს არ გაუკეთებია, რადგან ეს არ იყო მათი ინტერესი. ღმერთმა დაიფაროს და, საქართველოც რომ აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე, ამ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა რომ დაეკისრება, ვერ ხვდებიან? თუ ჩვენ არ გავაძლიერებთ სამოქალაქო თავდაცვას, რისკის წინაშე რომ დადგეს ქვეყანა, ხელისუფლება პასუხისმგებლობას ხომ ვერ გადაურჩება?!

იმ ვირეშმაკობით, რაც პაპუაშვილმა გააკეთა, არაფერი გამოვა. ელოდებოდნენ ვიღაცის ნებართვას - ეს იყო ან ბიძინა, ან ვინმე რუსეთში და სანამ ამერიკის საელჩოდან არ უთხრეს, ბოლოს და ბოლოს, ან იქით დადექით, ან აქეთო, გადაწყვეტილება არ მიიღეს. ქვეყნისთვის დიდი დრამაა, ასეთი კრიზისის დროს ამ ხელისუფლების ხელში რომ არის ქვეყანა.

- საკამათო გახდა ისიც, ვინ უნდა წასულიყო უკრაინაში...

- ეს სამარცხვინოა! "ნაცმოძრაობა"­ ვერ ხვდება, რომ სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე სააკაშვილის ამბიციები. რას ნიშნავს­ ორი დელეგაციის წასვლა?­ უკრაინა ჩვენზე უარეს დღეში იყო, მაგრამ დღეს ერთ ოპოზიცი­ონერს ვერ იპოვით, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებდეს. ჩვენი ოპოზიცია უპასუხისმგებლოა. თუ სახელმწიფოა, სახელმწიფოდან მიდის ერთი დელეგაცია. თუ "ნაციონალებს" თვითაღიარებული რესპუბლიკა აქვთ? ძლივს მოვახერხეთ, კუთხეში მივაყენეთ პაპუაშვილი, აღიარა, რომ ეს იყო შეცდომა და ახლა თურმე "ნაციონალებს" უნდა ვეხვეწოთ. სააკაშვილს სურს თავის ჭკუაზე ატაროს ყველა და ატარებს კიდეც. მოქალაქეების უმეტესობას რცხვენია, ამ პოლიტიკურ სპექტრს რომ უყურებს.

- როგორ ფიქრობთ, უკრაინაში მიმდინარე პროცესები როგორ განვითარდება? რუსეთის ჩინოვნიკები ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან?

- მე მგონია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადაწყდება ომის ბედი. პუტინი რა დღეშია, ვხედავთ - ერთ შაბათ-კვირას უნდოდა კიევის აღება,­ მაგრამ ახლა ისე დაიხიეს უკან, დონეცკი და ლუგანსკი შერჩებათ თუ არა, ეს აქვთ საფიქრალი­. მსხვერპლი დიდია, მაგრამ გრძელვადიანი შედეგებით უკრაინა მაინც გამარჯვებულია. ახლა რუსეთი ეცდება, უკრაინა ისე დაანგრიოს, რომ ძალიან ძვირი დაჯდეს მისი აღდგენა. პუტინის ბედი გადაწყვეტილია და ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ უკრაინის მხარეს ვიყოთ. პუტინს ვინ დაუშლის, რომ მორიგი ავანტიურა ჩაიდინოს?! მე მგონი, ჰააგის პროცესები დაიწყება, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება რუსეთში. ახლა რუსეთი ეცდება, 9 მაისისთვის ვითომ გამარჯვება გაიფორმოს, ტრადიციული, ანტიფაშისტური აღლუმი ჩაატაროს და თავის ხალხს რაღაც მონაპოვარი დაანახოს. ამისთვის ის გააძლიერებს შეტევას უკრაინაზე, მაგრამ უკრაინელებიც კარგად არიან გამაგრებული და თუ პუტინი მიზანს ვერ მიაღწევს, ეს იქნება მისი პოზიციების საბოლოოდ დასუსტების საწინდარი.