"დღეს ზოგიერთ ნაძირალას გმირს უწოდებენ, ზოგი გმირი კი საერთოდ უარყოფილია“ - კვირის პალიტრა

"დღეს ზოგიერთ ნაძირალას გმირს უწოდებენ, ზოგი გმირი კი საერთოდ უარყოფილია“

"როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა და თქვა, რომ საქართველო უკრაინას არ ეხმარება, ან პოლიტიკურად არ უჭერს მხარს?“

ამას წინათ ტანკა დაწერა: "ბაბუაწვერა,­ სულს რომ უბერავ, ერთბაშად­ კარგავს იმას, რაც მთელი სიცოცხლე უგროვებია. ასევე სცვივათ ბედნიერი დღეები­ სიყვარულდაკარგულ ადამიანებს"... შემდეგ ჩვენთან საუბარში განავრცო: "ბუსუსებგაცლილ ბაბუაწვერას თუ არ დავემსგავსებით, კარგი იქნება. მხოლოდ სიყვარული ბადებს ყველაფერ დანარჩენს. სახელმწიფომ, საზოგადოებამ, მასმედიამ, ყველამ უნდა იმუშაოს მუდმივად იმაზე, რომ საქართველოში იყოს სიყვარულის ბატონობა­ და არა ბატონების სიყვარული. ყველა უნდა ვისწრაფოდეთ, ამის დრო დადგეს" - ამბობს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია.

- დღეს საზოგადოება, როგორც არასდროს, ისეა პოლარიზებული, თითქოს საღი აზრისთვის სივრცე აღარ რჩება...

- ერთიანობას საერთო წარსული, საერთო მომავლის განცდა, ჩვენი ენა, ტერიტორია, საერთო ღირებულებები ქმნის. საერთო ღირებულებებსა და საერთო ნიადაგის თეორიას, როგორც არჩილ ჯორჯაძე ამბობდა, რამდენიმე არსებითი საფუძველი აქვს, უპირველეს ყოვლისა ის, რომ მე ჩემს მომავალს ვხედავ შენთან ერთად... სამშობლო არ არის მარტო მინდორ-ველი, ცა და მწვანე ტყე, ეს არის ერთი მთლიანი­ ცნობიერების შექმნის მუდმივი მცდელობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საერთო ნიადაგისა და ცნობიერების შექმნისთვის უნდა ზრუნავდნენ სახელმწიფოც და საზოგადოებაც, ოჯახიც, მასმედიაც და, თავისთავად, განათლების სისტემაც.

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოება დაცლილია ღირებულებებისგან?

- არც უმაგისობაა. თითქოს რა შუა­შია,­ მაგრამ ამას წინათ ვკითხულობდი ალენ დელონის ინტერვიუს. თავის დროზე,­ ეს კაცი იყო მამაკაცურობის, ვაჟკაცობისა და ღირსების სიმბოლო. ის ამბობს: დავბერდი, ალბათ, მალე წავალ ამ ქვეყნიდან და საერთოდ არ მწყდება გული ამაზე, რადგან ყველაფერი, რასაც პატივს­ ვცემდი,­ თითქოს წარსულს ჩაჰბარდაო. არ მინდა პესიმისტები ვიყოთ, მაგრამ რაღაცებზე დაფიქრება გვმართებს. სკოლა, ოჯახი, სახელმწიფოც ამისთვის არსებობს, რომ არა მარტო განვვითარდეთ, არამედ შევინარჩუნოთ ის, რაც ძვირფასია ჩვენთვის. გურამ ასათიანი ამბობდა, რომ ქართულ ხასიათს სამი მთავარი ლიტერატურული პერსონაჟი­ ქმნის: ავთანდილი, რომელიც გამოხატავს სიბრძნეს, პრაქტიკულობას, პრაგმატულობას. მეორე - მინდია, რომელიც ქართული ხასიათის მისტიკურ მხარეს წარმოაჩენს და მესამე - ნაცარქექია. ცეცხლი სიცოცხლის სიმბოლოა და ცეცხლის დანთების პროდუქტია ნაცარი. ნაცარში ქექვა, სულის სიღრმეებში ჩაძირვა­, რაღაცების მოძიებაა საკუთარ თავში, ანუ ნაცარქექია თვითშემეცნების და სამყაროს შემეცნების ერთგვარი სიმბოლოა... აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენი ნაკლოვანებებიც. მაგალითად, როგორც აფასებს აკაკი ბაქრაძე თათქარიძეობას თავის ცნობილ წერილში "არაფრობის უარყოფა", როგორც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ქართველი ადამიანის დროსთან დამოკიდებულება, რაც დიდ კორექციას მოითხოვს. ეგოიზმის მომძლავრება, არაობიექტური ხედვა, უნებისყოფობა,­ ის, რაც რეზი თვარაძემ ერთ მშვენიერ დღეს შეამჩნია, რომ შეგვიძლია ცალკეული ბრძოლები მოვიგოთ, უცაბედი ძალისხმევა შეგვიძლია, მაგრამ რაც ხანგრძლივ შეუპოვარ მოქმედებას მოითხოვს, იქ მოვიკოჭლებთ­ ხოლმე. ქართველის კანონთან დამოკიდებულება ავიღოთ - ზოგი რამ არ შეიძლება, მაგრამ მე თუ მაწყობს, მაშინ­ შეიძლება.­ თავისუფლებასთან­ დამოკიდებულება - ზოგიერთს თავისუფლების მოპოვება ფინიში რომ ჰგონია და სინამდვილეში სტარტი რომ არის. ქართულ საზოგადოებაში არსებობს კორპორაციული ზნეობა - შეხედავ ადამიანს, თავის წრეში ანგელოზია და გარეთ შეიძლება სატანად გადაიქცეს... უამრავ რაღაცაზე გვმართებს დაფიქრება. ერთია, შეიმეცნო, რა გჭირს, დიაგნოზი დასვა და მეორე - მიიღო გადაწყვეტილებები, როგორ უშველო ამას. თავის დროზე მქონდა ასეთი იდეა, იქნებ ქართული ღირსების წიგნი გავაკეთოთ, სადაც თავს მოვუყრით ქართველების საუკეთესო საქციელებს. რამდენიმე ათეული საქციელი მოვიძიე და ასეთი იდეა მქონდა - პირველკლასელებს რომ "დედაენას" ვჩუქნიდით, სკოლას რომ დაამთავრებს, უნდა გაატანო ღირსების წიგნი, რათა მიხვდეს, როგორი ქვეყნის შვილია და რას უნდა ემსახურებოდეს...

უგონო თავისუფლება სიშლეგეა, უღირსებო თავისუფლება - სირცხვილი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის თავისუფალი და როგორ იყენებს ამ თავისუფლებას. ყველა დროს ჰყავს თავისი გმირები და თავისი ნაძირალები. მთავარი ის არის, ვინ არქმევს მათ სახელს. დღეს მეჩვენება, რომ ზოგიერთ ნაძირალას გმირს უწოდებენ, ზოგი გმირი კი, საერთოდ უარყოფილია. ყველას დაფიქრება გვმართებს­ იმაზე, რომ განათლებით დაბადებული დარდი აღემატება უვიცის სიხარულს. ჩვენი საერთო ნიადაგი საერთო სიხარულს კი არა, საერთო სევდას, საერთო დარდსა და წუხილს გულისხმობს, რომლებიც საერთო სიხარულსა და დღესასწაულზე არანაკლებად გვაერთიანებს. ერთსულოვნებას უნდა აერთიანებდეს ზნეობრივი გონიერება. რუსთაველი რომ ამბობდა გონიერი გულიო, ალბათ, ამას გულისხმობდა. სხვათა შორის, როდესაც ამას ამბობდა, სოლომონ ბრძენის სიტყვებს იმეორებდა. მარტო თავისუფლება და ერთსულოვნება კი არ უნდა გავაფეტიშოთ, მთავარია, რა შინაარსი აქვს ჩვენში ამ ორივე სიტყვას. რაც მთავარია, მერე ცხოვრებამ უნდა აჯობოს არსებობას, აი, რა არის კაცთა ღირსების საფუძველი.

- თქვენივე სიტყვებია: "სიყვარული, ეს არის ღმერთის სიცოცხლე ადამიანში. მისი გაცხადება გულს ევალება, გააზრება - გონებას, ხოლო გამოხატვა - საქციელს". სიყვარულს საქციელით რომ ვეღარ ან აღარ გამოვხატავთ, ეს გულისა და გონიერების პრობლემაა?

- რა თქმა უნდა, რადგან გამოიხატება ის, რაც შენში არსებობს­. როდესაც სახელმწიფოს, საზოგადოებას, ოჯახსა და ადამიანურ ურთიერთობებს აშენებ, არსებობს მოვალეობის­ სიყვარული და სიყვარულის მოვალეობა­. ორივე თუ ერთად არ არსებობს, ისე არც ადამიანი არსებობს და არც საზოგადოება. რაც მთავარია, კონკრეტულ ადამიანებს­ ხომ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და მმართველებს - თავიანთი. ნაპოლეონმა თქვა მშვენიერი რამ, სახელმწიფო მოღვაწის გული მის თავშიაო. პრინციპულ სახელმწიფო მოღვაწეებს ძალიან უჭირთ ხოლმე, ბევრი მათ აგინებს სიმართლისთვის, საზოგადოებაზე ზრუნვისთვის იმიტომ, რომ სახელებს ხანდახან ან გაუნათლებლები, ან უზნეოები, ან ნაძირალები არქმევენ. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რისთვის არსებობს საქართველო, რა ფუნქცია აქვს და რა გვევალება ჩვენ. სახელმწიფოს ადამიანები ქმნიან, მთავარია, ადამიანი სახელმწიფოში, მაგრამ იმ ადამიანმა რომ იადამიანუროს, ყველანი უნდა შეთანხმდნენ, როგორი უნდა იყოს ეს სახელმწიფო.

- ქართველების ნაწილს სტოკჰოლმის სინდრომი აქვს? სხვას რას მივაწეროთ საქართველოში მომრავლებული რუსეთუმეები?

- ეს ორი რამის ბრალია - გაუნათლებლობისა და გაუცნობიერებლობის, რა გაუკეთებია რუსეთს საქართველოსთვის ასწლეულების განმავლობაში. ეს ბევრმა არ იცის და ამიტომაც მიუწევთ გული რუსეთისკენ. მეორეა პირადი სარგებელი, აღარ მინდა ვახსენო გამყიდველობა. ძალიან მიკვირს და გულს მტკენს, რომ საქართველომ ვერ მიიღო ლუსტრაციის კანონი. მეტი პრინციპულობა გვმართებს, თუკი გვინდა, რომ ევროპულ ოჯახშიც შევიდეთ, კანონმაც იკანონოს, სამართლიანი სახელმწიფო და განათლებული საზოგადოება შევქმნათ.

- მშვიდობა თუ თავისუფლება? ასეთი ფორმულირება სწორია?

- დიდი ჭკუა არ სჭირდება, რომ მშვიდობა სამართლიანი და ღირსეული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მონების მშვიდობაც - ეს უძველესი აქსიომაა. უბრალოდ, ადამიანს და სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეთ საზღვრის შეგრძნება - არის საზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახო იმიტომ, რომ ის სიშლეგეში გადადის და სიშლეგე გაბედულება არ არის. სიშლეგით არ უნდა დააზიანო უფრო მთავარი, თუნდაც მშვიდობა. თუკი საზოგადოება გაქრება, თუ ადამიანები დაიხოცებიან, მაშინ ვისთვის იქნება მშვიდობა? ყალბმა, თუგინდ გულწრფელმა ემოციებმა ბავშვი არ გადააყოლოს ნაბან წყალს.

- ყველა აღტაცებულია ლიდერის გარშემო­ გაერთიანებული უკრაინით. ჩვენ რატომ გვიძნელდება ეს?

- ერთიანი ცნობიერება­ არ ნიშნავს აზროვნების გაერთმნიშვნელიანებას, პირიქით, აზრი ბევრი უნდა იყოს, რომ მიაგნო ჭეშმარიტებას, მაგრამ რაღაც საზრისამდე საზოგადოება ყოველთვის უნდა მიდიოდეს. ასეთ საზოგადოებას ვაგლახად ვერავინ გაუბედავს­ ვერაფერს. ძალიან ცდება ის დამპყრობელი, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა ტანკით რაღაც ტერიტორიას დაიკავებს და მერე კარგად იქნება მისი საქმე. არ იქნება კარგად, თუ ამ ტერიტორიაზე ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც­ ღირსება აქვს და შეუძლია მუდმივად იბრძოლოს თავისუფლებისთვის. საზოგადოება უნდა ეფუძნებოდეს იდეას, რომელიც ერთი ფრაზით თქვა იმანუილ კანტმა: "ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება სხვა ადამიანების მიზანთა მისაღწევად". როდესაც­ შენ გინდა ვიღაცა დაიმონო,­ მაშინ გარედან მოსული აგრესიისგან ვერ დაიცავ ქვეყანას იმიტომ, რომ ისინი, შენი ე.წ. მონები, გვერდით არ დაგიდგებიან. მხოლოდ თავისუფალ ხალხს შეუძლია თავისი ქვეყნის დაცვა.

- ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს.

- უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ, მათ შორის არც ხელისუფლებაში. ის, ვინც ოსანას უმღერის ხელისუფლებას, ფსიქიატრს უნდა ეჩვენოსო, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა. სხვათა შორის, რეიგანს მშვენიერი ფრაზა აქვს: "ნუ სთხოვთ პრობლემების მოგვარებას მთავრობას, მთავარი პრობლემა თვითონ­ მთავრობაა". ის თავისუფალი კაცი იყო, თვითონ იყო მთავრობის ხელმძღვანელი და ამას ამბობდა, ვინაიდან კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ თავისუფალი ადამიანების ხელმძღვანელობაა ბედნიერება და არა მონების... მაგრამ პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, ჩემთვის მთავარია სხვა ქვეყანაო, ის ქართველი პოლიტიკოსი არ არის, ის საქართველოს სარგებლობისთვის არ იღვწის. ჯერ საქართველო! არც იმის მჯერა, რომ ჩვენი­ საკითხები სხვაგან წყდება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონიუნქტურა, კონტექსტი, მაგრამ შენი ბედი წყდება შენთან, შენს გონებაში, შენს გულსა და შენს საზოგადოებაში. პროცესები ხანდახან მანევრებს ჰგავს და მთავარია, რა შედეგს იღებ. მანევრი ზოგჯერ წინსვლაა, ზოგჯერ უკან დახევა,­ მაგრამ მთავარი ის არის, რა შედეგს აღწევ. აი, ახლა ევროკავშირმა კითხვარი გამოგვიგზავნა, მსოფლიოში ბევრი რაღაცის გადაფასება ხდება და საქართველო სრულიადაც არ გამოიყურება მაჩანჩალად, მას თავისი ადგილი აქვს, პოზიციონირებს სწორად და აქვს დიდი შანსი, სასურველ შედეგს მიაღწიოს. 200-მდე ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებით. როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა და თქვა, რომ საქართველო უკრაინას არ ეხმარება, ან პოლიტიკურად არ უჭერს მხარს? შეიძლება კონკრეტული განცხადებები ვიღაცას მოეწონოს ან არ მოეწონოს, მაგრამ მოქმედების მთავარი ვექტორი და მიმართულება სწორია.