"მე ჩემი შეხედულებები მაქვს. ვცდილობ, მხარე არ ვიყო" - კვირის პალიტრა

"მე ჩემი შეხედულებები მაქვს. ვცდილობ, მხარე არ ვიყო"

"მე ჩემი შეხედულებები მაქვს. ვცდილობ, მხარე არ ვიყო, მაყურებელს, საზოგადოებას დიდი პატივისცემით ვეპყრობი. დღეს გაჩერება ვერ წარმომიდგენია, რადგან სინათლეს და ბოროტებას შორის აღმოვჩნდი“

"გამოზაფხულდა, როგორი კარგი ამინდი, განწყობაა სიხარულისთვის, სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ რაღაც კარგი ხდებოდეს... აი, ამ არაჩვეულებრივ გაზაფხულის დღეებში, როდესაც ჩიტები ჭიკჭიკებენ, განწყობაც საოცარია, ევროპის შუაგულში, უკრაინაში, სასტიკი ომია! იმის მაგივრად, რომ დილიდან ბავშვები ბაღებში, სკოლებში გარბოდნენ, სტუდენტები - სასწავლებლებში, ან თუნდაც სამსახურში, იმის ნაცვლად, რომ სასიამოვნო განწყობა იყოს ქუჩებში, უკრაინაში სამშობიაროებს, თეატრებს ბომბავენ, ხალხი იღუპება, მილიონობით დევნილია... ათასობით ადამიანი სიკვდილის წინ თავისი ახლობლების წამებას, ტანჯვას, ტკივილს უყურებს... ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ტკივილი, ეს არის მთელი მსოფლიოს, საქართველოს ტკივილი! ჩვენ ვიცით, რა არის ომი, ოკუპაცია, მსხვერპლი..." - ამ სიტყვებით დაიწყო აქცია-კონცერტი ცნობილმა მსახიობმა ნინო კასრაძემ.

11 აპრილს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში უკრაინელმა და ქართველმა არტისტებმა უკრაინის მხარდამჭერი, სოლიდარობის ერთობლივი აქცია-კონცერტი და ტელემარათონი გამართეს. მარათონის მიზანი იყო რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება. კონცერტში მონაწილეობდნენ ლვოვის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", ჯამალა, ნინო ქათამაძე, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, სოფო ბათილაშვილი, ლიზი რამიშვილი, პაპუნა შარიქაძე, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი. სპეციალური სტუმარი იყო მაშა ეფროსინინა. მარათონს უძღვებოდა ნინო კასრაძე,­ ­რომელმაც ჩვენს კითხვებსაც უპასუხა.

rachveli-o-h-1650200305.jpg

- ქალბატონო ნინო, წარმოიდგენდით, რომ 21-ე საუკუნეში ამ ყველაფრის მომსწრე გავხდებოდით?

- 21-ე საუკუნე არ იყო 2008 წელი? წარმოვიდგენდი და აღარაფერი გამიკვირდება. შეიძლება ადამიანების ასეთ წამებას, ამდენ სისასტიკეს აღარ ველოდი, მაგრამ რომ დაბომბავდნენ, აშკარა იყო. ჩვენთანაც ხომ ასე იყო ყველაფერი! ნაკლები ხდებოდა? ყველაფერი კარგად გვახსოვს!

- საქართველოს ასე უჭერდა მხარს მსოფლიო?

- 2008 წელს გარკვეულწილად გვი­ჭერ­დნენ მხარს, მაგრამ მაშინ არ იყო ამდენი სოციალური ქსელი და არც მხარდაჭერა იყო ასეთი ფართომასშტაბიანი. მაშინ რუსეთზე ასეთი ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა 2008-ში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ, ჩვენს პორტში გემი შემოვიდა... მთავარია, რომ გადავრჩით იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება...

ახლა ამდენი ხალხი გაერთიანებულია და უკრაინის მხარეს დგას! სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია და არ ვიცი, კიდევ რა უნდა გაკეთდეს... ატომური იარაღი გამოიყენონ და ყველაფერი დამთავრდეს? არ მგონია, ვინმეს მეტი შეეძლოს და შეგნებულად არ აკეთებდეს... მე გულწრფელი ადამიანი ვარ და დასავლეთის პოლიტიკოსებშიც იმავეს ვხედავ. დასავლეთში ხომ პოლიტიკოსებს ამომრჩეველი ჰკარნახობს ყველაფერს! დასავლეთმა ბუჩის კადრების შემდეგ ყველაფერი უფრო ნათლად დაინახა. ძალიან დიდი უსამართლობაა, რაც ხდება, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ასეთ ბედი გვაქვს. საქართველოშიც ასე ვართ, ხალხს ეშინია, თუმცა შიშსაც აქვს გამართლება.

- კონცერტის დროს სცენაზე ლვოვის ორკესტრიდან მხოლოდ ქალები იყვნენ, რადგან მამაკაცები ომში არიან...

- დიახ, ამ კონცერტში ჩავერთე... ჩვენ ხომ დავიჩაგრეთ იმით, რომ მაშინ არ იყო საზოგადოების ასეთი ერთიანობა!­ მსოფლიოს მასშტაბით ნაკლებად გაშუქდა ჩვენი უბედურება. დღეს თუ არის საშუალება, ვინმეს დავეხმაროთ, უნდა დავეხმაროთ! ჯიბრზე ვერ მოვიქცევით, ჩვენ არავინ დაგვიდგა გვერდით და ჩვენც არავის დავუდგებითო... უკრაინაში რაც ხდება, ძალიან განვიცდი. ჩემი ნათესავებიც იქ არიან და თან ურთულეს მდგომარეობაში, მაგრამ მხოლოდ ნათესავებს არ ვდარდობ, ყველას ბედი მაწუხებს. მიმაჩნია, რომ ახლა ბევრი რამ ყველას შეეხება­ და თუ ერთად დავდგებით, ერთად გადავრჩებით!

მე ჩემი შეხედულებები მაქვს. ვცდილობ, მხარე არ ვიყო, მაყურებელს, საზოგადოებას დიდი პატივისცემით ვეპყრობი. დღეს გაჩერება ვერ წარმომიდგენია, რადგან სინათლეს და ბოროტებას შორის აღმოვჩნდით.