"რუსეთთან კარგად ვიქნებოდით, თუ მოგვექცეოდნენ­, როგორც თანასწორ, მეგობრულ სახელმწიფოს და არა როგორც ვასალს!" - კვირის პალიტრა

"რუსეთთან კარგად ვიქნებოდით, თუ მოგვექცეოდნენ­, როგორც თანასწორ, მეგობრულ სახელმწიფოს და არა როგორც ვასალს!"

"რასაკვირველია, რუსების უმრავლესობას იმპერიალისტური განწყობა აქვს. მე ბევრი მეგობარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო დავკარგე... არის ხალხი, რომელსაც ისე უყვარხარ, შენ გამო შეიძლება ტყვიას გადაეფაროს, მაგრამ არასოდეს აღიარებს აფხაზეთს, როგორც შენს ქვეყანას. ვერაფრით ათქმევინებ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა..." - ამბობს დათო ევგენიძე, რომელიც მიმდინარე მოვლენების შესახებ გვესაუბრა.

- რაც დღეს უკრაინაში ხდება, წარმოუდგენელი არ არის, რადგან ჩვენს ქვეყანას იგივე ბევრჯერ გადახდა და ეს დღესაც გრძელდება. ეს არის რუსეთის ხელწერა. რა სისასტიკის მომსწრეც ახლა გავხდით, იგივე ხდებოდა აფხაზეთში, სამაჩაბლოში... 9 აპრილს ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლას­ შეეწირა... 1978 წელს ჩვენი ძალისხმევით შევინარჩუნეთ ენა... რუსეთმა 1921 წელსაც წაგვართვა თავისუფლება­ და მაშინ დასავლეთს მისთვის ხელი რომ შეეშალა, ახლა სხვა მდგომარეობა გვექნებოდა.

- თქვენ მოსკოვის კონსერვატორია დაამთავრეთ და კარგად იცნობთ რუს ხალხს...

- ხალხი ასეთ ხელისუფლებას რომ ემხრობა, ეს რუსეთისთვის დიდი ტრა­გედიაა!­ მაგრამ არიან დისიდენტები, რომლებიც რეჟიმს დაუპირისპირდნენ და ქვეყნიდან წავიდნენ. საღად მოაზროვნე­ ხალხი ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში. ცნობილი მწერლები და პოეტები გაქცეული იყვნენ რუსეთიდან. კი ბატონო, ვიქნებოდით რუსეთთან კარგად, თუ მოგვექცეოდნენ­, როგორც თანასწორ, მეგობრულ სახელმწიფოს და არა როგორც ვასალს! ჩვენ ყოველთვის თავისუფლებისთვის ვიბრძოდით. ჩვენი­ მეფეები მაშინ ომობდნენ, როცა საჭირო იყო და თავსაც წირავდნენ, რომ ხალხი, ქვეყანა არ დაეღუპათ. დემეტრე თავდადებულის თავგანწირვა ამის ნათელი მაგალითია! ახლაც ჩვენს ქვეყანას ბეწვის ხიდზე აქვს გასავლელი! რაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება, გაერთიანებაა! როგორ შეიძლება ახლა, როდესაც გველეშაპი კართან დგას, ქვეყანა პოლიტიკური ნიშნით იყოს გაყოფილი]?! მთავარი ხომ ქვეყნის გადარჩენაა! გვყავს გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც რუსეთის აგრესიას გმობენ და რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ მათი გულწრფელი პროტესტის საკუთარ პოლიტიკურ ანგარიშზე მიწერა მიუღებელია! ეს ბავშვები მთელი საქართველოს სათქმელს გამოხატავენ. დღეს ყველა ქართველი უკრაინის მხარეს დგას, ჩვენ საერთო ბრძოლა გვაქვს!იმ ბრალდებებს, რომლებიც ჩვენ მიმართ უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ისმის,­ არ ვეთანხმები. არ მახსოვს, 2008 წელს რომელიმე ქვეყანას, თუნდაც უკრაინას, რუსეთისთვის რამე სანქცია დაეწესებინა. არც მეორე ფრონტი გაუხსნია ვინმეს...

- უკრაინელ ხალხს იცნობთ, გქონიათ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა?

- მოსკოვის კონსერვატორიაში ბევრი უკრაინელი მეგობარი შევიძინე. დნეპროპეტროვსკში კურსელი მყავდა, რომელთანაც ერთხანს ვცხოვრობდი... მაშინ არც მიფიქრია, რა განსხვავებაა რუსებსა და უკრაინელებს შორის. პირიქით, მათ ბევრი საერთო აქვთ, დღეს კი ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა მეორეს ესხმის თავს და სასტიკად უსწორდება!

- თქვენ იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ყოველთვის თავისუფლების მომხრე იყო, მაგრამ ცხოვრება, შემოქმედება საბჭოეთის პერიოდში უწევდა... ეს რთული იყო?

- ჩვენი, ხელოვანების, დევიზი ასეთი იყო: "ჩვენ თქვენ არ გგავართ!" თან ჩვენს დროს საბჭოთა კავშირი ისეთი აღარ იყო, როგორიც 1937 წელს. აგენტურა, კა-გე-ბე მუშაობდა, მაგრამ ისე მკაცრად აღარავინ გვეხებოდა. მე არც კომკავშირში შევსულვარ. მოსკოვის კონსერვატორიაში რომ ვსწავლობდი, უკვე პოპულარული ვიყავი და ჩემი ნაწარმოებების უცხოეთში წაღება სურდათ, მაგრამ ამისთვის პარტიაში უნდა შევსულიყავი. მერე რომ გაიგეს, კომკავშირის წევრიც არ ვიყავი, მიხვდნენ, ჩემს პოზიციას არ დავთმობდი... იქაც რევოლუციურად ვცხოვრობდი ჩემი ჩაცმით, საქციელით... ჩემი თავისუფლება სულ თან დამქონდა. მხოლოდ უცხოეთში არ გამიშვეს, მაგრამ არ ვნანობ, რადგან ისეთ კომპრომისზე უნდა წავსულიყავი,­ რომელიც არ მიღირდა. რუსეთში 17 წლის ჩავედი და მალე ყველა არხი ეთერში მიწვევდა... კინომუსიკაში თუ რამ პრიზი არსებობდა, ყველა აღებული მაქვს... კონსერვატორიაში საბჭოთა კავშირში მცხოვრები ყველა ეროვნების სტუდენტები სწავლობდნენ და ბევრი უცხოელიც. ისე მეგობრულად ვცხოვრობდით, შური არავისგან მახსოვს.

- რუსეთში ბედნიერად გატარებული წლები­ გენატრებათ?

- სტუდენტობა, ახალგაზრდობა ყველას ენატრება! მოსკოვში ჩემთან ერთად ბებია იყო, რომელიც ჩემ გამო წამოვიდა­ და ბინა იქირავა. მიუხედავად ამისა, მე მაინც საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ერთი დიდი დღესასწაული იყო იქ ცხოვრება... რუსეთიდან მაშინ წამოვედი, როდესაც პოპულარობის ზენიტში ვიყავი. მხოლოდ რუსეთში კი არა, საფრანგეთში, ამერიკაში, ესპანეთში ათწლიანი ხელშეკრულებები მქონდა და ხელისგულზე მატარებდნენ... 1989 წელს ამერიკაში წავედი და მალე ხუთწლიანი ხელშეკრულებაც დავდე, მაგრამ შვიდ თვეში საქართველოში დავბრუნდი. შემდეგ კანარის კუნძულებზე გავაფორმე ათწლიანი ხელშეკრულება. იქ ოთხი წელი დავრჩი, მაგრამ სამი თვე როგორც კი გავიდოდა, თბილისში­ მოვფრინავდი. იქიდანაც წარმატების ზენიტში წამოვედი...­ საქართველოს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. რაც უნდა წარმატებას მივაღწიო, სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. ჩემი ფესვები საქართველოშია, ჩემი ხე სხვაგან არ ხარობს! არადა, საქართველოში იმის 2%-ც არ მაქვს შემოსავალი, რაც სხვა ქვეყნებში მქონდა. ახლაც შემიძლია საფრანგეთში, ესპანეთში, ამერიკაში წავიდე და პროდიუსერები იმავე პირობებით დამხვდებიან...

- საქართველოში ბევრი რუსი ჩამოვიდა და იყო შემთხვევები, როდესაც მათ აგრესიულად მოექცნენ...

- მთავარია, შემოსულთა ნაკადში არ იყოს ისეთი­ ხალხი, რომელიც მერე საქართველოს პრობლემებს შეუქმნის... რუსების მიმართ უხეშად მოქცევა ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ "სტუმარ-მასპინძლის" ქვეყანა ვართ და ეს მხოლოდ ღვინის ჭიქის დადგმა, ხაჭაპურის მიწოდება არ არის, სტუმარმასპინძლობა მენტალობაა! სტუმარი ღვთისააო, რომ ვიძახით, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის... ემოციურად შეიძლება მეც მაღიზიანებდეს ბევრი რუსის შემოსვლა, მაგრამ ერთი რამ მაოცებს: რუსები 2008 წლის შემდეგაც ჩამოვიდნენ, სულაც ცალმხრივი უვიზო რეჟიმი დაწესდა და მაშინ არ იყო ასეთი აგრესია... უცნაურია...

- თუ გსურთ იმ ქართველ ხელოვანებზე საუბარი, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს?

- არა, ისინი სახსენებლადაც არ მიღირს! ყოველგვარ საზღვარს სცდება მათი საქციელი! ვერ წარმომიდგენია, საკუთარ თავთან მარტო ხომ რჩებიან, რას ფიქრობენ! დღეს ჩვენს თაობას მართებს კონსოლიდაცია ახალგაზრდა თაობასთან. თუ საბჭოთა თაობა სულ რუსულ სიტყვებს იშველიებდა, ახლა ისეთივე სიხშირით ინგლისური სიტყვები ისმის და ჩემთვის ესეც სამწუხაროა... ისეთი სრულყოფილი ენა გვაქვს, რომ არაფრის ჩანაცვლება არ გვჭირდება! ჩვენს ისტორიას გადავხედოთ და მივხვდებით, რა ფასად დაგვიჯდა, რომ დღეს ჩვენს ენაზე ვლაპარაკობთ, სარწმუნოება შევინარჩუნეთ და ჩვენს მიწაზე ვცხოვრობთ... საქართველოს ყოველთვს იდენტური კულტურა ჰქონდა - ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი... ისინი დასავლურ, რუსულ­ კულტურას კარგად იცნობდნენ, მაგრამ ჭეშმარიტ ქართულ ლიტერატურას­ ქმნიდნენ. იგივე იყო მუსიკაშიც. მაგალითად, ზაქარია ფალიაშვილს არავის გავლენა არ ჰქონდა, ნამდვილ ხალხურ მოტივებზე აღმოცენებულ მუსიკას ქმნიდა... ვერაფრით შევეგუები, ვინმემ რამე გვასწავლოს და ქართველებს თითი გვიქნიოს. არ არის საქართველო ის ქვეყანა, ვინმე ზევიდან დაგვყურებდეს...