"მარიუპოლი უკრაინაა და ის არასდროს გახდება რუსეთი!“ - კვირის პალიტრა

"მარიუპოლი უკრაინაა და ის არასდროს გახდება რუსეთი!“

"ერთ საღამოს პურზე ჩავედი და დაბომბვა დაიწყო, ის იყო, კორპუსის ეზოში შევუხვიე, უეცრად ცა წითლად განათდა და ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზარა და გავითიშე. გონზე რომ მოვედი, სარდაფში ვიყავი. ცხვირიდან სისხლს მწმენდდნენ, თავი საშინლად მტკიოდა. ნამსხვრევებისგან ხელები და სახე დასერილი მქონდა. ჩემი ოჯახის წევრები მოვიკითხე, მითხრეს, საავადმყოფოში არიან, მძიმედ დაშავებულიო. მათთან დარეკვა ვცადე, ტელეფონები გამორთული იყო. მივხვდი, რომ ვერ გადარჩნენ. შემდეგ მეზობლებმა მითხრეს, ჭურვი პირდაპირ იმ ბინაში შევარდა და ცხედრებიც ვერ იპოვესო. ასე დავკარგე რამდენიმე დღეში ყველა და ყველაფერი..."

თითქმის ორი თვეა უკრაინის ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი რუს სამხედროებს ბლოკადაში ჰყავთ. ამ ხნის განმავლობაში მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, როგორ არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა 100 ათასზე მეტ მშვიდობიან მოქალაქეს, რადგან რუსი ოკუპანტები არ ხსნიან მწვანე დერეფნებს და ადამიანებს სამშვიდობოს გასვლა ტყვიების წვიმაში უწევთ. სტრატეგიული ქალაქისთვის უმძიმესი ბრძოლები გრძელდება. სამხედრო მოქმედებებს თან ერთვის საინფორმაციო ომი, რუსეთი პერიოდულად ავრცელებს ცნობებს "აზოვის" ბატალიონის წევრების ან 36 საზღვაო ქვეითი ბრიგადის ტყვედ ჩავარდნის შესახებ. აზოვის ბატალიონი ქალაქს­ უდიდესი დანაკარგის ფასად იცავს, რასაც თუნდაც მორალურად უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის. 11 აპრილის ღამეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა დრონით მარიუპოლში, აკრძალული მომწამლავი ქიმიური ნივთიერება "ზარინი" გამოიყენეს, თუმცა­ არ დადასტურდა. როგორც "აზოველებმა" განაცხადეს, სამ მათგანს ჰქონდა მოწამვლის სიმპტომები, ოღონდ არა სიცოცხლისთვის საშიში და მათ ექიმები მეთვალყურეობდნენ. "ზარინს" რუსები სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ასადის მთავრობასთან ერთობლივად იყენებდნენ. რა ნივთიერება გამოიყენეს უკრაინაში ჯერ უცნობია, მაგრამ მეორე დღეს მოწამლულთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. დასავლური და უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ამით ნიადაგი მოსინჯა, როგორი იქნებოდა საერთაშორისო რეაქცია ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე. რადგან მაინცდამაინც მძაფრი გამოხმაურებები არ ყოფილა, შესაძლებელია კრემლის დავალებით ქიმიური იარაღი­ უფრო მასშტაბურად გამოიყენონ როგორც მარიუპოლში, ასევე სხვა ქალაქებში. უმძიმესი რუსული ბლოკადის მიუხედავად, რომელიც 6 მარტს დაიწყო, ქალაქში "აზოველების" გარდა 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა. ქალაქიდან სასწაულებრივად გამოსულები ამბობენ, რომ სამშვიდობოს გასვლამდე ჯოჯოხეთის გზის გავლა მოუხდათ. ელენა შერედკო მარიუპოლში თვეზე მეტხანს დარჩა. შვილებმა უთხრეს, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მაინც გადასულიყო, მაგრამ პაციენტი ვერ დატოვა. ერთ საბედისწერო დღესაც სახლიდან საგარეო ტანსაცმლით, ჩანთაში ჩადებული თეთრი ხალათითა და ქუდით გავიდა. მას შემდეგ არც სახლი უნახავს და არც ოჯახის წევრები.

- ომის პირველივე დღეებში უკვე გასაგები იყო, რომ მტერი ჩვენს ქალაქზე გააკეთებდა გათვლას, მაგრამ ასეთ კოშმარს არ ველოდით. სამსახურში საგარეო ტანსაცმლით წავედი. საბუთები თან მქონდა, სულ თან მიდევს, და მეტი არაფერი დამრჩა. სამსახურის შემდეგ "კარიტასში" უნდა წავსულიყავი, სადაც პაციენტი მყავდა. როგორც ახლახან გავიგე, რუსმა ოკუპანტებმა ყველანი დახოცეს. ჩემს მეუღლეს დავურეკე, რომელიც მოხალისედ იყო წასული, უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს პურს, წყალს, მედიკამენტებსა და სხვა საჭირო ნივთებს აწვდიდა. ამიტომ სახლიდან დილით ადრე გადიოდა და შუადღეს, ჩემზე ადრე ბრუნდებოდა, ისვენებდა განგაშის სიგნალამდე, შემდეგ ისევ მიდიოდა. განგაშის სიგნალს, სარდაფში გაქცევას, აფეთქების ხმებს, მაროდიორებს, დივერსანტებს უკვე შეჩვეული ვიყავით. უეცრად მთელი კორპუსი, ქუჩა, ქალაქი გავერთიანდით. რუსი მეზობლები, რომლებიც მანამდე ხუმრობით მაინც ახსენებდნენ თავიანთ ეთნიკურობას, ერთ დღეში უკრაინელები გახდნენ, უფრო სწორად, ყველანი მარიუპოლელები გავხდით. "კარიტასში" დაბომბილი სახლების ამბავი დავაზუსტე და მათ შორის ჩემი სახლიც აღმოჩნდა. ახლობლები­ მირეკავდნენ, სანამ ყველაფერი დასრულდება, ჩემთან დარჩი, მერე ყველაფერს მოევლებაო...

bavshvebi2-1650201205.jpg

მეუღლე "კარიტასში" დავიბარე, არ მინდოდა წინასწარ მეთქვა, ვინაიდან ბოლო ხანებში გული აწუხებდა. დაბომბილ ქუჩებში, ჩამოქცეულ კორპუსებსა და სხვადასხვა­ შენობაში ძლივს გავიკვლიეთ გზა ჩვენი ქუჩისკენ, ძლივს ვიცანი ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩვენი კორპუსისთვის ჭურვი უსვრიათ, შუაში თაღი ჰქონდა და ის ნაწილი გამონგრეული იყო, დანარჩენი მოწყენილი ადამიანის მხრებივით იყო ჩამოცვენილი... ჩვენი სახლიდან რაც დარჩა, იმ ადგილას მაშველები მუშაობდნენ. სამი მოხუცი, რომლებიც მხოლოდ აივანზე ახერხებდნენ გამოსვლას, დაიღუპნენ. დაიღუპა ქალი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. მის ბინას გისოსები ჰქონდა და ცეცხლმოკიდებული სახლიდან ვერ გამოიყვანეს. ეს იყო პირველი უმძიმესი დარტყმა, რომელიც რუსეთმა მოგვაყენა, მაგრამ ეს დასაწყისი ყოფილა. ჩემი მეუღლე მამშვიდებდა, ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ, შვილები დაგვეხმარებიან, ყველაფერს ხელახლა ავაშენებთო. ამის შემდეგ სულ რაღაც ერთ საათში ახალი იერიში წამოიწყეს და რამდენიმე წუთში ჩემი ქუჩა აღარ არსებობდა. საშინელი ხმა ჰქონდა დარტყმას, აფეთქებას და შემდეგ კორპუსების კედლების ჩამოშლას, შუშების მსხვრევას... აქედან რამდენიმე წუთში აუცილებლად ვიღაცის განწირული კივილი იწყებოდა. თავშესაფრიდან გამოსვლის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე მექანიკურად მაინც სახლისკენ მივდიოდით, შორიახლოს ჩამოვსხდებოდით და იქაურობას ვუყურებდით. შვილები გამუდმებით­ გვირეკავდნენ, წამოდითო, მაგრამ ქალაქი ვერ დავტოვე. იქვე ახლოს ავადმყოფ ბავშვს ვუვლიდი,, რომლის მამა ომში იყო, დედას კი კიდევ ერთი პატარა ჰყავდა.

- ღამეს სად ათევდით?

- მასთან გადავედით, მან შეგვიფარა. გვაჭმევდა, გვასმევდა, ერთი ოთახი დაგვითმო. ჩვენც ვეხმარებოდით, ბავშვს ცერებრალური დამბლა ჰქონდა და ეტლში იჯდა. ომის დაწყებამდე ეტლიდან გადმოვარდა და ბარძაყი მოიტეხა. თაბაშირი ედო. ბავშვს სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა და გადასხმებსა და მასაჟებს ვუკეთებდი, ვესაუბრებოდი. განგაშის დროს დედას ხელში აყვანილი მიჰყავდა თავშესაფარში, შემდეგ კი ჩემი მეუღლე ეხმარებოდა. ისე დაუმეგობრდა, მის გარეშე არ იძინებდა, დედა ამბობდა, ასე მამის მონატრებას გამოხატავსო... ერთ საღამოს პურზე ჩავედი და დაბომბვა­ დაიწყო, ის იყო, კორპუსის ეზოში შევუხ­ვიე, უეცრად ცა წითლად განათდა და ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზა­რა და გავითიშე. გონზე რომ მოვედი, სარდაფში ვიყავი. ცხვირიდან სისხლს მწმენდდნენ, თავი საშინლად მტკიოდა. ნამსხვრევებისგან ხელები და სახე დასერილი მქონდა. ჩემი ოჯახის წევრები მოვიკითხე, მითხრეს, საავადმყოფოში არიან, მძიმედ დაშავებულიო. მათთან დარეკვა ვცადე, ტელეფონები გამორთული იყო. მივხვდი, რომ ვერ გადარჩნენ. შემდეგ მეზობლებმა­ მითხრეს, ჭურვი პირდაპირ იმ ბინაში შევარდა და ცხედრებიც ვერ იპოვესო. ასე დავკარგე რამდენიმე დღეში ყველა და ყველაფერი...

bavshvebi3-1650201205.jpg

დაბომბვა არ ჩერდებოდა. დენი გაითიშა, ელექტროსადენები დაწყდა, ინტერნეტი აღარ გვქონდა. რამდენიმე დღეში წყალი, გათბობა, საკვებიც სანატრელი გაგვიხდა. თავშესაფარში ხალხის დიდ ნაწილს, მოხუცებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, წნევა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ონკოლოგიური პაციენტებიც იყვნენ, მაგრამ მედიკამენტები ან ამოგვეწურა, ან ოკუპანტებმა წაგვართვეს. ერთხელ ძლივს მივაგენით დაბომბილ აფთიაქს, კარი გავხსენით და რაც კი ხელში მოგვხვდა, ყველაფერი გამოვზიდეთ, გზაში მაროდიორები შემოგვხვდნენ და ყველაფერი წაგვართვეს. მოხუცები თანდათან გვაკლდებოდნენ... სანამ თოვლი იყო, ვაგროვებდით, ვადნობდით და დასალევად ვიყენებდით, შემდეგ ისიც დადნა. ბევრი გაუწყლოებით დაიღუპა. წყლის მოსაპოვებლად გასული სნაიპერის სამი­ზნე ვხდებოდით, ზოგი ფეხებში გვესროდა, ზოგი პირდაპირ ზურგში, ზოგიც გვაფრთხილებდა, აღარ გაგვევლო იმ გზაზე, თორემ მოგვკლავდა. ეს წყურვილით სიკვდილს ნიშნავდა და მაინც მივდიოდით...

ერთი ბიჭი იყო, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, ტყვიის ამოღებაში, ჭრილობის დამუშავებაში, გაკერვაში მეხმარებოდა. არ ვიცი, საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია, მაგრამ მთელი ღამე შეეძლო პაციენტს თავზე დასდგომოდა.

- გააღწია თუ დარჩა?

- არა, ჩემზე ადრე წავიდა. იმედია, მშვიდობით გააღწია. გვარ-სახელიც მახსოვს. იმედია, ოდესმე ვნახავ მის მონაცემებს, შესანიშნავი ექიმი დადგება, რადგან იმ ჯოჯოხეთში დიდი გამოცდილება მიიღო.

მე და ჩემმა მეზობლებმა პირველად დედა-შვილი დავმარხეთ. წყალზე გასულ 26 წლის ქალს, რომელსაც ხელში ბავშვი ჰყავდა, ესროლეს. სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი ბავშვსაც. ახლოდან იყო ნასროლი, ან ქალი მტერს უეცრად შეეფეთა და იმანაც იმპულსურად გაუხსნა ცეცხლი, ან გაქცევას ცდილობდა და მთელი ჯერი მიუშვა. საღამოს ჩვენი შენობიდან რამდენიმე მეტრში ვიპოვეთ.

მარიუპოლში რუსები ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ისინი კი არა, ჩვენები, კერძოდ, "აზოველები", მათი თქმით, "ნეონაცისტები" გვესროდნენ. არადა, ვხედავდით, როგორ დაუნდობლად გვისწორდებოდნენ. ბოლო დღეებში იქაურობა იმ ადამიანებით იყო სავსე, ვინც მანამდე დივერსანტობდა, რუსებს ჩვენზე ინფორმაციას აწვდიდა. შიმშილისგან წაქცევამდე მისულ ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ რუს მეგობრებთან ერთად უცხოეთში გადასვლაში დაეხმარებოდნენ. ერთხელ ვიღაც ბიჭი მოვიდა, ბოთლებით რძე და პური მოგვიტანა. რუსი მაშველი ვარ, თქვენს დასახმარებლად მოვედი, ვიცი, რომ აქ უმეტესად რუსულად ლაპარაკობთ, დასავლეთ უკრაინისგან განსხვავებით, დაგვეხმარეთ, ერთად მოვიშოროთ ეს "ნეონაცისტები" და მშვიდად, ტკბილად ვიცხოვროთ, ჩვენ ერთი სისხლი გვაქვსო, თან ყველას გვაკვირდებოდა. იცოდა, რომ იქ მყოფთაგან უმეტესობას შვილი, ძმა, ქმარი "აზოვში" ჰყავდა. მისი იდეა არავინ აიტაცა, რაზეც ძალიან გაბრაზდა. ახლა ნახეთ, რაც მოგივათო. მალე ჩვენი შენობაც დაბომბეს და სხვადასხვა შენობის სარდაფებში გადავნაწილდით. შემდეგ გავიგე, რომ ბევრი მათგანი დახვრიტეს, გააუპატიურეს, აწამეს, შვილები წაართვეს, რუსეთში გადაასახლეს... ამის მიუხედავად, კიდევ მოდიოდნენ. ჩვენს რუს მეზობლებს ეუბნებოდნენ, ჩვენ კი არა, უკრაინელები გებრძვიან, ჩვენ თქვენს გასათავისუფლებლად გამოგვგზავნეს, დაგვეხმარეთ, რომ ჩვენც დაგეხმაროთო, ბინძური ტანსაცმლის ჯიბიდან, გამოტენილი ზურგჩანთებიდან, უბეებიდან კი ჩვენი დანგრეული სახლებიდან მოპარული ნივთები მოუჩანდათ. ერთმა მოხუცმა კაცმა უთხრა, ასე ჭუჭყიანმა ჯარისკაცმა მე რა უნდა მიშველოს, თავად ხართ საშველებიო. მაშინვე დახვრიტეს. სხვა მეთოდებიც ჰქონდათ. რამდენიმედღიანი ინტენსიური სროლის შემდეგ თუნდაც რამდენიმე საათით გარეთ გამოვდიოდით ჰაერზე. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, ჩვენც უკრაინელები ვართ, გვითხრეს, რომ ჩვენი სამხედროები აღარ არიან, ყველანი დახოცეს, წამოდით, თქვენები ამოიცანით, დავმარხოთ და შემდეგ კი აქვე სამაშველო ავტობუსები დგას და იმაში ჩავსხდეთო. რატომღაც ვერ მოიფიქრეს, რომ ჩვენი ხალხის აქცენტს მაშინვე ამოვიცნობდით. იქ კი არა, აქ, საქართველოში, ბევრი იბრალებს უკრაინელობას, რათა შეღავათებით ისარგებლოს. ჩვენ მათ ვცნობთ, სხვებს, ალბათ, უჭირთ გარჩევა... დივერსანტებმაც იცვალეს სახე, ჩვენი ნდობის მოპოვებას ცდილობდნენ. ერთი-ორჯერ "კადიროველებთან" ერთად მოვიდნენ, შაქარი და პური მოგვიტანეს, ყველაფერი დასრულდა, თქვენს ხელისუფლებას აქაურები აღარ ადარდებს, კიევის დაცვაზეა გადართულიო. ჩვენ ხომ არავითარი ინფორმაცია არ გვქონდა, თითქმის ორი თვე გაყინულ სარდაფებში ვისხედით. ბავშვებს ფეხებზე ვირთხები გადაურბენდნენ. დაჭრილებს ზედ ახტებოდნენ, ვმორიგეობდით, რომ არ დაეკბინათ. მოხუცები ამბობდნენ, ომში ასე ხდება, ვირთხები სისხლის სუნს ყველაზე პირველად იგებენო. ეს პირველ ხანებში, თორემ შემდეგ სადღა იყვნენ მოხუცები, თითქმის ყველა დაგვეხოცა. მახსოვს, ბავშვს კბილი სტკიოდა. დამაყუჩებელი აბის ჩადება მინდოდა, მაგრამ არ მიმიშვა, შენ მკვდრებს უვლი, მე კი ცოცხალი ვარო.

- ოკუპანტებმა არ იცოდნენ თქვენი პროფესიის შესახებ?

- გაიგეს და ნადირობა გამოაცხადეს ჩემზე. ბოლო დღეებში აღარაფრის­ თავი აღარ მქონდა, არც ავადმყოფის მოვლის, არც მკურნალობის, ან სადღა გვყავდნენ ავადმყოფები, მალევე იხოცებოდნენ, მაგრამ მანამდე ქუჩა-ქუჩა დავდიოდით და ცხედრებს ჯიბეებს, ჩანთებს ვუმოწმებდით, რამე ხომ არ ჰქონდათ შერჩენილი. ასე ნაპოვნი მედიკამენტებით მე და იმ სტუდენტმა უამრავი ბავშვი გადავარჩინეთ მაღალი სიცხისგან კრუნჩხვაში ჩავარდნას, მოხუცები - წნევით სიკვდილს, დაჭრილებს დაფქვილ დამაყუჩებელს ჭრილობაზე ვაყრიდით... როგორც შეგვეძლო ისე ვიბრძოდით სიცოცხლისთვის. ამაში ქუჩაში ჩაცხრილული ან აფეთქების დროს დაღუპული საცოდავი თანამემამულეები "გვეხმარებოდნენ" - თავიანთთვის შენახულ მედიკამენტებს, პურს, შაქარს, უბეში დამალულ წყლის ბოთლებს გვიტოვებდნენ...

ჩემი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსეთის მიწასთან გასასწორებლად ყველას ჩვენი წილი სიმართლე გვექნება მოსაყოლი მსოფლიოსთვის. ჩვენ მხოლოდ პუტინი, პოლიტიკოსები კი არა, ყველა რუსი გვებრძოდა. ჩექმაგამოხეული რუსი რიგითი თავშესაფრიდან ჰაერზე გამოსულ მოხუცს სახეში მხოლოდ იმიტომ ურტყამდა, რომ ჩვენ გვძულს რუსეთის რეჟიმი და დამოუკიდებლობა გვინდა. შენ რომ კარგი კაცი იყო, შენს შვილებს ჩვენს მტრებად არ გაზრდიდიო. ამბობენ, რომ რუს დივერსანტებს ბევრმა დაუჯერა და ისინი რუსეთში წაიყვანეს, მათ შორის, ზოგი ძალითაც, და ციმბირში ჩასახლებას უპირებენ. ხანდახან მართლა მეგონა, რომ მარიუპოლელები არავის ვადარდებდით, მაგრამ სამშვიდობოს გამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ ლამის მთელი მსოფლიო დარდობდა და ტიროდა ჩვენზე. ახლა უკვე მჯერა, რომ ჩემი გმირი ხალხი გაყინულ სარდაფებში მარტო არ არის, ეს კი იმედია, რომ რაღაც შეიცვლება. მარიუპოლი უკრაინაა და ის არასდროს გახდება რუსეთი!