"ვერასდროს დავივიწყებ იმ ჯოჯოხეთურ დღეებს, მარიუპოლის სარდაფში რომ გავატარე“ - კვირის პალიტრა

"ვერასდროს დავივიწყებ იმ ჯოჯოხეთურ დღეებს, მარიუპოლის სარდაფში რომ გავატარე“

"თუ სარდაფში ყოფნისას ყოველთვის მშვიდობიანი, ბედნიერი სიზმრები მესიზმრებოდა და გაღვიძების მეშინოდა, ახლა პირიქით - სულ ომი და სიკვდილი მესიზმრება. მინდა ამ ყველაფრის დავიწყება, თუმცა, ვიცი, ვერასდროს დავივიწყებ იმ ჯოჯოხეთურ დღეებს, მარიუპოლის სარდაფში რომ გავატარე", - ამბობს ლიუდმილა ბეიტერი. ქალბატონი ლიუდმილა ქართველების რძალია, ის უკრაინაში მებრძოლი ირაკლი ქურასბედიანის მეუღლეა.

- დავიბადე და გავიზარდე მარიუპოლში, მომავალი მეუღლეც იქ გავიცანი.­ ირაკლი 2014 წელს ჩამოვიდა უკრაინაში და 2018 წელს ვიქორწინეთ. 24 თებერვალს, როდესაც ომი დაიწყო, ირაკლი დონბასში იყო, მე და ჩემი შვილი კი მარიუპოლში.

ომის დაწყებაზე სულ ლაპარაკობდნენ,­ მაგრამ არავის სჯეროდა, რომ ასეთი მასშტაბური იქნებოდა. მარიუპოლი ბლოკპოსტიდან 20 კილომეტრშია. 2014 წლიდან ჩვენამდე პერიოდულად აღწევდა სროლის ხმა, მაგრამ 24-ში, დილის 5 საათზე,­ გაგვა­ღვიძა უკრაინის ჩრდილოეთში მცხოვ­რები ნათესავების ზარმა. მათ უკვე იცოდნენ, რომ კიევთან ისროდნენ. პირველივე დღეებში ევაკუაცია დაიწყო, დამატებითი მატარებლებიც დაინიშნა, მაგრამ მარიუპოლელები ქალაქიდან წასვლას არ ჩქარო­ბდნენ. პირველი მარტიდან ცენტრი გრადებით დაიბომბა­, ყუმბარები სახლებს ეცემოდა, იყვნენ დაჭრილები, დაღუპულები...­ 2 მარტს მთელ ქალაქში გამოირთო დენი, შეწყდა წყალი, გაზი, ინტერნეტი. ბლოკადაში აღმოვჩნდით. ბრძოლები უკვე ქალაქის ყველა მხარეს მიმდინარეობდა. ჩვენი სახლი სამხედრო ობიექტის ახლოს იდგა, ამიტომ დედაჩემის სახლში გადავედით. დედას კორპუსი 14-სართულიანია და ჩვენი ფანჯრებიდან ჩანდა დაბომბილი ქუჩები... 2 მარტს ჩვენთანაც ჩამოცვივდა ყუმბარები, დაზიანდა გვერდით კორპუსი, მანქანები, დედაჩემის ბინას ერთი ფანჯარაც აღარ შერჩა და მივხვდით, დრო იყო, სარდაფში ჩავსულიყავით. დედა შინ დარჩა. გვითხრა, რომ ლიფტის უჯრედში გავიდოდა, სადაც რამდენიმე მეზობელი იყრიდა თავს. დაბომბვის დროს ეს შედარებით უსაფრთხო ადგილად ითვლება. ჩვენი სახლის გვერდით ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებისთვის კორპუსი აშენდა, დიდი სარდაფი ჰქონდა და იქ ჩავედით. მამაკაცებმა ეზოდან სკამები ამოთხარეს და სარდაფში ჩამოიტანეს; უფლება მოგვცეს, ჩამოგვეხსნა ბინების კარებები, რომლებსაც იატაკზე ვაწყობდით და ვწვებოდით.

- რამდენი დღე გაატარეთ სარდაფში?

- 16... სარდაფი ნელ-ნელა ივსებოდა, დასაწოლი ადგილი აღარ იყო და სკამებზე ეძინათ. სრულ იზოლაციაში ვიყავით. არ ვიცოდით, რა ხდებოდა არათუ ქვეყანაში, მარიუპოლშიც კი. სარდაფში ძალიან ციოდა, გვშიოდა... მერე მაროდიორობა დაიწყო, თუმცა, ერთი მხრივ, მესმის კიდეც­ ადამიანების, რომლებიც საკვებისთვის მაღაზიებს ტეხდნენ... პირველ დღეებში სამხედროებმა გაგვიღეს დიდი სუპერმარკეტი­ და სარდაფში იქიდან მოჰქონდათ საჭმელი. ანთებდნენ ცეცხლს, წყალი რომ აგვედუღებინა. თუ წვიმდა, წვიმის წყალს ვაგროვებდით, თუ თოვდა, თოვლს ვადნობდით. მერე ვიღაცამ თქვა, მეზობელ კორპუსში გათბობის სისტემა გახსნესო. ყველამ რაღაც ჭურჭელი მოიმარჯვა და იქით გაიქცა. ამ წყალს ნაჭერგადაფარებულ ჭურჭელში ასხამდნენ, რომ გაფილტრულიყო, ადუღებდნენ და სვამდნენ. ჩვენი რაიონი მუდმივად იბომბებოდა. სადაც თავს ვაფარებდით, იმ სახლის ზედა სართულები საერთოდ ჩამოიშალა, მაგრამ, ალბათ, ახალი კორპუსი რომ იყო, ამიტომ გადავრჩით და სარდაფში არ ჩავიმარხეთ.

- ამ ხნის განმავლობაში დედა კვლავ სახლში იყო, თუ ისიც ჩაიყვანეთ სარდაფში?

- დედა სახლში 8 მარტამდე დარჩა, მერე კი, როცა ყუმბარები მის კორპუსსაც მოხვდა, კატეგორიულად მოვთხოვე სარდაფში ჩამოსვლა... დაბომბვების დროს პატარა გოგონა, ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალი დაიჭრნენ. კაცს რთული ჭრილობა ჰქონდა, ამიტომ გარისკეს, მანქანა დაქოქეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, რომელიც იმ დროს ჯერ ისევ მუშაობდა... ერთ-ერთი­ დაბომბვისას დაგვეღუპა მამაკაცი, სარდაფში კი ასაკოვანი ქალბატონი გარდაიცვალა. მათი დასაფლავება შეუძლებელი იყო, ამიტომ გვამები კორპუსის უკან გაიტანეს და რაღაცები გადააფარეს. 10-11 მარტიდან ეზოში უკვე იდგნენ რუსები, რომლებიც ყველაფერს ესროდნენ და ბომბავდნენ.

- რუს სამხედროებს კონტაქტი ჰქონდათ თქვენთან?

- ერთხელ მოვიდნენ, ათნი იქნებოდნენ, ერთ-ერთ ქალბატონს დაუძახეს და უთხრეს, რომ სარდაფიდან ყველა მამაკაცი ამოეშვა საბუთებიანად, თორემ დაგვბომბავდნენ. 50-70-მდე მამაკაცი გავიდა და კარგა ხანს ამოწმებდნენ, ეძებდნენ, მათ შორის ხომ არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მერე ჰაერში ისროლეს ფსიქოლოგიური ტერორისთვის­ და გამოუშვეს... ქალაქი მთლიანად გაანადგურეს, იწვოდა სახლები, ავიაცია მუდმივად ბომბავდა ქალაქს. ღამით სიბნელეში გესმის, რომ მოფრინავს რაღაც,­ მაგრამ სად ჩამოაგდებს ბომბს, არ იცი. მერე ისმის აფეთქების ხმა, სადღაც იქვე, და ხვდები, რომ შენ გადარჩი, მაგრამ გვერდით ვიღაც დაიღუპა...

- მარიუპოლის დრამატული თეატრი ახლოს­ იყო თქვენთან?

- სამ კილომეტრში. ჩვენი სარდაფი ახლოს იყო ერთ-ერთ პროვაიდერთან და ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მარიუპოლში­ ვერა, მაგრამ სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში დარეკვა შეიძლებოდა. ვიცოდით, კომენდანტის საათისას თუნდაც მკრთალი სინათლე სნაიპერის ყურადღებას იპყრობდა, მაგრამ ვრისკავდით, რათა ახლობლებისთვის ხმა მიგვეწვდინა, რომ ცოცხლები­ ვიყავით. მერე ეს საშუალებაც გაქრა და მთლიანად მოვწყდით სამყაროს. ბევრმა ახლაც არ იცის არაფერი ახლობლების შესახებ...

ukraina2-1650202657.jpg

- ამბობენ, პუტინი ელოდა, რომ საზღვრ­ისპირა რუსულენოვანი მოსახლეობა ყვავილებით შეხვდებოდა რუსებს...

- რაც ახლა მარიუპოლში ხდება, ხდება იმიტომ, რომ 2014 წელს ის დარჩა უკრაინულ ქალაქად. ჩვენ განვვითარდით, აღმშენებლობა დაიწყო და ეს არ გვაპატიეს­. დღეს შენობების 90% დანგრეულია, მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია...

- ბუჩის შემდეგ ბევრს ეშინია, რომ მარიუპოლში უარესი სურათი დახვდება...

- დიახ, მარიუპოლი ნახევარმილიონიანი ქალაქია, ბუჩისგან განსხვავებით, ამიტომ დაკარგული და დაღუპული მეტი იქნება. თუნდაც თეატრში რამდენი ადამიანი აღმოჩნდება ნანგრევებში... ჩვენთან ახლოს მდებარე სპორტული კომპლექსიც მიწასთან გაასწორეს. მის სარდაფს ხალხი აფარებდა თავს... მარიუპოლი დიდ სასაფლაოდ გადაიქცა. ხალხს მარხავენ ეზოებში, საბავშვო მოედნებზე, ზოგს კი ვერც მარხავენ... დაბომბვისას სარდაფებში ცხოველებიც შემორბოდნენ. ჩვენ მათ ვუშვებდით, მაგრამ დიდი ხნით ვერა, რადგან ადგილი აღარ იყო. მეზობელი კვარტლიდან ქალებმა­ ბავშვებითა და ეტლებით ძლივს გამოაღწიეს და ისინიც ჩვენს სარდაფს მოადგნენ... შემოსასვლელთან იყო პატარა ადგილი, რომელსაც 400-მდე კაცი საპირფარეშოდ ვიყენებდით, მაგრამ მერე შეძლებისდაგვარად გავასუფთავეთ და ისინი იქ დავასახლეთ...

- როგორ დააღწიეთ თავი ამ ჯოჯოხეთს?

- ვიღაცები რისკავდნენ, მიდიოდნენ მანქანით ამბის გასაგებად, მერე ბრუნდებოდნენ და ამბობდნენ, 150 მანქანამდე მოგროვდა, მაგრამ არაფერი ისმის ჰუმანიტარულ დერეფანზე და არც პასუხის გამცემია ვინმეო. ჩვენც ვიცდიდით... 17 მარტს რამდენიმე ოჯახი წავიდა და უკან არ დაბრუნებულან, მაგრამ არ ვიცი, გააღწიეს ქალაქიდან თუ ვერა... სარდაფში ჯდომისას სულ მჯეროდა, რომ ჩემი ქმარი ამ ჯოჯოხეთიდან გამოგვიყვანდა. ეს იმედი მაძლებინებდა. პერიოდულად სარდაფში ვიღაცები შემოდიოდნენ და სახელებსა და გვარებს ხმამაღლა­ იძახდნენ. ეს ნიშნავდა, რომ ახლობელმა მოახერხა და მათ ქალაქიდან გასაყვანად­ ეძებდა. ამ დროს ვფიქრობდი, რომ სარდაფში მსხდომნი ვგავდით უპატრონო ბავშვთა სახლის ბინადრებს, რომელთაგან ზოგი იშვილეს, დანარჩენები კი გაფართოებული თვალებით ველოდით, ჩვენ როდის გვიშვილებდა ვინმე... ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. ჩემთან ერთად სარდაფში იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი შვილთან ერთად. ჩვენი შვილები ერთად გაიზარდნენ, მერე საზღვაო სასწავლებელშიც ერთად ჩააბარეს... ჩემს მეგობარს სარდაფიდან­ 500-600 მეტრში ჰქონდა ავტოფარეხი, სადაც მანქანა იდგა, თუმცა გარეთ ტყვიების წვიმა მოდიოდა და ცხვირს ვერ ვყოფდით. 18 მარტს სარდაფში ვიღაც ქალი და კაცი შემოვიდნენ და ჩემი და ჩემი შვილის სახელები დაიძახეს. გვითხრეს, მოემზადეთ, უნდა წავიდეთო. ფეხით უნდა გადავიდეთ სხვა რაიონში, ხვალ კი ქალაქიდან გაგიყვანთო. ვუთხარი, რომ ჩემი მეგობრისა და მისი შვილის გარეშე­ არსად წავიდოდი. მათი მანქანაც ვახსენე... გვითხრეს, თქვენს ბიჭებთან ერთად წავალთ და გავარკვევთ თუ კიდევ არებობს ეს ავტოფარეხი და მანქანაო... ჩვენი ბიჭები 18 წლის არიან. წავიდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ისეთი­ სროლა ატყდა - ტანკები, ავტომატები ყველა მხრიდან ერთდროულად ისროდნენ.­ ჩვენ ჯერ ვლოცულობდით, მერე დავდუმდით და თავები ჩავგრეთ, რომ არ გვეყვირა, გვეტირა... აღმოჩნდა, რომ ღმერთი ჩვენს მხარეს იყო - სამივე უვნებელი დაბრუნდა, თურმე გზად სხვადასხვა სარდაფს აფარებდნენ თავს. მანქანაც უვნებელი დახვდათ ფარეხში, გამოიყვანეს და სარდაფთან ახლოს მოვიდნენ... როგორმე მანქანამდე უნდა მიგვერბინა. ეს გზა, ალბათ, ყველაზე გრძელი იყო ჩემს ცხოვრებაში...

უწყვეტი სროლა ისმოდა, რაღაცები ფეხებთან გვიფეთქდებოდა, ჩვენ კი მივრბოდით. ხელი მქონდა ჩაჭიდებული დედაჩემისთვის, რომელსაც სირბილი არ შეეძლო, ფაქტობრივად, მივათრევდი და ვყვიროდი: "ცოტაც გაუძელი, დედა!" გზად ცხედრები გვხვდებოდა, ჩვენ კი უკან მოუხედავად გავრბოდით... ძლივს მივაღწიეთ მანქანამდე, ჩავსხედით და ეზო-ეზო გავედით ქალაქის მეორე მხარეს, სადაც შედარებით სიმშვიდე იყო. ღამე იქ გავათენეთ და დილით უკვე ორი მაქანით წამოვედით. პირველი ბლოკპოსტი ყველაზე ძნელი გადასალახავი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მამაკაცებს ამოწმებდნენ. საბუთების გარდა, უმოწმებდნენ ტატუებს, ნაიარევებს, ტელეფონებს, ფოტოებს, მიმოწერას, კონტაქტებს... ტელეფონებიდან რაღაცები წავშალეთ, მაგრამ ჩემს შვილს ტატუ აქვს სამხედრო თემატიკაზე და მითხრეს, თქვენ მიბრძანდით, ეს კი მიგვყავსო. წაიყვანეს... ვემუდარებოდი, გამოეშვათ, ვუხსნიდი, რომ მეზღვაურია და არა სამხედრო, ჩემს ტელეფონში ვაჩვენებდი ფოტოებს, როგორ დებდა ფიცს საზღვაო სასწავლებელში... ბოლოს დავარწმუნე, ალბათ, ღვთის ნებაც იყო და ცოტა ხნის შემდეგ გამოუშვეს. მერე გზაში მიამბო, რომ კომენდატურაში დაჩოქილი და თავზე ტომარაჩამოცმული მამაკაცები ნახა... გზა განვაგრძეთ და ოკუპირებულ ბერდიანსკამდე მივედით... მერე ზაპოროჟიემდე 15 ბლოკპოსტი გავიარეთ. გარშემო სახლები იწვოდა, ისროდნენ, ჩვენ კი მივქროდით და თან ვლოცულობდით... მადლობა ღმერთს, მშვიდობით გამოვაღწიეთ... ზაპოროჟიეში დიდი ჰუმანიტარული შტაბია და იქ ხვდებიან გამოსულებს...

- ახლა სად ხართ?

- ლვოვში. ჩემი მეგობარი აქ მოდიოდა და ჩვენც აქეთ ავიღეთ გეზი. ირაკლის მეგობრები დაგვხვდნენ, სახლი, საჭირო ნივთები, ტანსაცმელი დაგვახვედრეს... ლვოვში პირველი კვირები განსაკუთრებულად მიჭირდა. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ უნდა განვაგრძო ცხოვრება. თუ სარდაფში ყოფნისას მშვიდობიანი, ბედნიერი სიზმრები მესიზმრებოდა და გაღვიძების მეშინოდა, ახლა, პირიქით, სულ ომი და სიკვდილი მესიზმრება. ამ ყველაფრის დავიწყება მინდა, თუმცა ვიცი, ვერასდროს დავივიწყებ იმ ჯოჯოხეთურ დღეებს, მარიუპოლის სარდაფში რომ გავატარე. ახლა ჩვენი სახლი მთელი უკრაინაა. ირაკლის მეგობრებმა მკითხეს, ომის დამთავრებამდე ევროპაში ან საქართველოში ხომ არ წახვალო, მაგრამ ვუპასუხე, რომ ჩვენი ოჯახი უკრაინას არ დატოვებს და გამარჯვებას აქ დაველოდებით.