"აფხაზი ახალგაზრდები ქართულ მხარეს გარბიან“ - კვირის პალიტრა

"აფხაზი ახალგაზრდები ქართულ მხარეს გარბიან“

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოდროინდელ პრობლემებს აფხაზები "უმძიმეს განსაცდელს" უწოდებენ. რუსეთის გადაწყვეტილება, შეამციროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფინანსური დოტაცია, ასმაგი სიძვირე, მაინინგფერმების გამო გამწვავებული ელექტროენერგიის დეფიციტი, უკრაინის ომში რუსეთისთვის შეპირებული "სამხედრო დახმარება" - ეს არ არის პრობლემების არასრული ჩამონათვალი, რაც ამჟამად ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას აშფოთებს. აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ "გაუსაძლისი პირობების გამო აფხაზი ახალგაზრდები ხშირად გადადიან საქართველოში საცხოვრებლად. იღებენ განათლებას, ქმნიან ოჯახებს და საქართველოს მოქალაქეობას იღებენ".

სოხუმელი ლელა ძაძამიას თქმით, ახალგაზრდა აფხაზები უფრო სტაბილური­ მომავლის შესაქმნელად, "იოლ გამოსავალს" პოულობენ: "ჩვენი ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი, რომელმაც მომავალი უნდა შექმნას, საცხოვრებლად საქართველოში გარბის და იქ იღებს მოქალაქეობას­, აბარებს ქართულ უმაღლეს სასწავლებელში, არ იხდის სწავლის გადასახადს, აძლევენ ბინას, დასაქმების შესაძლებლობას... ცოტა ხნის შემდეგ თავიანთი ოჯახიც მიჰყავთ. ამას წინათ ისეთი ოჯახი წავიდა, რომ გამიკვირდა. ბიჭების დედამ მითხრა, ოცდაათი წელია არაფერი იცვლება, ჩემი ძმისშვილი ავტოავარიაში "გაურკვეველ ვითარებაში" დაიღუპა,­ არადა, ამბობენ, რომ იქ რუსი ტურისტები დრიფტაობდნენ და გაჩერებულ მანქანაში მჯდომ ახალგაზრდას დაეჯახნენ, მაგრამ გარშემო კამერები არ იყო და ვერავინ ვერაფერი დაინახაო..."

"მეც გავიგე, ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში რომ გადადიან საცხოვრებლად. იქ მშვიდად ცხოვრების პერსპექტივა აქვთ... სანამ მოღალატეს დამიძახებთ, აგიხსნით: ხუთი შვილი მყავს, ქმარს კი 6.300 რუბლი აქვს ხელფასი. ამიხსენით, როგორ ვარჩინო შვილები?!.. სამშობლოსა და პატრიოტიზმზე ნუ მელაპარაკებით, როდესაც ჩემს შვილებს შიათ... ჩვენ ასეთი მომავლისთვის არ გვიბრძოლია. ჩვენს მაღალჩინოსნებს ყველაფერი აქვთ: აგარაკები, ბიზნესი, პირადი დაცვა, ჯიპები, ჩვენ კი შიმშილის პირას ვართ. ომი არ არის, მაგრამ მალე ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყება", - წერს ანა წვიჟბა.

"როგორც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, საქართველოსთან ყველანაირი კონტაქტი უნდა გაწყდეს. ქართული დროშა აფხაზეთში ვერასდროს იფრიალებს, მაგრამ არ ამბობს, რუსული იფრიალებს­ თუ არა... აგერ, ჩვენი სომხები­ წერენ, რომ თურმე აქ ჩვენზე ადრე ცხოვრობდნენ, იომეს,­ სისხლი ღვარეს და ახლა თავს უფლებას აძლევენ თავიანთი აზრი გამოხატონ - ჩვენ გვსურს რუსეთთან შეერთება­ და ამას გავაკეთებთ კიდეცო", - წერს ტანია ჭანბა.

ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ირწმუნება, რომ "სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან ეს საკითხი რუსეთის ფედერაციაში მკაცრად კონტროლდება და აფხაზეთთან, როგორც მეგობარ ქვეყანასთან, მსგავსი რამ გამორიცხულია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სურსათის შემოტანას, ისე, რომ მარაგები არ ამოიწუროს, გავაკონტროლებთ".

"აფხაზეთი სამხრეთ ოსეთში არ აგერიოთ"

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინიციატივამ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ აფხაზები გააღიზიანა. რუსი პოლიტელიტა­ ელის, რომ "აფხაზეთი ჯანსაღ გადაწყვეტი­ლებას მიიღებს და განვითარებისთვის უფრო დაცულ ადგილს აირჩევს", რაც აფხა­ზებისთვის რუსეთთან შეერთების ირიბი­ მინიშნებაა. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლოა ის რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც აფხაზეთის რუსეთთან მიერთებაზე საუბრობენ, "აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ".

"აფხაზეთი სამხრეთ ოსეთში არ აგერიოთ" - ასეთია აფხაზების პასუხი რუსი პოლიტიკოსებისთვის. "მადლობელი ვართ დახმარებისთვის, მაგრამ არც აფხაზეთი რჩება ვალში... რუსული პროდუქცია, იქნება საწვავი თუ სურსათი, აფხაზეთში იმაზე ძვირად იყიდება, ვიდრე რუსეთში. ჩვენ მათ ძალიან კარგ დასვენების პირობებს ძალზე დაბალ ფასად ვთავაზობთ... შეგახსენებთ აფხაზეთში რუსი ბიზნესმენების მაინინგის ჩრდილოვან ბიზნესსაც, რის გამოც დენისა­ და გათბობის გარეშე გადავიტანეთ ზამთარი. ახლა კი თურმე გაზიფიკაციის სანაცვლოდ უკრაინის ომში რუსეთს ცოცხალი სამხედრო ძალით უნდა დავეხმაროთ­. აფხაზი დედები ფსოუს საზღვარზე გავწვებით და ჩვენს შვილებს იმ ხორცსაკეპში არ გავუშვებთ... ისტორიის ჯანსაღ მხარეს დადექით, რომ გადარჩეთო, რუსი პოლიტოლოგები გვამუნათებენ, არადა, რუსეთიდან უამრავი იარაღი, ნარკოტიკი შემოდის, რაც სწორედ არაჯანსაღი რუსული პოლიტიკის დამსახურებაა... 24 მარტს გუდაუთის ტრასაზე ჯავშანმანქანა დაეჯახა ჩვენი მოქალაქის მსუბუქ ავტომანქანას, რომელშიც ფეხმძიმე ქალი იჯდა. რუსეთის ჯარების გადაადგილებას თითქმის ყოველთვის რატომ ახლავს ასეთი ინციდენტები? იმიტომ, რომ აქ ყველაფერი გასდით. ჯავშანმანქანის მძღოლი ნასვამი არ ყოფილაო, განაცხადა გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობამ. არც ექსპერტიზა, არც გამოძიება... მობოდიშებით დასრულდა ყველაფერი. არადა, ეს პირველი შემთხვევა არ არის", - წერს აფხაზი ბლოგერი დარია ნაჭყებია.

აფხაზების თქმით, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მყოფ ერს უკრაინის ომში ჩართვა კატეგორიულად არ სურს. ამიტომაც სოხუმში რუსეთის მხარდამჭერ მიტინგს ძალიან ცოტა აფხაზი შეუერთდა,­ ბევრმა გააკრიტიკა, რის გამოც ე.წ. უშიშროების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. სახალხო დამცველის ასიდა შაკრილის­ თქმით, ის წერილობით მიმართავს "პრეზიდენტ" ბჟანიას და მოუწოდებს, ნუ გაიმეორებს "სტალინურ მეთოდებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დასაშინებლად"...

"სოხუმში "დინამოს" 5-ათასკაციანი სტადიონი მხოლოდ სანახევროდ შეივსო და ისიც, ადგილობრივი ჯარისკაცების ხარჯზე. ჩვენ არ გვსურს ომი და მივესალმებით მათ დამოკიდებულებას, ვისთვისაც სისხლისღვრა მიუღებელია... რას ვიფიქრებდი, თუ ომის წინააღმდეგ გამოსვლა აღქმული იქნებოდა როგორც ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ვფიქრობ, ჩვენი რამდენიმეათასიანი გენოფონდიდან აფხაზი ახალგაზრდების ომში გაშვება უფრო ანტისახელმწიფოებრივია, ვიდრე ომის დაგმობა", - წერს ირაკლი დასანია.

თუმცა მოსახლეობის ნაწილი, რომელიც აფხაზური ეკლესიის ბესარიონ აპლიას ფრთას წარმოადგენს და "რუსეთთან მეტი დაახლოების" მომხრეა, მიიჩნევს, რომ "მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობაში ცოტა მეტი დიპლომატიაა საჭირო, ვინაიდან აფხა­ზეთი როგორც სამხედრო, ისე ეკონომი­კური თვალსაზრისით მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. Aპსადგილ.ინფო-ს ცნობით, მხოლოდ 2022 წლის "ბიუჯეტის" დაახლოებით 10 მილიარდი რუსული რუბლია. უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებული რუბლის კურსით ეს 130 მილიონ დოლარს შეადგენდა, მის შევსებას ბჟანია-ანქვაბის გუნდი რუსეთიდან ელოდა, მაგრამ რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე დროა, აფხაზეთმა და ოსეთმა დამოუკიდებლობა ისწავლონო...