"ცხოვრება მხოლოდ სუმო ხომ არ არის?!“ - კვირის პალიტრა

"ცხოვრება მხოლოდ სუმო ხომ არ არის?!“

65 წლამდე სუმოში დარჩენას არ ვაპირებ, საქართველოშიც ხომ უნდა ვიცხოვრო?! 17 წელიწადია, აქეთ ვცხოვრობ, იაპონია ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა და ძალიან მიყვარს, მაგრამ სინამდვილეში ხომ საკუთარი ქვეყანაც მაქვს, ჩემს სამშობლოშიც მინდა ცხოვრება...

დიდი ხანია, ტოჩინოშინს (ლევან­ გორგაძე) ქართველ ჟურნალისტ­თან არ ულაპარაკია. არც იყო ბევრი სალაპარაკო: ტრავმებით გაწამებული ქართველი სუმოისტი ზედიზედ შვიდი ბაშოს განმავლობაში ვერ ახერხებდა მაკე-კოშისგან (უარყოფითი ბალანსი სუმოს ტურნირზე) თავის დაღწევას. როგორც იქნა, ნავსი მერვე ბაშოზე გატყდა - დასავლეთის მე-15 მაეგაშირას სტატუსით მოჭიდავე 34 წლის ქართველმა მარტის ბაშოზე ცხრა შეხვედრის მოგება მოახერხა და წელიწად-ნახევრის განმავლობაში ნანატრი კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი სუმოს ტურნირზე) გაიფორმა. ლევანს ტოკიოში შევეხმიანეთ:

- ამჯერად ტრავმირებული ფეხი შედარებით ნაკლებად მაწუხებდა, კარგად მომზადებულიც ვიყავი და უფრო მოტივირებულიც - ალბათ, წარმატებული ასპარეზობა ამ ყველაფრის დამსახურებაა. შვიდი ბაშოს განმავლობაში ტურნირს მაკე-კოშით ვამთავრებდი და რა გასაკვირია, რომ მარცხი განწყობაზეც აისახებოდა. მე-15 მაეგაშირა ვიყავი და წნეხს ისიც მმატებდა, რომ კიდევ ერთი უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჯურიოში (რანგით მეორე დივიზიონი სუმოში. - რ.შ.) დავქვეითდებოდი. ამიერიდან გაცილებით მშვიდად და თავისუფლად ვიჭიდავებ.

- სავარაუდოდ, რამდენი საფეხურით დაწინაურდები ახალ ბანძუკეში (სუმოს რეიტინგ-ლისტი)?

- ალბათ, 5-6 ადგილით. სავარაუდოდ­, მე-10 მაეგაშირა ვიქნები, საუკეთესო ვარიანტში - მეცხრე. რეიტინგის ქვედა ნაწილში მყოფი სპორტსმენი, კონკრეტული ორთაბრძოლების გარდა, იმაზეც ფიქრობს, არ დავქვეითდეო და ჭიდაობაში ნერვიულობაც ხელს უშლის. როცა შენ უკან რამდენიმე სუმოისტია, უფრო თავისუფლად ჭიდაობ.

- ტრავმირებული ფეხი ისევ გაწუხებს?

- ეს ქრონიკული ტრავმაა და პერიოდულად მახსენებს თავს. გაზაფხულზე და ზაფხულში - შედარებით ნაკლებად, ცივ პერიოდში კი ტკივილი უფრო ხშირად მაწუხებს. დიდი ხანია, ყოველი ტურნირის წინ მიწევს მუხლიდან სითხის ამოღება და გამაყუჩებლების მიღება, რაც ასპარეზობაზეც აისახება. საბედნიეროდ, მარტის ტურნირის დროს თავს შედარებით უკეთ ვგრძნობდი. მეტიც, ბოლო ბაშო გამაყუჩებლების გარეშე ჩავამთავრე, რაც ძალიან მიხარია. სხვა მხრივ, არა მიშავს. რამდენიმე დღის წინ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზაც გავიკეთე.

- პანდემიის მხრივ რა მდგომარეობაა იაპონიაში?

- ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შემთხვევების რაოდენობა აქაც პერიოდულად იმატებს და იკლებს. ამჟამად ნორმალური ვითარებაა, დაახლოებით ორი თვის წინ კი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ძალიან იყო გაზრდილი. იანვრის ბოლოს "კოვიდ-19"-მა "კასუგანოსაც" მოაკითხა და ვირუსი კლუბის ყველა წევრმა გადავიტანეთ. საბედნიეროდ, მსუბუქად.

- მარტის ბაშოს დავუბრუნდეთ: ტურნირის ბოლო დღეებში რამდენიმე დასანანი წაგება რომ არა, უკეთესი ბალანსის მიღწევაც შეიძლებოდა.

- დიახ, ბოლო ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოვიგე. თუნდაც ერთი გამარჯვება რომ მიმემატებინა, 10:5 ბალანსი ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს... მთავარია, წელიწადნახევრიანი უიღბლობის შემდეგ კაჩი-კოში "გავიხსენე". მთლიანობაში მარტის ბაშო საინტერესო და დაძაბული ტურნირი გამოდგა.­ განსაკუთრებით, ბოლო დღეები. ვაკატაკაკაგესა და ტაკაიასუს შორის დამატებითი საჩემპიონო შეხვედრის გამართვაც გახდა საჭირო.

- რაც არცთუ ხშირი შემთხვევაა სუმოს ტურნირებზე...

- საკმაოდ იშვიათია. მე ტაკაიასუს ვქომაგობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, თავის "ტრადიციას" არც ამჯერად უღალატა. ნერვიულობს თუ სხვა რამ მიზეზია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ კარგი სტარტის შემდეგ ბოლო 4-5 შეხვედრას ძალიან ცუდად ატარებს. არაერთხელ ჰქონდა "იუშოს" (ბაშოს ჩემპიონობა. - რ.შ.) შანსი, მაგრამ საბოლოოდ სულ იმედგაცრუებული რჩება და ამიტომაც ვგულშემატკივრობდი. წლებია, ტაკაიასუს ვიცნობ, ჯუნგიოს (ე.წ. გასვლითი ტური, რომლის დროსაც სუმოისტები იაპონიის სხვადასხვა რეგიონში მიემგზავრებიან და დიდი ქალაქებისგან შორს მცხოვრებ გულშემატკივრებს შესაძლებლობას აძლევენ სახელგანთქმული რიკიშების საჩვენებელ ორთაბრძოლებს დაესწრონ. - რ.შ.) დროსაც ბევრჯერ გვივარჯიშია ერთად. კონკურენტთან შედარებით, გამოცდილიც არის, მაგრამ ბოლო დღეების ფაქტორმა მაინც იმოქმედა და ჩემპიონი ვაკატაკაკაგე გახდა. ისე კი ჩემპიონის გამოსავლენი დამატებითი ორთაბრძოლა მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესოა.

- გულშემატკივრის დასწრებასთან დაკა­ვშირებული შეზღუდვები უკვე მთლიანად მოიხსნა?

- აქამდე გულშემატკივრის განთავსება თითო ადგილის გამოტოვებით იყო დაშვებული, მაისის ბაშოზე კი, როგორც ამბობენ, ეს შეზღუდვაც აღარ იმოქმედებს. ეს იმაზეა დამოკიდებული, ერთი თვის შემდეგ რა ვითარება იქნება "კოვიდის" შემთხვევების მხრივ. ერთი რამ ცალსახაა: ცარიელ დარბაზში ჭიდაობას ყველაფერი სჯობს! სავსე დარბაზში ჩვენც სულ სხვა განწყობითა და მოტივაციით ვჭიდაობთ. ცარიელი ტრიბუნების წინაშე კი რამდენიმე ბაშოს გამართვამ მოგვიწია და ძალიან უჩვეულო და უსიამოვნო შეგრძნება იყო - ვარჯიშზე მეგონა თავი.

- გასული წლის ბოლოს იოკოძუნა ჰაკუჰოს 20-წლიანი ეპოქა დასრულდა! როგორია სუმო მის გარეშე?

- ცხადია, მისი წასვლა გულდასაწყვეტია, მაგრამ ოდესღაც ყველა სპორტული კარიერა მთავრდება. მიხარია, რომ ლეგენდარული იოკუძუნას ეპოქაში მეც მომიწია დოჰიოზე ყოფნამ. ჰაკუჰოს კარგად ვიცნობ, წლების განმავლობაში ერთად ვიყავით ტურნირებზე, ჯუნგიოს დროს, გასახდელში და სხვ. სუმოს ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული აქვს - მაკუუჩი დივიზიონის ჩემპიონის 45 თასი, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან თავმდაბალი და მეგობრული ადამიანია. სპორტში ხან ხარ მწვერვალზე, ხან - არა, თუმცა როცა უდიდესი შედეგების შემდეგაც არ იცვლები პიროვნულად, ორმაგად გაფასებენ. ამ მხრივ ჰაკუჰო მართლაც გამორჩეულია!

- ლეგენდარულმა იოკოძუნამ კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა, შენ 34-ის ხარ... რა ასაკია ეს სუმოისტისთვის?

- როგორ ფორმაში და განწყობაზეც უნდა იყო, 30 წლის შემდეგ მაინც "ვეტერანად" ითვლები. თუმცა ყველაფერი მაინც ორგანიზმზეა დამოკიდებული. მაგალითად, თამავაში 30 წლის ასაკში "გაიხსნა" და დღესაც, 37 წლისა, მშვენიერ ფორმაშია. მე რაც შემეხება, კარიერა თითქმის ყველა ჩემმა თანატოლმა სუმოისტმა დაასრულა. გასახდელში რომ მიმოვიხედავ და მახსენდება, რომ ჩემი თაობიდან უკვე ყველა "პენსიაზეა", რაღაცნაირად მარტო ვგრძნობ თავს... ამ დროს აცნობიერებ, რომ ცოტა ხანში დოჰიოს შენც უნდა გამოეთხოვო. ჩემი დროც მოდის მაგრამ ჯერ არ ვეგუები!

- ბევრჯერ გითქვამს, სანამ შემიძლია, ვიჭიდავებო! მაგრამ ჯურიოში რომ დაქვეითებულიყავი, ალბათ, დაასრულებდი კიდეც კარიერას.

- სანამ შემიძლია, ვიბრძოლებ. ნათქვამიც მაქვს კლუბის ხელმძღვანელებისთვის, რომ თუ მაკუუჩიდან დავქვეითდი, კარიერას დავასრულებ. თუმცა ჩემი კლუბის პრეზიდენტი მთხოვს, ახალგაზრდა რიკიშებს კიდევ ცოტა ხანს მაინც დაეხმარე და ავარჯიშეო. ჩემი კლუბი მალე 100 წლის იუბილეს იზეიმებს. ამ ერთი საუკუნის განმავლობაში სეკიტორი სულ ჰყავდათ უმაღლეს დივიზიონში. ამიტომ კლუბის პრეზიდენტის თხოვნაა, სანამ ჩვენი ბიჭები ელიტურ დივიზიონში არ გადავლენ, არ წახვიდე, თუნდაც ჯურიოში დაქვეითდე, არ გაგიშვებთო! ამიტომ მეც ყველანაირად ვცდილობ ჯურიოში არ აღმოვჩნდე...

- ისე, ძეგველი კაცი "დასავლეთის მაეგა­შირას" წოდებას რომ ატარებ, იაპონელებმა არ იციან, ძეგვი აღმოსავლეთ საქართველოში­ რომ არის? სერიოზულად კი მართლაც მაინტერესებს, რა პრინციპით ხდება რიკიშების დაყოფა აღმოსავლეთის და დასავლეთის მაეგაშირებად?

- ყურადღება ექცევა ბოლო ტურნირების სტატისტიკას, შედეგებს, მოგება-წაგებათა ბალანსს... უარყოფითი ბალანსის მქონე მაეგაშირების უმეტესობას "დასავლეთში" ამწესებენ. შემიძლია გავიხსენო შემთხვევა, როცა აღმოსავლეთის მაეგაშირა ვიყავი და ბაშოს 7:8 ბალანსით დასრულების შემდეგ დასავლეთით "გამისტუმრეს".

- იაპონია ამომავალი მზის ქვეყანაა და როგორც ჩანს, აღმოსავლეთს ამის გამო ანიჭებენ უპირატესობას... რადგან ჰაკუჰო ვახსენეთ, ისიც გვითხარი, კარიერის დასრულების შემდეგ, იოკოძუნები რას საქმიანობენ ხოლმე?

- ამჟამად ჰაკუჰო რიგითი ოიაკატაა თავის კლუბში. "ოიაკატა" არის პრეზიდენტი და მწვრთნელი, ანუ მთავარი ადამიანი, ყველაზე გავლენიანი პერსონა სუმოს კლუბში. როგორც სუმოისტები გადიან ეტაპებს ყველაზე დაბალი დივიზიონიდან მაკუუჩიმდე, ასეა პრეზიდენტებშიც - მნიშვნელობა არა აქვს, აქტიური სპორტის დროს იოკოძუნა იყავი თუ რიგითი მაეგაშირა, როცა პრეზიდენტი ხდები, ყველაფერს ნულიდან იწყებ. კლუბში ერთდროულად შეიძლება­ იყოს რამდენიმე ოიაკატა: ერთი მთავარი და რიგითები. წლებია საჭირო იმისთვის, რომ მთავარი ოიაკატა გახდე. ლეგენდარული ჰაკუჰო ამჟამად ყველაზე დაბალ საფეხურზეა პრეზიდენტებს შორის. ახლა ცალკე გადასვლას და თავისი კლუბის გახსნას აპირებს, სადაც მთავარი პრეზიდენტი გახდება. ამასაც დრო სჭირდება.

- ტოჩინოშინი რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ?

- აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ სუმოში დარჩენას არ ვაპირებ. წლებია, ჩემი კლუბის "კასუგანო ბეიას" ოიაკატა კლუბში დარჩენას მთავაზობს - პრეზიდენტის ლიცენზიის შეძენაში მოგეხმარებიო, მაგრამ მე არა მაქვს სურვილი. 65 წლამდე სუმოში დარჩენას არ ვაპირებ, საქართველოშიც ხომ უნდა ვიცხოვრო?! დოჰიოდან წამოსვლის შემდეგ, თუ ისე დავალაგე ყველაფერი, რომ წლის განმავლობაში ხან იაპონიაში ვიყო და ხან საქართველოში, სუმოში აღარ დავრჩები. 17 წელიწადია, აქეთ ვცხოვრობ, იაპონია ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა და ძალიან მიყვარს, მაგრამ სინამდვილეში ხომ საკუთარი ქვეყანაც მაქვს, ჩემს სამშობლოშიც მინდა ცხოვრება... სუმოს კლუბის პრეზიდენტი სულ მოძრაობაშია - კლუბში, ფედერაციაში, სხვადასხვა ქალაქში... არ მექნება იმის დრო, საქართველოში ხშირად ჩამოვიდე. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქტიური სპორტის შემდეგ ფედერაციაში არ დავრჩები და უფრო სხვა მიმართულებით გავაგრძელებ საქმიანობას. ცხოვრება მხოლოდ სუმო ხომ არ არის?!

- ჰაკუჰოს ინტაი (კარიერის დასრულება)­ ვახსენეთ, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი სუმოდან გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) წასვლა იყო. სუმოს მთელი კარიერა ერთად გაატარეთ და ბუნებრივია, ახლა თავს ფრთამოტეხილივით გრძნობ, იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით გაგა ისევ იაპონიაში ცხოვრობს.

- ბოლო სეზონებში ტრავმებმა ძალიან გააწამა და სხვა გზა აღარ რჩებოდა... ამდენი წელი ერთად, ერთი ოჯახივით გავატარეთ. გაგას გარდა, ჩემმა თანაკლუბელმა­ ტოჩიოზანმაც დაასრულა კარიერა და მართლაც ფრთებმოტეხილი დავრჩი, გარშემო ყველა შემომეცალა... ძალიან განვიცდიდი, მაგრამ სპორტს თავისი წესები აქვს. მუდმივად იაპონიაში დარჩენას არც გაგა აპირებს, უნდა ისე მოაგვაროს საქმე, რომ ხან საქართველოში იყოს და ხან იაპონიაში.

- უკრაინის ამბებს ხშირად აშუქებენ იაპო­ნიაში?

- იაპონელები შეძრული არიან ამ ტრაგედიით. ყველაზე ხშირად ადგილობრივ სატელევიზიო არხებზე სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ლაპარაკობენ. ბუნებრივია, მე გაცილებით მტკივნეულად განვიცდი იმ საშინელებას, რაც რუსეთმა უკრაინაში დაატრიალა.

- პანდემიამდე გაზაფხულობით ახერხებდი ხოლმე საქართველოში ჩამოსვლას. წელს როგორ ეტყობა საქმეს?

- ორი წელიწადია სუმოს ფედერაცი­ისგან აკრძალული გვაქვს ქვეყნის დატოვება. ჯერჯერობით, შეზღუდვა ისევ ძალაშია. არადა, სამი წელიწადი ხდება, სამშობლოში არ ვყოფილვარ და ძალიან მომენატრა. როგორც კი აკრძალვები მოიხსნება და დროს გამოვნახავ, აუცილებლად ჩამოვალ!