რა რისკები მცირდება გენერიკული რეცეპტების დანერგვით - კვირის პალიტრა

რა რისკები მცირდება გენერიკული რეცეპტების დანერგვით

„გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკი, რომელიც ექიმების მიერ ბრენდული მედიკამენტების ლობირებას, არაკეთილსინდისიერ მარკეტინგსა და წამლების ფასის ხელოვნურად ზრდას უკავშირდება, მაქსიმალურად მცირდება. ამასთან, გაიზრდება კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე, რაც ასევე პოზიტიურად აისახება მედიკამენტების ღირებულებაზე...“

11 აპრილიდან ამოქმედდა რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა - ექიმებს მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერის უფლება აქვთ და კონკრეტულ ბრენდს ვეღარ მიუთითებენ. რამ განაპირობა და რას ისახავს მიზნად­ ეს რეფორმა? ამ და მომხმარებლებისთვის­ საინტერესო სხვა კითხვებზე გვპასუხობს­ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნი­ლთა,­ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი.

- საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი­ პრიორიტეტი ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა, რომელიც გულისხმობს მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას, ხელმისაწვდომ და, ამავე დროს, ხარისხიან მედიკამენტებს, კონკურენტული და გამჭვი­რვალე ფარმაცევტული ბაზრის ჩამოყალიბებას. რეფორმის ნაწილი უკვე ამოქმედდა, ნაწილზე კი მუშაობა გრძელდება და საზოგადოება მის შესახებაც მალე შეიტყობს.

რაც შეეხება რეცეპტის გამოწერის ახალ სისტემას, ექიმი ვალდებულია, წამალი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს. ვალდებულება ეკისრება ფარმაცევტსაც, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების "პოზიტიური სიიდან" მომხმარებელს უნდა შესთავაზოს სამი ყველაზე იაფი წამალი, რომელთგან მოქალაქე თავისთვის სასურველს აირჩევს.

ამ საკითხზე პაციენტის ინფორმირება მნიშვნელოვანია. მან აფთიაქში უნდა მოითხოვოს ინფორმაცია გამოწერილი სამკ­ურნალო საშუალებებისა და მათი ფასის შესახებ. თუ ფასი, მწარმოებელი ქვეყანა ან კომპანია მისთვის მისაღები არ იქნება, შეუძლია სხვა აფთიაქს მიმართოს.

პაციენტის სახელზე გამოწერილ ელექტრონულ რეცეპტს სისტემაში ყველა აფთიაქი ხედავს და ნებისმიერს შეუძლია წამალი გასცეს. აქამდე ექიმი პაციენტს უწერდა­ სამკურნალო საშუალებას კონკრეტული ბრე­ნდის დასახელებით, ფარმაცევტს კი არ ჰქონდა უფლება, გაეცა სხვა, თუნდაც იმავე­ შემადგენლობის პრეპარატი. პაციენტს ხშირად დიდი ფასის გადახდა უწევდა, ან, სიძვირის გამო, წამლის გარეშე რჩებოდა. გენერიკული პრეპარატების ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ბაზარზე კონკურენციას­ და მეტ პაციენტს აძლევს მკურნალობის საშუალებას. რაც შეეხება "პოზიტიურ სიას", ეს არის იმ მედიკამენტების ჩამონათვალი­, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებულია აღიარებითი რეჟიმით, ანუ ისინი­ დაშვებულია მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებულ­ ბაზარზე (როგორიც არის ევროპის, ამერიკის, კანადის, ავსტრალიის), თანაც გაცილებით სანდო, ეფექტიანი, უვნებელი და ხარისხიანია. "პოზიტიურ სიაში" ასევე შედის ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტი. დაშვებულია საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიც. ადგილობრივ მწარმოებელთა ნაწილმა უკვე მიიღო სერტიფიკატი, ხოლო ნაწილი მუშაობს მის მისაღებად. 2022 წლის ბოლოდან საქართველოში ყველა საწარმო ფუნქციონირებას შეძლებს მხოლოდ სერტიფიკატის საფუძველზე. სწორედ ამ სიიდან შესთავაზებს ფარმაცევტი პაციენტს მედიკამენტებს, თუმცა, პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად, აფთიაქებს ექნებათ იმ მედიკამენტების რეალიზაციის საშუალება,­ რომლებიც პირველ ეტაპზე ვერ მოხვდა "პოზიტიურ სიაში". ამ სიაში მოსახვედრად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სერტიფიკატი და კონკრეტულ მედიკამენტზე ბიოეკვივალენტობის შესაბამისი მეთოდით ჩატარებული კვლევა.

დღეს საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელებით გამოიწერება პირველი (ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული) და მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა. გამონაკლისია კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, ვიწრო თერაპიული ინდექსის ნივთიერებები და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მედიკამენტები. ამ შემთხვევებში ექიმი ფარმაცევტულ პროდუქტს გამოწერს სავაჭრო (ბრენდული) დასახელებით.

- საინტერესოა, რატომ არის გენერიკული­ მედიკამენტები 30-60%-ით იაფი? მიუხედავად­ იმისა, რომ ისინი ქიმიურად დაპატენტებული­ ანალოგების იდენტურია, მათი ღირებულება­ მაინც მნიშვნელოვნად ნაკლებია. ალბათ, ეს აჩენს ეჭვს მათი ეფექტიანობის შესახებ.

- მწარმოებლებისთვის კვლევისა და დანერგვისთვის საჭირო გაცილებით ნაკლები ხარჯის გამო გენერიკი, ჩვეულებრივ, უფრო იაფია, ვიდრე მისი ორიგინალური­ პროდუქტი და ის ბაზარზე ჩნდება პატენტის ვადის გასვლის შემდეგ. გენერიკების მწარმოებლებს არ მოეთხოვებათ, გაიმეორონ ძვირად ღირებული კლინიკური კვლევები, როგორც წესი, არ იხდიან დიდ თანხას რეკლამისთვის, მარკეტინგისთვის, რაც დაბალ ფასს განაპირობებს. გენერიკების გამოწერა ხარჯების შეკავების მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელსაც ბევრი ქვეყანა იყენებს. ნებისმიერი გენერიკული პრეპარატი, მიუხედავად სიიაფისა, იმავე მოქმედებისაა, როგორისაც ბრენდი. გენერიკების მწარმოებლების ვალდებულებაა,­ დაადასტურონ ორიგინალ ბრენდებთან მსგავსება დოზირების, უსაფრთხოების, ეფექტიანობის, ხარისხის, მოქმედების მექანიზმისა თუ გამოყენების ხერხის მიხედვით.­ გენერიკული პრეპარატები შეიცავს იმავე აქტიურ ინგრედიენტებს, რომელთაც ბრენდები და მოქმედებს მათ მსგავსად, ასე რომ, მათ აქვთ ზუსტად იგივე რისკი და სარგებელი, რაც ბრენდულ საშუალებებს. შესაძლებელია ფერი, გემო და ზოგიერთი სხვა არააქტიური კომპონენტი განსხვავებული იყოს, რაც არ ცვლის წამლის ეფექტიანობის, ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლებს.

- როგორ გამოწერენ ექიმები წამლებს და ვის უნდა მივაკითხოთ საჭირო მედიკამენტის რეცეპტის (ფორმა N3) გამოსაწერად?

- პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, ვალდებულია, პაციენტს სამკურნალო საშუალება­ გამოუწეროს ელექტრონულად. მედიკამენტის გამოსაწერად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის/უბნის ან შესაბამისი სპეციალობის ექიმს.

- რომელი მედიკამენტები გაიცემა ურეცეპტოდ?

- ურეცეპტოდ გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები. მათი მიღება შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე. ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ნუსხაშია ისეთი პრეპარატები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდება და ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია პაციენტისთვის.­ მათი სარგებელი აშკარად სჭარბობს სავარაუდო არასასურველი ეფექტის რისკს. ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებია: კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ("ომეპრაზოლი", "ალმაგელი", "დენოლი", "ალოხოლი", "სენადექსინი", "ენტეროლი", "მეზიმფორტე" და სხვა); ვიტამინები და მინერალები (გარდა საინიექციო ხსნარებისა); ასევე ტკივილგამაყუჩებელი, სიც­ხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო­ არასტეროიდული საშუალებები ("ანალგინი", "ტემპალგინი", "კეტ­ონალი", "იბუპ­როფენი", "ნუროფენი" და სხვა); ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებები ("ლაზოლვანი", "ბრომჰექსინი" და სხვა); ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები ("ერიუსი", "ალერფასტი", "კლარიტინი", "სუპრასტინი" და სხვა); ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტი ("დრამინა"); ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები­ ("ფეროვიტი", "ფეროპლექსი", "ფოლის მჟავა" და სხვა); ბიოლოგიურად აქტიური დანამატები...

რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი განთავსებულია საქართველოს შრომის,­ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საიტებზე: www.moh.gov.ge; www.rama.moh.gov.ge. სიები შედგენილია სხვადასხვა­ პრინციპით (მაგალითად, ანბანის მიხედვით, სავაჭრო დასახელებით), რათა მომხმარებელმა ადვილად მოძებნოს.

რეცეპტი (ფორმა N3) გამოიწერება II ჯგუფის მედიკამენტებისთვის, რომლებსაც სერიოზული პოტენციური გვერდითი (არასასურველი) ეფექტები ახასიათებს და მოითხოვს დოზირების უფრო მკაცრ კონტ­როლს, ექიმის სპეციალურ მითითებებს, ზოგჯერ კი - პერიოდულ ლაბორატორიულ კონტროლსაც. მათი ჭარბი დოზირებისა და არასწორი გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია მძიმე გვერდითი მოვლენები და გართულებები, ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენებისას სავარაუდო არასასურველი ეფექტი შეიძლება სჭარბობდეს მათ სარგებლიანობას.

- ქრონიკულად ან ხანგრძლივად დაავა­დებულ პაციენტებს შეიძლება რამე პრობლემები შეექმნათ? მათთვის რა ვადით შეიძლება გამოწეროს ექიმმა რეცეპტი?

- ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდ­ინარე დაავადებების, ასევე კონტრაცეფციის ორალური საშუალებების რეცეპტი­ შეიძ­ლ­ება გამოიწეროს არაუმეტეს 6 თვით­. ამასთან, რეცეპტის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად, ვიდრე არ ამოიწურება გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა.

- დასაშვებია, რომ რეცეპტით გამოწერილი­ წამალი შევიძინოთ ნაწილ-ნაწილ?

- დიახ, პაციენტს შეუძლია გამოწერილი სამკურნალო საშუალება შეიძინოს არასრულად, მრავალჯერადად, რეცეპტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

- როგორ უნდა მოვიქცეთ გადაუდებელი­ შემთხვევისას, თუ არ გვაქვს რეცეპტი (მაგალითად, გულის არეში ტკივილის, მაღალი წნევის, ალერგიული რეაქციის ან ბრონქული ასთმის შეტევის დროს)?

- სასწრაფო სამედიცინო დახმარების­ ბრიგადის ექიმის მოვალეობაა, პაციენტს გაუწიოს სამედიცინო დახმარება, მათ შორის - მედიკამენტური და საჭიროების შემთხვევაში, გადაიყვანოს სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ ის არ გამოწერს რეცეპტს. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის­ გამოძახების გარდა, ზოგიერთი გადაუდებელი შემთხვევის დროს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, შეგიძლიათ მიმართოთ უახლოეს აფთიაქს. ყველა აფთიაქს აქვს გადაუდებელი დახმარების მედიკამენტები, რომელთა გაცემა ნებადართულია ურეცეპტოდ გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით ("კაპტოპრილი", "სალბუტამოლი", "დექსამეტაზონი", "ნიფედიპინი", "გლუკოზა", "ინსულინი", "ადრენალინი", "დიმედ­როლი", "პრედნიზოლონი", "მეტოპროლოლი", "ფუროსემიდი", "ატროპინი", "ნიტროგლიცერინი", "კეტოროლაკი").

- რამდენ ხანს მოქმედებს რეცეპტი?

- ელექტრონული რეცეპტის მოქმედების ვადას, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესაბამისად, ადგენს ექიმი.

- არის თუ არა ეს რეფორმა ბერკეტი, რომ, ბოლოს და ბოლოს, გვქონდეს მოწესრიგებული, გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზარი და აღარ იყოს მედიკამენტების მიკერძოებულად ან ჭარბად გამოწერის შემთხვევები?

- ჭარბი რაოდენობით მედიკამენტის დანიშვნის კონტროლის ერთ-ერთი ბერკეტი ელექტრონული სისტემაა. აქამდე არც ექიმს და არც ფარმაცევტს არ ჰქონდათ ინფორმაცია დანიშნული მედიკამენტების სრული ჩამონათვალის შესახებ. მონიტორინგისა და შეფასების საშუალება არ გააჩნდა არც სამინისტროს. ერთდროულად ხუთ დასახელებაზე მეტი მედიკამენტის მიღება ითვლება პოლიფარმაციად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების მიღებისას იზრდება­ გვერდითი ეფექტებისა და სამკურნალო ნივთიერებების შეუთავსებლობის რისკი, რამაც შესაძლოა პაციენტის ჰოსპიტალიზაციაც გამოიწვიოს. მსგავსი პრობლემა არსებობს ევროკავშირის ქვეყნებშიც. დადგენილია, რომ ყოველი 20 რეცეპტიდან ერთში არის შეცდომა მედიკამენტების რაოდენობის მხრივ. ელექტრონული სისტემის საშუ­ალებით ექიმიც და ფარმაცევტიც უფლებამოსილი არიან, ყურადღება გაამახვილონ პაციენტისთვის დანიშნულ ყველა მედიკამენტსა და მათი მიღების წესებზე. სისტემის საშუალებით ექიმის დანიშნულების შემოწმება ხელს უწყობს მკურნალობის მაღალ ხარისხს... გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკი, რომელიც ექიმების მიერ ბრენდული მედიკამენტების ლობირებას, არაკეთილსინდისიერ მარკეტინგსა და წამლების ფასის ხელოვნურად ზრდას უკავშირდება, მაქსიმალურად მცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, გაიზრდება კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე, რაც ასევე პოზიტიურად აისახება მედიკამენტების ღირებულებაზე.

ნინო ჯავახიშვილი