"მაშინ ვიგრძენი ნამდვილი ომის სუნი, რომელსაც ვერაფრით ვივიწყებ...“ - კვირის პალიტრა

"მაშინ ვიგრძენი ნამდვილი ომის სუნი, რომელსაც ვერაფრით ვივიწყებ...“

"ომის დაწყების შემდეგ ნატალია გერასიმენკო სოციალურ ქსელს ისე იყენებს, როგორც დღიურს... მისი ყოველი წერილი ასე იწყება: "ღმერთო, შენ დაეხმარე უკრაინას!“

"სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობდით. მახსოვს, ყუმბარა ჩამოაგდეს და თავი რომ გადაგვერჩინა, შეძლებისდაგვარად ყველა სადღაც შევიმალეთ, როცა გამოვედით, დამწვარი მანქანა და სამი დანახშირებული ადამიანი აღმოვაჩინეთ... მაშინ ვიგრძენი ნამდვილი ომის სუნი, რომელსაც ვერაფრით ვივიწყებ..." სოხუმელი მხატვარი თემურ სულუხია ნიუ-იორკიდან გვესაუბრა.

- ბატონო თემურ, თითქმის 15 წელია ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობთ. რას იტყვით ამ ქვეყანაზე?

- სოხუმში გავიზარდე. მამა გემზე მუშაობდა, რაც ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა და ამერიკა ბავშვობიდანვე ძალიან მიზიდავდა... ეს ქვეყანა ისეთი "ახლობელი" იყო ჩემთვის, რომ 1995 წელს, დევნილობის პერიოდში, საერთო საცხოვრებელში კედელზე ნიუ-იორკი დავხატე, ის ორი შენობა, რომელიც მერე ააფეთქეს...

- გვიამბეთ, რაც დღემდე თქვენთვის ყველაზე რთული გასახსენებელია, როდესაც აფხაზეთის დატოვება მოგიხდათ...

- ვისაც ომი საკუთარი თვალით არ უნახავს, ვერ გაიგებს, რა ჯოჯოხეთიც არის... ახლაც ომია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა და ყველა ჭრილობა განაახლა... მე სოხუმიდან შვიდი დღის განმავლობაში მოვდიოდი... ვიღაც კატარღით წამოვიდა, ვიღაც - თვითმფრინავით, გემით... ბერძნების წასაყვანად ორი უზარმაზარი გემი მოვიდა. სხვათა შორის, ბერძნების გემით ბევრი სხვა ეროვნების ხალხიც გაიპარა. სოხუმი რომ დაეცა, მაინც იქ ვიყავი, დედას ვერ ვტოვებდი. დედა წინააღმდეგი იყო, სოხუმიდან წამოსულიყო... არ მინდოდა, ისე მოვქცეულიყავით, თითქოს გავრბოდით და ნივთების გადარჩენაზეც არ მიფიქრია. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, საოჯახო ალბომი რომ ვერ გადავარჩინე... ჩემი ნახატების გადარჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, მაგრამ სოჯახო ალბომი ხომ ოჯახის ისტორიაა?! არადა წინაპრების ფოტოებს ვაგროვებდი, პაპის პაპის ფოტოებიც კი მქონდა... ისეთი, მუყაოზე რომ ბეჭდავდნენ...

- ბოლოს იძულებული გახდით, წამოსულიყავით...

- მეზობლები გადაირივნენ, დედას მოკლავენო და ძალით წამოგვიყვანეს... მე, მეუღლე და ორი შვილი ჭუბერის გავლით გადმოვედით. ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ. შვიდი დღე ფეხით მოვდიოდით. უფლის წყალობით, შვილები გადაგვირჩნენ. მეშვიდე დღეს ძალიან აცივდა, პატარები იყინებოდნენ, ამიტომ ბე-ტე-ერში ჩასხეს და წამოიყვანეს... ფეხით ტყე-ტყე მოვდიოდით... რა აღარ გადავიტანეთ... ჩემი სიდედრი მარგო ფარღალავა ძალიან ძლიერი ქალია და ბევრი რამ თავის თავზე აიღო... მახსოვს, ვიღაცას თაფლის ქილა გასტეხოდა, თაფლი ფიქალ ქვაზე იყო დაღვრილი. ჩემი სიდედრი დაიხარა, აგროვებდა და ყველას თითო კოვზს პირში გვიდებდა. ამით ძალა მოგვეცა, გზა რომ გაგვეგრძელებინა... ერთ დღეს, ჭუბერთან ახლოს, დაღლილ-დაქანცულებს მინდორზე დაგვეძინა. ჩემს სიდედრს ოდნავ მოშორებით კარტოფილი უნახავს, ამოუთხრია, ფიჩხზე შეუწვავს­ და კანიანად გვაჭმევდა ნახევრად მძინარეებს...

მოგვიანებით გავიგე, რომ აფხაზებს ჩემს სახლში მეზობლები შეუყრიათ და ყველაფერი დაულეწავთ. ნახატებში თოფი მქონდა გადამალული და საქართველოს სამი დროშა. ერთ-ერთი 9 აპრილის მიტინგიდან წამოვიღე.

- აფხაზეთის ომის გაუგონარ სისასტიკეზე ბოლო დროს უფრო მეტს ვიგებთ...

- დიახ, მეც ვნახე სოციალურ ქსელში, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა... სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობდით. მახსოვს, ყუმბარა ჩამოაგდეს შეძლებისდაგვარად ყველა სადღაც შევიმალეთ, როცა გამოვედით, დამწვარი მანქანა და სამი დანახშირებული ადამიანი აღმოვაჩინეთ...

მაშინ ვიგრძენი ნამდვილი ომის სუნი, რომელსაც ვერაფრით ვივიწყებ... დაგლეჯილი ადამიანების ნაწილებს აქა-იქ აგროვებდნენ. მე მოქანდაკე არ ვარ, მაგრამ ძალიან მინდა იმ კოშმარს სამახსოვრო ქანდაკება მივუძღვნა... ახლა რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე სამი ნახატი შევქმენი და სამივე საქველმოქმედო აუქციონზეა გატანილი...

natalia-gerasimenko-1650211461.jpg

წლების წინ გავიცანი უკრაინაში მცხოვრები რუსი ნატალია გერასიმენკო და მისი არაჩვეულებრივი მეუღლე. თავიდან ამ ქალბატონის ნაქარგებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება - საოცარ ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა. როგორც ჩანს, პუტინს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში მცხოვრები რუსები მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ ბოროტება უკან შემოუბრუნდა და უკრაინას ამიტომაც ვერ ერევა! პუტინი თავს ინადგურებს! ჩვენთანაც აფხაზები ასე რომ მოქცეულიყვნენ, ომს არ წავაგებდით...

ომის დაწყების შემდეგ ნატალია გერასიმენკო სოციალურ ქსელს ისე იყენებს, როგორც დღიურს... მისი ყოველი წერილი ასე იწყება: "ღმერთო, შენ დაეხმარე უკრაინას!" მის რამდენიმე წერილს გაგაცნობთ:

"ბევრ ჩვენგანს დღეს დაკარგული ჰყავს ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, რომლებიც თავისით კი არ გარდაიცვალნენ, ეს ხალხი რუსეთის შემოჭრის შედეგად დაიხოცა..."„

"დღეს უკრაინაში სრულიად უცნობები ერთმანეთის ძალიან ახლო მეგობრები გახდნენ. ადრე შეიძლებოდა ერთმანეთი არც ენახათ, მაგრამ ახლა ერთმანეთს ეხმარებიან..."

ასე ვიყავით სოხუმშიც. ომის დროს ერთმანეთს მხარში ვედექით. წყალი რომ არ იყო, მთებში მივდიოდით, მოგვქონდა, მეცხრე სართულზე ფეხით აგვქონდა და დაღლას ვერ ვგრძნობდით, იმხელა სიყვარული იყო ჩვენში...

„ყველა ის ადამიანი მოვიშორე, ვინც ბოღმით არის სავსე და დღეს რუსეთის საქციელს ამართლებს. ტვინგამორეცხილები არიან... „ყოველდღე უფრო და უფრო მეტს ხვდები და აფასებ იმ ხალხს, ვინც ამ ფაშისტურ იდეოლოგიას ხელს არ აწერს!“

დღეს მეგობარმა თავისი გადამწვარი სახლის ფოტოები გამომიგზავნა და მომწერა, ეს სახლი კი არა, ჩვენი სული, გულია დამწვარი...“რუსები მიწასთან ასწორებენ ყველაფერს, ჩვენ თავშესაფარში ვსხედვართ, განვიცდით და ვერაფერს ვშველით. ჩვენს ბავშვებს ხოცავენო...

ყველა უკრაინელს მშვიდობას ვუსურვებ, რუსეთო, შენ გამართლება არ გაქვს!“