"აშკარაა ფსიქოლოგიური ეროვნული დაავადება, რითაც სრულიად რუსეთია შეპყრობილი“ - კვირის პალიტრა

"აშკარაა ფსიქოლოგიური ეროვნული დაავადება, რითაც სრულიად რუსეთია შეპყრობილი“

„სანამ ადამიანი სამყაროს ყურისგდებას არ ისწავლის, მის საქმეებს საკუთრივ ადამიანისთვის ჩალის ფასიც არ ექნება“

თანამედროვე ქართველი მწერალი, ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატი ლუკა ბაქანიძე თავის ნაწარმოებებში იმ თემებსა და პრობლემებს გვაცნობს, რომლებიც დღეს ძალზე აქტუალურია, მაგრამ იმ კუთხით, როგორც მათ ავტორი გვაცნობს, არასდროს შეგვიხედავს.

- ამ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე ბინძური ხანა დგას კაცობრიობის ისტორიაში: სიყალბის, ისტერიკის, ეკოლოგიური ჯოჯოხეთის, ადამიანური არსის აბუჩად აგდების ეპოქა, როცა მთელი კაცობრიობა ალუზიურად არსებობს, ინტერნეტის საშუალებით. აქეთ კიდევ რუსეთი, რომელსაც კიდევ ერთხელ უყივლა იმპერიული პოზიციების გენეტიკურმა სიყვარულმა და აი, შედეგიც - 22 საუკუნეს მიღწეულ თანამედროვე მსოფლიოში აშკარაა სხვა ქვეყნების ანექსია ყველაზე საშინელი მეთოდებით, რაც ნამდვილად არ არის სამხედრო სტრატეგია, სინამდვილეში, პირდაპირ კავშირშია მძიმე ფსიქოლოგიურ ეროვნულ დაავადებასთან, რითაც სრულიად რუსეთია შეპყრობილი. იქ უკვე იმდენად მძიმე სურათია, რომ საერთო მოცემულობას ვერ ცვლიან ის ადამიანები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის, რაც ახლა მათი ხელისუფლების დამსახურებით უკრაინასა და სხვა უამრავ ქვეყანაში ხდება - ანუ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს ცალკეული ინდივიდების სწორ და ნათელ მსოფლმხედველობას საკუთარი ქვეყნისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ: კარგი ადამიანები ყველა ერს ჰყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავგმოთ ქვეყნის პოლიტიკა და მისი მხარდამჭერი მოსახლეობა, მათივე ქვეყნის მიერ გაუგონარი სისასტიკის გამო. მით უმეტეს, ამ ეტაპზე უკვე სისულელეა ქვეყნის პოლიტიკოსების, პოლიტიკური ქმედებებისაA და ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნა, ვინაიდან ხალხი ყველაზე ძლიერი ძალაა სამყაროში. თუ ხალხს არ შეუძლია საკუთარი ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრა, ის უფუნქციოა ან ძალაგამოცლილი როგორც ერი და ზოგ შემთხვევაში ისეთივე დამნაშავე, როგორიც მისი ხელისუფლება და პოლიტიკოსები. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ახლანდელი რუსეთის შემთხვევაში. სხვათა შორის, არც საქართველოს მოსახლეობაა ამ დანაშაულს აცილებული.

- ჩვენმა თაობამ თვალი­ ადევნა, როგორ იბადებოდა თავისუფალი ქვეყანა,­ უამრავი შეცდომის კვალდაკვალ ვსწავლობდით დამოუკიდებელ­ სახელმწიფოს მოქალაქედ შედგომას. და კიდევ, გაქვთ განცდა, რომ თავისუფალი ქვეყნის შვილი ხართ?..

- ჩვენი თაობის ქვეცნობიერში დალექილმა გენეტიკურმა საბჭოთა ბალასტმა ბევრი რამის საშუალება არ მოგვცა. ჩვენს ეროვნულ ხედვას, როგორც წესი, იგივე რადიუსი აქვს, რაც ჩვენს საცხოვრებელ კვადრატულ მეტრებს. დღევანდელი რიგითი ქართველის მიერ სამშობლოს აღქმა ძალზე ბუნდოვანი და შორეული ცნებაა და ასეა დამკვიდრებული აზროვნებაში. გამოცლილი გვაქვს ის ძალა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა დაგვენახა საკუთარი ქვეყანა როგორც გარდაუვალი აუცილებლობა, მუდმივი ზრუნვის და გაფრთხილების ტერიტორია. უამრავი წელია მენტალურად ერთი ნაბიჯითაც არ წასულა წინ. ამას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის, არასწორი, შეუმდგარი საგანმანათლებლო სისტემები, საერო თუ რელიგიური პრინციპები, გაფეტიშებული წარსულის ლანდები. ამას დაუმატეთ წარმოუდგენელი შემგუებლობა, რაც თითქმის გამორიცხავს როგორც ადამიანურ, ისე ეროვნულ განვითარებას, რადგან განვითარების სული წინააღმდეგობაა. წინ წასასვლელად მოძრაობაა აუცილებელი. თუმცა­ ამ ყველაფერს, მიზეზშედეგობრივ კავშირებს, ისევ წყეულ საბჭოთა კავშირამდე მივყავართ. ამას ჩვენი ბედისწერა ემატება - რუსეთის გვერდით ჩვენი არსებობა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად აღარაა საბჭოთა კავშირი. სხვა მხრივ კი მის ჭეშმარიტ წითელ არსს და ზრახვებს ყველა ვხედავთ, საქართველოში იქნება, უკრაინასა თუ სხვა ქვეყნებში.

- ამ რეალობაში რა უფრო მეტი და შესამჩნევია ჩვენ გარშემო, სიყალბე, სიხარბე თუ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი, ყოველდღიურობაზე მოფიქრალი, პოლიტიკური გემოვნებით თუ უგემოვნობით გზაარეული ადამიანები? თუ სიკეთე, გულწრფელობა, საზოგადოდ, ის ღირებულებები, რისთვისაც ცხოვრება ღირს?

- სიკეთე, უბრალოება და გულწრფელობა დიდი ფუფუნებაა, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, საერთოდ, დღევანდელ მსოფლიოში, მით უმეტეს, ყოფნა, როგორც ასეთი, პოლიტიკის მიღმა კიდევ უფრო დიდი ფუფუნებაა... სამწუხაროდ, ახლანდელი კაცობრიობა ცხოვრების ასეთ წესებსა და ყოველდღიურობას გვთავაზობს.

დღევანდელ ადამიანს აღარ გააჩნია ან დაბლაგვებული აქვს ყველაზე მთავარი, სამყაროს და გარემოს მისაღები და აღმქმელი გრძნობა - ალღო. ალღოს, ინტუიციის გარეშე კი ადამიანი ყოველთვის დარჩება მოტყუებულად. სანამ ადამიანი სამყაროს ყურისგდებას არ ისწავლის, მის საქმეებს საკუთრივ ადამიანისთვის ჩალის ფასიც არ ექნება.

- როგორც მწერალი "მესამე ნაპირით" გაგიცანით, თუმცა "ლაზარე" ბევრად მძაფრი შეგრძნებების, ცოცხალი ემოციების სამყაროა. მწერალს შეუძლია მკითხველის ცხოვრება შეცვალოს?..

- არასოდეს ჰყოლია ჩემს ტექსტებს­ ადრესატი, საკუთარი, ჩემივე თავის და იმ რაღაც ძალის გარდა, რომელსაც ყოველთვის ყველგან ვგრძნობ და რასაც, პირობითად, ღმერთს ვეძახით ხოლმე კაცნი. ჩემთვის წერა მეტისმეტად ეგოისტური პროცესია. ერთგვარი თვითმკურნალობაა. ბოლო წერტილის დასმის შემდეგ ვსაზღვრავ უკვე, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ჩემს ტექსტს მკითხველისთვის. ინტუიციით ვხვდები. რაც ნაკლებადაა გათვალისწინებული წერის პროცესში მკითხველი, მით მეტი შანსი აქვს არ დარჩეს მაკულატურად - ესაა ჩემი ფორმულა.

- თავად თუ გყავთ ავტორი ან პერსონაჟი, ვინც თქვენი ცნობიერება, სულიერი სამყარო თავდაყირა დააყენა?

- არის არცთუ ცოტა წიგნი, რომლებმაც თავის დროზე შემძრა და ამჟამად ფრიად აგდებულად ვუყურებ. ასევე ყოფილა, მნიშვნელობა არ მიმინიჭებია წიგნისთვის და შემდეგ უკეთ დამიფასებია... ყოველი კარგი წიგნი ცვლილებებს უნდა იწვევდეს ადამიანში... კარგი კუთხით. მარკ ტვენის ჰეკლბერი ფინით და ასტრიდ ლინდგრენის სალტკროკელებით დაწყებული და ფოლკნერით თუ აკუტაგავათი დამთავრებული, ძალიან ძვირფასი და ჩემი ადამიანური განვითარებისთვის გადამწყვეტი ტექსტები მომეპოვება სულში საფანლად. დიდებული რამეა წიგნი, ადამიანის ცხოვრებაში მთავარი რამ... პერსონაჟებს რაც შეეხება,­ ძალიან მომწონს ურსუსის და ჰომოს დუეტი ჰიუგოს რომანში "კაცი, რომელიც იცინის". თუმცა, არც ჰიუგო მიყვარს და არც მისი ნაწერი, უფრო საყმაწვილო მწერლობის პერსონაჟები მიყვარს...

- "უამრავი ბარიერის, ჯურღმულის და ტკივილის გადაგდება და გადავლა მოგიწევს, რომ წერო ზუსტად, რასაც წერ. ეგ ყველაფერი სულაც არ არის იოლი" - ესეც თქვენი სიტყვებია. კიდევ რა არის მთავარი წერისთვის?..

- პოეტი შეიძლება გაძვრეს მარტო ნიჭის ანაბარა, მაგრამ პროზაიკოსს თუ ნიჭთან ერთად ცხოვრება არ ებოძა ზემოდან, მისი ფასი არაფერია. მე კი ნამდვილად მეტისმეტი მებოძა. რამდენად მოვახდინე­ ჩემი ცხოვრების სინთეზირება ნიჭთან, მკითხველმა შეაფასოს. წერისთვის აუცილებელ თვისებებს რაც შეეხება: ჯოჯოხეთური­ ნებისყოფაა საჭირო. მუდმივი მორალური სიფხიზლე ტანისა და გონისა, რომ არ დაკარგო გარემოსთან, სამყაროსთან კავშირი, მთავარია, დროის სული არ გამოგეპაროს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ შინაარსობრივად წყალწყალა, არაფრისმომცემ ფურცელთა დასტას, რითაც სავსეა ქართული მწერლობა.