"უმეცრებაა, როდესაც ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ათწლიანი გეგმა, მაგრამ სტრატეგიის გარეშე“ - კვირის პალიტრა

"უმეცრებაა, როდესაც ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ათწლიანი გეგმა, მაგრამ სტრატეგიის გარეშე“

საქართველოს 2015 წლიდან აქვს კანონი "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ", რომელიც განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლურ დოკუმენტებს. შესაბამისად, გვაქვს აქტები, რომლებიც­ ეროვნულ დონეზეა მიღებული და ამტკიცებს მთავრობა. არსებობს უწყებრივი დოკუმენტებიც. პირველი დონის დოკუმენტია უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც 2005 წელს მიიღეს და განახლდა ერთხელ - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ,­ 2011 წელს. ეროვნული დონის მეორე დოკუმენტია საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებულია. მესამეა თემატური სტრატეგიები, რომლებიც წლების განმავლობაში არ განახლებულა, დღეს მხოლოდ მათი ნაწილია განახლებული. ქვეყანას აქვს ათწლიანი უწყებრივი გეგმებიც, რომლებსაც სპეციალისტები კრიტიკულად აფასებენ. რა პრობლემებს უქმნის არსებული მდგომარეობა ქვეყნის უსაფრთხოებას და რა არის უპირველესად გასაკეთებელი, "კვირის პალიტრა" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ოპოზიციიდან, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს თეონა აქუბარდიას ესაუბრა:

- საქართველოს 2005 წლიდან აქვს წერილობითი კონცეპტუალური დოკუმენტები,­ "ქართულ ოცნებას" კი ამ მხრივ მნიშვნელოვანი ჩავარდნა აქვს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის დამოკიდებულებაზე ეროვნული უსაფრთხოების მიმართ. ლაპარაკია უსაფრთხოების პოლიტიკურ დოკუმენტზე, უსაფრთხოების კონცეფციაზე,­ რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ღირებულებებს,­ ეროვნულ ინტერესებს, არსე­ბულ საფრთხეებსა და პრიორიტეტულ­ მიმართულებებს. ეს დოკუმენტი 2011 წლის შემდეგ აღარ განახლებულა, მიუხედავად სამოქალაქო სექტორისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის არაერთი მოთხოვნისა.

ამ დოკუმენტის გარეშე არ არსებობს ქვეყნის ტრაექტორია და მიმართულება.­ ყველა უწყება მასზე უნდა იყოს ორიენტი­რებული, რათა დაცულ იქნეს ქვეყნის ინტერესები, განეიტრალდეს საფრთხეები.

როდესაც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვიყავი, არაერთხელ მივმა­რთეთ მთავრობას\. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას არაერთხელ ილაპარაკა ამ დოკუმენტის განახლების საჭიროებაზე, თუმცა პასუხი იყო უმეცრული, გაუგებარი და არაფერი მოჰყოლია. 2019 წელს "ოცნებამ", როგორც იქნა, აღიარა, რომ დოკუმენტი უნდა განახლებულიყო. მაშინ ჯერ გააუქმეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დამგეგმავი და მაკოორდინირებელი ორი უწყება - უშიშროების საბჭო და შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო, შემდეგ კი შექმნეს რაღაც ახალი, რომელსაც მაშინდელი­ შს მინისტრი გიორგი­ გახარია ჩაუდგა სათავეში და დაიწყო მუშაობა განახლებაზე. საბოლოოდ პროექტი გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ პარლამენტში შემოტანამდე მისი განხილვა შეჩერდა უკრაინის ომის გამო.

- გაჩერების მიზეზი ომი იყო? როგორი იყო პარლამენტის აზრი ამ დოკუმენტზე?

- პარლამენტში ამაზე მსჯელობა არც დაწყებულა, დოკუმენტი არც შემოსულა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელს, მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი პროექტს და ის კარგია­, მაგრამ განხილვა გაჩერდა სწორედ ომის გამო და ეს ლოგიკურიცაა, რადგან უკრაინაში ომმა უსაფრთხოების გარემო ძირეულად შეცვალა. სავარაუდოდ, როდესაც ომი დასრულდება, დოკუმენტი სრულიად განახლდება.

- რას გვეტყვით საფრთხეების შეფას­ების დოკუმენტზე?

- უსაფრთხოების პოლიტიკაშიც ცუდად გვაქვს საქმე - საფრთხეების­ შეფასების დოკუმენტი სრულიად საიდუმლოა. ის არც განახლებულა და არც ის არის ცნობილი, დამტკიცებულია თუ არა. წინა ხელისუფლებას საფრთხეების შესახებ 4-გვერდიანი დოკუმენტი ჰქონდა და ის საჯარო იყო - სულ ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა. როდესაც­ "ოცნებამ" 2015 წელს განაახლა დოკუმენტი,­ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ღარიბაშვილისთვის გაგზავნილი მქონდა წერილი, დოკუმენტი არ გაასაჯაროვეს. თავად განახლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტრატეგიული მიმოხილვის შესახებ ჩანაწერში, რომელიც ასევე ეროვნული დონის დოკუმენტია და მისი მოქმედების პერიოდი 2015-2018 წლები იყო. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც შეფასებულია ქვეყნის წინაშე არსებული ყველა საფრთხე, არა მარტო სამხედრო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური, კიბერმიმართულება, ენერგეტიკული საფრთხეები, რომელთა განეიტრალებაზე გატარებული უნდა იყოს როგორც პრევენციული, ასევე აღსაკვეთი ღონისძიებები. თუმცა არც ეს დოკუმენტი განახლებულა და არც ვიცი, მუშავდება თუ არა უსაფრთხოების საბჭოში. რამდენჯერმე თქვეს, ვამუშავებთო, მაგრამ მას შემდეგ არაფერი თქმულა.

- ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიები თუ პასუხობს გამოწვევებს და საკმარისია ის, რაც არის გაკეთებული?

- ამ მხრივაც მნიშვნელოვანი გარღვევა­ აქვს ქვეყანას. არსებობს სხვადასხვა მიმართულების სტრატეგიები, მაგალითად, მათ შორის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა. დამტკიცებულია კიბერუსაფრთხოების სტრატე­გიაც, რომელიც 2013 წლის შემდგომ­ მხოლოდ 2021 წელს განახლდა. ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. ამ მიმართულებით კანონმდებლობა ჯერ კიდევ 2017 წელს შეიცვალა - თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით გაერთიანდა ორი ეროვნული­ დონის თავდაცვის სტრატეგია: პირველი - სამხედრო სტრატეგია და მეორე - თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც 2006 წლიდან გვქონდა. 2017 წლიდან, ჯერ კიდევ­ ჩემი უშიშროების საბჭოში მუშაობის პერიოდში, არსებობდა თავდაცვის ეროვნული­ სტრატეგიის სამუშაო ვერსია. მას შემდეგ გავიდა 5 წელი და ქვეყანას ჯერ კიდევ არა აქვს დამტკიცებული თავდაცვის ეროვნული სტრატეგია და ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას ძალზე მზარდი საფრთხეები აქვს და ქვეყნის გაცხადებული კურსია ნატოში­ გაწევრება. თუმცა სანაცვლოდ ქვეყანას აქვს ათწლიანი გეგმები. ალბათ, გახსოვთ, შარშან, წინასაარჩევნო პერიოდში, ღარიბაშვილმა როგორ გამართა არაერთი პრეზენტაცია და ყველა უწყებამ თავი მოიწონა ათწლიანი გეგმებით­. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - აბსოლუტური უმეცრება და სტრატეგიის უცოდინრობაა, როდესაც ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ათწლიანი გეგმა, მაგრამ სტრატეგიის გარეშე. თავად ათწლიანი სტრატეგიაც საკმაოდ რთული მოცემულობაა არსებულ ვითარებაში, არათუ გეგმა, მაგრამ გვაქვს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის დღეს - არც ერთი სტრატეგია ეროვნულ დონეზე, უსაფრთხოების კონცეფცია, თავდაცვის სტრატეგიისა და საფრთხეების შეფასების გარეშე, მაგრამ ათწლიანი გეგმებით და უწყებრივი დოკუმენტებით. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ აბსოლუტურად მოშლილია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მთავარი უწყების მუშაობა, ვგულისხმობ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ადვილი მისახვედრია, ქვეყანა რა მდგომარეობაშია.

- უსაფრთხოების საბჭო რა საკითხებზე შეკრებილა და რამდენად­ გამართლებულია, რომ უკრაინაში ომის დროს უსაფრთხოების საბჭოს არც ერთი სხდომა არ გამართულა?

- 2019 წლიდან დღემდე უსაფრთხ­ოების საბჭოს სულ 6 სხდომა ჩატარდა. არადა, კანონში წერია, რომ საბჭო 3 თვეში­ ერთხელ მაინც უნდა შეიკრიბოს, რაც სულაც არ კრძალავს, რომ თუნდაც ყოველდღე შეიკრიბოს, თუ უსაფრთხოება მოითხოვს. იმ 6-დან ერთი შეკრება იყო გაცნო­ბითი, როდესაც საბჭო შეიქმნა. შემდეგ­ ახალი­ პრემიერის დანიშვნის შემდეგ შეიკრიბა და ისევ გაცნობითი იყო. ერთი შეეხებოდა ყარაბაღის ომს, ერთი - ყარაბაღის ომის შემდგომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტყვეთა გაცვლას და მას ჩვენი პარტნიორი ამერიკის წარმომადგენელი ესწრებოდა როგორც შუამავალი. ამის სანაცვლოდ ოპერატიულ თათბირებს ატარებენ, რაც არაინსტიტუციურია. უსაფრთხოების საბჭო მუდმივ წევრებთან ერთად არ ეთათბირება პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების საკითხებზე.­ წარმოუდგენელი და გაუმართლებელია არ შეიკრიბოს საბჭო მაშინ, როცა უკრაინაში ომია. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც­ ასეთი სხდომა არ ჩაუტარებია, მით უფრო, ევროპის ქვეყნებს. სხდომის ჩატარება არ ნიშნავს, რომ რუსეთი შეიძლება გააღიზია­ნონ.

- ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ეროვნულ დონეზე მთავარი დოკუმენტია, არის დღეს საფრთხეებთან­ თავსებადი?

- ეს არის სააკაშვილის დროინდელი­ დოკუმენტი და აბსოლუტურად არ არის თავსებადი. ერთადერთი საკითხი, რომელიც­ თანამედროვე საფრთხეებთან თავსებადია, რუსეთის სამხედრო აგრესიაა­ და ეს მოცემულობა კი არ შეცვლილა, უფრო დამძიმდა­. ამ პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილება,­ რომ უსაფრთხო­ების კონცეფცია 5 წელიწადში ერთხელ­ უნდა გადაიხედოს და აქამდე არაფერი გაკეთებულა.

- სტრატეგიები თუა გადახედილი, ის თუ ვიცით, რა და როგორ არის შესრულებული?

- ვერ გეტყვით. გადახედილი რომ არ არის, ფაქტია. რაც შეეხება შესრულებას, როგორ შეიძლება ვადაგასული სტრატეგიით ხელმძღვანელობა?

- ათწლიანი გეგმები ახსენეთ, რომლებიც რეალურად სტრატეგიების გარეშეა შექმნილი. უსაფრთხოების სფეროში ეს რა პრობლემებს ქმნის? იქნებ სულ არაფერს სჯობდეს კიდეც?

- წარმოიდგინეთ ზღვაში გასული გემი, რომელსაც არა აქვს კომპასი, დაახლოებით იმავე პრობლემას ქმნის ეს ქვეყნისთვის. ჩვენ არა გვაქვს ერთიანი სტრატეგიული ხედვა და მისი შესაბამისი კონკრეტული ხედვა. ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რატომ ამტკიცებს პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, არის ის, რომ საჭიროა ამ დოკუმენტის განგრძობითობა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის მიუხედავად. ეს არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესი და როდესაც ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, ქვეყნის ინტერესები განუზომლად ზიანდება.

მოამზადა რუსა მაჩაიძემ