"ევროინტეგრაცია არ არის ვინმეს ექსკლუზიური უფლება“ - კვირის პალიტრა

"ევროინტეგრაცია არ არის ვინმეს ექსკლუზიური უფლება“

ევროკავშირში გაწევრებისთვის კითხვარი, რომელიც საქართველოს კვირის დამდეგს გადმოსცეს, მხოლოდ კვირის მიწურულს საზოგადოების მწვავე ზეწოლის შედეგად გასაჯაროვდა. თუმცა ახლა მნიშვნელოვანი კითხვარის შევსებაა, რადგან უმეტესწილად მასზეა დამოკიდებული, ივნისის ბოლოს საქართველო რა პასუხს მიიღებს. რას ნიშნავს ეს კითხვარი, რატომ ცდილობდა ხელისუფლება მის გასაიდუმლოებას, რომელი ნაწილი შეიძლება იყოს ჩვენთვის ყველაზე პრობლემატური და როგორია მოლოდინი, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა:

- ეს არის სტანდარტული პროცედურა, რომელსაც ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირში გაწევრების გზაზეა, ამ პროცედურას გადის. შეიძლება ითქვას, ეს მეორე ეტაპია - ევროკავშირი, მას შემდეგ, რაც ქვეყანა გააკეთებს განაცხადს, იღებს გადაწყვეტილებას, რომ მისცეს კითხვარი. კითხვარი თავს უყრის ინფორმაციას, თუ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით რა მდგომარეობაა, იქნება ეს კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებები, სასამართლოს რეფორმა და სხვა... ევროკავშირს აქვს ინფორმაციის მიღების სხვა წყაროებიც: თავისი წარმომადგენლობა, წევრი-ქვეყნების წარმომადგენლობები, სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშები... აი, ამ კითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით და მთელი ინფორმაციის ანალიზის შემდგომ უკვე ევროკომისია დებს შეფასებას, რამდენად მზად არის ქვეყანა, რომ მას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ შეფასებას შემდეგ ამტკიცებენ წევრი-ქვეყნების წარმომადგენლები.

- კითხვარი ყველასთვის სტანდარტულია თუ ქვეყნის სპეციფიკას ან არსებულ პრობლემებს ითვალისწინებენ?

- მანამდე ეს სტანდარტული კითხვარი იყო. მაგალითად, როცა ბალკანეთის ქვეყნებს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნიას და ჰერცეგოვინას თითქმის იდენტური კითხვარი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, განსხვავება არის მათ შორისაც, რაც დამოკიდებულია ქვეყნის სპეციფიკურობაზე. ზოგიერთი კითხვა სახეცვლილია, მაგრამ მთავარი კითხვები არ იცვლება. მაგალითად, კითხვარში ცნობილი 23-ე თავია, რომელიც ეხება მართლმსაჯულებას, კანონის უზენაესობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვას - ეს კითხვები იდენტურია. მაგრამ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შემთხვევაში ევროკავშირმა გადაწყვიტა გაეკეთებინა კითხვარის ერთგვარი შემოკლებული ვარიანტი. ის ნაწილი, რაც უკვე მიიღო საქართველომ, მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილს, დაახლოებით 370 კითხვაა. ველოდებით მესამე ნაწილსაც, რომელიც შეეხება იმას, თუ რამდენად არის საქართველოს კანონმდებლობა ჰარმონიზებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

- ამ ნაწილს როდის გადმოგვცემენ და ნაწილ-ნაწილ გადმოცემა რამ განაპირობა?

- კითხვარის ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა წმინდა ტექნიკური პროცესია, რათა დრო არ დაკარგულიყო, სხვა არაფერი.

- დიდი ვნებათაღელვა იყო ამ კითხვარის გასაჯაროებაზე. რატომ დასჭირდა ხელისუფლებას საზოგადოების ასეთი ზეწოლა? არის მასში ისეთი რამ, რომლის გასაჯაროება სახიფათოა?

- ევროკავშირი კითხვარს გადასცემს რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას და შემდგომ მისი გადასაწყვეტია, რას გააკეთებს, გაასაჯაროებს თუ დახურული იქნება. ჩემთვის გაუგებარი იყო ხელისუფლების თავშეკავება, რადგან არანაირ სენსიტიურ ინფორმაციას კითხვარი არ შეიცავს. ძალიან კარგია, რომ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს კითხვარის გამოქვეყნება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან გაუგებარი იქნება, თუკი პასუხები არ გასაჯაროვდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირში და საზოგადოდ, ევროპულ ფასეულობებში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ჩართულობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ამის სურვილი აქვს. მაგალითად, სერბეთის ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების გამოყენებით პასუხი აქვს გაცემული ძალიან ბევრ კითხვაზე. საქართველოშიც ძალიან კარგი იქნება იმავეს გაკეთება თუნდაც მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების ნაწილში, რადგან ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორს სერიოზული მუშაობა აქვს ჩატარებული და არა აქვს ნაკლები გამოცდილება, მეტი თუ არა, ვიდრე ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ამ ცოდნისა და გამოცდილების გამოუყენებლობა, ვფიქრობ, არ იქნება სწორი, რადგან ევროინტეგრაცია არ არის ვინმეს ექსკლუზიური უფლება.

- სანამ კითხვარი გასაჯაროვდებოდა, არგუმენტად ის მოჰყავდათ, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე კითხვარის გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდათ.

- როდესაც ჩვენ არაოფიციალურად ვესაუბრეთ ევროკავშირის წარმომადგენლებს, მათ გვითხრეს, რომ მათთვის უპირველესი პარტნიორია ხელისუფლება და ამ კითხვარზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი პრეროგატივაა.

ეს კითხვარი არ შეიცავს არც სახელმწიფო საიდუმლოებას, არც პირად ინფორმაციას, არ არის არც კომერციული საიდუმლოება. ამასთან, ამ კითხვარის გადმოცემა ჩვენთვის მოულოდნელობა არ ყოფილა - 3 მარტის შემდეგ, რაც განაცხადი გავაკეთეთ, კითხვარს ველოდებოდით.

- კითხვარიდან საქართველოსთვის რომელი ნაწილი შეიძლება იყოს ყველაზე პრობლემური?

- ყველაზე პრობლემური იქნება მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილი, იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყანას ჰქონდეს ისეთი სასამართლო, რომელიც კრიტიკის საგანია აბსოლუტურად ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები, რომელიც ძალიან კრიტიკულია. ვიცით ევროკავშირის შეფასებებიც ამ მიმართულებით, რომელიც ასევე ძალიან მწვავეა. ასე რომ, ყველაზე რთული და ყველაზე დიდი კრიტიკა, ვფიქრობ, მართლმსაჯულებაზე, საზოგადოდ, სასამართლო ხელისუფლებაზე წავა.

4 კვირა გვაქვს მოცემული იმისთვის, რომ კითხვარს პასუხები გავცეთ. ამიტომ ძალიან მეეჭვება, ამ დროში კარდინალური ცვლილებები მოხდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხში. ამდენად, ძალიან მეეჭვება, ამ 4 კვირაში რაიმე შეიცვალოს, მაგრამ შესაძლებელია კანდიდატის სტატუსთან ერთად საქართველოს მოსთხოვონ გარკვეული პირობების შესრულება.

- შესაძლებელია, რომ ამის გამო კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრან?

- ცუდი სცენარით შესაძლებელია პროცესი გაიწელოს, კარგი სცენარით კი კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ და გვითხრან, იმისთვის, რომ წინ წავიდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკებები საქართველოსთან, საქართველომ უნდა გააკეთოს ესა და ესო.

- რაც პასუხები გაიგზავნება, მერე რა პროცედურებია და რა დრო დასჭირდება?

- პასუხების გაგზავნის შემდეგ ევროკომისიამ უნდა შეაფასოს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა პირობას, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს შეფასება სარეკომენდაციო ხასიათისაა და ამ რეკომენდაციით ევროკომისია წევრ ქვეყნებს მიმართავს. ამის შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, მისცენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მიიღებენ 24 ივნისს, როცა ევროსაბჭოში შეიკრიბებიან 27-ვე ქვეყნის მეთაურები და იმედია, მიიღებენ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

რუსა მაჩაიძე