"რუსეთს უჭირს და ყველა მიზეზს ეძებს მობილიზაციის გამოსაცხადებლად“ - კვირის პალიტრა

"რუსეთს უჭირს და ყველა მიზეზს ეძებს მობილიზაციის გამოსაცხადებლად“

უკრაინელების შეუპოვარმა ბრძოლამ­ კრემლის გეგმა ჩაშალა. უწყვეტი დაბომბვის მიუხედავად, მარიუპოლი კვლავ რჩება­ მტკიცე წინააღმდეგობის სიმბოლოდ. რუსეთი ომის ახალ ფაზაზე გადადის­ და აქცენტს აღმოსავლეთ უკრაინის ინდუსტრიულ ცენტრზე, დონბასზე აკეთებს.­ ეს არის ბრძოლა, რომელმაც შესაძლოა უკრაინის ბედი გადაწყვიტოს. გვესაუბრება "ჯეოქეისის" თავდაცვისა­ და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი გიორგი ანთაძე:

- უკრაინაში რუსული სამხედრო ნაწილების გადაჯგუფებიდან ჩანს, რომ კრემლის გეგმა რამდენიმე მიმართულებით ჩავარდა. ბოლოდროინდელი განცხადებები,­ რომ კიევზე აპირებენ ახალ შეტევას, უკვე გაცვეთილი ფრაზაა. ეგონათ, კიევი ვერ გაუწევდა დიდ წინააღმდეგობას, მოსახ­ლეობის ნაწილი მის მხარეს გადავიდოდა და მალე ჩამოშლიდნენ უკრაინის ხელისუფლებას. ყველა მიმართულებით ჩავარდნა აქვთ: მართვაში, კონტროლში, მომარაგებაში, ამიტომ გადავიდნენ ლოკალურ ბრძოლებზე, რაც ბევრი სამხედრო მკვლევ­რისთვის ომის დაწყების დღიდანვე მოსალოდნელი იყო. მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ასეთი იქნებოდა სცენარი, ვინაიდან 150 000 კაცი იმ მასშტაბის ოპერაციისთვის, რომელსაც კრემლი გეგმავდა, მთლიანი­ უკრაინის ოკუპაციისთვის კი არა, მხოლოდ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილისთვის, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის არმიის საუკეთესო სამხედრო და ფსიქოლოგიურ მომზადებას, ძალზე მცირე რიცხვი იყო. ეს დადასტურდა კიდეც. კრემლს მოლოდინი გაუცრუვდა, რაც ნიშნავს,­ რომ დაზვერვაშიც უპრეცედენტო ხარვეზი ჰქონდათ. ბოლოდროინდელი გეგმა, რუსული ჯარის გადაჯგუფებით ორი - იზიუმისა და მარიუპოლის მხრიდან შეუტიონ დონბასში უკრაინულ დაჯგუფებებს, რათა როგორმე ალყაში, ე.წ. ქვაბში მოაქციონ და გაანადგურონ, ადვილი არ არის. ამის ბრწყინვალე მაგალითია მარიუპოლი, რომელიც თვეზე მეტია ალყაშია, მაგრამ რუსები სამი კვარტალის იქით ვერ წავიდნენ.

- კრემლის რუპორი მედიები ომის ახალ ფაზაზე ლაპარაკობენ. რას ნიშნავს ეს?

- ამისთვის კრემლს დასჭირდება ახა­ლი­ ძალა, რომლის თავმოყრა გაუ­ჭ­ირდ­ება - რუსულ ჯარებში­ მორალური, ფსიქოლოგიური და მატერი­ალური მოტივაცია ძალიან დაბალია. სხვა თუ არაფერი, ადამიანური რესურსის მოზიდვა გაუჭირდებათ. რუსი გენერალიტეტის რიტორიკა მიგვანიშნებს, რომ მიზეზებს ეძებენ საყოველთაო მობილიზაციის გამოსაცხადებლად.

რაც შეეხება უკრაინას, ომის დაწყებამდე­ ყველაზე რთული ცის გაკონტროლება იყო, მაგრამ უკრაინული ჯარის ზედმიწევნით ორგანიზებული მოქმედებით და ომის დაწყებისთანავე დასავლეთიდან მიწოდებული დიდი რაოდენობით როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ისე საზენიტო სისტემების წყალობით უკრაინულ ცაში რუსული საფრენი აქტივობა ძალიან შემცირდა, დიდი დანაკარგი განიცადეს. ასზე მეტი თვითმფრინავი დაკარგეს, 150-მდე ვერტმფრენი­ ჩამოუგდეს. ამას ემატება ცოცხალი ძალა. ამაში ლომის წილი უძევს დასავლეთის დახმარებას, სხვა შემთხვევაში უკრაინას ასეთი შედეგის მიღება გაუჭირდებოდა.

ახლა ფრონტის ხაზზე ერთგვარი სტაგნაციაა. რუსეთივით არც უკრაინას ჰყოფნის ძალა დიდი კონტრშეტევისთვის, რათა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვოს. მას ძალიან სჭირდება ისეთი სისტემები­, რომლებიც მის შეტევით პოტენციალს გაზ­რდის: უპირველესად ჯავშანტექნიკა, შორი მოქმედების საარტილერიო, საჰაერო თავ­დასხმის სისტემები, ასევე ჰუმანიტარული და მატერიალური დახმარების გაგრძელება. უკრაინამ ძალა უნდა მოიკრიბოს და რამდენიმე მიმართულებით უფრო დიდ კონტრშეტევაზე გადავიდეს. ვფიქრობ, უპირველესად ეს უნდა იყოს ხერსონი, შემდეგ კი მარიუპოლის დებლოკირება, ოღონდ მთავარია, მანამდე ქალაქი არ დაეცეს.

- რუსეთის განცხადებით, თუ დასავლეთი­ უკრაინის შეიარაღებას არ შეწყვეტს, ამას "არაპროგნოზირებადი შედეგები" მოჰყვება.

- ეს რიტორიკა ორ რამეს ემსახურება: პირველი - რუსი მოსახლეობისთვის იმის გამოცხადება­, რომ მობილიზაცია აუცილებელია. ამავე ჭრილში­ უნდა განვიხილოთ განცხადებას,­ თითქოს უკრაინის არმია და დივერსიული ჯგუფები რუსეთის ტერიტორიაზე აპირებენ თავდასხმას - ანუ რუსეთს ცოცხალი ძალის მოსაზიდად ძლიერი მოტივაცია სჭირდება. თუმცა ახალი ნაწილი ისეთი მომზადებული ვერ იქნება, როგორიც პირველ ფაზაში მონაწილე დანაყოფები იყვნენ. მობილიზაციით შესაძლოა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე ასეული ათასი კაცი შეემატოს და დაიწყოს მეორე ფაზა. ამას ემსახურება ამერიკისა ­და დასავლეთის გასაგონად გაკეთებული განცხადებაც - ლავროვმა თქვა, თუ ასე გაგრძელდება,­ უკრაინას ომს გამოვუცხადებთო, თითქოს ახლა სხვა რამ ხდება.­ ამის შემდეგ დარჩათ ბირთვული რიტორი­კა, რაც ჯერ ნაკლებად სავარაუდოა.

რუსეთს უჭირს და ყველა მიზეზს ეძებს მობილიზაციის გამოსაცხადებლად. საბრძოლო მოქმედებებმა ცხადყო, რომ მათი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი მტერი მართვის პრობლემა და კორუფციაა. მოდერნიზაციის პროექტები ბოლომდე არც განხორციელებულა. ბოლო წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების წამყვანი სისტემების ნაწილი უკრაინის ომში ან განადგურდა, ან ამოიწურა, შევსებას კი დრო სჭირდება. გარდა ამისა, ეკონომიკური სანქციების გამო საჭირო ტექნოლოგიების უდიდესი ნაწილის შეძენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია - განადგურებულ რუსულ ტექნიკაში ელექტრონული და სხვა სისტემები გერმანული ან ფრანგულია. მხოლოდ დაკონსერვებული ტექნიკის იმედად მოუწევთ მოქმედება.­ რუსეთს ამ მომენტისთვის შედარებითი უპირატესობა აქვს არტილერიაში, მათ შორის საზენიტოში, ჰაერში შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც ბატონობს. პრობლემა ცოცხალი ძალაა...

უკრაინას ის უპირატესობა აქვს, რომ თავდაცვით ომს აწარმოებს, მაგრამ შედ­ეგიანი შეტევისთვის სამმაგი უპირატესობა­ სჭირდება. თანდათან მეტ ცოცხალ ძალას­ მოუყრის თავს, მოხალისეების აქტიურობაცაა. დასავლეთიც უკრაინის თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობების ხარისხობრივ გაძლიერებას აპირებს. გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა რუსეთზე ტექნოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს, ამას ემატება დაზვერვა - დასავლეთი საბრძოლო სურათის შესახებ ინფორმაციას მუდმივად, თითქმის ონლაინრეჟიმში აწვდის. ყველა ეს ფაქტორი რუსეთის რაოდენობრივ უპირატესობას გააბათილებს.

- უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს "სირიელი ჯალათი", დვორნიკოვი უხელმძღვანელებს. რას შეცვლის ეს?

- არა მგონია, მან გარდამტეხი ცვლილება შეიტანოს. რუსეთმა უკვე აჩვენა, როგორ შეუძლია ომი, უკრაინამ კი დაანახა, როგორ იცავს­ თავს. შესაძლოა დვორნიკოვმა მართვა გააუმჯობესოს. როდესაც არმიის სისტემა­ მორყეულია, თანამედროვე ომში ერთი კაცი თვისებრივ ცვლილებას ვერ შეიტანს. ამასთან, სირიისა და უკრაინის ომები სრულიად განსხვავებულია - ეს არის ორ სახელმწიფოს შორის წმინდა კონვენციური ომი. სირიაში ბრძოლა, ძირითადად, ქალაქებში მიმდინარეობდა, უკრაინაში კი რუსეთის არმია ვერც ერთ მსხვილ ქალაქში შესვლას ვერ ახერხებს.