"მოსკვა“ ჩაიძირა, უკრაინასთან ომში მოსკოვი "ჩაძირვის“ პირასაა - კვირის პალიტრა

"მოსკვა“ ჩაიძირა, უკრაინასთან ომში მოსკოვი "ჩაძირვის“ პირასაა

უკრაინული „ნეპტუნებით“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ "მოსკვას“ ჩაძირვა კრემლისთვის, წმინდა სამხედრო დანაკლისის გარდა, უდიდეს პოლიტიკურ დარტყმადაც იქცა

2022 წლის 14 აპრილი მსოფლიო ისტორიაში ჩაიწერება როგორც ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრად შეიარაღებული სამხედრო ხომალდის განადგურების თარიღი.

11 ათასი ტონა წყალწყვის სამხედრო ხომალდი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არავის გაუნადგურებია და ეს პირველობა არავის "დაუთმო" რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა, სარაკეტო კრეისერმა "მოსკვამ".

24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, უკრაინის ოდესასთან რუსეთი დიდი საზღვაო დესანტის გადასხმას ცდილობდა, რაც რამდენიმე მიზეზით (უკრაინელების მიერ წინასწარ დანაღმული სანაპირო ზოლის, შტორმისა და თავად რუსი საზღვაო ქვეითების ნაწილის უარის თქმის გამო დესანტირებაზე) დღემდე არ გამოუვიდათ, ხოლო სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის (მანამდე კი ბერდიანსკის პორტში დიდი სადესანტო ხომალდ "სარატოვის" აფეთქების) გამო, ჩანს, აღარც გამოუვათ.

არადა, სწორედ "მოსკვას" მეთაურობით ოდესიდან ასიოდე კილომეტრში მუდამ დრეიფობდა რუსული სამხედრო ესკადრა და თითქმის ყოველდღე ხომალდებიდან "კალიბრის" ტიპის ფრთოსან რაკეტებს უშვებდნენ უკრაინის ქალაქების დასაბომბად.

თავად "მოსკვა" სარაკეტო დაბომბვებში არ მონაწილეობდა, რადგან შეიარაღებაში ჰქონდა მხოლოდ "ვულკანის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც მოწინააღმდეგის ხომალდების, მათ შორის ავიამზიდების, დასაზიანებლად იყო განკუთვნილი და სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად ნაკლებად გამოდგებოდა.

მიუხედავად ამისა, სწორედ "მოსკვას" ძლიერი სამსაფეხურიანი საჰაერო თავდაცვის იმედზე იყვნენ ოდესის ახლოს მოდრეიფე რუსული ესკადრის ხომალდების ეკიპაჟები.

samx2-1650219883.jpg
სავარაუდოდ, ასე გამოიყურებოდა უკრაინული "ნეპტუნის" "დაუპატიჟებელი სტუმრობის" მომენტი რუსულ "მოსკვასთან"...

"მოსკვას" შეიარაღებაში იყო 75 კმ-ის რადიუსში მოქმედი "ს-300" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საზღვაო ვარიანტი 68 რაკეტით, ასევე "ოსას" საზენიტო რაკეტები და სწრაფმსროლელი ექვსლულიანი ავტომატური ქვემეხები.

ომის დაწყებისთანავე ოკუპირებულ კუნძულ ზმეინისთან, საიდანაც ჯერ კიდევ მაშინ გაგზავნეს "მოსკვა" ცნობილ სამ ასოზე, მოდრეიფე რუსული ესკადრისკენ უკრაინელებმა "ნეპტუნის" ტიპის ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა დაახლოებით 130 კილომეტრის სიშორიდან გაუშვეს.

წესით, "მოსკვას" ძლიერ რადიოლოკაციურ სადგურებს მოწინააღმდეგის სარაკეტო თავდასხმის საშიშროება ჯერ კიდევ "ნეპტუნების" სტარტის მომენტში (როდესაც ეს რაკეტები გარკვეულ სიმაღლეს იღებენ) უნდა დაეფიქსირებინათ, მაგრამ რუსმა მეზღვაურებმა ეს ვერ შეძლეს.

შემდგომ "ნეპტუნებმა" ზღვის ტალღების თავზე ათიოდე მეტრის სიმაღლეზე გააგრძელეს ფრენა დაახლოებით 900 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც მათი რადიოლოკაციური აღმოჩენა ბევრად გართულდებოდა.

"ნეპტუნების" დამიზნების სისტემაში გამოიყენება აქტიური რადიოლოკაციური დასხივების თავაკები, რომლებმაც რუსული ესკადრის ხომალდებში ზუსტად "ამოიცნეს" 186 მ სიგრძის "მოსკვას" კონტურები და მის მარცხენა "ბორტს" დიდი სიზუსტით "ესტუმრნენ".

ორი, თითოეული 150 კგ მასის საბრძოლო ქობინის აფეთქებამ შეუჯავშნავ რუსულ სარაკეტო ხომალდს გადარჩენის შანსი არ დაუტოვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დეტონაცია განიცადა თავად "მოსკვას" სპეციალურ სათავსებში საბრძოლო საჭურვლის - საზენიტო რაკეტების, საარტილერიო ჭურვების, ტორპედოებისა და საავიაციო ბომბების (ამ სიღრმული მოქმედების საავიაციო ბომბებით "მოსკვას" ორ შვეულმფრენს წყალქვეშა ნავები უნდა დაეზიანებინა) მარაგმა. ხანძარი უფრო გააძლიერა შვეულმფრენებისთვის მომარაგებული საავიაციო ნავთის ცისტერნების აალება-აფეთქებამ.

მართალია, "მოსკვა" მაშინვე არ ჩაძირულა და სცადეს მისი ბუქსირება ოკუპირებული სევასტოპოლის სამხედრო პორტისკენ, მაგრამ რუსულ სარაკეტო ფლაგმანს გადარჩენის არავითარი შანსი აღარ ჰქონდა.

samx3-1650219883.jpg
უკრაინელებმა თავად დაამზადეს ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "ნეპტუნი", რომლის წარმატებულმა საბრძოლო გამოყენებამ თავად ნატოს ექსპერტებიც გააკვირვა

შავ ზღვაში "მოსკვას" ჩაძირვის ზუსტი კოორდინატები ცნობილია და მისი "სიცოცხლის" ბოლო საათების ფოტოვიდეომასალაც, ადრე თუ გვიან, გაჟონავს ინტერნეტის სოციალურ ქსელებში, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ გულდასმით მალავს "მოსკვას" ეკიპაჟში დანაკარგის რაოდენობას.

"მოსკვას" ეკიპაჟის საშტატო რაოდენობა 510 ოფიცერს, მიჩმანსა და მატროსს შეადგენდა.

ცნობილია, რომ უკრაინული რაკეტების მოხვედრისთანავე დაიღუპა "მოსკვას" მეთაური, პირველი რანგის კაპიტანი კუპრინი, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ჩაძირული რუსული ეკიპაჟის რიგებში შეიძლება ძალიან დიდი მსხვერპლი იყოს და გადარჩენილების რაოდენობა ას მეზღვაურსაც არ აღწევდეს. გამოდის, ერთი სარაკეტო შეტევით უკრაინამ, ფაქტობრივად, თითქმის ერთი საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფის ოდენობის მოწინააღმდეგე გაანადგურა.

"მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ კიდევ ერთ თავსატეხად იქცა საკითხი, იყო თუ არა მის ბორტზე ბირთვული ქობინები.

საქმე ის არის, რომ 1983 წლიდან, როცა სარაკეტო კრეისერი "სლავა" ("მოსკვა" 1996 წელს დაარქვეს) საბჭოთა შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში შევიდა, მისი 16 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "ვულკანიდან" ორი მაინც ბირთვულქობინიანი იყო, განკუთვნილი ძირითადად ამერიკული ატომური ავიამზიდების ჩასაძირად. ბირთვული ქობინების დამონტაჟება შეიძლებოდა მის ბორტზე არსებული "ს-300" ტიპის 64 რაკეტიდან რამდენიმეზეც.

უკრაინული "ნეპტუნების" მოხვედრისა და ჩაძირვისას "მოსკვას" ბორტზე ინახებოდა თუ არა ბირთვული ქობინები, ეს ყველაზე კარგად რუს ადმირალებს მოეხსენებათ. იმედია, არა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მალე გამოჩნდება "მოსკვას" ჩაძირვის ადგილას ზღვის სიღრმეში რადიაციული ფონის მომატებით.

საგულისხმოა, რომ "მოსკვაზე" ეს შეტევა უკრაინული "ნეპტუნების" საბრძოლო ნათლობა არ ყოფილა. მანამდე, ათიოდე დღით ადრე, უკრაინელებმა პირველი "ნეპტუნი" რუსეთის შავი ზღვის სარაკეტო ფრეგატ "ადმირალ ესენისკენ" გაუშვეს, მაგრამ ამ თანამედროვე რუსული სამხედრო ხომალდის საბორტე-საჰაერო თავდაცვის კომპლექსმა ბოლო მომენტში მოასწრო რეაგირება და ექვსლულიანი ავტომატური ქვემეხებით 30 მმ-იანი ჭურვების ზალპით მოახერხა უკრაინული "ნეპტუნის" ჩამოგდება. თუმცა აფეთქებულმა ნამსხვრევებმა მაინც დააზიანა რუსული ფრეგატი, საიდანაც არაერთი "კალიბრი" ესროლეს უკრაინის ქალაქებს.

უკრაინული "ნეპტუნების" წარმატებული საბრძოლო მოქმედება კარდინალურად ცვლის ოპერატიულ სიტუაციას არა მარტო უკრაინის შავი ზღვის სანაპიროსთან, არამედ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მთავარი სამხედრო პორტის, სევასტოპოლის რეიდის რაიონშიც, რადგან მაქსიმალურ 280 კმ-ზე მოქმედი "ნეპტუნები" უკრაინა-რუმინეთის სახმელეთო საზღვრის უკიდურესი სამხრეთი წერტილიდან თითქმის წვდება სევასტოპოლის ყურიდან გამოსასვლელს - ანუ კიევს თეორიულად და პრაქტიკულადაც შეუძლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მისი მთავარი სამხედრო პორტიდან გამოსასვლელი ჩაუკეტოს.

უკრაინის შესაძლებლობები ამ მიმართულებით დღე-დღეზე უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი "ჰარპუნის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის და უკრაინის გენშტაბს აღარ დასჭირდება მცირე რაოდენობის "ნეპტუნების" თვალისჩინივით მოფრთხილება.

ასე რომ, სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვა არა მარტო მხოლოდ ფლაგმანისა და შესაბამისად, დიდ სამხედრო დანაკარგად იქცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის. ამან ასევე უდიდესი პოლიტიკური, მორალური და პროპაგანდისტული დარტყმა მიაყენა თავად მოსკოვს - როგორც რუსეთის მოსახლეობას (რაც შეიძლება კრემლში ჯერ დიდად აღელვებთ), ისე მსოფლიოს და მათ შორის ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ლოგიკურად დაებადებოდა კითხვა, ნუთუ კრემლი საბჭოთა პერიოდიდან ისეთი კრეისერებითა და სხვა საბრძოლო ტექნიკით გვაშინებდა და გვაშინებს, რომელთა განადგურება თურმე ასეთი ადვილი ყოფილაო.

თავად მოსკოვი კი ჯიუტად არ აღიარებს, რომ მანამდე სამ ასოზე სიტყვიერად გაშვებული მისი სანაქებო "მოსკვა" უკრაინულმა "ნეპტუნებმა" ჩაძირეს შავი ზღვის ფსკერზე და აცხადებს, რომ იკვლევს კრეისერის ბორტზე გაჩენილი ხანძრის, რომელმაც საბრძოლო მარაგის დეტონაცია გამოიწვია, მიზეზებს.თუმცა მოსკოვმა მაინც ვერ მოითმინა და "მოსკვას" ჩაძირვის შურის საძიებლად დაბომბა კიევის გარეუბანში მდებარე ის ქარხანა, სადაც "ნეპტუნები" მზადდებოდა, თუმცა დიდად დააგვიანა - ყველა "ნეპტუნი" ჯერ კიდევ ომის დაწყებისთანავე ოდესისკენ იყო გადასროლილი.