ნატო VS რუსეთი: ვინ უფრო ძლიერია…
პოლიტიკურად დაპირისპირებულ ქვეყნებს რამხელა არმიები ჰყავთ და რამდენი ტანკი თუ თვითმფრინავი საბრძოლველად გამზადებული შეიძლება თავად ამ ქვეყნების გენერალური შტაბებიც კი შეცდნენ დათვლისას, მაგრამ ჩვეულებრივ ობივატელს წარმოდგენა რომ შეექმნას ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო ძლიერებაზე, რეალობასთან ყველაზე მიახლოებული ინფორმაციის მოწოდებას "კვირის პალიტრის" ამ ექსკლუზიურ სტატიაში შევეცდებით.
ბუნებრივია, თითქმის მთელი მსოფლიოსა და მათ შორის ჩვენი თანამემამულეების ყურადღება მეორე თვეა რუსეთ-უკრაინის ომზეა მიჯაჭვული.
დაუნდობელი ხალიჩისებური საჰაერო დაბომბვების შედეგად უკრაინული ქალაქების ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსებისა და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შემხედვარე საქართველოში სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას, იგივე საშინელება ჩვენც ხომ არ მოგველის, თუკი ეს ომი გასცდა უკრაინის ფარგლებს და რუსეთ-ნატოს დიდ ომში გადაიზარდა?
ამის თეორიული დაშვებაც არავის სურს, თუმცა ბევრი ვერც რუსეთის უკრაინაში სამხედრო ძალით შეჭრას წარმოიდგენდა 21-ე საუკუნეში. სამხედრო ძალების რა თანაფარდობა არსებობს, ერთი მხრივ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და, მეორე მხრივ, რუსეთს შორის?
შეიძლება უფრო ლოგიკური ყოფილიყო, ნატოსთან მხოლოდ რუსეთი კი არა, არამედ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია", იგივე ო-დე-კა-ბეც შეგვედარებინა, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ გადამწყვეტ მომენტში ნატოს წინააღმდეგ ამ ორგანიზაციის ექვსი წევრიდან პუტინს მხარში შეიძლება მხოლოდ ლუკაშენკო ამოუდგეს, რადგან ყაზახეთი ან სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საბრძოლველად არ წავლენ.
ის ციფრული მონაცემები, რომლებსაც ქვემოთ შევადარებთ, შეესაბამება 2022 წლის დასაწყის პერიოდს და მას აუცილებლად უნდა გამოაკლდეს 2022 წლის 16 აპრილის მონაცემებით, ფოტოვიდეომასალით ზუსტად დადასტურებული რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი უკრაინასთან ომში: 3 ათასზე მეტი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 507 ტანკი, 1 057 სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა, 21 საბრძოლო თვითმფრინავი, 33 შვეულმფრენი და ორი სამხედრო ხომალდი - სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" და დიდი სადესანტო ხომალდი "სარატოვი".
რუსეთის არმიის დანაკარგი პირადი შემადგენლობის სახით ომის 52-ე დღისთვის შეიძლება განისაზღვროს 12 ათასზე მეტი დაღუპულითა (პლუს 3 ათასამდე დონბასის სეპარატისტი) და 40 ათასამდე დაჭრილით.
წლის დამდეგისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტიური პერსონალის რიცხოვნობა 850 ათას კაცს აღემატებოდა, ხოლო რეზერვში 450 ათასამდე ითვლებოდა. რუსეთის არმიის შეიარაღებაში იყო: 21 950 ტანკი (ოღონდ შენახვის ადგილებში წლობით თავმოყრილების ჩათვლით, რომელთა დიდი ნაწილი არასაბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება), 51 452 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა (მათ შორის 9 931 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი), 11 232 ცალი საარტილერიო დანადგარი (აქედან 4 032 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა).
4 206 რუსული თვითმფრინავიდან 946 გამანადგურებელია, ხოლო 1 573 შვეულმფრენიდან კი - 649 დამრტყმელი.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში 623 მცურავი საშუალება ითვლება, მათგან ერთი ავიამზიდი, 18 საესკადრო ნაღმოსანი, 13 ფრეგატი, 86 კორვეტი და 70 წყალქვეშა ნავი, მათ შორის ატომური და დიზელისძრავიანები.
რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების განკარგულებაში 6 500-მდე ბირთვული ქობინია. ამ რიცხვში არ შედის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების შეიარაღებაზე დასაყენებელი ტაქტიკური ბირთვული ქობინების, საავიაციო ბომბებისა და ჭურვების რაოდენობა.
რუსეთის სამხედრო ძლიერების ამ რეალობასთან მიახლოებული ციფრების შედარება საინტერესო იქნებოდა ნატოს საბრძოლო შესაძლებლობებთან.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 წევრი ქვეყნიდან შეიარაღების ლომის წილი რომ აშშ-ზე მოდის, ამას განმარტება არ სჭირდება.
2022 წლის დამდეგისთვის ნატოს წევრი ქვეყნების არმიების პირადი შემადგენლობის რიცხოვნობა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა დაახლოებით ასეთი იყო: 3,657 მლნ აქტიური პერსონალი, 2,1 მლნ კაცი რეზერვში, 23 600 ტანკი (მათი დიდი ნაწილი დაკონსერვებულია, განსაკუთრებით აშშ-ის არმიაში), 109 462 ჯავშანტექნიკა, 16 840 საარტილერიო დანადგარი, მათ შორის 4 924 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
ნატოს საავიაციო პარკი ძალზე შთამბეჭდავია: 22 971 ერთეული, აქედან 3 989 გამანადგურებელი თვითმფრინავი.
ნატოს განკარგულებაშია 8 800 შვეულმფრენი, მათგან 1 902 საბრძოლოა.
ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ფლოტებში საერთო ჯამში 1 703 მცურავი საშუალება ირიცხება, მათ შორისაა: 17 ავიამზიდი, 13 შვეულმფრენმზიდი, 117 საესკადრო ნაღმოსანი, 140 ფრეგატი, 74 კორვეტი და 156 ერთეული ატომურ და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი.
ნატოს განკარგულებაშია, ანუ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვულ არსენალშია 4 418 ერთეული სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინი და საავიაციო ბომბი.
ციფრების ამ კორიანტელმა შეიძლება ნებისმიერი მკითხველი გადაღალოს და დააბნიოს, თუმცა დასკვნის გამოტანა მაინც შეიძლება: ტანკების, ჯავშანმანქანებისა და არტილერიის რაოდენობით რუსეთის არმია ევროპის კონტინენტზე ნატოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა საბრძოლო ავიაციითა და დამრტყმელი შვეულმფრენებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთზე დიდ უპირატესობას ფლობს. სამხედრო-საზღვაო ფლოტების მიხედვითაც ნატო წინ იჭრება, თუმცა რუსული ატომური წყალქვეშა ნავები ბირთვულქობინიანი სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტებით უდიდეს საფრთხეს შეიცავს.
უკრაინის ომის დასავლეთით ჩაჩოჩების ყველაზე არასასურველ შემთხვევაში, თუკი რუსეთის არმია ნატოს წევრი პოლონეთის, სლოვაკეთის თუ რუმინეთის აღმოსავლეთ საზღვრებში შეიჭრება და ბრძოლები მხოლოდ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით გაგრძელდება, დასავლეთის შედარებით თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები მნიშვნელოვნად გააბათილებს რუსული ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის სიმრავლეს, რაშიც მათ დამრტყმელი შვეულმფრენებიც დაეხმარებიან.
მაგრამ საპასუხოდ, თუკი რუსეთის ხელისუფლება ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებითაც შეეცდება (განსაკუთრებით კი კალინინგრადის ოლქიდან) ევროპის ქალაქების ისევე დანგრევას, როგორც დღეს უკრაინაში აკეთებს, ნატოს წევრი ქვეყნები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.… ნატო-რუსეთის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში ბირთვული იარაღის ჩართვა მსოფლიოს კაცობრიობის ნაწილობრივი განადგურების საშიშროების წინაშე დააყენებს.