"რატომ არ აქვს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლის სურვილი" - The Economist - კვირის პალიტრა

"რატომ არ აქვს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლის სურვილი" - The Economist

„ახლო აღმოსავლეთი, თურქეთი და აზია თვლიან, რომ დასავლეთი თვალთმაქცურად იქცევა, როცა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას აცხადებს, განსაკუთრებით - ერაყის ამერიკული ომისა და ლიბიის ნატოსეული დაბომბვების გათვალისწინებით. ისინი - თურქეთი და აზიის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ დასავლეთთან ერთიანობაში უფრო მეტი მინუსებია, ვიდრე - პლუსები“, - ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "რატომ არ აქვს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლის სურვილი".

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„როცა მსოფლიოს ორი უდიდესი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერები თერთმეტ აპრილს ერთმანეთს ვირტუალურად შეხვდნენ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იმაში, რომ „დემოკრატიულ ქვეყნებს ერთობლივი ძალისხმევით შეუძლიათ სასურველ შედეგს მიაღწიონ“, მაგრამ როცა საკითხი უკრაინის სიტუაციას შეეხო, ინდოელ პრემიერს არ დაუზუსტებია, თუ როგორი შედეგია მისაღწევი. მათი პოზიცია ერთმანეთს არ დაემთხვა: უკრაინის მდგომარეობაზე საუბრისას, როცა ორივე ლიდერმა შეშფოთება გამოხატა მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო, ჯო ბაიდენმა პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, ნარენდრა მოდიმ კი, კრემლის დადანაშაულების ნაცვლად, დასვლეთს მოუწოდა, რომ ბუჩის ტრაგედია ობიექტურად იქნეს გამოძიებული.

ინდოეთი, ალბათ, დასავლეთისთვის ყველაზე „უხერხული“ პოზიციის მქონე ქვეყანას წარმოადგენს იმ კამპანიაში, რომლის მიზანს რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის დასჯა წარმოადგენს, უკრაინის მოვლენების გამო. ინდოეთი მუდმივად თავს იკავებს ანტირუსული გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციებისთვის ხმის მიცემის მომენტში. მისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად ითვლება რუსული იარაღის მიღება ჩინეთთან დაპირისპირების დროს და ამიტომაც რუსების „წყენინებას თავს არიდებს“. გარდა ამისა, როცა მხარს არ უჭერს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პოზიციებს, რუსეთთან მიმართებით, როცა ინდოეთის მთავრობა უშიშრად გამოდის „ლომის წინააღმდეგ და მას კუდით იჭერს“, ამით შიდა აუდიტორიის გულს იგებს. კითხვაზე, თუ რატომ ამბობს უარს ინდოეთი აშშ-ისთან კავშირზე დემოკრატიისათვის ამ მნიშვნელოვან საკითხში, მმართველი პარტიის ლიდერებს ისეთი მზერა აქვთ, რომელშიც ცინიკური დამოკიდებულება ჩანს.

თანაც ინდოეთი მარტო არ არის: აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში თვით ის ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის ძველი მოკავშირეები არიან, უარს აცხადებენ რუსეთის კრიტიკაზე და ამერიკის თხოვნა-საყვედურებს ყურადღებას არ აქცევენ.

მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნებოდა რუსეთთან მიმართებით ისეთი მიკერძოებული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანა, როგორიც პაკისტანი იყო: მისმა პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა რუსეთთან სავაჭრო ხელშეკრულებას იმ დროს მოაწერა ხელი, როცა გაეროში, მარტში, ანტირუსული რეზოლუცია იქნა მიღებული. კიდევ კარგი, რომ იმრან ხანი უკვე გადაყენებულია თანამდებობიდან... არიან კიდევ ქვეყნები, რომლებიც თავს არიდებენ რუსეთის კრიტიკას და მოსკოვისთვის სანქციების გამოცხადებას კომერციული სტიმულების, იდეოლოგიური მომენტების, სტრატეგიული ამბიციების და, უბრალოდ, ელემენტარული შიშების გამო. თურქეთს, მაგალითად, აქვს რამდენიმე მიზეზი, რომ დასავლეთის სანქციები არ გაიზიაროს - ჯერ ერთი, რომ თურქეთი მოხმარებული გაზის 45%-ს რუსეთისაგან იღებს, მეორე - თურქეთის ტურიზმის დარგი ბევრად არის დამოკიდებული რუსეთიდან ჩასულ ტურისტებზე და მესამე მიზეზი, რომელიც ომს უშუალოდ უკავშირდება - თურქეთი დაინტერესებულია, რომ რუსეთის ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მყოფი თავისი ათობით მოქალაქე ალყიდან უვნებლად გამოიყვანოს.

„რუსოფილებისა“ და „რუსოფობების“ როლი

ჯერჯერობით ძნელია იმის გარკვევა, თუ რამდენად შეუძლიათ „რუსეთისმოყვარე“ ქვეყნებს („რუსოფილებს“) „რუსეთისმოძულე“ ქვეყნების („რუსოფობების“) მიერ დადგენილი სანქციების შესუსტება. როცა გაეროში სანქციების საკითხი იხილებოდა, რეზოლუციის მიღების დროს 40-მა სახელმწიფომ ანტირუსულ ემბარგოს მხარი არ დაუჭირა. ალბათ, ეს ფაქტი უფრო მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე- ეკონომიკურად. მართალია, მოწინააღმდეგე ქვეყნების წილი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მეოთხედს შეადგენს და მათზე მსოფლიო ექსპორტის 20% მოდის, მათთან კავშირები რუსული ეკონომიკისათვის მაინცდამაინც დიდად მნიშვნელოვანი არ არის. იმის გამო, რომ „რუსოფილი“ ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ დაბალია, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში რუსულ ექსპორტზე მათი მოთხოვნა არ გაიზრდება. გარდა ამისა, „რუსოფილებს“ არ შეუძლიათ მოსკოვს ის რთული თანამედროვე ტექნოლოგიები და სამრეწველო პროდუქცია მიაწოდონ, რასაც რუსეთი დასავლეთის მოწინავე ქვეყნებიდან იღებს (იღებდა). ასე რომ, მათი მხარდაჭერა მეტ-ნაკლებად სიმბოლურია.

ერთი შეხედვით, რუსეთი გაეროში მარტოსულ სახელმწიფოს ჰგავს - უკრაინაში შეჭრა მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომაც მოსკოვის მოქმედება გაეროს 193 წევრიდან 141-მა დაგმო. მაგრამ როგორც კი საქმე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან (HRC - Human Rights Council) რუსეთის გარიცხვას შეეხო, რეზოლუციას მხარი მხოლოდ 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 24, თავი შეიკავა 58-მა. მართალია, რუსეთმა თვითონ განაცხადა, რომ საბჭოს შემადგენლობიდან თავისივე გადაწყვეტილებით გადის, მაგრამ ფაქტია, რომ კრემლის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა.

დიპლომატები გვაფრთხილებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის დონე მსოფლიოში სუსტდება. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის სანქციებზე თავშემკავებელი ბევრი ქვეყანა დასავლეთის მოწინააღმდეგეთა რიგებში გადავიდეს. კენჭისყრის დროს თავშეკავებული ქვეყნებისათვის ანტირუსული სანქციები კვების პროდუქტებსა და ენერგოშემცველებზე ფასების მატებას ნიშნავს. ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა „თავშემკავებლების“ პოზიცია ასე გამოხატა: „როცა ორი სპილო ჩხუბობს, პატარები იჭყლიტებიან“. მისივე თქმით, „ბევრი ქვეყანა სანქციების შემოღებას უფრო გმობს, ვიდრე - აგრესორის ქმედებას. ჩვენ ასეთ ტენდენციას მუდმივად ვებრძვით, მაგრამ ის მაინც ძლიერდება...“.

„მიუმხრობლობის მოძრაობა“ და დასავლეთის „ორსახოვნება“

არსებობს კიდევ ერთი აზრი, რომლის თანახმად, დასავლეთი ჩაიციკლა ევროპულ კონფლიქტზე, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას - აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში - მაინცდამაინც არ აღელვებს. ამ პოზიციის მქონე ქვეყნები თვლიან, რომ დასავლეთი თვალთმაქცობს, არათანმიმდევრულობას იჩენს, რაც დიდი სახელმწიფოების პოლიტიკისათვის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს.

როცა ყველამ დაინახა, რომ დასავლეთის მდიდარ ქვეყნებს კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ მიმართულ ძალისხმევაში ფულის დახარჯვა არ სურთ, როცა ყველამ შეამჩნია, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ვაქცინა არათანაბრად ნაწილდებოდა, ამ ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ძლიერდება „მიუმხრობლობის მოძრაობა“ - იმ ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც ცივი ომის დროს მხარს უჭერდნენ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას და რომელსაც დღესაც აგრძელებენ. ისინი უფრო მეტად დარაზმულნი და მიზანმიმართულნი არიან, ვიდრე, ვთქვათ, 30 ან 10-15 წლის წინათ.

ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში, აგრეთვე - თურქეთშიც, დასავლეთის შეშფოთებას უკრაინის სუვერენიტეტის ბედით ცინიზმისა და ანგარების გამოვლინებად თვლიან, განსაკუთრებით - ერაყის ამერიკული ომისა და ლიბიის ნატოსეული დაბომბვების ფონზე, როცა დიქტატორები - სადამ ჰუსეინი და მუამარ კადაფი იქნენ დამხობილნი. ის თბილი მიღება, რაც დასავლეთმა ლტოლვილ უკრაინელებს მოუწყო, არაბულ ქვეყნებში აღშფოთებას იწვევს, რომლებიც დიდი ხანია ევროპულ ორსახოვნებას (ორმაგ პოლიტიკას), რბილად რომ ვთქვათ, ეჭვის თვალით უყურებენ და არ მოსწონთ. საკვირველია, რომ თვით ამერიკის კლიენტებიც კი (აშშ-ზე დამოკიდებული სახელმწიფოები) თავს უფლებას აძლევენ, ყოველთვის არ დათანხმდნენ აშშ-ის სურვილებსა და თხოვნებზე.

ბევრი დიპლომატი გაოცებული იყო იმით, რომ ერაყის წარმომადგენელმა გაეროში თავი შეიკავა იმ რეზოლუციის ხმის მიცემისაგან, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობდა. მან თავის მოქმედების გამართლების მიზნით, „ისტორიული კონტექსტი“ მოიშველია, რაც აშკარად იყო მიმართული აშშ-ის წინააღმდეგ (იგულისხმება ამერიკის ჯარის ერაყში შეჭრა 2003 წელს). არადა, ერაყის წარმომადგენელი, თავისი თანამდებობის გათვალისწინებით, ამერიკის მადლობელი უნდა ყოფილიყო, მან კი აშკარად პირიქით გააკეთა. თვით საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმაც კი, რომლებსაც რუსეთთან დიდი კავშირები არ აქვთ, იმათაც კი ჩათვალეს, რომ მათთვის დასავლეთთან ერთობა უფრო დიდი მინუსია, ვიდრე - პლუსი. მათ არ სურთ უთანხმოება ჰქონდეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან „ოპეკის“ ჩარჩოებში. უფრო მეტიც, ისინი ამით ამერიკას უსიგნალებენ, რომ რეგიონში, ბაღდადიდან ბეირუთამდე, იემენის ომის ფონზე, ბევრი პრობლემაა და ამერიკისაგან მეტ ყურადღებას ელოდებიან. „თუ თქვენ ჩვენთვის თავს არ იწუხებთ, არც ჩვენ შევიწუხებთ თავს თქვენთვის“, - თქვა ერთ-ერთი არაბული ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან რუსეთის გარიცხვას ადამიანთა უფლებების საბჭოდან მხარი მხოლოდ ისრაელმა დაუჭირა, ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებმა თავი შეიკავეს, რამაც დასავლელ დიპლომატებში ღრმა იმედგაცრუება გამოიწვია.

უნდა ითქვას, რომ რუსული პროპაგანდა ამ რეგიონში დასავლეთის მწვავე უკმაყოფილებას იწვევს. რუსეთის სახელმწიფო მასმედია, ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ არაბული სამსახური, „სპუტნიკის“ თურქული რედაქცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ძალზე პოპულარულები არიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრმა კადრის დიპლომატმა, თავიანთი დასავლელი კოლეგებისაგან განსხვავებით, კარგად იციან არაბული ენა, რომლებიც ტელეეკრანიდან არაბ მოქალაქეს მათივე ენაზე უხსნიან სიტუაციას. „ყოველთვის, როცა ტელევიზორს ვრთავ, რომელიმე რუსი ტიპი გამოდის და არაბულად ლაპარაკობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის სასარგებლოდ“, - ამბობს იორდანიაში მომუშავე ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი. მსხვილ არაბულ ტელეარხებს, რომელთა კორესპონდენტები უკრაინაში მუშაობენ, არ ერიდებათ ომის საშინელებების ჩვენება, მაგრამ მათ რეპორტაჟებში ხშირად ვხედავთ პრორუსულ და ანტიდასავლურ მასალებსაც. მაგალითად, მარტის ბოლოს არაბთა გაერთიანებული საემიროების ტელეარხმა Sky News Arabia-მა მაყურებელს აცნობა, რომ „ორსახოვანი“ დასავლური ქვეყნები ვლადიმერ პუტინის „დემონიზებას“ ცდილობენო.

ლათინური ამერიკა: „ჩემი მეგობრის მტერი...“

რუსეთის მუდმივი მომხრეების - კუბის, ნიკარაგუისა და ვენესუელის გარდა, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის მოქმედების დამგმობ რეზოლუციებს, მაგრამ ზოგიერთები, მაგალითად, მექსიკა და ბრაზილია, გაჯიუტდნენ და HRC-დან რუსეთის გარიცხვა გააპროტესტეს. გარდა ამისა, ლათინურ ამერიკაში ბევრ ქვეყანას ანტირუსული სანქციების მხარდაჭერა არ სურს: დასავლეთისაგან დამოუკიდებელი პოზიციის ჩვენება - ეს ძველი ლათინურამერიკული თამაშია, რომლის დროსაც ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, რუსეთი დასავლეთის საპირწონედ გამოიყენოს პლანეტის დასავლეთ ნახევარსფეროში და ამ მიზნით „ამერიკის მტრებს წითელ ხალიჩას უგებენ“. თებერვლის დასაწყისში არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ეს სტრატეგია ვლადიმერ პუტინთან კრემლში სადილობის დროს მოიწონა ანუ იმ მომენტში, როცა უკვე ცნობილი იყო, თუ როგორ უყრიდა თავს მოსკოვი თავის ჯარებს უკრაინაში შესაჭრელად.

თავის მხრივ, რუსეთს იმედი აქვს, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნები - მექსიკა, ბრაზილია, არგენტინა და სხვები (კუბასა და სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ), დასავლეთს მხარს არ დაუჭერენ, მაგრამ ისინი ზოგჯერ არც კრემლის პოზიციას იზიარებენ ხოლმე. „ვფიქრობ, რომ მეხიკო, ბუენოს-აირესი და ბრაზილია არ იტყვიან „მზად ვარ“, როცა მათ ბიძია სემი რამის გაკეთებას უბრძანებს“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როცა 5 აპრილს მოსკოვმა არგენტინა „რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების“ სიაში შეიყვანა (რომელშიც 52 სახელმწიფო შედის) და განაცხადა, რომ ბუენოს-აირესთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აღადგენს. თუმცა ამ ფონზე არგენტინამ მაინც ხმა მისცა რუსეთის გარიცხვას HRC-დან, რომლის თავმჯდომარეც თვითონაა.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ არ მალავს თავის აღტაცებას ვლადიმერ პუტინით და მისი „კაცური ქცევით“. თებერვალში ისიც მოსკოვში იყო და ორი ქვეყნის ურთიერთობა ასე შეაფასა - „უფრო მეტი, ვიდრე იდეალური ქორწინება“. აშკარაა, რომ ასეთ ურთიერთობას სასუქი სჭირდება... და ამაში მართლაც არის სიმართლის მარცვალი: მართალია, ბრაზილიამ პოლიტიკურად დაგმო რუსეთის შეჭრა (ხმა მისცა რეზოლუციას), მაგრამ იმის შემდეგ სულ აცხადებს, რომ ნეიტრალიტეტს დაიცავს და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება - ბრაზილია მისთვის საჭირო ორგანული და მინერალური სასუქების 20%-ს რუსეთში იაფად ყიდულობს. შესაბამისად, პრეზიდენტ ბოლსონარუს პოლიტიკას ბრაზილიის საზოგადოება გაგებით ეკიდება, რასაც გამოკითხვების შედეგები ადასტურებს. მექსიკამაც დაგმო რუსული აგრესია, მაგრამ რადგანაც მეხიკო დიდი ხანია, მისგან შორს მდებარე სახელმწიფოების პოლიტიკაში ჩაურევლობის პოზიციას ამჟღავნებს, მისთვის რუსეთ-უკრაინის ომს დიდად შემაშფოთებელი მნიშვნელობა არ აქვს, თანაც პრეზიდენტ ანდრეს ობრადორს მაინცდამაინც დემოკრატ პოლიტიკოსს ვერ უწოდებ.

აფრიკა: ნოსტალგია საბჭოთა კავშირზე...

რუსეთი ყველაზე გულთბილ და სიმპათიურ დამოკიდებულებას აფრიკაში პოულობს: აფრიკის ქვეყნების თითქმის ნახევარმა (54-დან 25-მა) გაეროს ანტირუსული რეზოლუციისათვის ხმის მიცემის დროს თავი შეიკავა ან საერთოდ არ გამოცხადდა სხდომაზე. ამის მიზეზი რამდენიმეა: ერთი მხრივ, კოლონიალიზმის ისტორია მათ დასავლეთისადმი მხარდაჭერის სურვილს უქრობს, მეორე მხრივ, არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ და კრემლს თანდათან უახლოვდებიან, მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - მსხვილი სახელმწიფო, რომელიც თავისი განვითარებული დემოკრატიით სხვა აფრიკული ქვეყნებისაგან გამოირჩევა, მაგრამ დასავლეთის მოწოდებას ერთიანობისათვის ყურადღებას არ აქცევს. პრეტორიამ თავი შეიკავა ყველა ანტირუსული რეზოლუციებისთვის ხმის მიცემის დროს.

აფრიკის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქვეყნები რუსეთში საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს ხედავენ - იმ საბჭოთა კავშირისა, რომელიც თავის დროზე მათ პარტიზანულ მოძრაობებს წრთვნიდა და აიარაღებდა მეტროპოლიების წინააღმდეგ და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მათი დამოუკიდებლობის მოპოვება-განმტკიცებაში. პრეტორიის მხარდაჭერა განპირობებულია იმით, რომ საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ქვეყნის შავკანიან მოსახლეობას სეგრეგაციასთან და რასიზმთან ბრძოლაში. საინტერესოა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ - აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა 2015 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სინანულია გამოხატული საბჭოთა კავშირის დაშლის გამო... მართალია, ყოფილ პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას ხშირად ჰქონდა საბჭოური ნოსტალგია, მაგრამ მას რუსეთისადმი „სიყვარულში“ არც ამჟამინდელი ლიდერი, პრეზიდენტი სირილ რამაფოსა ჩამოუვარდება, რომელიც კრემლის თეზისებს ახმოვანებს და აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში პასუხისმგებლობა ნატოს ეკისრება - აღმოსავლეთით გაფართოების გამო. მოსკოვის პოლიტიკისადმი მხარდაჭერის ერთ-ერთი მიზეზი ფინანსურია: რუსეთი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისათვის მთავარ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს ხილის (ვაშლის, მსხლის, ციტრუსების) ექსპორტში. გარდა ამისა, პრეტორიას სურს, რუსულ „გაზპრომთან“ ხელი მოაწეროს კონტრაქტს თხევადი გაზის მიღებაზე - წელიწადში ორი მილიარდი დოლარის ოდენობით.

აფრიკის სხვა ნაწილებში რუსეთი ძალიან პოპულარულია იარაღის მიწოდებით და დაქირავებულებით - რუსი „ვაგნერელები“ რეზოლუციაზე „თავშემკავებელ“ 17 ქვეყნიდან ხუთში არიან: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მადაგასკარზე, მალის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში. რუსულ იარაღს შედარებით იაფად ყიდულობენ „თავშემკავებელები“ და ხმის მიცემის დროს „სხდომაზე მიუსვლელები“ - ალჟირი, ანგოლა, უგანდა, ერიტრეა და სხვები.

რა უნდა გააკეთოს ამ დროს დასავლეთმა?

უკრაინაში ომი გრძელდება და ამიტომ დასავლეთმა ბერკეტები უნდა აამოქმედოს - „თავშეკავებულ“ ქვეყნებს და მომლოდინე სახელმწიფოებს რუსეთის დასაგმობად და სანქციების მხარდასაჭერად უნდა უბიძგოს. ალბათ, ზოგიერთ ქვეყანას პრეფერენციებს უნდა დაჰპირდეს, მაგალითად, პაკისტანის ახალ მთავრობას, რომლის ყოფილი პრორუსი ლიდერი იმრან ხანი ხელისუფლებას ჩამოშორებულია. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პაკისტანის არმიის სარდლობას, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მას მეტი დახმარება უნდა გაუწიოს (ჩინეთთან და ინდოეთთან არსებულ სადავო საკითხებში).

რაც შეეხება ინდოეთს: აქვს თუ არა დასავლეთს ბერკეტები მასზე გავლენის მოსახდენად? რადგანაც რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ორჯერ ნაკლებია ინდოეთის მშპ-ზე, მოსკოვს მასთან „სამოქალაქო ვაჭრობაშიც“ ნაკლები წილი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია ვაჭრობა სამხედრო სფეროში. ინდოეთმა რუსეთისაგან ამას წინათ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 შეიძინა. თავის დროზე თურქეთის იმავე ნაბიჯმა ამერიკა ძალიან გააღიზიანა და ანკარას სანქციები დაუწესა, მაგრამ ვაშინგტონს ინდოეთის მიმართ არაფერი უთქვამს. ალბათ, ამერიკას ინდოეთის „დასჯა“ როგორღაც მოუწევს, მით უმეტეს, რომ ნიუ-დელი რუსეთთან კავშირებს აფართოებს - მისგან უფრო მეტ ნავთობს ყიდულობს ადრინდელთან შედარებით.

ჯო ბაიდენის სტრატეგია აშკარად წამგებიანია ინდოეთთან, რადგან მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა ჯერჯერობით, პრაქტიკულად, უშედეგო აღმოჩნდა. როცა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრამაიამ ჯაიშანკარს ჰკითხეს, რატომ არ სურს ინდოეთს რუსეთთან დამოკიდებულება შეასუსტოსო, მან სარკასტულად გადაუხადა მადლობა ჟურნალისტებს „რჩევებისა და წინადადებებისათვის“, შემდეგ კი მკვეთრად განაცხადა: „მერწმუნეთ, ჩვენ კარგად ვიცით, თუ რაში გამოიხატება და როგორი უნდა იყოს ჩვენი ინტერესები, როგორ უნდა დავიცვათ ისინი და როგორ უნდა ვუერთგულოთ“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ