მოსკოვისთვის ეს მეორე ჩაძირული „მოსკვაა“, პირველი „მოსკვა“ კრემლს შავ ზღვაში 81 წლის წინ, თითქმის იმავე ადგილას ჩაუძირეს... - კვირის პალიტრა

მოსკოვისთვის ეს მეორე ჩაძირული „მოსკვაა“, პირველი „მოსკვა“ კრემლს შავ ზღვაში 81 წლის წინ, თითქმის იმავე ადგილას ჩაუძირეს...

როგორც მოსალოდნელი იყო, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის - სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ პირველი ფოტოები, რომელზეც მას ცეცხლი უკიდია, გვერდზე გადახრილია და მალე ჩაიძირება...

ეს ფოტოები იმ თურქული გემიდანაა გადაღებული, რომელმაც „მოსკვას“ ეკიპაჟის ნაწილის, ხუთ ათეულამდე რუსი სამხედრო მეზღვაურის ევაკუაცია განახორციელა.

გავრცელებული ორი ფოტოს არცთუ მაღალი ხარისხის მიუხედავად, შეიძლება თამამად იმის თქმა, რომ უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები - „ნეპტუნები“ რუსულ სარაკეტო კრეისერს მარცხენა მხრიდან, გემბანის ზედნაშენებში მოხვდნენ. ხომალდი მარცხენა ბორტზე მნიშვნელოვნად დაფერდდა და ეტყობა, გადახრის კუთხის ზრდამ (მის ნაკვეთურებში ზღვის წყლის დიდი მოცულობით მიღების შემდეგ) „მოსკვას“ კორპუსის მარცხენა გვერდზე გადაყირავება და ჩაძირვა გამოიწვია...

ის, რომ რაკეტები კრეისერს კორპუსის ზედნაშენებში მოხვდა, სადაც ხომალდის სანაოსნო და საბრძოლო მართვის ძირითადი ნაკვეთურებია განთავსებული, ეკიპაჟის შემადგენლობაში დაღუპულთა და დაჭრილთა დიდ რაოდენობაზე უნდა მიუთითებდეს.

„მოსკვას“ ჩაძირვიდან ორი დღის შემდეგ ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის სამხედრო პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის - ადმირალ ევმენოვის შეხვედრა შედგა „მოსკვას“ გადარჩენილ ეკიპაჟთან.

2-1650266118.jpg
რუსი ადმირალი ჩაძირული „მოსკვას“ ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებს ანუგეშებს...

რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიების სიუჟეტებში ხმა სპეციალურად გათიშული იყო, ხოლო კადრებში გამოჩნდა ორ მწკრივად მდგომი 200-მდე შავფორმიანი მეზღვაური, არადა „მოსკვას“ ეკიპაჟის პირადი შემადგენლობის საშტატო რაოდენობა 510 კაცით იყო განსაზღვრული, მაგრამ იმის გამო, რომ ეს კრეისერი შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის ფუნქციასაც ასრულებდა, მის ბორტზე აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ მაღალჩინოსანი საზღვაო ოფიცრებიც, როგორც შავი ზღვის ფლოტის, ისე - სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი შტაბებიდან.

გარდა ამისა, საბრძოლო სიტუაციიდან გამომდინარე, „მოსკვას“ ბორტზე გაძლიერებული იქნებოდა საზღვაო ქვეითთა დანაყოფის (რომელსაც წყალქვეშა დივერსანტებთან ბრძოლაც ევალება) რიცხოვნობაც.

საერთო ჯამში, უკრაინული „ნეპტუნების“ მოხვედრის მომენტისთვის „მოსკვას“ ბორტზე მყოფთა საერთო რაოდენობა შეიძლება 600 ადამიანსაც კი აღემატებოდა, თუმცა გადარჩენილთა რაოდენობა, თავად რუსი პროპაგანდისტების კადრებში, ორას კაცამდეა ანუ 300 ან უფრო მეტი რუსი მეზღვაურის ბედი შეიძლება გაურკვეველი იყოს...

ბერდიანსკის პორტში, ასევე, უკრაინული რაკეტის მოხვედრისა და პორტის პირსთან აფეთქებულ-ცეცხლწაკიდებულ-ჩაძირული დიდი სადესანტო ხომალდის - „სარატოვის“ ეკიპაჟში მსხვერპლის რაოდენობაზე რუსეთს ორი კვირის შემდეგაც კრინტი არ დაუძრავს (მიუხედავად იმისა, რომ მთელმა მსოფლიომ იხილა ამის ვიდეოკადრები) და, სავარაუდოდ, არც „მოსკვას“ ეკიპაჟში მსხვერპლზე გაასაჯაროებს ინფორმაციას...

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მხოლოდ 70-მდე მეზღვაური ამოიყვანეს შავი ზღვის ტალღებიდან მას შემდეგ, რაც „მოსკვას“ კორპუსი შუაზე გადატყდა და ის ჩაიძირა...1941 წლის 26 ივნისს რუმინული კონსტანცას სიახლოვეს.

3-1650266151.jpg
საბჭოთა „მოსკვა“ პირველი იყო, რომელიც საბრძოლო დაზიანების შედეგად შავ ზღვაში ჩაიძირა

დიახ, სწორედ „მოსკვა“ ერქვა საბჭოთა შავი ზღვის ფლოტის საესკადრო ნაღმოსნების ლიდერს, რომელმაც, რამდენიმე სამხედრო ხომალდთან ერთად, საბრძოლო რეიდი განახორციელა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მხარეს მებრძოლი რუმინეთის მთავარი საზღვაო პორტის - კონსტანცას დასაბომბად.

კონსტანცას პორტში განთავსებული იყო საწვავის რეზერვუარები, საიდანაც მარაგდებოდა საბჭოთა კავშირში შეჭრილი ჰიტლერის არმია, ავიაცია და ფლოტი, ამიტომაც რუმინული ბენზინის საცავების აფეთქება და ჰიტლერის არმიის ელვისუსწრაფესი შეტევების რამენაირად შეფერხება, მაშინ სტალინის ერთ-ერთ მთავარ თავსატეხს წარმოადგენდა.

კონსტანცასთან რეიდზე მოძრავი საბჭოთა ხომალდებიდან გახსნილმა საარტილერიო ცეცხლმა მართლაც დააზიანა სანაპიროზე განთავსებული რამდენიმე რეზერვუარი, მაგრამ პორტის დაცვის საარტილერიო ბატარეებმაც ინტენსიური საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს საბჭოთა ხომალდებს და ცოტა ხანში „მოსკვას“ ცხვირის ნაწილში საშინელი აფეთქება მოხდა და „მოსკვას“ 122 მ-იან (საფეხბურთო მოედნის სიგრძის) კორპუსს ცხვირის ნაწილი მოსწყდა, რის შემდეგადაც 3 ათასტონიანი წყალწყვის ეს საბჭოთა ხომალდი შავ ზღვაში ჩაიძირა...

დღემდე ზუსტად არ იციან, თუ რას შეეწირა მაშინდელი „მოსკვა“ - რუმინელების საარტილერიო ჭურვისა თუ საზღვაო ნაღმის აფეთქებას ან, სულაც, იმავე რაიონში მცურავმა საბჭოთა წყალქვეშა ნავმა შეცდომით, ორი ტორპედოს ზალპით ჩაძირა „მოსკვა“...

საგულისხმოა, რომ 2022 წელს ჩაძირული „მოსკვას“ „ბოლო „ნავსაყუდელი“ 200 კმ-ითაა 1941 წელს დაღუპული „მოსკვას“ ჩაძირვის ადგილიდან.