"მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს" - კვირის პალიტრა

"მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს"

ჩვენ ორმხრივი სანქციების კუთხით, ისეთი ინსტრუმენტები არ გვაქვს, რომლითაც შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ - მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტისას, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდანაც აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს ავტომატურად უერთდება და პაპუაშვილის თქმით, ამ კუთხით, „რაიმე პრეტენზიები არ არსებობს“.

„ჩვენ სანქციებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს.

რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს - აქაც, სხვათა შორის, კარგია, რომ ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმაც ის ფორმულირება ზუსტად გამოიტანეს, რომელიც იქ ითქვა თავმჯდომარის მხრიდან, რომ საქართველოს იქნებ ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები განეხილა. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი. ჩვენ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, რომ უკვე პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, მაგრამ მთავარი ამ კუთხით, უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს და ეს არის მთავარი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერპრესნიუსი