3-ტონიანი ბომბების ჩამოყრა - "სპეცოპერაციაში" გაჭედილი კრემლი ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომების "ყასბობას" უკრაინაშიც იმეორებს... - კვირის პალიტრა

3-ტონიანი ბომბების ჩამოყრა - "სპეცოპერაციაში" გაჭედილი კრემლი ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომების "ყასბობას" უკრაინაშიც იმეორებს...

ომების წარმოებას თავისი საერთაშორისო ნორმებიც აქვს, მაგრამ მათ ხშირად არღვევენ, განსაკუთრებით კი ის მებრძოლი მხარეები, რომლებსაც ომში საქმე კარგად არ მისდით...

ამის მაგალითია რუსეთის შორი მოქმედების რაკეტმზიდი - ბომბდამშენების „ტუ-22მ3“-ების მიერ უკრაინის ქალაქებზე, განსაკუთრებით კი - ისედაც განადგურებულ მარიუპოლზე ზემძლავრი 3 ათასი კგ კალიბრის „ფაბ-3000“ ტიპის ფუგასური საავიაციო ბომბების ჩამოყრა.

ეს 3-ტონიანი ბომბი, რომელშიც 1 400 კგ-მდე ტროტილია მოთავსებული, ჯერ 1954 წელს მიიღეს შეიარაღებაში და მისი აფეთქებისას 39 მ-ის რადიუსში ადამიანებისთვის სრული ლეტალური შედეგი დგებოდა, ხოლო ნამსხვრევების ნაწილი 200 მ-მდე განიტყორცნებოდა.

4-poto-1650275856.jpg
3-ტონიანი ფუგასური საავიაციო ბომბის აფეთქებით წარმოქმნილი ღრმული

საბჭოთა კავშირს შეიარაღებაში, ასევე, ჰქონდა კიდევ უფრო მძლავრი, 5 და 9 ტონა მასის ფუგასური საავიაციო ბომბებიც, რომლებზე ძლიერიც მხოლოდ ტაქტიკური ბირთვული ბომბის აფეთქება თუ იქნებოდა.

სხვათა შორის, ჩემი თვალით მაქვს ნანახი ქუთაისთან, ვარციხის სამხედრო საწყობში (რომელიც მაშინ საქართველოს ჯერ კიდევ არსებულ სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა) უზარმაზარი 5-ტონიანი ფუგასური საავიაციო ბომბი, რომლის წამღები ბომბდამშენი თვითმფრინავები საქართველოში არ ბაზირებდნენ, თუმცა საბჭოთა გენერალიტეტს შეიძლება საიდუმლო გათვლებში ჰქონდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, კოპიტნარის აეროდრომზე დაესვათ შორი მოქმედების ბომბდამშენი და მასზე ჩამოეკიდათ ეს ბომბი.

ზესიმძლავრის საავიაციო ბომბების საბრძოლო ეფექტიანობა მაინცდამაინც არ არის მაღალი, რადგან ისინი თავისუფალვარდნადი ანუ უმართავი საავიაციო ბომბების კლასს განეკუთვნებიან და სამიზნის დაბომბვის მცირე სიზუსტეს კომპენსირებას ბომბის მასის გაზრდით ცდილობდნენ.

ისტორია გვიჩვენებს, რომ კრემლს მაშინ ახსენდებოდა ჯერ კიდევ სტალინის პერიოდიდან საწყობების სიღრმეში ათწლეულობით მივიწყებული ზემძლავრი ბომბები, როდესაც ბრძოლის ველზე გაუჭირდებოდა.

ასე მოხდა ავღანეთის ომის დასასრულისკენ, 1988 წელს, როდესაც სამი თვის განმავლობაში საბჭოთა შორი მოქმედების ბომბდამშენებმა „ტუ-16“-ებმა 289 ცალი 9-ტონიანი „ფაბ-9000“-ები დააყარეს ავღანურ ყიშლაყებს...

ესეც სამხედრო დანაშაულის თვალნათლივი მაგალითი გახლდათ...

1997 წელს კი უკვე ჩემი თვალით ვნახე ჩეჩნეთის პირველი ომის დროს დანგრეული, უფრო სწორედ კი - მიწასთან გასწორებული გროზნოს ცენტრალური ნაწილი, რაშიც თავის წვლილი სწორედ 3-ტონიანმა „ფაბ-3000“-ებმა შეიტანეს, რომლებიც უხვად გამოიყენა რუსეთმა გროზნოს საპრეზიდენტო მაღალსართულიანი და მკვიდრად ნაგები შენობის როგორმე დასანგრევად...

2-poto-1650275896.jpg
რუსებმა დაჟანგული „ფაბ-3000“-იც კი მოიძიეს მარიუპოლის „აზოვსტალის“ მოწისქვეშეთიდან „აზოველების“ „ამოსაყვანად“

და დღეს, ისევ სამხედრო საწყობების მიყრუებული კუთხეებიდან ამოღებულ დაჟანგულ „ფაბ-3000“-ებს ჰკიდებენ რუსული „ტუ-22მ3“-ების ბომბნაკვეთურებში და მარიუპოლის „აზოვსტალს“ თავზე აყრიან, რომ მისი მიწისქვეშა კატაკომბებიდან როგორმე გამოაძევონ „აზოვის“ და 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის გმირი უკრაინელი და მათი უცხოელი, მათ შორის - ქართველი თანამებრძოლებიც.

აგვისტოს ომის დროს ქართულ მიწაზე ჩამოყრილი რუსული, უფრო სწორედ კი - საბჭოთადროინდელი საავიაციო ბომბების დიდი ნაწილი არ აფეთქდა ამფეთქებლების სიძველის გამო, მიწაში ღრმად ჩაეფლო და შემდგომ მათი ცალ-ცალკე გაუვნებელყოფა გახდა საჭირო.

უკრაინის ქალაქების დასაბომბად გამოყენებული „ფაბ-3000“-ებიც არა ერთ ათეულ წელს ითვლიან, თუმცა ისინი კონსტრუქციულად სამ ამფეთქს შეიცავენ, რაც ზრდის ბომბის დეტონაციის ალბათობას.

რადგანაც „ფაბ-3000“-ები არამართვადი, თავისუფალვარდნადი საავიაციო ბომბებია, მათი სამიზნის თავზე მეტ-ნაკლები სიზუსტით ჩამოსაყრელად, რუსული „ტუ-22მ3“-ების ეკიპაჟებს უწევთ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრის შუაგულში შეფრენა, რითაც უკრაინელ მეზენიტეებს თავის გამოჩენის შანსს აძლევენ...

5-poto-1650275938.jpg
ფუგასური საავიაციო ბომბების ზომები შედარებისთვის, მარცხნიდან მარჯვნივ: 500 კგ; 1 500 კგ; 3 000 კგ; 5 000 კგ და 9 000 კგ მასის.

მართალია, უკრაინელები მათ „იგლათი“ ან „სტინგერით“ ვერ მისწვდებიან, მაგრამ საზენიტო-სარაკეტო „ბუკი“ პირდაპირ ზედგამოჭრილია ამ „ტუების" ციდან „ჩამოსახსნელად“.

ანუ უკრაინელ მეზენიტეებს შეუძლიათ, გაიმეორონ ქართველი კოლეგების წარმატება 2008 წლის აგვისტოს ომში, როდესაც სწორედ „ბუკიდან“ (რომელიც სხვათა შორის სწორედ უკრაინაში გვქონდა მანამდე შესყიდული) გაშვებული ორი საზენიტო რაკეტით, პირველად მსოფლიო ისტორიაში, ჩამოვაგდეთ რუსეთის შორი მოქმედების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი „ტუ-22მ3“-ი, რომელიც სხვა ბომბდამშენებთან ერთად მანამდე კოპიტნარის აეროდრომის „ხალიჩისებურ“ დამომბვას ახორციელებდა. ეს ბომბდამშენი პირველივე გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ ააფეთქა ჰაერში, მეორე რაკეტა კი დაზღვევის მიზნით იყო მიყოლებით გასროლილი და მანაც ააფეთქა უკვე ჰაერში დაშლილი რუსული „ტუს“ ფიუზელაჟის დიდი ფრაგმენტი.

ერთი ეგაა, რომ უკრაინელებს მოუწევთ „ბუკის“ შედარებით ახლო „მიჩოჩება“ მარიუპოლთან, რაც ძალიან სახიფათოა ან შემორჩენილი, უფრო მძლავრი საზენიტო-სარაკეტო „ს-300“-ის ამოქმედება შედარებით შორი მანძილიდან, მაგრამ თავად განსაზღვრეთ - რუსული სარაკეტო კრეისერის - „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ უკრაინელებმა რუსული შორეული მოქმედების „ტუ-22მ3“-ის ან, სულაც, თავად სტრატეგიული დანიშნულების „ტუ-95მს“-ის, აღარაფერს ვამბობ თვით „თეთრ გედზე“- „ტუ-160“-ზე, ჩამოგდება რომ მოახერხონ, კიდევ რამდენად ამაღლდება უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთება და დამატებით რამდენად „გაფარჩაკდება“ რუსეთის გენერალიტეტი თავისი ნაქები რუსული იარაღით...